გაჭერი ეგ კვანძი


ყურები ივსება ხმაურით,
ქარები თმაში და სახეზე,
ქუჩაში ნოემბრის აურა,
წვიმები ძილისკენ მაქეზებს.
რადიო სიჩუმის ხმაზეა,
მიწაზე გვიმრაა ხვიარად,
სახეზე გიყურებ ბრაზიანს,
ვჩუმდები, გეძახი კიარა.
გაყვითლდა ეზოში ვაზები,
ფოთლები ტრიალებს, ტრიალებს,
ტალახი, ხმაური, ბაზარი,
ბოლომდე დაცლილი ფიალა.
მაქეზებს წვიმები ძილისკენ,
ჭიშკრიდან მორბიან ძაღლები,
ეზოში დაშლილი ძველი სკა,
პატარა ყვითელი სახლები.
ძველ ჰამაკს ჩაჯდომას ვურისკავ,
მიბრუნებს ბავშვობის ნაფლეთებს,
ცუგებმა შიმშილის შურისგან,
ბოლომდე მოლოკეს მათლაფა.
ალბომის ყდებია გაცრილი,
ბავშვობას ვუყურებ ძილიდან,
სანამ ჩემ ძაღლებსაც აცრიან,
ცოფიანს ოქრო მდის პირიდან.
ფეხებზე კედები მაცვია,
ქვემოდან დაშლილი ძირით და
ფოტოზე პატარა კაცია,
სკოლაში მარტო რომ მივიდა.
მიდი და ებრძოლე ეშმაკებს,
გაჭერი ეგ კვანძი გორდია,
ცოცხით და პირბადით მუშაკი,
ნოემბრის ფოთლების გვარდია.
იყრება ბუნკერში ლპებიან,
დალპობა სიკვდილი როდია,
ნაქსოვი სვიტერი ბებიას,
ზედ ხარი, კაცი და როდეო.
გაწითლდა ეზოში ვაზები,
მაჭარი ირევა, ტრიალებს,
ტალახი, ხმაური, ბაზარი,
ვაჭარი ირევა, ტრიალებს.
ოთახში ჯოკერი, კოზირი,
გაჭერი ეგ კვანძი გორდია,
ცხენები შეკაზმე, კაიზერ,
ძაღლები სიზმრიდან მოდიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი