საქანელა


ცივი სიო ეკიდება დამწვარ მკლავებს
და ჩახუთულ ამოსუნთქვას მართმევს უმალ
ჩემს ლურჯ კაბას საქანელა აქანავებს
თავს ზემოთ კი ვარსკვლავები ისევ სდუმან

საქანელას გადაჰკვრია მწვანე ჭერი
ზედ კი სიტკბო ეფინება ხელის მტევნებს
როცა თითებს დაეწვეთა ყურძნის წვენი
მე ავხედე მოღაჟღაჟე ვაზის მტევნებს

ცას ღრუბლიდან მოუგორავს ცრემლი ჩქარი
დაბლა კანზე მე მაწვიმს და მაღლა ელავს
თმას ფოთლებს და ბოლოკაბას წეწავს ქარი
მე კი ვარხევ დაკიდებულ საქანელას

ბინდდაკრული ორი რგოლით ვხედავ სურათს
როგორ კემსავს დედაჩემი ჩემთვის კაშნეს
ყაისნაღის წვერებს ლურჯი ძაფით ხურავს
და თან ამ დროს ხაჭაპურებს უცხობს ბავშვებს

გარეთ წვიმა, დიდ ოთახში ნელი ცეცხლი
ხის ტკაცანი, მილებიდან ჟონავს ბოლი
გარეთ კართან შარშანდელი ბუდე მერცხლის
და ზღაპრები დედაჩემის მონაყოლი

მისი ნელი ხმის ტემბრი და ცეცხლის სითბო
ბურატინოს გვიკითხავს და უსმენს ყველა
ცრემლი მდის და დასრულებას ველი თითქოს
მეღვიძება, გვაწვიმს მე და საქანელას

ნელა ვდგები, ქათმების ჯამს ვაყრი საკენკს
ვუცქერ როგორ იწვიმება ფართო ღობე
თვალს ვაპარებ ცარიელი სახლისაკენ
და მოკუზულ მხრებზე მაწევს მარტოობა

საწოლისკენ მივაბიჯებ მიბნედილი
ბალიშზე ვყრი ჭაღარებს და ვხედავ კინოს
დედაჩემის ხმა ჩამესმის, მითრევს ძილი
და სკოლაში მივაცილებ ბურატინოს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი