ალქაჯების შეყრილობა


ცხოვრება არის მოვალეობა
შენ მოკვდი, მოკვდი!
ბოლოჯერ მოკვდი.
შენი სიმხდალე
შხამწვერად მომხვდა
მაგრამ ნაკადად შენ სისხლი მოგდის.
ოდესღაც მოკვდი, ოდესღაც მოკვდი
ზაფხულის ღამეს, ყველა რომ დუღდა
შენ გაცივდი და კუბოში ჩაგდე
და შენი კუბო დამქონდა სულ თან.
მე შენი კუბო ვიხუტე სულთან,
განუშორებლად, გვამი ინფანტის
ვერ დავამიწე,
თვეების მერეც, გულში მეჯექი,
ისე მიყვარდი...

ცხოვრების ჩენჩო მოვალეობად
და ჩემი გიჟი პულსია სულში
ბასრი ბრიტვების ემბრიონები
ზიან გრძნობებში ტანშემოსულში.
სხვაგვარად როგორ ვიყო ამაყი
თუ სიყვარულმა ასე გამტეხა
და ვერგაძლების საცოდავ შიშით
გადავიწვინე გულზე განგება.
შენ ჩემს წარსულზე სიტყვაც არ იცი
გვირაბი ბნელი, ჭვარტლით და ღამით,
შენ ეს არ იცი, შხამი ისხმევა
სახლი მყრალია და დანანაღმი.
შენ ეს არ იცი და რომ იცოდე,
რატომ იცოდე და რატომ გითხრა,
თუ მცირე დარდი არ გიჩენს სითბოს,
რაღატომ დავძრა სიღრმეზე სიტყვა?!
ობია სულში... მე გიჟურ გრძნობებს
დაბადებამდე მივეცი ფიცი,
სიმართლეს ახლაც ხმამაღლა ვიტყვი,
სიდინჯის მაჯას კვლავ გადავიჭრი!
არ ჩუმდებიან სინათლეები
შენი სახელით იწყებენ მუდამ
სუდარა მაშინ გადამაფარე,
შენთვის რომ გულის გადაშლა მსურდა.
ცხოვრება არის ბორკილის ლეწვა
მე მოვკვდი, მოვკვდი, ჩემ მიერ მოვკვდი
ჩემი სიმხდალის ისარმა გაგხსნა
მაგრამ რატომღაც მეც ცრემლი მომდის.
კბილებით გიხსნი, კვლავ ჩემთან მოდი,
კბენით განვწმინდო ხორცი ეული
და ვეღარასდროს დამარხოს შიშმა
წამოძახება გადარეული. 

​

​

​

​

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი