სისხლი
დიდი ხანია მზეს არ უნახავს ჩემი ხელები. ისინი თეთრია და თხელი. არც თუ ისე ბალნიანი.მორჩილნი და სადა. თითქმის შეუძლებელია კუნთების არსებობის შენიშვნა. რამდენსამე ადგილას უხეში შესახედაობის ძვლების ნაწილები ჩანს, კანქვეშ. უფრო გამოუკვეთავად ვიდრე რეალურადაა. კიდურები დიდი ხანია რაც დათხელდა და გაფერმკრთლადა, ჩემი ცხოვრების დინების მუდმივ რიტმში. რის გამოც, ყოველი მომწვანო ხაზი უფრო მკვეთრადაა გამოხატული. მაჯის სახარში, თუკი მტევანს შევკრავ და დაბლა დავუშვებ, სიცოცხლის რიტმი ჩანს. ცოტა შელახული, შენელებული ციმციმი ხორცის. ჯერ ისევ ცოცხალი ვარ. სისხლი ისევ წითელი მაქვს. ისევ თავის კალაპოტში მიედინება. ცოტაოდენი ცვლელებებით. მცირედ გამოხატული ანემიით. რაც, ჩემს გენეტიკურად თანდაყოლილ ფენოტიპს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ფერმკრთალს ხდის. ის მუდმივ მოძრაობაშია. საპოხი მასალა რომელიც ცდილობს შემანარჩუნოს ქვეყნიერებას. ყოველ წამს როცა ჩავისუნთქავ მისი დიდი ულუფა აწყდება გულს. კამეროვანი ტუმბო იხვეჭს ძალას. ისვრის და მე ვივსები ჟანგბადით, მე ვსუნთქავ და ვარსებობ. ეს სხვა სუნთქვაა. ჩემს ძარღვებში მიმდინარე, გაშლილი, დატოტვილი. მთელი ეს პროცესი ათეულობით წელია გრძელდება. მე დიდი ხანია მოვკვდი. მე დავიბადე. ასობით ათასჯერ ან მილიონჯერ. მე სისხლი მაცოცხლებს. და ის კვდება. საშუალოდ ყოველ ას ოც დღეში ერთხელ ჩემი მეჟანგბადე დისკოები კვდებიან. პროცესია მიასვენებს მათ საფლავამდე. რა წამს დაიმარხება,მაშინვე იხრწნება. მიბრუნებს იმას რაც ოდესღაც აიღო ჩემგან. იშლება და იწყობა ახალი წევრი სისხლოვანი სოციუმისა. სიცოცხლე უკვალოდ არ ქრება. მიბრუნდება მე ახალი, უფრო სიცოცხლით სავსე დისკო. ახლიდან ერთვის ჩემს სიცოცხლის მდინარეს და მამარაგებს. მის შუაგულში იგივე მეტალის მცირე ჩონჩხი ძევს რითაც საუკუნეები ვადინეთ სისხლი ერთურთს. უბრალო რკინის მარცვალი. მისი ნაკლებობა კი ჩემს ფერს განაგებს. ამიტომ ვარ ფერმკრთალი. სამოცდახუთი წლის შემდეგ, რაც მზეს დავემალე , ფერიც დავკარგე. ახლა კი ვწევარ ჩემს საწოლზე. ორივე ხელზე სუსტად მიტოკავს მაჯა ავსილი. ნაკლებ დაჭიმული, სისხლით ჩემი არსობისა. ჩემთან ერთად ჩემი დისკოებიც ბერდებიან, უფრო ნელა, უფრო იშვიათად იბადებიან და მავსებენ. მეც ვშრები.ჩემი მჩქეფარე მდინარე იშრიტება. მდარე კალაპოტის შემაღლებებს შორის ჩარჩენილ სითხეს ემსგავსება. ის უფრო მეტად გაუმდინარი ტბაა. მძიმეს, სუნიანს, წებოვანს. მე ღია პირით ვსუნთქავ. ბოლო წლებია სულ ასე დავეჩვიე. პირს ვაღებ და ვჭამ ჰაერს. არ მყოფნის, კიდევ და კიდევ ვჭამ. ფილტვები მებერება. ჩემი სისხლი აღარ აფეთქებს სიცოცხლეს. ვიგუდები ოღონდ ვსუნთქავ. უცნაურად ვიშრიტები. მაქვს ჟანგბადი, მაგრამ ვიხრჩობი. ჩემი რკინის მარაგი ამოწურულია. უპირველესად ჩემი კიდურები ცივდება. მე ვგრძნობ სიახლოვეს სიკვდილის. ის გამოწვეული და აღძრულია ჩემთვის უხილავი ნაწილაკებით. მოხუცი და უკვე გაუხრწნელად მიტოვებული დისკოებით. მაქვს არჩევანი ორი. გავატოკო ჩემი შემცივნებული თითები და დავამატო ერთი ულუფა სისხლი, ორიოდ დღით მეტისთვის. ან მეორე, ვისუნთქო და ,მაგრამ, გავიგუდო. რამდენიმე წამი მაქვს. მთელი სისხლი, თმაშეთდელებული, გაჭაღარავებული თავისკენ მინდა დაიძრას. მოეძალოს ენერგია, აზრი, უფრო კი ჟინი, სიცოცხლის. მხოლოდ ესაა რაც გამაჩნია. აზრი და ფორმა. თუკი სიცოცხლე სუნთქვაა, დიდი ვერაფერი ფასი აქვს. ჩემი მდინარეც მდარეა და ეკვრის კალაპოტს. არ იძვრის. მეცლება ძალა. ვიწევი წემოთ. დიდ ლუკმებად ვჭამ ჰაერს. რკინა კი ჩემში აორთქლებულია. ჩემი ხელები ცივია და თეთრი. დიდი ხანია მზეს არ უნახავს. და თუკი ნახავს , გაუჭირდება გათბობა. 20.01.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი