სიყვარულის შეფარდება
საშუალოს შეფარდებით ცხოვრებას აკლდება ყოველი მომდევნო ღიმილი. ღიმილი რომლის მესამედი დაღამებას მიაქვს. ღიმილს მინუს დამსკდარი მიწა უდრის ერთ მუჭა სამშობლოს, რომლის სახე ყველა ამოუხსნელი განტოლების ვერ ნაპოვნი პასუხია. ჩარჩოში მოქცეული პასუხი, რომლის გასაღები დიდი ხნის წინ დაამსხვრია კარიბჭეში მოქცეულმა გისოსებმა. ზეცის ტანსშემოხეული ნაგლეჯია უპატრონო საფლავი შვილის რომელსაც იქ დედა სტუმრობს ცრემლებით დახუნძლული. სხვაც ბევრი დახვდნენ და მისვლამდე ჭრილობა ვერ შეუხორცა მესაფლავემ. მესაფლავეს ვარდები შეეცვალა საყვავილეში ჩადებული. ის კი შეცვალა, მაგრამ იქ, ქვემოთ არაფერი იცვლება. არცერთი ფუნჯი არ ჰყოფნის. არა! საფლავი ბეღურების საკოცნელად და უთვალებო, უყვავილო, უცრემლოდ, მაგრამ ნაწვიმარი ლოყებითაა გარშემორტყმული. ბეღურების სამოსახლოდ გამოვიდა სახლიდან და ისე მოეწონა, აღარც შეუძლია იმ ადგილს მოშორდეს. ფარდა ჩამოფარებული აქვს თავის სამყაროში უდედო შვილს და აღარც ჩამოიგლიჯა რომ მზემ შეაღწიოს, ან დედის განწირულმა კივილმა ჩააღწიოს... გვერდი აუარა მიწას ყველა დამშვიდებამ და თავის ხელებში ჩარგვა მოუწია გაყინულ, ზვავად გამზადებულ გულს მთებზე მიხატულს. ახლა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამაოა გაყოფას თან, რომლის მნიშვნელი მკვდარი ცხოვრებაა. მერამდენედ შევესწარი თვალების დამალვას და მაინც გთხოვ, არ დაიძინო, ისე არ მოიქცე, ღმერთი მიწაზე ვერ დაინახო, ვერ შეიგრძნო. კანში ნუ დამალავ სამყაროს სარკეს. სარკეში აირეკლება მუხლით მიწაზე ჩახუტებული დედა და ლეგა ღრუბელი, ორივე მათგანი სარკეზე ორთქლად წარმოიშობა, მათი ცრემლები ოკეანესაც წუწავს და ხმელეთსაც ფარავს. ამ სარკეს ხმაც ესმის განწირული დედის, რომლის ბგერები ნაწილ-ნაწილ წარმოითქმება და მძიმედ იჭიჭყება კბილებს შორის. საფლავს ფრჩხილები დაკვნიტა ძაღლმა, რომელიც პატრონდაობლებული დარჩა. დაკვნეტილი ნაწილები ყუთში ჩააწყო და სახლის კართან მოათავსა. მოქმედებამეტყველ ძაღლსაც ეწადა იქ გაგრძელებულიყო სუნთქვა, სადაც დაიწყო. ჩვეულ გარემოს ქვაც არ ტოვებს. მზარდ ფრჩხილებს კი დედა კვლავ დააკვირდება. დააცქერდება შვილის ნაწილს, რომელიც მის სუნთქვას დაატარებს მანიკურით და ნათითურს თავისი არსებობით. განა სხვა რა შეუძლია შვილმკვდარ დედას?.. უფალთან ბინდდება ყველა ფანჯარა, როცა თვალები შეშრობისთვის მიუწვდომელი და განწირული ხდება. ბინდი დაუძინებელი მტერია დედის გულის, მარად ფიქრებს რომ ებრძვის და აქამდე მიჩქმალულ გრძნობებს აცოცხლებს. სამყაროს კანონზომიერების მიხედვით, ერთი სიცოცხლის გაჩენით, წარსულისა და მომავლის მზის ფერები რაღაც წარმოსახულს ემსგავსება და ღრუბლებამდე მიდის. დაარქივდა ყველა სიყვარულის შეფარდება და ეს არქივიც ფარდულში დაიმარხა. ვინღა მიაკითხავს ფარდულს! დამარხულ ღიმილს მიწას დელგმა წვიმაც ვერ აშორებს, მისი თვალისთვის დანახვა წარმოუდგენელია. შავი ცისარტყელა. რუხი თავსაფარი. ყორნისფერი გამოხედვა. ისტორია დასრულებულია! დისტანციური მართვის პულტი მჭირდება, რომ სიკვდილის გადართვა შევძლოთ სიცოცხლეზე... სალომე ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი