ალქაჯთა ჩრდილები თუშეთში


ტყისფერი ორთვალა დაღმართზე მიგორავს
თივა და გოგონა თუში,
მითხარი მოვალ და მაჩუქე ფიგურა
გათლილი ბუხართან გუშინ,
ნოემბრის ქარები სახეზე დარბიან
თვალების ნატეხი შუშის,
სხეულის სიღრმისკენ მოძრაობს დარდიან
შუაზე გაყოფილ გულში.
ორთვალას ბორბლები ტალახში ტრიალებს
გალაქტიკაშია მზე და 
გარშემო მერკური, სატურნი, ორთვალას
ბორბლებად ჰკიდია ვხედავ.
პატარა გოგონა, დაღლილი კამეჩი,
მდინარის ნაპირთან მოცდა,
მზერაა ცისაკენ შიშიან ღამეში
ალქაჯს ელოდები როცა.
მიდი და მითხარი მოვალ და აჩუქე
გათლილი წიფელი ბუხარს,
სიტყვები სეტყვაა თავში და დაჩოქილ
მომლოცველებივით ქუხან.
სანამდე სახლისკენ კამეჩებს დავქოქავ
წუხილით ყელამდე სწუხარ,
კიდურებს არასდროს მოგაჭამს ჩოქელა
ბოლომდე მართალი თუ ხარ.
მომყვება უკნიდან ჩრდილები დაისის
ჰაერში ფანტავენ ფიქრებს,
ჩრდილებმა უთავოდ ფიქრების რაიცის
მაგრამ კი გაიგონ იქნებ.
ვერავინ გაიგებს რად მინდა კამეჩი
ოქრო თუ ულესავს ნიჟარას ყურში,
ბეტონის ქალაქებს არაფერს არ ვერჩი
თუ ვერ გადახვედი მეორე ტურში,
გვირილებს ვაგროვებ, მონეტებს მარიო
ჩემი დრაკონია დევები თუშის,
თამაშის ბოლოს კი პრიზებიც არიო
გვირგვინი დაწნული ყვავილით ნუშის.
ღამეა უკვე და ალქაჯთა მოლოდინს
ფიქრები ჰაერში წვეთებად ჰკიდია,
გოგონას ამბავი იწყება ბოლოდან
ბორბლები დაღმართზე სახლისკენ მიდიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი