ნახევრადდაცლილი


ტკივილი თავში, ფეხებში, წელზე
ოთახი ცივი და ცარიელი
სულიერ საკვებს ყველაში ვეძებ
და შინაგანად ვრჩები მშიერი

ქუჩა ისეთი როგორც ყოველთვის
ხალხი მოხუცი, დიდი და ნორჩი
გული რომელიც აღარ მოელის
თითქოს ცხოვრება გეყო და მორჩი

ხეებზე ჯგუფად წვიმის წვეთები
მზეც ისევ ისე ანათებს თითქოს
გთხოვ ნუ მათბობ და ნუღარც ენთები
ახლა გთხოვ თუ ეს არასდროს მითქვამს

ჩრდილები შუა ზაფხულის დღეში
დათარეშობენ ბასრი ფიწლებით
თვალის გუბიდან ღაწვებზე თქეში
და სანახევრო ჭიქაც ვიცლები

აღარა რჩება ჩემში მთვარე და
აღარც სიყვარულს ვავედრებ ივლისს
ტყვია ეხლება სხეულს გარედან
მერე გულისკენ წავა და ივლის

ასე ვეგდები ბუნაგში ძაღლის
სანამ არ უჩხვლეტს გააპობს ორად
ჰაერის მწარე სუნისგან დაღლილს
სუნთქვის შეწყვეტა მენიშნა სწორად

მაგრამ ცოდვები ჭრილობას მითბობს
ლითონი მტკივა გაყოფილ გულში
და მინდა იყოს სიმართლე თითქოს 
რაღაც კოშმარი მესიზმრა გუშინ

და მერე ისევ გამოვიღვიძო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი