ჩიტეული
ფანჯარა ღია, დიდი საწოლი, ღამის ხმაური, სახე დაღლილი და მეშინია, თმა აწეწილი და მეშინია, ყბა დაჭიმული და მეშინია, ვფიქრობ, რა არის მეტად ლამაზი, მარტოობისას ალიონს ხვდები, დასაძინებლად დაწოლილი თვალს რომ ვერ ხუჭავ, გადმობრუნდები და მაშინ ამჩნევ, ამ ხშირი სუნთქვით, ამ ჩუმი სუნთქვით, დაგათენდა და ფეხებზე გცივა, ფრთხილად იფარებ დალაქულ ზეწარს, ფრთხილად მოაძრობ ბოთლს თავის საცობს, ფრთხილად მოიქცევ მის ყელს ტუჩებში, და ცივი სითხე პოულობს გვირაბს. ალიონს ხვდები და თითქოს ხვდები, სურვილი ძილის თანდათან გაქრა და უფიქრდები სულ ბოლო ღამეს, შენ ისვენებდი და დაგესიზმრა, თითქოს გძინავს და თან გესიზმრება, რომ თითქოს გძინავს და გესიზმრება, რომ შენ გძინავს და თან გესიზმრება პატარა ჩიტი, შენი ფანჯრის წინ რომ ჩამომჯდარა და თითქოს ტირის ეძახის მშველელს, რომ თითქოს მარტო დარჩა და უნდა, წვიმაში ვინმემ შემოაფაროს თავისი ფრთები და სველი ბეწვი სუნთქვის სითბოთი რომ ამოუშროს. და შენ უყურებ და გეტირება, სახე დაღლილი და გეტირება, თმა აწეწილი და გეტირება, ყბა დაჭიმული და გეტირება, მარტო დარჩენის გეშინია და ამაზე ფიქრში კვლავ გეტირება, ჩიტი პატარა ნისკარტს აცეცებს, მარჯვნივ და მარცხნივ, მაღლა და დაბლა და მერე იწყებს ისევ მოწყენას, შენ კი ზიხარ და ამ დროს არც ზიხარ, შენ გესიზმრება, რომ თითქოს გძინავს და სიზმრად ზედავ, რომ თითქოს გძინავს და გესიზმრება, გძინავს და ხედავ, სიზმარში ხედავ პატარა ნისკარტს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი