დასასრული


მე ვუმკლავდები ამ სიჩუმეს,

დანას მუცელში,

მაგრამ არ ვამბობ და არ ვკივი,

როგორც წესია.

ყველას ჰგონია, უდარდელად გადაგიტანე,

რადგან მე მათთან ერთხელაც არ დამიკვნესია. და რა იციან...

 

 

ჩვენ ორს შორის შენ მოგხვდა მხოლოდ,

ჩემი ცრემლების მწარე მჟავა, კანი დაგიწვა,

მე კი, არ გავთქვამ ბოლო სიტყვებს რაც პირში შემრჩა,

შენ დაგკარგე და სიამაყის არ ღირს გარისკვა.

 

რა უცნაურად ლამაზია ამ გრძნობის ქრობა,

შენი სახელი, წარსულში რომ ჩემად ვიტარე,

ახლა ვივიწყებ, რადგან აზრი აღარ ჰქონია,

მარადისობას... შენ ხომ მაინც ვერ ამიტანე.

 

არ გავუკიდებ არც სიგარეტს ჩუმი კივილით,

სახე არ იმჩნევს, გული კიდევ დამალულია,

შენ რომ წახვედი, ვეღარაფერს ვიძახდი სუსხით

აღვსილი

მხოლოდ დავიკივლე- ალელუია...

 

ისე ჩუმად, რომ მეზობლებმაც კი ვერ გაიგეს,

ისე ჩუმად რომ არც ამბის მთქმელს გაუსკდა ძარღვი,

აღარ უნდაო შენთან ყოფნა, სხვას დააბარე,

მე გავიცინე-არ უნდა და მაგისი კარგიც...

 

მალე გამივლის. ის ფოთოლიც მალე ჩახმება

და ყველაფერი დალაგდება ბოლოში როცა

თამამად ვიტყვით, რომ დავცურეთ

მკვდრების მდინარე

და რაც კი იყო ჩვენ ორს შორის, ნამდვილად მორჩა.

 

 

და გაიცინებს ერთი-ორი შიკრიკი ჩუმად,

და შეამოწმებს, რატომ მჯერა ასე ძალიან

 

...რადგან ვიცი რომ ხვალ მეტროთი ვიმგზავრებთ ერთად

და ისე მოხდა, რომ საერთოდ არ მიხარია...

​

​

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი