წვიმს


წვიმს და ღამეა ურჩი, მაბრმავებს წვიმა და სულ
დგას ტროტუარზე ქუჩის, თვალცრემლიანი ქრისტე.
მწყდება გული და ვმალავ, რადგან გამხელა არ მსურს -
მინდა ხდებოდეს, როგორც ზღაპრებში არის ისე.

მისი თვალები გავდნენ, შვილმკვდარ მშობლების თვალებს,
მაშინ მამაზე მეტად დუღდა ძარღვებში დედა,
ისევე როგორც ქრისტე დედებიც იდგნენ გარეთ
ამ წვიმაში და ღვრიდნენ ცრემლებს მამებზე მეტად.

დროს აღარ ჰქონდა ბიძგი, სახლს მიეხურა კარი,
ჩვენს მაგივრად კი სახლში სიცარიელე დარჩა,
და ამ წვიმაში მერე მოვიდა ვიღაც კაცი
თეთრებში, უთხრა დედას რაღაც უცნობმა კაცმა.

...

უკვე ვიდექით თოვლში ქრისტე, დედა და მე და...
როგორც არასდროს მაშინ ისე დამაკლდი მამა,
და უფალს შენთან ყოფნას ზუსტად ისევე ვთხოვდი,
როგორც შენ თხოვდი მამი, როცა მივიღე ტრავმა...

მე არ ვიცოდი, ვგრძნობდი ზურგს უკან შენს ჩუმ ლოცვას,
და ის კედელი ახლაც ზურგიდან ძლიერ მიჭერს.
არ მინდა გავიხსენო ის დრო და ჟამი როცა
კედლები შეუქანდათ შენს უსაყვარლეს ბიჭებს.

არაუშავს თუ ახლა ვერ გაიხედავ გარეთ,
წვიმა კი ისევ მოვა - და წვიმა მოვა ისევ,
აუცილებლად მამი ეგ უნდა იყოს ღამე
და დაინახავ როგორ დგას ტროტუარზე ქრისტე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი