მდევრები
დღეს ჩემი ძმის გარდაცვალების მეშვიდე წლისთავია. გარდაცვალება შერბილებული ნათქვამია. 13 ჯერ დაჭრეს და ძაღლივით მიაგდეს. დედაჩემი შველას ღმერთს ევედრებოდა. მე კიდევ ვიცოდი ზეცის მიწიერი მოღვაწეობის შესახებ. ზეცა ხომ მასე არ მუშაობს. ამავე დღეს 20 წლის გავხდი. მეუბნებოდნენ, ყველაფერი შენ კისერზე გადმოვა და ძლიერი იყავი, დედაშენზე თავად უნდა იზრუნოვო. -მარტინ ! -დამელოდე დენი, ვიცმევ და გამოვალ. -მალე თორემ დაგვაგვიანდება, ხომ იცი , რომ დღეს ფიზიკაში საკონტროლო წერა გვაქვს. -მარტინ , შემახედე როგორ გამოიყურები. -ახლავე გამოვალ დედა. ჩემი სახელია მარტინ მონტგომერი. უმცროსი ძმა და უკვე ერთადერთი შვილი. დღეს ქათ-ქათა თეთრი პერანგი, ბრიტანული სტილის მოლურჯო პიჯაკი , ამასთანვე შეხამებული გულისყურით გაუთოებული უნაკლო , კლასიკური შარვალი და შავზედ-შავი ტუფლები მაცვია, ახლა ხაზიანი ჰალსტუხიც შევიკარი. სასკოლო ჩანთა ცალ მხარზედ გადაკიდებული მაქვს. თმები ლაკით ავიპრიხე. -ძალიან ლამაზი ხარ, ჩემო ბიჭო ! -ხო , მგონი არამიშავს. -არაგიშავს ? არამიშავსო ! შენი დაბადების დღეა. დღეს როცა დაბრუნდები , მაგრამ გოგონების ხელში თუ საერთოდ დაბრუნდები ეგეც საკითხავია. მაწილდას უგემრიელეს ბლინებს გამოვაცხობინებ . თაფლსაც მოვატანინებ. ოღონდ , რა თქმა უნდა, იმ პირობით თუ მაგ ბრწყინვალე აკადემიურ მოსწრებას შეინარჩუნებ. აბა, დამპირდი , რომ შეინარჩუნებ. -გპირდები დედა, ხომ იცი, რომ ფრიადოსნების დაფაზეც ლამაზია შენი შვილი. -რა თქმა უნდა. მოდი გაკოცო და მალევე წადი , დენიც გელოდება, მართლა არ დაგაგვიანდეთ. დედაჩემი ჩემ დაბადების დღეზეც რიჩის სიკვდილს გლოვობდა. თუმცა არასდროს გამოუხატავს , სიტყვაც კი არ დასცდებოდა ხოლმე. ჩაძინებისას აქა-იქ მესმოდა შვილ-მკვდარი დედის ტირილი. მეც ვუახლოვდები ლოგინად ჩავარდნილ დედას, ნერვიულობისა და ტკივილებისგან დაუძლურებულს და თვალებში ჩაკლულ ცრემლების ცქერასთან ერთად, კოცნასაც ვღებულობ. -წავედი დედა , თუ რამე დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს დამირეკე. -ფრთხილად და ჭკვიანად , ხომ ? -როგორც ყოველთვის. შესასვლელის კარი გამოვაღე, დენისაც ხელი გადავხვიელ, ყურსასმენები გავიკეთე- La rage du peuple , La rage du peuple, La rage du peuple ! La rage du peuple ! სიარულში სახლებსაც კარგა გვარიანად გავშორდით. -აქ ვიცვლით დენი. -ჩვენი კოხტა სამფლობელო. სკოლის ფორმალური ჩაცმულობა გაქრა. ზურგჩანთიდან შავ ჰუდს, გაშვებულ ჯინსსა და მეისონ მარჯიელებს ვიღებ. სწრაფი გამოცვლა, თმებიც ავიჩეჩე და ჰუდის ქუდიც გადავიფარე. ჯიბეში ლურჯი მაიკროტეკიც მიდევს. როგორი ლამაზი რკინის ანგელოზია , პოლიციის ყბაში ჩასაგდებად მენანება. -დღეს კრავ-მაგაში ვარჯიში გვაქვს. -ფიზიკის საკონტროლო? -ზოგჯერ როგორი ხუმარა ხარ მარტინ. -10 კილომეტრი სირბილი, პარტიზანული ომის მოძღვრების ბაზისები და საბრძოლო ფილოსოფია. დღევანდელი რუტინა მგონი სწორად მახსოვს. -ეგრეა, ბიჭები იქ არიან? -დაგვიანებას როდის აქედან გიბედავენ. -ეგეც ეგრეა. აპოპკას ტბაზე ვირბინოთ და იქვე თეორიული მასალაც გავიაროთ. დღეს რამდენი ვართ ? -როგორც მახსოვს, ორმოცდაოთხი ჩვენი ჩათვლით. სმენა ! სამ თვლაზე. 3 2 1 და აი , სირბილიც დავიწყეთ. უამრავი შეძახილი, უამრავი ოფლი. ნატკენი ფეხი , გადაქლექილი ქუსლები. სიცხე და ოხშივარი. ფლორიდის მწველი მზე , მაგრამ ტკბილი და საჭირო ტანჯვა. ეს ბიჭები არმიაა. ახალგაზრდა , თავზეხელაღებული ხულიგნები. ალბათ, დედა ნერვიულობს როგორ დავწერ ტესტს. შენ ცრემლებს ვფიცავ, ყველა ტესტი გადალახული იქნება. დაე ეს ფიცი განაჩენი იყოს. -როგორც გავიგე სამივე შეიწყალეს, არასრულწლოვნობას დააბრალეს, ხომ იცი ყველგან ხალხი ყავთ მარტინ, საქმეს ბოლომდე ვერ მიჩქმალავდნენ, მაგრამ პატიმრობისას , საჭირო კონტაქტების გამოძებნა როგორც ჩანს შეიძლება. არასტაბილური ფსიქე და გარემო ფაქტორები. არადა ფულიანი მამიკოები და სტაბილური იარაღის ბიზნესის მქონე ბიძები იყვნენ ყველაფრის თავი და თავნი. კარგა ხანია ალიაქოთმა გადაიარა. რიჩი მარტო შენი კი არა ჩემი ძმაც იყო, მისი დამსახურებაა დღეს შენ გვერდით რომ ვარ და სუნთქვა შემიძლია. მაწილდა როგორაა ? -ხომ იცი, რომ რიჩის მერე არც არავინ ჰყოლია. დედაჩემს ეხმარება, საკუთარი მშობელივით უვლის. ყველა საკვირაო ლოცვას ესწრება. სასაფლაოზეც ხშირად დადის. დარაჯი ამბობს გაგიჟდაო. საფლავის ქვას ეხუტება, ზოგჯერ ბოლო ხმაზე იცინის და წითელ ღვინოს სვამსო. -იმ საკითხზე ერთხელაც არ უთქვამს არაფერი? -ის საკითხი გაუპატიურებაა დენი, ნუ გერიდება. ის საკითხი ხმადაბლა კი არა ღრიალით უნდა წარმოთქვა. სამივემ სასტიკად სცემა. ძლივს გადარჩა, ორი კვირა კომა, გამოფხიზლდა და ისეთი ამბავი ახარეს, საძილე აბების გადაჭარბებით რიჩის მონახულებაც სცადა. შემდეგ უამრავი ანტი დეპრესანტი , ფსიქო-თერაპია, კონსულტაციები.. ხომ იცი რომ ორსულადაც დარჩა 19 წლის ასაკში. ცალკე აბორტი და უამრავი პანიკური შოკური შემოტევები. ჩემთან არაფერი დასცდენია, ისე იქცევა , ვითომ არც არაფერი მომხდარა. როცა ჰგონიათ რომ მძინავს, ზოგჯერ მესმის ხოლმე დედაჩემისა და მაწილდას საუბარი. -დანტეს შვილებიც ჰყავს. გოგოები, ტყუპები 1 თუ 2 წლის . თვითონ ეგ ღორისშვილები 24-25 წლისები არიან. ბიზნესებს ფლობენ და ბილბორდებზეც გამოიჭიმნენ ღიმილიანი სიფათებით. -დანტე... რიჩი იძახდა ჩემი მესამე ძმააო. ატყობდა რომ მაწილდა მოსწონდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა, ბავშვობიდან ჩემი შეყვარებულია და მაქსიმუმ გამარჯობა უთხრასო. მის ზურგსუკან რამდენიმე მცდელობა ჰქონდა მაწისთან , ყოველჯერზე უარი მიიღო. რიჩისთან ეს ამბები არ მიდიოდა, ბავშვი იყო და ისედაც ეშინოდა. ჰოდა კიდევ ერთი უარი, როგორც ჩანს საბედისწერო აღმოჩნდა. ულტრასებთან ჩხუბის დროს დანტეს გახსნილი დანით რომ მისდევდნენ დაეწივნენ და ხორხის გამოღადვრას უპირებდნენ, რიჩი მივარდა, მაშინვე იცვნეს თურმე, არ ვიცოდით თუ შენი ძმა იყოვო , ბოდიშებიც იხადეს და 1 თვე ხან რომელ და ხან რომელ რესტორანში აძლევდნენ მოსაწვევებს. რიჩი არავისთან ვალში არ დარჩენილა, არავისთან შეშლია და ყველას უყვარდა. რიჩი მონტგომერი.. ფლორიდაში ბრუნდებიან არა ? -კი, ახალი ფურცელი , ახალი ბილბორდი, ძველი მიწა. წვეულებები, გართობა, საათივით აწყობილი ცხოვრება და უზრუნველი მომავალი. დაცვითაც არ დადიან, ქველმოქმედებას ეწევიან და ხალხიც უმეტყველო , ბედნიერი სახეებით ხვდება. არავის არ ახსოვს მარტინ, დასწყევლოს ღმერთმა მომხდარი არავის არ ახსოვს! -ჩვენ გვახსოვს დენი. მე, შენ, დედას და მაწილდას. -ცხადზე-ცხადადაც -დანტეს დღის მოცემულობა ცოტა მოუხერხებელია. -დანტეს ბოლოს ვიტოვებ, აქედან არც ერთი ბიჭი საქმის აინუნშიაც არ უნდა იყოს. მხოლოდ მე და შენ დენი. შენ მხოლოდ მაგათი ცხოვრების მკვლევარი ხარ, ინფორმაცია მოგაქვს და პირადად მეუბნები. არანაირი ზარი ან მონაწერი. მე და შენ უკვე ვისაუბრეთ და რიჩის სულიც დაიფიცე, რომ არ ჩაერევი. -ფიცს არ გავტეხ მარტინ. -ვიცი -ბობი და ენტონი. -რომელი უფრო არ მოგწონს ? -ბობი, მსუქანი ლეშია. -დავეხმარები , წონაში დაიკლებს. 19 დღე გავიდა, წითელ ხალიჩაზე დგომითა და ლოდინით დავიღალე, ამ ნაბიჭვარს პაპარაცები ესევიან, ფოტოაპარატების თეთრი ელვარება და ზუზუნი მესმის, მოხდენილი პიჯაკით , ყელში წაჭერილი ჰალსტუხითა და დილის ვარსკვლავივით მბზინავი პერანგით გაურკვეველი , ცნობიერების დინებისგან გამომდინარე უცხო მიმართულებით მივდივარ , მომენტალურად ვჩერდები და მსოფლიო ფიგურის მსგავსად ვდგავარ. მსგავსადო? მე თავად ვარ მსოფლიო ფიგურა. კადრი შენელებულია, თვალები მიციმციმებს , თუმცა ემოციას არ გამოხატავს ,ტვინი ბედნიერია გულს კი გრძნობები ვერ გაურკვევია, მაგრამ ტვინის ბედნიერება ფსევდოა, ეს ხომ რაციონალური ორგანოა და არა ემოციებს დაშენებული მოცემულობა. ბობი, გამოაჩინე შენი ლამაზი სახე. ასე ახლოს დიდებასთან ჯერ არ ვყოფილვარ, ხედავ რიჩ , ასე ახლოს დიდებასთან ჯერ არ ვყოფილვარ ამის დედაც ! ღმერთო, როგორ მიცემს გული ! ყურებში წნევა ჩამიდგა, საკუთარი ძრავის ფეთქვის ხმა მესმის, მაგრამ მაინც მხრების სუპერ პროპორციული მოძრაობა დახვეწილი მიხრა-მოხრა კვლავ შენელებული კადრი და ფოტოაპარატების ხმას, რომელიც დაახლოებით ისე ჟღერს როგორც ‘’წკაპ’’თუმცა, ჰო, მას ალტერნატივა ცვლის ‘’ბახ’’-ის სახით. უფრო სწორედ , 3 ალტერნატივა სამივე ბახ-ის სახით. სწორად მიხვდით, ბახ ბახ ბახ. ალბათ, მაშინ ჩემი თვალები აღარ ციმციმებდნენ. წითელ ხალიჩაზე კი მსგავსი ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი ძვირადღირებული ღვინის დაღვრის მაგივრად, ჩემი სისხლი გაისხა, რომელიც აშკარად ხალიჩაზე უფრო მუქი იყო. -კარგი რა ბაბუა იერემია ! ნუთუ მარტინმა ამდენი იმიტომ იწვალა ,რომ ბოლოს ღორივით მოეკლათ! ან სამართალი სადღა ჯანდაბაშია! იმ ნაბიჭვარმა ბიზნესმენებმა ასე უდარდელად გააგრძელეს ცხოვრება ? მარტინის დედას რა ბედი ეწია ან იმას, რა ერქვა, მატ.. მაწ.. -მაწილდა -ჰო , მაწილდა ! -მარტინი ბობის დაცვამ ადგილზევე გაანეიტრალა. მის ძმას, რიჩის მიუწვინეს სასაფლაოზე, ასე დაუმშვენა გვერდი. როცა დედამისს ეს ამბავი გააგებინეს, საწყალი ქალი ჭკუიდან შემცბარა და თავიც მალევე მოუკლავს ტკივილ-გამაყუჩებლების ზედოზირებით. რაც შეეხება მაწილდას, საბოლოოდ გაგიჟდაო, რომელიღაც ფსიქიატრიულში ყავთ გამოკეტილი ელიზა გრეივსის მსგავსად. -დენი და ბიჭები? დენი იმდენად მხდალი აღმოჩნდა,რომ მეგობრის გამო, ის რაღაც იდიოტური ფიცი არ დაარღვია , არც ჩარეულა და ფეხებზეც დაიკიდა ხომ ?! -დენიმ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში განაგრძო და დღეს საკუთარი ფირმა აქვს. ის ბიჭებიც თავიანთ წილ ცხოვრების გზას გაუდგნენ. დენი რასაც მარტინს დაპირდა აასრულა. ამ მოთხრობის მორალი ისაა, რომ შურისძიება არავითარ სარგოს არ მოგიტანს. რიჩი მონტგომერიმ მთელი ოჯახი საბოლოოდ გააუბედურა. ის სამი კი დღესაც კარგად არიან და საკუთარ შვილიშვილებსაც ესიყვარულებიან ძვირიდღირებული სიგარებითა და ბურბონული ღვინით ხელში. ასე რომ , ხვალ შენ ჭყიპინა კლასელსაც კაცურად ხელი ჩამოართვი და ერთი ნაგლეჯი რვეულის დახევის გამო , ამოდენა ამბავი აღარასდროს აღარ ატეხოთ. დაე უზენაესმა თავად მიხედოს განგებას. -საშინელი ისტორიაა ბაბუა იერემია ! -და არასოდეს გამოიყენო ჩემთან სიტყვა ნაბიჭვარი ! -გასაგებია, ბაბუა იერემია. მაგრამ მაინც ნაბიჭვრები არიან ! -ჩემი ტელეფონია ? კი , აშკარად ჩემია. ზარია, შეგიძლია მომიტანო? -სერ ! ცნობები მომივიდა, რომ დეტექტივი სანდერსი უკვე ქალუსია ჟურნალისტიც ხდება და პრესის საშუალებით , სტატიის გამოქვეყნებასაც აპირებს , ტექსტს გამოგიგზავნით. ‘’ 20 წელი გავიდა , ობობის სახლის მმართველობა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც კი ვრცელდება, ეს უდიდესი კრიმინალური სინდიკატი მსოფლიოს იპყრობს. არალეგალური იარაღების ბიზნესი, თოვლივით თეთრი ფული , უაქციზო სიგარეტი , ალკოჰოლი, პროსტიტუცია , ტრეფიკინგი, მილიარდებით მოსყიდული სამართალი, თემიდა ასე ბრმა ჯერ არასდროს ყოფილა. სამსახურიც დამატოვებინეს, თუმცა ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ იფიქროთ რომ ბრძოლას ოდესმე მოვეშვები , თუნდაც საკუთარი ნაწლავების დაჭმა მომიწიოს. ახლა დეტექტივი მხოლოდ აყროლებულ ფორმალობაში მქვია ! თუმცა იმდენად ფუნდამენტური ფაქტები წარსდგება თქვენ წინაშე , თანდართული მტკიცებულებებით, რომ საქმის გაყალბება ნებისმიერი კორუფციული ხრიკების მიუხედავად, გამორიცხული იქნება. ამ დოყლაპია საზოგადოებამ, საკუთარი ტერორის რეალური სახელიც არ იცის. იერემია დენვერი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყლის ზღაპარია. ობობას სახლის ლიდერი, ცნობილი როგორც ტარანტულა, რეალურად დენიელ ლორენია. დენი წყეული ლორენი ! ადამიანი , რომელმაც სამი ახალგაზრდა ქველმოქმედი ბიზნესმენი,უამრავ ადამიანს ცხოვრება რომ გაუფერადეს სიცოცხლეს მხოლოდ ბიზნეს წილებისა და ფულის არაამქვეყნიური სიყვარულის გამო გამოასალმა, ციხეში ამოგალპობ ლორენ ! ციხეში ამოგალპობ შენც და შენს ობობებსაც ! ‘’ -უკვე გამოაქვეყნა? -რა თქმა უნდა, არა სერ. -შენი დედაც ჯონ ! თავიდანვე რომ ეგრე დაგეწყო არ შეიძლებოდა? -ხი ხი ხი, კარგი რა სერ, რამემ ხომ მაინც უნდა განერვიულოთ. როგორც გავიგეთ სამართლიანობისთვის ამდენს იმიტომ იღვწვის , რომ მისი შვილი ლეიკემიით კვდება და სამკურნალო ფული არ აქვს. სტანდარტული აქტივობა. დეტექტივ სანდერსს, ორი საჩუქარი გავუგზავნეთ. იარაღი მხოლოდ 1 ტყვიით, რომელზედაც ზედმეტად ლამაზად იყო ამოტვირფული მისი ქალიშვილის სახელი ‘’ ე ლ ი ს ა’’ და აგრეთვე მილიონი ამერიკული მწვანე. დიდი ყოყმანი არ დაჭირვებია სერ, მწვანე მისი საყვარელი ფერია, ამიტომ არჩევანი მეორეზე გააკეთა. რეალურად პრესის საშუალებით ის განაცხადა, რომ უკვე ზედმეტად გადაიღალა და ურჩევნია პენსიაზე გავიდეს. -მეორედ თუ ხუმრობას გადაწყვეტ ორი საჩუქრის მაგივრად, შენ მხოლოდ ერთს გამოგიგზავნიან ჯონ. -გასაგებია სერ, შაბათს მიფრინავთ? -ფლორიდის სანაპირო მომენატრა. -მშვიდობიანი ფრენა სერ ! აპოპკას ტბა ზედმეტად შეცვლილა. მაგრამ თქვენი საფლავები არ იცვლება. რიჩი , მარტინ, ჩემი ძმები , მონტგომერები. დედათქვენის ქვა გავწმინდე ბიჭებო. სიგარის კვამლი ხომ არ გაწუხებთ ? აქვე ჩამოვჯდები ,მოვწევ. დარაჯი შემხვდა, მაწილდა ისევ ყოველდღე გაკითხავთ და ათას ისტორიას ყვება რომ არ მოიწყინოთ. ზოგჯერ ბლინებიც ამოაქვს და აქაურ გლახაკებს აძლევს, ისევ ისეთივე გემრიელი ყოფილა. ბავშვები მას უკვე ბებია მაწილდას ეძახიან. ჰო , მართლა, მარტინ, მაპატიე რომ ფიცი გავტეხე. ჯოჯოხეთში ვიჩხუბოთ, ჩემო მეგობარო. იმედია მანდ მაინც არ აცდენ ფიზიკის საკონტროლოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი