ფენიქსის ქვეყანა


უიმედობისგან ხმაკარგულებს
ერთხელ ტანჯვის ოხვრა აღმოგვხდება,
და იმ დაგრეხილი ხიდის მერე,
ჰიმნად ჩაგვესმება დაყვირება,
და ამას უცხოებსაც მოვუყვებით,
რომ კიდევ დავმარცხდით და წამოვდექით,
რომ ჩვენ ვიზეიმეთ გამარჯვება,
და რომ ცრემლით სავსე თვალებიდან
ძლივსღა გავარჩიეთ მომავალი,
მერე ცრემლმა ბუდე დატოვა და
ნისლად ჩაიკარდა საგუბარში,
ამ დროს ბევრი იყო გაჭირვება,
ცოტა იმედებიც გავიცრუეთ,
მერე ჩვენვე გული გვეტკინა და
ზურგი შეგვაქციეს მეგობრებმაც,
სითბო ჩაიკეტეს სახლებში და
გარეთ გასაყინად გაგვიმეტეს,
სიკვდილი ჩაგვისაფრდა არსაიდან,
ისე დაგვიხოცეს დედ-მამები,
ესეც ჩვენ ცოდვებად მიაწერეს,
გვაქციეს პატიმრებად უმიზეზოდ,
მათ წინ ვინც ჩვენ უნდა შეგვდგომოდა
მხარ ქვეშ საყრდენად და სამაგრებლად,
როცა რთული იყო ფეხზე დგომა,
როცა გზები გვქონდა არეული,
როცა თვალში გვედგა ოკეანე,
მაგრამ ოკეანე საზღვრულია,
როცა იქნება და დამთავრდება,
და შიგ ჩაძირული თევზებივით
ყველა მოგონება ამოყვინთავს,
ყველა მიტოვება გვეხსომება,
და რომ დავამსხვრიოთ ფიზიკურად,
და რომ გავუბზაროთ შავი სული,
ღრმად ჩავისუნთქავთ და გადავრჩებით,
თვალებს დავხუჭავთ და დავინახავთ,
დაე სიმშვიდემ და მოთმინებამ
მათი ორგანიზმი დაამუნჯოს,
მათი შავი გული გაათეთროს,
მათი დამშრალი ზღვა გააცოცხლოს,
მერე დაიწვას და დაიფლითოს,
მერე წარმოიშვას ფენიქსივით
და ჩვენ მათგან განსხვავებით,
ასი მწარე სილა მოვიშუშეთ
და ის ერთი იყო მაინც მძიმე,
რაც მათ დაიგემეს ჩვენი ხელით,
რადგან ეს სილაა მათი ცოდვა,
რადგან ეს სილაა გამარჯვება,
ეს ნატკენი ლოყა ის სირცხვილი,
რომ ვერ მოაშორებს დროის გასვლა,
ვერც ნათითურებს და ვერც იმ დასჯას,
სამშობლოს რომ სჯიდნენ ქალის სახით,
და ეს ცხოვრებასაც დაუდაღავთ,
და ეს თავისთავად ნიშნავს სიკვდილს,
რომ შენ ცოცხალი, თან უსულო ხარ,
და შენ ცოდვები გაქვს ზურგზე ტონად,
რომ შენ ხალხის გული გაამწარე,
რომ შენ დაუხოცე ოჯახები,
რომ შენ დაანგრიე ქალაქები,
რომ შენ დაუბინდე მომავალი
და ეს ყველა ცოდვა გედინება,
შუბლზე ოფლადა და სისხლის ცრემლად,
და ეს ყველა სილა გეწერება
ავტოგრაფებივით ყველა იმის,
ვინც შენ გეგონა რომ დაანგრიე
და მათ შენ პირიქით დაგანგრიეს,
ვინც შენ გეგონა რომ დაიმონე
და მათ არაფერი გაპატიეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი