ზმანება-ცხადი
დილაადრიან ამდგარმა კირილე კაიშაურმა მოქარგულ-მოჩუქურთმებული, კედელზე აკრული ქოფაჩი გადმოიღო და რუდუნებით წმენდდა. ბრაზით ავსილი მამალიც ალმაცერად უცქერდა კაიშაურს ვერაგმა ადგომა მომასწრო და შეიძლება თოფიც ჩემთვის გაამზადა საგულდაგულოდო. დაუბრუნდა თავის ადგილს ქოფაჩი, კირილე გაიწკიპ-გამოიკაზმა და მხრებში - აზნექილ ულვაშ-აპრეხილი სახლს გარეთ გამოვიდა. კაიშაურს უცნაურად ეჩვენა არე-მარე იგივეობის განცდა აღარ დარჩენია და არა იგივეობით შემცბარი ცალწარბაწეული გარემოს ფიქრიანად შეთვალიერებას მოჰყვა. ერთიღა ის გაიფიქრა ვაი ჩემო თავო ხევსურული ლუდი ამდენი არაფრის დიდებით უნდა შემეხვრიპაო და ასე მოზომილი ნაბიჯებით მოჰყვა სიარულს ბედისანაბარა. მტვერი მოსდებია კირილეს ჩოხას შმაგივით ისუფთავებდა რომ შუეწყვეტელი უცნაური ხმაური შემოესმა. -წინ ვერ იყურები ბიჭო ? რა შუა გზაზე მოდიხარ ! ჩვენთვის ადვილი მისახვედრია , რომ ეს უცნაური შეუწყვეტელი ხმაური ავტომობილის სიგნალი გახლდათ. გახელებულმა კაიშაურმა არც აცია არც აცხელა ჩოხის ქირუბიდან მასრის მოძიება დაიწყო და ქოფაჩიც შეჰყეფდა კირილეს რკინის მფარველი ანგელოზი სახლში რომ არ დარჩენოდა. ავტომობილის მძღოლმა მთელი ძალით სატერფულს ფეხი ჩააჭირა და ხედვის არედანაც უმალვე გაქრა. ეს ჩვენი ულვაშებ-აპრეხილი კაცი საიდანაც მოვიდა ისევ იმ მიმართულებით დოღის ულაყივით გარბოდა თავქუდმოგლეჯილი, მაგრამ ვერც კაცობრიობამ გაიგო საით მიჰქროდა და არც თავად გახლდათ მთლად თავდაჯერებული. აღარც სახლი აქვს ამ ჩვენ კაიშაურს აღარც ქოფაჩი და აღარც მამალი. უმამლუსახლუქოფაჩო კირილე განუწყვეტლად მიაბოტებდა. როცა მისი ყურადღება თბილის ქალაქისთვის დამახასიათებელმა საზოგადოებრივმა აქტივობამ მიიპყრო. თბილისიო? დიახ დიახ , მართალი ბრძანდებით, კირილე კაიშაურმა, ამ სახელგანთქმულმა ოციოდე წლის ვაჟმა , თავზარს რომ სცემდა მომთაბარე ავაზაკებს არაფრის გადამეტებითა და ყოველგვარი ლაყბობის გარეშე პირდაპირ შუა გულ თბილისში ვაკე-ვერას გასაყარზე ამოჰყო თავი. ეჭვის თვალით უმზერდა კაიშაური ათიოდე კაცთა კრებას. იფიქრა სოფლისთვის საჭირ-ბოროტო საქმეებს განიხილავენო და ნელ-ნელა უახლოვდებოდა რომ ამ ნელ-ნელადვე იმდენი გასაოცარი რამ მოისმინა სულ მთლად ჭკუამცდარობისკენ აიღო გეზი. -ქურდმა დარეკა, ჰოდა ლიჩნად მე გეუბნები როგორც კაი ბიჭი , რო იმ ფულს რაც აიღე დაუბრუნებ თუ არადა სათითაოდ გაგიხვრიტავ ორივე მუხლს რამე გაუგებარი ხო არაა მეთქი ბიჭო ? -არა.. არა.. მოვიტან. ამ გაცრეცილ ჯინსიან სათვაალებიან წელში მოხრილ თავგადაპარსულ შეხლა-შემოხლიან ხმა დაყენებულიან სოციუმში ერთ რეგიონიდან ჩამოსულ ბიჭს ცხრა აგრეთვე რეგიონიდან წარმოშობილი , მაგრამ მაინც თბილისელი ბიჭი გარს ეხვია და დისერტაციას უკითხავდა კრიმინალის საპატივსაცემო კვლევითი - საქმიანობის შესახებ, რომელიც არც თუ ცუდად გამოუვიდოდათ იქვე კაიშაური გაწკეპილი ჩოხა -ახალუხითა და აწეული ნიკაპით ჰამლეტში ხსენებული მამის აჩრდილივით თავზე რომ არ წამოსდგომოდათ ბედშავებს. -შესდექ ურჯულნო! პირდაღებულმა ბიჭებმა ლამის სოციალური პლატფორმის მეშვეობით პირდაპირ ქურდს დაურეკეს ,რადგან თეორიულად განხილული მრავალი ჰიპოთეტური შემთხვევიდან მსგავსი აროდეს ენახათ კი არა არც გაეგონათ. არა, მაინც ნეტა გენახათ როგორი ამაყი და სიამით დასანახი გახლდათ ჩვენი ვაჟკაცი კაიშაური , პაპანაქება ზაფხულის სიცხეში მძიმე ჩოხით შემკული ულვაშ - ქუდიანი კირილე ზეცისკენ მარჯვენი რომ ჰქონდა აწვდენილი და საჩვენებელი თითიც აშვერილი. უწინ ასეთ მომენტებში კირილე ხან ქოფაჩს დააჰყივლებინებდა ან ისე უმოწყალოდ მოსტაცებდა ხოლმე ქარქაშს ხმალს , მართლაცდა ურჯულონი როგორც შვილებს სტაცებდნენ ხოლმე სამარადჟამო კაეშნისთვის განწირულ დედებს. მერედა მისი ერთი დასჭექვა ხომ შიშის ზარს სცემდა მტარვალებს ვინ სად გარბოდა უზენაესიც თუ იშვიათად გაარჩევდა ხოლმე. ლამაზი კაცი იყო კირილე და ახლაც მშვენივრად იდგა მქუხარე თვალ-წარბით, განმგმირავი რომ აღმოჩნდებოდა ხოლმე ყაჩაღ-ავაზაკთათვის. ფიქრობდა კაიშაური , თოფი მე არ მაქვს არცა ხმალიო , მარტო მასრას ხომ არ დავიჭერ ხელში მოკლე წკეპლასავითაო ამიტომ თითის აშვერა არჩია და ისევ საკუთარი სახელისა და მრისხანე თვალების იმედად დარჩა. სიტყვა იმედიც ზედმეტია , ხევსურმა დანამდვილებით იცოდა თავისსავე სულისშემძვრელ ხმაზე მტერი რომ დამფრთხალი ცხვრის ფარასავით აღიგვებოდა ხოლმე პირისაგან მიწისა. სანამ კირილე ფიქრობდა ბიჭები ისევ გაოგნებულის ფაზაში იყვნენ დარჩენილები. შემდგომ თითქო საღათას ძილისგან გამოღვიძებულებმა ერთმანეთს გადახედეს და გნიას-ხარხარი დასცხეს , რეგიონიდან ჩამოსულ ბიჭს თითქმის დაავიწყდა მომხდური და ბრბოს ეგზალტაციაში მოქცეულმა ლამის თავადაც სიცილი ატეხა შემდეგ მომენტალურად გონებაზედ მოვიდა უი,უი მე მჩაგრავდნენო და კვლავ თავდახრილმა განაგრძო ასფალტის გულისყურით დაზუთხვა. კაიშაური ამაზე მთლად გადაირია და ისევ სცადა ბედი, უკანასკნელიც დასცინოდა კირილეს , მაგრამ ბედს თმაგადაპარსული თავი არა ჰქონია და არც გრავიტაციის ძალისგან მიწაზედ რაც შეიძლება დაბლა დაწეულ შარვალს დაატარებდა. - შესდექ მეთქი გიაურნო! რას მიქვიან შენი კაი ბიჭობა ! არა მიცვნიხარ კაი ბიჭადა , ბოროტ საქმესა შესდგომიხარ მარტო კაცს ლეშის მჭამელი სვავებით რომ დასეულხართ. მერედა რაო შე პირშავო ? აგრე გაგზარდა გამდელმა ქურდზე და ყაჩაღზე რომ უბნობ ფული მიუტანეო. ქურდი მპარველია როდი იყო მპარველთა უკან უბრუნდებოდეს. გულისყურით მისმინე აფთარო და შენდობა ითხოვე სანამ გიმუხთლა საწუთრომ დაუდგრომელმა უცნაური საზოგადოების წევრებს შორის კაი ბიჭად წოდებულმა კაიშაურის თითქმის ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო იმის გარდა , რომ უკადრებელი ჰკადრეს და არა ხარ კაი ბიჭიო უთხრეს. ალიაქოთი ატყდა ის - ის იყო კირილეს თბილისის ქუჩების გაგებითა და მსოფლმეხდველობით მისაღებზე აყენებდბენ რომ ჩიხში ლურჯად და წითლად ელვარე ნათურებმა შემოანათეს. -ძაღლები ბიჭო , დავიშალეთ! გაიქცა ყმაწვილკაცობა, მაგრამ კირილე ვერა ხედავდა და ვერა გაეგო რა სად იყვნენ ძაღლები ან რად ვერ დაენახა ვერც ერთი მათგანი, იმას ფიქრობდა ძაღლის დანახვამ კაცი ასრედ რამ უნდა დააფეთოსო და სულ მთლად გადარეულ-გასულელებული ადგილზე გაძეგლდა. ყველა გაიქცა კაი ბიჭად წოდებულის გარდა. რადგან მიაჩნდა , რომ ავტორიტეტები ამ ფრიად მამაცურსა და ლომგულურ აქტივობას დაუფასებდნენ და იერარქიულ საფეხურზე წინსვლა ექნებოდა. -აქ რა ხდება ? გურო შენ ჭკუა კიდე ვერ ისწავლე ჰო? მერამდენეჯერ უნდა წაგათრიოთ ბიჭო განყოფილებაში ! ამოგალპობ მანდ ერთხელაც იცოდე. -რა უნდა ხდებოდეს ტო? შენ რას გადაგვეკიდე ბიჭები ვიდექით და ვლაპარაკობდით გაჯგიმული პოლიციელი სწრაფად უახლოვდება კაი ბიჭად წოდებულს აწ უკვე ცნობილს როგორც გუროს ,რომ ვერა-ვაკეში ჩოხა-ახალუხიან მრისხანე თვალება კაიშაურს თვალი მოჰკრა. -შენ ვინღა ხარ ან თემაზე ტრადიციულად მოკაზმულები როდიდან დადიხართ , ასე უფრო ეფექტურია თუ სულ გარეკეთ! -კირილე კაიშაური! დასჭექა ხევსურმა და პირდაპირ სახეში უთავაზა ამ ჩვენ სამართალ დამცავს. რომელიც პირდაპირ რეგიონიდან ჩამოსული ბიჭის მუხლებში გადაგორდა გურო ბედნიერებისგან ლამის ჩაეხუტა კაიშაურს და კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა , როცა კირილე მობრუნდა , ერთი ლაზათიანი მუშტი ამ ჩვენ კაი ბიჭსაც ჩაახუტა და ფორმიანის გვერდით მიაწვინა. გაშმაგებული კირილე ორთავეს იწვევდა ადექით პირშავნოვო გაჰყვიროდა თუმცა სხვა განზომილებაში გადასულები ჯიუტად აგრძელებდნენ ასფალტთან ალერსს. გაბრუნდა კაიშაური , შემოირტყა დოინჯები და გააგრძელა გზა. მიდიოდა და მიდიოდა მოწყდა ხედვის არეს ხევსური. მობეზრდა მიწასაც პოლიციელის ამბორი გამოფხიზლდა ამასობაში და წელის თრევით ლოყა გვარიანად შესინიაკებული ფეხზე წამოდგა ჩამოიფერთხა წვივ-მუხლი თავი მაღლა აწია და კაიშაურზე გაანჩხლებული გუროც მთელი სულითა და გულით გამოთათხა. -ამდენი ხანია ქვეყნის სამსახურში ვარ და ჩემთვის ეგეთი რამ არავის გაუბედია , გამოფხიზლდი და ფეხი გამოადგი არავის გავაგებინებ ამ სირცხვილს მე თვითონ ვიპოვი და ორივეს განყოფილებაში მიგათრევთ. ცალკე გურო იყო თავის ადამიანურ ბრძოლებში ბიჭებს როგორ ვუთხრა ეს ამბავიო. ეგებ კაი ბიჭობის წოდება-რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს ჰო დავიღუპები ეს პერსპექტიული კაციო. ჰოდა ამ ფიქრებში გართული უსიტყვოდ გაჰყვა ამ ჩვენ დასინიაკებულ სამართალდამცავს. მოსაღამოვდა , თბილისში ციცინათელებივით აციმციმდნენ ლამპიონები. დრო აზვირთებულ დინებაში ისევ შეუჩერებლად აგრძელებდა ცურვას. ასე შეუჩერებლად დადიოდა აქეთ-იქეთ კაიშაურიც ვერის ჩიხებში. არც ერთი მათგანი არაფრის დიდებით არ გამორჩენია რომ კიდევ ერთ თბილისურ ამბავს შეესწრო. -კიდევ ერთხელ დავინახავ მაგას შენთან და მერე შენ თავს დააბრალე. -რა ვქნა გამაგებინე, ბარში ვიყავით შემოვიდა და აგვეკიდა , ვუყვარვარ. -გახედე შენ ოჯახს და მერე მაგისას , რას ქვია უყვარხარ. ეგ სენსიტიური იდიოტიზმი სიყვარულზე დაივიწყე , ახლა პერსპექტივაა მთავარი. მაინც და მაინც წელებზე ფეხებით გინდა რომ შედგეთ ჩემი და დედაშენის სულის ამოხდის მერე ? თუ რა გინდა გამაგებინე? -რა მინდა და მეც მიყვარს ! -შენ რამდენს ლაპარაკობ! რა ხდება აქ , რა ამბავია ამ შუაღამეს ? რად უფრთხობთ ძილს კომლებს ? ამ საღამოს 9 საათზე , თბილისის შუაგულში გაჩენილმა უცნაურმა კითხვამ , რომელიც ჩოხა-ახალუხიანი ულვაშებ-აპრეხილი კაცის მიერ დაისვა. მამა- შვილს თავ-გზა დაუბნია. -როდემდე უნდა იდგეთ ახლა სარგადაყლაპულებივით? -ვინა ხარ კაცო შენ ? გაოცებულმა კაცმა ძლივს წამოილუღლუღა , არ იყო მიჩვეული ასე ლაპარაკს. სახელგანთქმული მოსამართლე იყო ქალაქში, ჰოდა ამ სრულიად მიუკერძოებელ კაცს ვინ გაუბედავდა კაიშაურისებრ საუბარს თავად კაიშაურის გარდა. არასდროს ქრთამი არ აუღია ამ კაცს საზოგადოების დაბალი ფენისგან. აბა ამხანად საშუალო ფენა აღარ არსებობდა თბილისში და რა ექნა. ჭკვიანი კაცი იყო , ამიტომ მხოლოდ მაღალ ფენაზე მუშაობდა. -კირილე ვარ მე კაიშაური. -რა გინდა მერე ბატონო კირილე? -რას ქვია რა მინდა შე ურჯულო შენ , ამ შუა ღამეს დგახარ და ქალთან ღრიალებ. -შვილია ჩემი -რადაა მერე რო ღრიალებ? -რა გინდა მეთქი კაცო გამაგებინე , ვინ გეკითხება შენ მე ჩემ შვილთან ვიღრიალებ თუ რას ვიზამ? ამ კითხვის მერე , მოსამართლე კირილეს დღის მოცემულობის მესამე მსხვერპლი აღმოჩნდა. ზღართანი გაადინა მიწაზე და იწვა ახლა გაშოტილი. თვალწინ ჩაუარა თავისმა საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ , მაგრამ იურისტის გონებამ არ დააყოვნა, სწრაფად გამოითვალა ახლა თუ მონანიება ვერ მოვასწარი, დავუშვად და მართლა რამე არსებობს არ მეშველება არაფერიო. ერთი შემიწყალეო მოასწრო. მე ცოდვილიო ვეღარ დააყოლა , მაგრამ სანახევრო სამოთხესაც არაუშავსო იფიქრებდა ალბათ იმიერში. დუმილი ჩამოვარდა , დრომ ერთი გაფიქრება იფიქრა ხომ არ გავჩერდე და ვნახო რა მოხდებაო, მაგრამ მერე უმალ გამოფხიზლდა ასე ხომ ყველაფერს ავრევო და გააგრძელა სვლა უსასრულო. შეცბუნებული ზარდაცემული ქალი ხმას ვერ იღებდა ტუჩ-მუხლი უკანკალებდა. კირილემ ხელში ჩვილი ბავშვივით აიტაცა მოსამართლე მხარზე გადაიკიდა მიიხედ-მოიხედა ქალს თვალი მოავლო ასე უყურებდა ცოტახნით და უთხრა აცახცახებულს. -რას დგახარ მანდ ? ვერა ხედავ ჭკუაზე აღარ იყო კაცი , ორჯერ მკითხა ვინა ხარო. გამოაფხიზლებს ეს , მიხვდება ვინცა ვარ. ჰა მიყურე ახლა. შემაყვანიე შინ , მიჩვენე გზა და გამიძეხი. შიში ოხერია. ვეღარ გაიგო ქალმა საშველად ვინმესთვის ეთხოვა, ეყვირა თუ უბრალოდ კაიშაური ნებას დაჰყოლოდა. შიშმა ბოლო ჯობიაო უკარნახა. ერთიანი ძალებით დააბინავეს გონებადაკარგული მოსამართლე. -სად მივასვენო ეს უბედური ? -აა..აქ მიუთითა ქალმა სავარძელზე და სავრძლის ფორმა მოსამართლემაც კარგად შეითავსა. ისევ დოინჯი შემოირტყა კირილემ და მისაღებში წინ და უკან სიარულს მოჰყვა, კუთხეში ატუზული ქალი ფერდაკარგული უყურებდა. ფიქრიანად ათვალიერებდა კაიშაური ქალს მომენტალურად გაჩერდებოდა ხოლმე დაჟინებული მზერით შეხედავდა და ისევ სიარულს მოჰყვებოდა. უკანასკნელი რამდენიმეჯერ გაიმეორა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და .. -სახელი მიბოძე შენი. -კატო მქვია -რა გვარისა ხარ? -ამილახვარი. -თავადის ქალი ყოფილხარ, მოასწარით უკვე ღალატი? -ვერ გავიგე -მოასწრებთ აწი. -რადაა რომ გაგიწყრა მამაშენი ? კერის შემარცხვენელი ჰქმენი ? -თქვენ ვინ ბრძანდებით ? -კირილე ვარ მე კაიშაური დუმილი ჩამოვარდა ერთხანს. უყურებდა ქალ-ვაჟი ერთურთს. მათ შემხედვარე დუმილმაც დაირცხვინა, მოერიდა, დუმილი არ მერქვას მე ავლაპარაკდებოდიო. -მეტყვი ახლა რა მოხდა თუ მოვყვე მარჩიელობას -პირადი ურთიერთობის საკითხია -არ მგონია ეგ საქმე მთლად სწორი. პირადული თუა მთელ სოფელს უნდა მოდოთ და ამოდენა ამბავი ატეხოთ ? არ მოეშვა კაიშაური კატოს, ჯიქურ დაუდგა. რაღა დარჩენოდა ქალს. არავისთან უსაუბრია ამ საკითხზე და ეგებ გამიმართლოსო ბედი სცადა. -ერთი ბიჭი მიყვარს, დიდი ხანია. მასაც ვუყვარვარ, უბრალოდ ცოტა სხვა ტიპია. დოგმატური სამყარო არ მოსწონს და თავის ცხოვრება აქვს. ვერავინ უგებს. ჩემ გარდა რეალური არავისთანაა. საზოგადო პერსონა აქვს შექმნილი. ზედმეტად შეტოპა და ცუდ საქმეებშიც გაეხვა. ყველაფერი იმიტომ რომ ერთად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევენ. მეუბნება და დარწმუნებულიც ვარ,რომ თუ ჩვენ შორის საკითხები დალაგდება ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდება. მჯერა, არასდროს მოუტყუებია ჩემთვის. უმამოდ გაიზარდა, მესმის შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ თავის წრეში საკმაოდ საპატივსაცემო რეპუტაციით სარგებლობს. არავის უყვარს, ვიცი რომ სამეგობრო წრე მასზე ცუდ გავლენას ახდენს. ვცდილობ ჭაობიდან ამოვათრიო, არ მინდა მის გარეშე. უბრალოდ, არ მინდა. დედამისი საზღვარგარეთაა. თავის უფროს დასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებში . უნივერსიტეტში არ დადის, ვერ შეეგუა. ჩაბარებითაც მხოლოდ დედის გამო ჩააბარა. არც მომზადებულა და უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა სასწავლებელში. საკმაოდ დიდი განათლება აქვს. მაგრამ ოჯახის და თავისი ცხოვრების გამო მამაჩემი ვერ იტანს, მისთვის მატერიალიზმი და სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის ადამიანურობა. ორად ვარ გახლეჩილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. -სახელი მიბოძე მისი -გურო. -ვგონებ სიდანმე ვცნობ სახელს. მიგდე ყურ.. -სახლშიც შემომეჭერი ! შეჰყვირა შორეულ მოგზაურობაში წასულმა და ძლივს უკან დასაბრუნებელ გზაზე მდგარმა მოსამართლემ. წამოდგომა დააპირა , მაგრამ ჯერ ისე იყო გაბრუებული რომ ისევ სავარძელში ჩაესვენა. შემდეგ კვლავ წამოდგომის მცდელობა ჰქონდა , მაგრამ კვლავაც უკან დაბრუნდა. ამაოების შემდგომ , მიხვდა აზრი რომ აღარ ჰქონდა, არადა ფეხზე დამდგარი უკეთესად ვიჩხუბებდიო. რაღა გაეწყობოდა, დამჯდარმა განაგრძო ღრენა კაიშაურისადმი. -ჯერ ეს ერთი ხელი დამარტყი. მეორე ქალიშვილი შემიშინე. მესამე ჩემ სახლში ხარ. მეოთხე ჩოხა-ახალუხით ხარ. მეხუთეს სასამართლოს ჩაქუჩს რომ თავში ჩაგარტყამ მერე გეტყვი აქაოდა კაიშაურმა ეს კიდევ დიდგულზეაო ბრდღვნას აღარ დაუტევდა ჩვენ მოსამართლეს , რომ ანაზდად მუსიკა შემოესმა. მიუხედავად ტრაგედიის დატრიალების ჟამს უეცრად მოვლენილი სასწაულისა ,რომელიც ზედმეტად პოეტურად ჟღერს, საქმე ამ შემთხვევაში მხოლოდ კატოს მობილურთან გვქონდა. -კატო იცოდე კიდე თუ ის რეკავს .. -არ ვპასუხობ , ხო ხედავ. -არ პასუხობ კი არა ისე ქენი რო ვეღარც დაგიკავშირდეს, მერამდენედ უნდა გითხრა ! -უპასუხე. -რას ქვია უპასუხოს, მამამისი ვამბობ, რომ არაფრით არ უპასუხოს, ვინა ხარ კაცო შენ გამაგებინე ბოლო-ბოლო. კაიშაურმა სულის გამჭრელი მზერით გახედა მოსამართლეს, აათვალიერ -ჩაათვალიერა კბილი-კბილზე დაადო და მუშტიც მოჭიმა. -არა ისე, მართალია კატო ეს კაცი ! უპასუხე ერთი რა უნდა მაინტერესებს კატო თანხმობამ უმალვე გამოაფხიზლა, ელვის სისწრაფით წვდა ტელეფონს ნაზი ხმა ისედაც დაინაზა სულ მთლად გადაავიწყდა რაც ხდებოდა და ქალური კეკლუცობით უპასუხა. -ალიო, გისმენ.. - კატო უცებ გეტყვი , ბევრი დრო არ მაქვს რა. ძლივს დავითანხმე, რომ დამერეკა შენთან. ასეთი ამბავია , დამიჭირა ძლიერიშვილმა. არაფერი ყოფილა ჩემი ბრალი. ვიღაც ტიპზეა აჭრილი. ბიჭები ვლაპარაკობდით და წარმოიდგინე ვიღაცა კაცი მოვიდა ხელი გაგვარტყა რის გამო არც მე ვიცი და არც ძლიერიშვილმა მაგიტოა გაცეცხლებული. ჰოდა , მგონი ახლა ვეღარ გამოვძვრები. ვეხვეწე , სანამ ციხეში შემაგდებ კატო უნდა ვნახო მეთქი. და ახლა მომიყვანს შენ სახლთან . მთელი თბილისი მოვიარეთ საცობებია რა, შემაგვიანდება , გნახავ და მერე ისევე ის დამთხვეული უნდა ეძებოს და მიგვათრიოს ერთად განყოფილებაში ყველა წესს არღვევს, მარა ჰო ხვდები როგორი სიტუაციაცაა. მოსამართლეს მობილურზე ყური ჰქონდა მოდებული. კაიშაური მოშორებით იდგა და არაფერი ესმოდა ხევსურს. იდგა ასე თავისთვის და მძვინვარე თვალებს აბრიალებდა აქეთ-იქეთ. ამ ჩვენ მანტია მოსხმულ კაცს არასდროს ასე არ გახარებია გუროს და კატოს შეხვედრა. ღმერთს მადლობა დამთხვევაც ამას ქვიაო, მიშველა ძლიერიშვილმაო ფიქრობდა და ხელების ქნევითა და ლამის ფერხულის ცეკვით ჩუმად ანიშნებდა კატოს - მოვიდეს , მოვიდეს უეჭველადო. კატოც დაეთანხმა გუროს შეგხვდებიო, საუბრის დასრულების შემდგომ მოსამართლემ ტელეფონი უმალვე გამოსტაცა და მიწერა პირდაპირ სახლში შემოდი კარი ღია იქნება ძლიერიშვილი მარტო არ დაგტოვებს, ამიტომ უთხარი რომ შემოგყვესო თვითონაცო. ლაზათიანად ჩაისუნთქა მოსამართლემ სუფთა ფულით ნაშოვნი ლამაზი სახლის ჰაერი გადახედა ღიმილით ქუში პირი-სახის მქონე კაიშაურს. როგორც იქნა გული დაუდო ხევსურის დაკვირვებას. მშვენიერი ყმაწვილ-კაცი ყოფილა ეს ჭკუა მცდარიო. კიდევ ერთხელ აავსო ფილტვებიც და.. -ბატონო კირილე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი გაუგებრობისთვის. იმდენად გაბრაზებული ვიყავი საკუთარ შვილზე, რომ ვეღარც კი გიცანით ! დაბრძანდით ბატონო კირილე, სამზარეულოში ისეთი ციცქა მაქვს , სულ რომ არ მაპატიოთ მე უგუნურს და აქვე დამკლათ მაინც უნდა გაგასინჯოთ , არაფრის დიდებით არ მითხრათ უარი ბატონო კირილე ! მოსამართლე ფიქრობდა, ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკოვო. ჩარჩენილია ეს უბედურიო. ეშმაკობაში გამოწვრთნილი და დახელოვნებული კაცი იყო, ჰოდა ეს როლიც ბრწყინვალედ შეითავსა. -დაგეწყო მასე თავიდან მერე შე კაი კაცო, ის კია შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია ვინ როგორ გამოასწორებს. მაინც და მაინც არ იყო კაიშაური მუხთლობასა და გაიძვერობას მიჩვეული თავის მხარეში, სუფთა გულის კაცი იყო, ამიტომ ძირითადად ყველა სუფთა გულისა ეგონა ხოლმე, კარგის მეტს არა ეძიებდა ადამიანში. -მართალი ბრძანდებით, ბატონო კირილე, კატო ! მამი გენაცვალე, გამოიტანე ერთი ჩემი საქები ციცქა. მოარბენინა კატომ ღვინო სუფრის გაშლასაც მოჰყვა. სანამ სუფრა შელამაზდებოდა, მოსამართლესა და კაიშაურს შორის დიალოგი გაგრძელდა. -რამდენი აბრაგია ჩვენ სოფელში ბატონო კირილე ! სამართალია საჭირო. ს ა მა რთა ლი ! უპოვრებს პარავენ, გაშიშვლებულებს აშიშვლებენ, ადამიანობა დაიკარგა ! სასწაულია პირდაპირ. გუშინ დავბრუნდი სამსახურიდან დაღლილი, ასე გავერანებული მოვლასლასდი. ჯამაგირის დღე იყო. ავიღე ეს ჩემი გაჭირვებით ნაშოვნი ჯამაგირი და იცი რა ვქენი ბატონო კირილე ? დავიარე უპოვრები დავიარე გაშიშვლებულები და დავურიგე ეს ჯამაგარი ასე ამ ხალხს. აბა ! როგორ გინდა სხვანაიარად. უზენაესი ადამიანს ადამიანის ხელით ეხმარება. საჭმლის ფულიც კი აღარ დავიტოვე, ერთი ქალიშვილი მყავს არადა, დიდი მჭამელი არაა, მაგრამ ჭამა ხოუნდა ? -უნდა ჩაცმა ხო უნდა ?-უნდა სწავლა ხო უნდა ? - უნდა. და კიდე ბევრი უნდა და უნდა ბატონო კირილე , მაშ ! ასეა ეს საქმე. თუმცაღა , რომ ვხედავ ამ ჩემ ქალიშვილს ნაჭამ ნასვამსა და ნასწავლს. ასე უნებურად მეფიქრება ხოლმე სხვების ქალიშვილებზეც, მაგიტო აღარ ვიტოვებ არც საჭმლის ფულს და მთელი დღე ერთ კინკილა ლობიანზე ვარ ხოლმე. კატო ! ჩაადგი შვილო ხინკლები ან მწვადი რით ვეღარ გაცხელდა , მოდი ბარემ ჩაქაფულიც შეაცხელე, ეშიება კაცს ! -აბრაგობა თარეშობს ველად, მართალია ეგ საქმე. მაგრამ , გვიფიქრია კი რატომ ხდებიან აბრაგები - აბრაგებად. რად შეიქმნენ , რომელმა პირშავმა გააბოროტა. მართალია ზოგი იმდენად ლაჩარია, სულ დედის კალთა და ღვთის მადლი თავზე რომ ეფაროს მთელი ცხოვრება თავისი ავყია ბუნებისა და პატივმოყვარეობის გამო, ღირსეულ კაცს ზურგშია მასრას-მასრაზედ დააჯენს. ეს დაფხორილი თავადობაც არად ზრუნავს ბალღებზე. აიღებს ხელში ბალღი იარაღს რომ გაიზრდება აბა რას იზამს, დაფასება ვერ ნახა, სიყვარული ვერ ნახა, წიგნი ვერ ნახა, სითბო ვერ ნახა. ჰოდა ნახა მაუზერი, გადატენა მაუზერი . ნახა მერე დაფასებაც, სიყვარულიც და სითბოც. ოღონდაც შიშის გამო და არა ჭეშმარიტებისა. მაგრამ ვერა ნახა წიგნი. რა ქნას ახლა ? რა ვუთხრათ ამ ბალღს. ვინც ეძიებდის ჰპოვებდეს თქო ? როგორ უნდა ჰპოვოს კაცის კვლითა და გავერანებით ? ჩვენი ბრალია ეგ საქმეც ზოგჯერ. სხვებს ტყუილა ნუ მოვთხოვთ სამართალს. აგრემც თქვენი თქმისა არ იყოს თქვენსავით კი არ აპურებენ ცისფერ სისხლიანები გლახაკებს. აგრემც თქვენებრ რომ მოიქცეს ყველა და თვისი ჯამაგარი უპოვარ-გლახაკისთვის გაიმეტოს, პურის გატეხვის წინ კაეშნის დალევა კი არ მოგვიწევდა ქართველობას. აბრაგებიც იმსახურებენ ლოცვაში მოხსენიებას , ვინ იცის მათ ტკივილებზე. მოსამართლემ ასე კარგად ჯერ არავის აღვუწერივარო გაიფიქრა, მაგრამ გაახსენდა , რომ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიეს. გულიც არ დაწყვეტია , მით უმეტეს, წინ შიშხინა მწვადები რომ დაუდეს სულაც აღარ ახსოვდა შენი აბრაგობა და მათი ტკივილები. -აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით , ბატონო კირილე! სამართალია საჭირო. სა მა რთა ლი ! ჰე , მიირთვით ახლა, აბა გამარჯვება ბატონო, გამარჯვება! დალოცვილი იყავით და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ოჯახში. რომ გიყურებთ ახლა პირდაპირ ცას ვეპორტყიალები სიხარულით , მაშ ! აბა როგორ გინდა. -გამარჯვება ბატონო, ლაგლოცოთ ღმერთმა, დიდება უფალს. მცირე იყო შესვენება ღვინის ჭიქების რახა-რუხს შორის. მოედნენ ყველა საკითხს კაიშაური და მოსამართლე. ისაუბრეს გავერანებულ საქართველოზე, გატიალებულ ქართველებზე, ბოროტებაზე , სიკეთეზე, თავადებსა და გლეხებზე, ღირსეულებსა და უღირსებზე, განიხილეს საჭირ-ბოროტო საკითხები, სხვანი და სხვანი. მოეწონა მოსამართლეს კაიშაური, თითქო აღარც ახსოვდა მომხდური. ნაკლებად ეკიდებოდა თრობა კაიშაურს ხარივით მსმელი ვაჟი გახლდათ. მობეზრდა ჭიქები. ყანწი მოითხოვა, ჰოდა სუფრაც ყანწთა შესმით გაგრძელდა. თავს კარგავდა მოსამართლე , გონება ებინდებოდა. ეხვეოდა ვაჟს. მგლის ლეკვო , შენ ყოფილხარ ქართველიო! გაჰყვიროდა. ოჯახში მიგიღე , გინდა თუ არა მიგიღე ჩემ ოჯახშიო, უარი არ მითხრა , თორემ აქვე დავიკლავ თავს შენ მუხლებშიო. კატოსაც ვეღარ გაეგო ეცინა თუ ეტირა. ქართულ ფოლკლორზე რომ მიდგა ჯერი, მოსამართლემ აციმციმებული თვალებითა და უკვე გულწრფელი ღიმილით შეხედა კაიშაურს. კატო , გიტარა ან ფანდური შვილო! გასძახა მოსამართლემ, დაბნეული ტრიალებდა კატო აქეთ-იქით. თავად ფანდურსაც თავბრუ დაეხვა და ლამის თვითონ მიაძახა აქა ვარ , აქო. მოკიდა ხელი ფანდურს კატომ და ამასობაში მოსამართლეც ამღერდა. -კირილე , კირილე ! ოქოთომეს მუ გოკოდუ, სი ეშმაკი ჭიჭე ტურა! -აიტ! შენ გენაცვალე! - ღორონთქ ვაგაჭყორასუ დო, ქოთომეფი ვაკომჭკუმა! - კირილე ! - სისა ! - სისა ! - სისა ტურა ! - ვაგუტუა ! -ვადოღურა ! -სისა ! -სისა! -სისა ტურა ! -ვაგუტუა ! -ვადოღურა ! ასე სიმღერაში იყვნენ გართულნი, კატოც ხომ გამალებით უკრავდა ფანდურზე, სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო ყოველივე, ძველი ნაჯღაბნი ნაფლეთებად იქცა. გრძელდებოდა მხიარულობა. ამ დროს ძლიერიშვილმა კარი შემოაღო , გუროც ფეხდაფეხ მოჰყვა. დაინახა თუ არა სანახაობა ამღერებული სიმკაცრითა და რისხვით ცნობილი მოსამართლე, აქამდეც რომ იცნობდა, მასთან ერთად მომღერალი ჭკუა-მცდარი ხევსური და კატო , რომელიც ფანდურზე უკრავდა , ზარდაცემული შეიქმნა. გუროც დაბნეულობისგან მხოლოდ კატოს შესცქეროდა და სიცილს ძლივს იკავებდა. -ბატონო მოსამართლევ.. ეს კაცი.. ეს.. -ეს კაცი ჩემი ოჯახის წევრია ! კირილე კაიშაური! ღმერთი არ გაგიწყრეს და ხელი არ დააკარო, მოდი ახლა და მოსვი ღვინო! უკეთესი თანამდებობებიც არსებობს როგორც ვიცი. ან შენ რას დგახარ მანდ ? თუ დღესვე იტაცებ ჩემ შვილს? მოდით სუფრაზე, არა ! ახლავე მოდით სუფრაზე. ვაი, უბედურო თავო , ეს ჭკუამცდარი თურმე ვინ ყოფილაო გაიფიქრა ძლიერიშვილმა. უჯიკა გუროსაც ფეხი გამოადგიო. მიუსხდნენ სუფრას და გააგრძელდა ჭამა-სმა პირველი 7-8 ჭიქა ძლიერიშვილი მართლაც ძლიერი შიშით იყო შეპყრობილი. გუროს ჭიქებს აწოდებდნენ და აწოდებდნენ, ღვინოც არაფრის დიდებით არ მთავრდებოდა. ყველა გამოთვრა , მღეროდნენ და მღეროდნენ, საბოლოოდ ფშავ-ხევსურული ცეკვა-თამაშიც დასცხეს. გადახვია ოთხმა ხელი ერთმანეთს და ასე ხელგადახვეულებმა თბილისის ქუჩებისკენ აიღეს გეზი . მიდიოდნენ და ილტვოდნენ გაურკვეველი მიმართულებით. -გურო ! გაჰყვიროდა მოსამართლე -სიმღერა თქვი გურო ! სად იცოდა გურომ ქართული ფოლკლორი ან მისი ფასი , თითო ოროლასთვის თუ მოეკრა ყური აქა-იქ. -წინწყარო! რამე ხალისიანი თქვი თორემ დაგიჭერ იცოდე ! ლაზღანდარობდა სამართალდამცავი ძლიერიშვილი -დოუძახი.. რა ქვია.. ღორებს .. -ეს სხვა საქმეა ! -ჭირიმე შენი ! -დოუძახე ჯოღორებს შარიქა დო არამი ! -არამი დო შარიქა ! -ჰარიქა დო შარიქა! -არამი დო შარიქა! -ჰარიქა დო შარიქა! ასე და ამგვარად ჩამოვიდნენ აწ უკვე ძმადნაფიცნი ფილარმონიის დარბაზამდე. თავყრილობა იყო, ხალხი დარბაზში შესვლას ცდილობდა. ქართულ- ფოლკლორული სიმღერების გუნდი სანახაობას მართავდა. უახლოვდებოდნენ ფილარმონიას სილაღ-სიხალისით. მაგრამ ვაი, რომ კაიშაურმა შესასვლელთან გაკრულ ფოტო- სურათს მოკრა თვალი. სადაც ათი კაცი ჩოხა-ახალუხში იდგა გამოჯგიმული. -ა ბიჭო ხალხი! დასჭექა ხევსურმა, დაადო თავი , მოწყდა ძმობილებს და არაბული ულაყის სისწრაფით გავარდა ფილარმონიისკენ თავდადებული. ძლივს გამოერკვნენ მოსამართლე და ძლიერიშვილი რა ხდებაო , თავს რამე არ მოუწისო და დაედევნენ კაიშაურს. გარბოდა ძლიერიშვილი. კარგა ნაჭამ-ნასვამი მოსამართლე გზაში სამჯერ ლაზათიანად დაებერტყა, ყოველ ჯერზე მისი წამოყენება გუროს უფრო და უფრო უჭირდა. შევარდა კაიშაური ფილარმონიაში. გაგიჟდა დაცვა ვინაა ეს დარეხვილიო მისდევდა დაცვა, მისდევდა ძლიერიშვილი, მისდევდა მოსამართლე და მისდევდა გურო. გაჰყვიროდა კაიშაური . -სისა, სისააა! აუვარდა გუნდს შუა სიმღერის დროს შუავე სცენაზე. მიჰყვნენ კაიშაურს თავისივე ძმადნაფიცნიც -სისა ! -სისა ! -სისა ტურა ! -ჭირიმე თქვენი ! მაგრამ ყველაფერი მაშინ მორჩა, როცა ფილარმონიის დაცვაც სცენაზე ავიდა. დაიჭირეს კაიშაური , დაიჭირეს მოსამართლე, დაიჭირეს ძლიერიშვილი, დაიჭირეს გურო. მაგრამ ძმობილნი გაწევ-გამოწევის დროსაც ჯიქურ აგრძელებდნენ ჭიჭე ტურას ყვირილს. აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ სამარადისოდ. და მაინც , დილაადრიან ამდგარმა კირილე კაიშაურმა მოქარგულ-მოჩუქურთმებული, კედელზე აკრული ქოფაჩი გადმოიღო და რუდუნებით წმენდდა. გამოვიდა სახლს გარეთ კირილე, თოფიც ჰქონდა სახლიც ქოფაჩიცა და მამალიც . თოფიან-სახლიან-ქოფაჩიან-მამლიან კაიშაურმა წარბები შეჭმუხნა , ხევსურული ლუდი ამდენი არაფრის დიდებით არ უნდა დამელიაო. გაიღვიძა მოსამართლემ, ვგონებ ქვეყანაში მართლაცდა საჭიროა სამართალიო, სა მა რთა ლი ! მაგრამ ამდენი ციცქა არაფრის დიდებით არ უნდა დამელიაო გაიღვიძა ძლიერიშვილმაც, მაგრამ თავი ვერა და ვერ ასწია, ამიტომ მიჰყვა ძილის სიტკბოებას სამართალდამცავი გაიღვიძა გურომ, ბარში ამდენი არაფრის დიდებით არ უნდა მომეწიაო. არავის აღარ ახსოვდა მომხდარი. ძმადნაფიცებსაც დაავიწყდათ ერთმანეთი. ზმანება იყო ? ცხადი ? ვინ იცის. მართლაც რომ, ვინ იცის.. გაიღვიძა კატომ. გუროს გადაურეკა. მომენატრეო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი