ჩიტისთვალა


-ეს რომელი ყვავილია ? 
-მთვარის ორქიდეაა.
-ოჰო 
-ეს რომელი ყვავილია?
-ასპერულაა ქალბატონო.
-ოჰო
-ეს რომელი ყვავილია ? 
-გლადიოლუსი ქალბატონო.
-ოჰო... შეიძლება გკითხოთ, ახლა რომ სამივეს ხელები მოვხვიო და ჩემი შავი სახლის  შავ საძინებელში შევიტანო , რითაც  ბნელეთის მეუფის ინტერიერს გავაფერადებ, რა იქნებოდა თქვენი წმინდა გრძნობანი და შეხედულებანი ამ საკითხთან მიმართებით?
-შეიძლება გკითხოთ რატომ გადაწყვიტეთ სახლის სულ შავ ფერებში გამომზეურობა?
-შეიძლება გკითხოთ რამდენი ხანია რაც  ყვავილებს ყიდით ? 
-არ მსურს, ჩემი ისტორია მოგიყვეთ, მე უბრალოდ ყვავილებს ვყიდი.
-სხვათაშორის, თქვენი ქმარი გღალატობთ.
-ვისთან ?
-ჩემთან.
-და რატომ მითხარით ?
-იმიტომ რომ ქმართან ერთად თქვენი ყვავილებიც არ ავწაპნო.
-დიდი ხანია ?
-მას შემდეგ, რაც ერთი შეხედვით ლამაზი ყვავილების გასაყიდად ჩემ ქუჩაზე გადმობრძანდით.
-გასაგებია,  მაგრამ თქვენ ხომ  ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით , რატომ მაინც და მაინც ჩემი მეუღლე ?
-ერთი-ერთი არა, ყველაზე ძლიერი ოჯახის წარმომადგენელი კი ნამდვილად ვარ. წარმოდგენა არ მაქვს. ვერც იმას გეტყვით რით მომხიბლა და ვერც იმას თუ რატომ დამიბრუნდა ახალაგზრდული ვნებისა და სისხლის დუღილის ჰარმონიულობა.
-კი მაგრამ , თქვენ  ხომ ქმარი,  სამი ვაჟი და ქალიშვილი გყავთ, თქვენი რეპუტაცია ხომ ფასდაუდებელი მონაპოვარია, რატომ არ უფრთხით მისთვის ჩრდილის მიყენებას , ნუთუ ყოველივე არაფერს ნიშნავს თქვენთვის ?
-რა უცნაური ხარ, შენი ქმარი სულით ,  გულითა და სხეულით მე მეკუთვნის , შენ კი ჩემ სტატუსზე ფიქრობ ?
-არა, მე თქვენ ქმარზე ვფიქრობ.
-ნუ გამაცინე. თეოდორი ჩემგან ღალატს გადაიტანს, ისედაც წელიწადზე მეტია ვიღაც კალიოპეს ბაირონისეულ პოეზიათა ტომეულებს  უძღვნის, განწირული რომანტიკოსი გახდა. ახლა კი რომანზეც მუშაობს. პროლოგს წამძღვარებული აქვს.. ჰო .. როგორ ჟღერდა ? დაახლოებით ასე- 

გრძნობათა თარეშს, გული რომ აწიოკეს, 
ერთსა და ერთადერთს, ჩემს  კალიოპეს.

როგორი პოეტურია , არა ? ვინ წარმოიდგენდა ,ფაქტობრივად, მთელი ქალაქის განმგებელი ბიზნეს-მაგნატი გამიჯნურებული მელექსე თუ გახდებოდა.   ოჯახიც აღარ აინტერესებს, მსგავს ქმედებებს შედეგიც მოჰყვება.  ჩემთვის ღვარძლისა და  ანჩხლობის  მოსაშორებლად, რომელთა გამოც სუნთქვაც კი აღარ შეეძლო , ყოველდღე, ყოველ წყეულ დღეს  თქვენი საზიზღარი , გულის გამაწბილებელი ყვავილებიდან , კონკრეტულად, კი  ორქიდეების, ასპერულებისა და გლადიოლუსებისგან თითო  ღერი მოჰქონდა.

 წარმოგიდგენიათ ? ყოველდღე თითო ყვავილი , იმდენი დამიგროვდა სახლში მკვდარი ყვავილების სასაფლაო მაქვს.  არაფრის დიდებით არ მაყრევინებს, ეს მტკიცე ნიშანია ჩემი შენდამი სიყვარულის ჭეშმარიტებისაო. 

-იქნებ ქვეცნობიერი გეთამაშებათ, ჩემი ქმარი არც დიდი ფიზიკურობით გამოირჩევა და არც დიდი ტალანტით. ყველამ იცის , რომ ერთი ალკოჰოლოკი, გზადაკარგული, ავყია მწერალია. იქნებ ყოველივე იმიტომ გააკეთეთ, რომ თქვენ მეუღლეს მისივე ნიჭის ჩალის ფასოვნობაზე მიუთითოთ.  უთხრათ , რომ სწორედ იმ ქალის არარა ქმართან გღალატობ, ვისგანაც ყოველდღე ეს ავადსახსენებელი ყვავილები მოგქონდაო. იქნებ სწორედ მწერლობის გამო ამოირჩიეთ მსხვერპლი.  ორი მწერალი, ერთი ქმარი, მეორე საყვარელი. მე თუ მკითხავთ , ზედმეტად ერთფეროვანი ბრძანდებით, ქალბატონო.

-როგორ მიბედავ ! არაფრის მაქნისო, უბადრუკო, არარაობავ! მთელი ცხოვრება ამ მომწვანო,გახუნებულ ჩითის კაბაში,  სალემის ალქაჯის მსგავს წითურ თმებში, ზღვის სანაპიროზე მზისგან დამწვარი დომინოს  ქვებივით დაწყობილ ჭორფლებსა და შავ-თეთრ კაზაჩოკებში ჩალპები,  გადაჯვარედინებული სუსტი ფეხებით,  ბოშების ცალთვალა,შავთვალა ნაშიერო !  
-თეოდორისა არ იყოს, თქვენც გაქვთ მწერლობის ნიჭი , იდეალურად აღმწერეთ, ვგონებ თქვენთვის შთაგონების წყაროდ ვიქეცი.  გმადლობთ, ქალბატონო
-ზუსტად სიმახინჯის გამო მიგაგდო შენმა ქმარმა. ტანსაცმელი მაინც გარეცხე ხოლმე.  ამ ყვავილების ყოველდღე წყალში ჩახრჩობას ეგ მაინც აჯობებს ! 

დიალოგი აღარ გაგრძელებულა, თეოდორის მეუღლემ გამყიდველს ზურგი აქცია, ბოღმაც ანთხია და ახლა კმაყოფილი შინისკენ, შავ სახლსა და შავი ოთახისკენ მიაბოტებდა.   მიუხედავად ცხოვრებისგან უამრავი მწარე სილისა და გაქილიკებისა ,  ქალი რომელიც ყვავილებს ყიდდა და ქალი , რომელიც წესით დამცირებული უნდა ყოფილიყო ტუჩის ცალი კუთხით აწეული  ღიმილითა და მადლიერებით გასცქეროდა გზებსა და ზეცას. არც თეოდორის მეუღლისკენ გაუყოლებია თვალი და არც საკუთარ ქმრის ღალატზე დასწყდომია გული. თავი ოდნავ გადასწია, ღრმად ჩაისუნთქა ,გაზაფხულის მონაბერი სიო  ალქაჯისებრ წითურ თმებს ურწევდა.  ფეხზე წამოდგა და გვერდით მყოფ ფურცლების დასტას,  რომელსაც სიმძიმის გამო ვერაფრის დიდებით ცალი ხელით ვერ აზიდავდა, ორთავე ხელით ჩაეჭიდა. ქალმა პირველსავე გვერდს გადაავლო თვალი.

 მართლაც , რომ ჰგავხარ მუზას , ეპიკური პოეზისაა !  მშვენიერ ხმოსანს,  ზევსისა და მნემოსინეს უფროს ქალიშვილს ,   ძველ-ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთს , კალიოპეს. შთამგონებელო ჩემივე ხმისა, სისადავემ რომ შეგქმნა მწყაზართ-მწყაზარად! 

ქალს ჩაეღიმა, იგი ხომ მართალი იყო თავისი ავყია, ლოთი  ქმრის მიმართ, მართალი იყო უფლისა და მართალი იყო თითოეული ყვავილის მიმართ. მას აროდეს პასუხიც კი არ უღირსებია სიმდიდრისთვის.  შემდეგ ნელა გადაფურცლა ობმოდებული ფურცელი და ნელადვე წაიკითხა მეორე გვერდის წანამძღვარი.

გრძნობათა თარეშს, გული რომ აწიოკეს,
ერთსა და ერთადერთს , ჩემს კალიოპეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი