დაბადება


მე დავიბადე
და არც თოფი გაუსვრიათ და არც შამპანიურის ბოთლის საცობი.
მე დავიბადე 
და ცხრა დღის შემდეგ ის ადამიანი გარდაიცვალა, ვისაც ყველაზე მეტად ვგავარ.
მე დავიბადე ნიკოლოზობას
და საბა დამარქვეს.
ამ დაწყევლილ დღეს მე დავიბადე.

უნდა ვათრიო მთელი ცხოვრება
ეს ლოდი, ჩემი გამხდარი მხრებით,
მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება 
დღე, როცა ჩვენ სულ პირველად შევხვდით.

იყო სექტემბრის რიცხვები შუა,
მე მივდიოდი ჩემს უცნობ გზაზე,
შენ მიჰყვებოდი ნაცნობ ტროტუარს.
შემოეცალა პლანეტას გარსი,

გადაიკეცა ქუჩა შუაზე
და ჩვენ აღმოვჩნდით მით უფრო ახლოს,
ვიდრე მანამდე ვიყავით და ჩვენ
კაფეში ვსვამდით ყავას საღამოს.

მზე ჩადიოდა ისევე თბილად,
როგორც ზღვა არის მზისგან გამთბარი.
ალბათ შენ ახლაც ისევე გცვივა 
ცრემლები თვალებს ჩამონათალი,

როგორც მაშინდელს შეეტყო ზეცას,
უთქმელი სევდა, ტანჯვა ულევი,
და იმ ტანსაცმელს რაც იმ დღეს მეცვა
დღესაც კი ასდის შენი სურნელი.

მე მეშინია ჩემი ლექსების მხოლოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი