პაპაჩემს


სკამზე ვარ, ნახევრად დამტვრეულ ფეხებით,
იქ, სადაც უყვარდა დაჯდომა პაპაჩემს.
ვაკეთებ საჭმელსაც ძველისძველ ტაფაში,
რომელში კეთებაც უყვარდა პაპაჩემს.
ეზოში ხილს ვკრეფავ, კბეჩისას ვიღიმი,
ხეები დარგო და უყვარდა პაპაჩემს.
მიწაა ტიტველი, მხოლოდღა ბალახით,
რომელზეც მწვანილი მოჰყავდა პაპაჩემს.
გასაღებს ვარგებ და შევდივარ ოთახში,
რომელშიც არაა, დავეძებ პაპაჩემს.
და სიმებდაწყვეტილ დამტვერილ ფანდურსაც,
საღამოს დაკვრა რომ უყვარდა პაპაჩემს,
ვინახავ, ვივიწყებ და ვიღებ სურათებს,
რომელშიც მგონია ვიპოვი პაპაჩემს.
შავია, თეთრია ყოველი სურათი,
ახალგაზრდობაში ვერა ვცნობ პაპაჩემს.
წლებია გასული, არ მახსოვს ყველა დღე,
როდესაც კალთაში ვეჯექი პაპაჩემს.
ვუყურებ, მიყურებს იგივე თვალებით,
რად დამივიწყეო, ვბოდიშობ პაპაჩემს.
ხმასაც კი ვერ ვიღებ, მოდიან ცრემლები
და მზერას ვარიდებ სურათის პაპაჩემს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი