ციგა, თოვლი და ბავშვობა


თეთრი ფიფქები ეყრება კარებს,
ფრთხილად იფერთხავს ზამთარი მანტოს,
ძვლები ცეკვავენ, სუსხია გარეთ
და თბილისს ისე ლამაზად ათოვს.

საბანი მხრებზე, ბუმბულის გარსი, 
ბუხარში მუხა, ცეცხლი ვეება,
ბავშვობას ვეძებ გაღებულ კარში
და მახსენდება ძველი დღეები.

როგორ გავრბივარ ჭიშკრის თაღამდე,
როგორ ანაცვლებს სიცივე სითბოს
და ისე მინდა, რომ არ დაღამდეს,
აღარასოდეს ითოვებს თითქოს.

ხის ციგას, წვრილი კისკისის ხმაზე, 
ლოყაწითელი ბავშვების მასა
დააქროლებდა მოყინულ გზაზე
და სხვა ადგილი არ იყო არსად.

სადაც იმ წუთას მინდოდა ყოფნა,
უფრო ნამდვილი, ან უფრო ლაღი,
ვიდრე ძილი არ მომერეოდა
გუნდაობისგან ბოლომდე დაღლილს.

მერე კი თოვლის დნობის შიშისგან,
ჩემი სლუკუნი ისმოდა გლოვად,
დედა მიხმობდა ისევ შინისკენ
და ნაკვალევად ვრჩებოდი მხოლოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი