მე-ღმერთის საჩუქარი
მე-ღმერთის საჩუქარი მადლობა პატარა დეიდა ბებიას დახმარებისთვის შუაღამეა, მე კი ისევ კომპიუტერს ვუზივარ და გაცნობის საიტზე დავძვრები. ეს ვებ - გვერდი რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე და ერთჯერადი შეხვედრების დაგეგმისთვის იდეალურია. აქ შემოსულმა, ყველამ ვიცით, რას ველოდებით ერთმანეთისგან. „ვხვდებით, ვერთობით და ვიშლებით“ - ესაა ჩვენი ლოზუნგი. ვიღაცები ალბათ ხანგრძლივათაც აგრძელებენ ურთიერთობას, მაგრამ მე ორჯერ ერთსა და იმავეს არასდროს ვხვდები. გამონაკლისებიც კი არ არსებობს. სადაცაა დამათენდება, მე კი ჯერ ახალი და საინტერესო ვერავინ ვიპოვნე. ვფიქრობ, ამ კვირაში გართობის გარეშე დავრჩები. უკვე „ჩათის“ დახურვას ვაპირებ, როცა შეტყობინება მომდის. -გავიცნოთ? სასწრაფოდ მის პროფილზე გადავდივარ. იქ მხოლოდ ერთი სურათი მხვდება. სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი სათვალით. მის ნაკვთებს ვათვალიერებ. მისაღები ვარიანტია. -სურათი გამომიგზავნე - ვპასუხობ ნაჩქარევად. -უკვე? ასე ჩქარა? - უკვირს ადრესატს. -აიღე ფურცელი და დღევანდელი რიცხვი დაწერე, ხელში დაიკავე და ისე გადაიღე სურათი, ან მოვრჩეთ საუბარს - ვაყენებ ულტიმატუმს. -შიშველი? - მეკითხება მაცდურად და რამდენიმე სიცილის ნიშანს აყოლებს. -წელს ზევით, - ვპასუხობ დაუყოვნებლივ. - ოჰოოოო - გაოცებულია ჩემი სიჩქარით. მე ბევრი დრო არ მაქვს. საკმაოდ დაკავებული ვარ იმისთვის, რომ მასთან ფლირტაობაში დრო დავკარგო. -იქნებ გოგო არ ხარ - ეპარება ეჭვი. - ფოტოს გამოგიგზავნი. რამდენიმე წამში მისი სურათი ჩნდება ჩემს ეკრანზე. ნამდვილად ისაა ვიცი ფოტოც საიტზე ვნახე. სახეც ჩანს, ტანიც და რაც მთავარია, ხელსახოცზე დაწერილი დღევანდელი რიცხვი. მეც ვიღებ პატარა ფურცელს. გაკრული ხელით მის სახელს ვწერ, თითებს შორის ვიქცევ და სურათს ვიღებ. -იმედია ხელის მტევნის მიხედვით მიხვდები, რომ ქალი ვარ, ან მენდობი უბრალოდ. - ვაყოლებ სიცილის ნიშნებს. - (ღიმილები) როდის ვხვდებით? -ხვალ მოგწერ მისამართს და დროს. ზეგ გცალია? საღამოს? -არაფერს დავგეგმავ - მაძლევს იმედს. -„ შევხვდეთ, გავერთოთ, დავიშალოთ“ . გაწყობს? -მაწყობს. შეხვედრამდე. - მწერს და თავს მანებებს. მორჩა, ეს საქმე მოგვარებულია. ხვალიდან 24 საათი მორიგე ვარ, ამიტომ ზეგ საღამოს გართობა და დასვენება მეკუთვნის. დილას საავადმყოფოში ქაოსი მხვდება. ყველას ერთად მოუნდა ავად გახდომა. ოჯახის ექიმებს იმდენი პაციენტი ჰყავთ ჩემთან გადმომისამართებული, საღამომდე თავს ვერ ავწევ. დედებს შეწუხებული სახით შემოყავთ ბავშვები. პატარები მიყვარს. მათ ფუმფულა მუცლებს რომ ვსინჯავ, გულს უხარია. ზოგი იცინის, ზოგს ეშინია. მე ტკბილი და თბილი ექიმი ვარ. თან ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი საავადმყოფოში. ქალაქში ნაწლავური ინფექციაა გავრცელებული. ზოგიერთ პატარას მისი გართულებული ფორმა აქვს. დამატებით ანალიზებზე ვუშვებ ან წამლებს ვუწერ. მათთან ყოველთვის ფრთხილად ვარ. აი „მამაპაპურ ღიპიანი“ კაცები ძალიან მაღიზიანებს. ისე არავის ეზიზღება თავისი პროფესია, როგორც მე. არასდროს მდომებია ექიმობა. არც ბავშვობაში მიმკურნალია თოჯინებისთვის. მთელი ცხოვრება ვუყურებდი როგორ ფრცქვნიდა დედაჩემი მასთან მისულ პაციენტებს. გაჭირვების წლებში, როცა ხალხს პური და ცივი მჭადი ენატრებოდა, დედაჩემთან ბევრჯერ ფულის მაგივრად ქათამი, ყველი ან ძველი კარგი ცხოვრებიდან შემორჩენილი „ჩეხური ბროლის ვაზა“ მოუტანიათ. ისიც ყოველთვის ართმევდა, თან ისე, რომ თვალს არ ახამხამებდა. როგორც იქნა შესვენების დრო დგება. ვდგები, ტანსაცმელს ვისწორებ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. კარებზე მოკრძალებული კაკუნია. სახეს უკმაყოფილოდ ვმანჭავ. სტუმარი „მობრძანდის“ არ ელოდება, ისე იჭრება ჩემს სივრცეში. -ქალბატონო თამარ, გამარჯობა - მესალმება ჩემი უსექსუალურესი თანამშრომელი გიორგი. ჩემი ასაკისაა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის „ქალბატონოთი“ მომმართავს. - ყავას ხომ არ დალევთ ჩემთან ერთად? თვალები შუბლზე ამდის და კეფაზე გადამდის. ჩვენ აქამდე მხოლოდ შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს, იშვიათად გვქონია საქმიანი საუბარი. ახლა კი აქ, ჩემს კაბინეტთან დგას და ჩემთვის საძულველ სითხეზე მეპატიჟება. მისი მომლოდინე მზერა მაბნევს. ტანზე ვიხედები და მექანიკურად შარვალს ვისწორებ. მიუხედავად იმისა, რომ არც ზედმეტ წონას ვუჩივი და საკმაოდ ლამაზადაც ვითვლები, მის მომხიბვლელობას გვერდით მაინც ვერ ვუდგები. ჩემი ტანსაცმელი უკვე დაკუჭულია, მიუხედავად საავადმყოფოში გატარებული მხოლოდ რამდენიმე საათისა. -დიახ, გიორგი, სიამოვნებით - ვპასუხობ და რატომღაც ყავაზე ვთანხმდები, რომელზეც რამდენიმე წელია პირი არ დამიკარებია. ამას თავისი დიდი და ობიექტური მიზეზი აქვს. სკოლის ბოლო წელს, ოჯახში კონსილიუმი შეიკრიბა. უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი მომავალი განათლების და კარიერის ამბავი. ჩემთვის არც აზრი უკითხავთ და არც დაინტერესებულან, საერთოდ მინდოდა თუ არა სწავლის გაგრძელება. დედაჩემმა პომპეზურ ვახშამზე ფრთიანი ფრაზა გამოაცხადა „ჩემი შვილი დოხტორი უნდა გამოვიდეს“. ბებია-ბაბუებმა ისე აიტაცეს ეს იდეა, თითქოს უკვე დიპლომიანი ექიმი ვიყავი და სადღეგრძელოც კი შესვეს რომელიღაც გაძვალტყავებული პაციენტის მიერ დედაჩემისთვის მორთმეული ბროლის ჭიქით. მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა და ცოტა მოგვიანებით ყავისადმი სიძულვილი. დედაჩემმა იმდენი მასწავლებელი დამახვია თავს, თითქოს მათ უნდა ესწავლათ ჩემ მაგივრად. ყველა საგანს ორ- ორი რეპეტიტორი მაძულებდა. ერთი რომ მიდიოდა, მეორე მოდიოდა და ამას ტონობით ყავის სმა ემატებოდა. ვასმევდი მათაც და ვსვამდი მეც, განუსაზღვრელი რაოდენობით და დოზით. იმ წლის შემდეგ ყავა აღარ დამილევია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველა რეპეტიტორს სისხლს ვუშრობდი, ნელ-ნელა ამბიცია გამიჩნდა. რაღაცის დამტკიცების სურვილით და მომავალში ჩემი პროფესიით დედაჩემისგან თავის დაღწევის იმედით, სწავლაც გავაორმაგე და ყავის სმაც. სკოლის დამთავრებისთვის ჭარბწონიანი, ლოყებწითელა „ბუშტიდან“ გრძელფეხება გამხდარ გოგოდ ვიქეცი. კლასიდან კლასში ძლივს მოჩანჩალედან ტვინგამოტენილ მომავალ ექიმად. ახლა ჩემი მომხიბვლელი კოლეგა ანესთეზიოლოგი დგას ჩემს წინ და მელოდება. ფართხაფურთხით ვიღებ ჩემს ნივთებს და მივყვები. ისიც ჯელტმენურად მაცილებს საავადმყოფოს პატარა სასადილომდე. კუთხის მაგიდასთან სკამს წევს და მანიშნებს - დაბრძანდიო. თვითონ კი ორიოდე წუთში ყავით და ნამცხვრით ხელდამშვენებული მოაბიჯებს. უხერხული სიჩუმის დარღვევას გიორგი ცდილობს. -ქალბატონო თამარ, ლამის საუკუნეა ერთად ვმუშაობთ და რატომ არასდროს დაგვილევია ყავა ერთად? - სვამს რიტორიკულ კითხვას. -ალბათ იმიტომ, რომ არასდროს დაგიპატიჟებივარ, ბატონო გიორგი და არც ყავას ვსვამ. - ვუღიმი გულიანი ღიმილით. ბიჭი ცბება. -არ მეგონა, თუ რომელიმე ექიმი ყავას არ სვამდა. - უკვირს გულწრფელად. - აბა, როგორ ფხიზლდები? -არც არასდროს მძინავს. - ვპასუხობ არანაკლები გულწრფელობით და ცხელ სითხეს ვეწაფები. თურმე როგორ მომნატრებია. ოხშივარს ხარბად ვყნოსავ და ფილტვებში ვუშვებ. -საინტერესოა, დიდი ხანია მინდა შენთან გამოლაპარაკება და ვერასდროს მოვახერხე. ალბათ იმიტომ, რომ კაბინეტის გარეთ იშვიათად გხედავ - მანათებს თავის ცისფერ თვალებს და თმაზე ხელს ისვამს. ურჩი ქოჩორი ჯერ უკან გადადის, მერე ისევ წინ იყრება. მაბნევს. ალბათ ცოტა ვწითლდები კიდეც. თითებს დავჩერებივარ და უნებურად ყელისკენ მიმაქვს. მისი მზერა ყველა მოძრაობას თანმიმდევრულად ირეკლავს. თვალი ჩემს მკერდზე უჩერდება. მერე მიღიმის და ისევ თმას ისწორებს. ვიშმუშნები. საავადმყოფოში ყოველთვის მოკრძალებულად მაცვია და ახლაც დარწმუნებული ვარ, ზედმეტი არაფერი მიჩანს. -კი, იშვიათად გამოვდივარ კაბინეტიდან, - ვეთანხმები თავის დაქნევით. -ყველაზე იდუმალი და უკარება თანამშრომელი ხარ - პირდაპირ ამბობს გიორგი, რასაც ფიქრობს. -ხო, ცოტა უცნაური ვარ, - ვაღიარებ მეც. -როგორც ვიცი, ოჯახი არ გყავს, თავისუფალ დროს რას აკეთებ? რით ერთობი? - არ მეშვება სიმპათიური ანესთეზიოლოგი. მეცინება. ძალიან უნდა ჩემს სამყაროში შემოძრომა. როგორც ჩანს, დაინტერესებულია ბიჭი. არაა ცუდი კანდიდატურა, მაგრამ ჩემი გართობის ობიექტობისთვის ის არ გამოდგება. ერთი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება, მაგრამ იმის იქით ნუღარ მომიახლოვდები ბატონო გიორგი!!! -როცა საავადმყოფოში არ ვარ, ვეტერინარულ კლინიკაში ვმუშაობ და როცა არცერთგან ვარ, მაშინ სახლში სადისერტაციო თემას ვწერ. -დისერტაცია? - უფართოვდება თვალები, - არ ვიცოდი. -ხო, ბევრმა არ იცის, ცხოველებში სხვადასხვა ტიპის პარაზიტების მიერ გამოწვეულ დაავადებებს ვიკვლევ. მათ გავლენას ღვიძლსა და შინაგან ორგანოებზე. -ვეტერინარია... რამდენი რამე არ მცოდნია შენზე... -შენ არაფერი იცი ... ჩემზე - თვალს თვალში ვუყრი. -რომ გავიგო წინააღმდეგი ხარ? - მიჟუჟუნებს თვალებს და ისევ თმას ისწორებს. ეს მისი საფირმო ჟესტია. -არა, მაგრამ არ დაგაინტერესებს. მადლობა ყავისთვის. ვდგები, ვუღიმი და ადგილზე ვტოვებ. მადლობა გიორგი ყურადღებისთვის, მაგრამ იმ ქალი ექიმების 2/3 -ში ვერ შევალ, ვისთანაც უკვე გაიზიარე სარეცელი და ამაზე მთელი საავადმყოფო ლაპარაკობს. დისერტაციას მართლა ვიცავ და ვეტკლინიკაშიც ვმუშაობ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პატარა ჩავარდნა მქონდა. თუ ამას პატარა შეიძლება ერქვას... ექიმის სალიცენზიო გამოცდაზე ჩავიჭერი. დედამ თავისი წილი დაფინანსება შემიწყვიტა. ჩემს სახლთან ახლოს ვეტკლინიკა იხსნებოდა. უმუშევარი ვიყავი, მათ კი ექიმის დამხმარე ჭირდებოდათ. არ გამჭირვებია, ალღო ამეღო ახალი პროფესიისთვის. იმდენად დავინტერესდი, რომ ვეტერინარიის სწავლა მომინდა. მესამე კურსზე დამსვეს. ახლა დიპლომიანიც ვარ და დისერტაციაზეც ვმუშაობ. უნივერსტეტის ბოლო კურსზე იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, წინ ვერაფერი დამიდგებოდა, სალიცენზიო გამოცდისთვის ხელი და ტვინი არ გამინძრევია. ხოდა, ბრახ!!! ჩავიჭერი. ორი კვირა ხმას ვერ ვიღებდი, არადა დედაჩემს უკვე ჩემთვის სამსახურიც გამზადებული ქონდა. იძულებული გავხდი მშობლებისთვის სიმართლე გამემხილა. მამამ, არაუშავსო, ჩაილაპარაკა და ტელევიზორს მიუჯდა. დედამ ჯერ მე შემომხედა, მერე იქვე მის ფეხებთან ჩაცუცქულ პეკინესზე მიმითითა და ოლიმპიური სიმშვიდით გამომიცხადა „ -ამის იმედი უფრო მქონდა, ვიდრე შენი. ისევ მე უნდა გამოვასწორო გაფუჭებული საქმე. აბა სად გავამხილო, სამედიცინო დაამთავრა და ექიმი ვერ გახდაო.“ ისე წამოვედი მშობლების სახლიდან, არც შემოუხედავს. მომდევნო სალიცენზიო გამოცდისთვის თავდაუზოგავად ვმეცადინობდი, მაგრამ დაღლილი, გამოფიტული და განერვიულებული ვიყავი. ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ ცხოველებისთვის დამეთმო მთელი ჩემი დრო და ენერგია. ექიმობაზე აღარ მეფიქრა. დედაჩემს ხომ ტელეპატიური ნიჭი აქვს. ალბათ ჩემი ეს ფიქრები იგრძნო. აბა, მე ის საუკუნეა არ მენახა. გამოცდამდე ორი კვირით ადრე სახლში გამომეცხადა. როგორც ყოველთვის, ახლაც ისე შემოვიდა, თითქოს ვიღაც უცხოსთან მიდიოდა. ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, თითქოს დასვრას ერიდებოდა. შანელი #5 სუნი დააყენა ჩემს ერთოთახიან მოკრძალებულ ბინაში. გამიკვირდა მისი დანახვა. ველოდებოდი, როდის ამეტყველდებოდა. -გავიგე, ძაღლებს და კატებს უვლი - მითხრა და ჩემი არეული ოთახი მოათვალიერა. -არ ვუვლი, ვმკურნალობ - ვუპასუხე მშვიდად. მასთან კამათში ყოველთვის ვმარცხდებოდი და ახლა რამის თქმის სურვილი არ მქონდა. -გინდა ისევ ნამდვილი ექიმობა? -რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, არამგონია რამე გამომივიდეს. - ვაღიარე გულწრფელად. -გამოცდაზე გახვალ, რასაც დაწერ, დაწერ. დანარჩენი შენი საქმე არაა. მომავალი თვის პირველი რიცხვიდან კახიძის სახელობის საავადმყოფოში იმუშავებ. ძაღლებსა და კატებთან გართობას მორჩები. დანარჩენი არ იკითხო. ადგა და წავიდა. დედაჩემმა გაყალბებული ექიმის ლიცენზია სახლში მომიტანა. და მეც შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან ექიმად დავიწყე მუშაობა. დღეს ძალიან კარგი ექიმი ვარ, საუკეთესო ჩემს სფეროში, მაგრამ ყალბი ლიცენზიით. დედაჩემის პირობა ბოლომდე არ შევასრულე. ვეტკლინიკაში ისევ ვმუშაობ კვირაში სამჯერ. საავადმყოფოს სასადილოდან გამოსვლის და გიორგის დატოვების შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობ. კაბინეტის კარებთან ისევ პაციენტების რიგი მხვდება. ერთი წამით ვერ ვიცლი. დღეს არანაკლებ რთული ღამე მოსდევს. პალატიდან პალატაში დავქრივარ და ყურადღებას ერთ წამს არ ვადუნებ. ერთი-ორჯერ გიორგიც მხვდება, ალბათ ისიც მორიგეა, მაგრამ მისთვის არ მცალია. დილას დაღლილი ვბრუნდები სახლში და საღამომდე მძინავს. თავს ძლივს ვწევ ზევით, მაგრამ გართობა მელოდება წინ და ამაზე უარს არაფრისთვის ვიტყვი. ვიქტორია სეკრეტის ახალ საცვლებს ვიღებ. თმას წითლად ვიღებავ ერთჯერადი საღებავით. ბანაობის დროს ადვილად ირეცხება. ტუჩებს და თვალებს ისე ვიშავებ, მეც კი ვერ ვცნობ საკუთარ თავს. მაღალ ჩექმას და მოკლე კაბას ვიცვამ. ტყავის გრძელ მოსასხამში ვეხვევი. ახლა დედაჩემიც კი გვერდით ჩამივლის, სადმე რომ შემხვდეს. ტაქსს ვიძახებ და მის მოლოდინში ვირინდები. ეს დასვენება მეკუთვნის... კვირა დღეს საწოლში ვატარებ. ფუფუნებაში არ ვცხოვრობ, სახლის ნივთებსა და ტანსაცმელში მინიმალურ თანხას ვხარჯავ, ფულს შავი დღისთვის და მოგზაურობისთვის ვაგროვებ. მაგრამ დიდი ტელევიზორი მაინც ვიყიდე. კედელზე ჩამოვკიდე და კვირა დღეს საწოლში, მის ყურებაში ვატარებ. წინა ღამის თავგადასავლის შემდეგ გამოძინებაც მჭირდება და აზრზე მოსვლაც. საბანში ყელამდე ვეფლობი. ბალიშებს გვერდზე ვალაგებ და ტელევიზორში რამე საინტერესოს ვეძებ. დროდადრო ვთვლემ. ძილბურანში ვარ. სადღაც ჩემი ტელეფონი გაუთავებლად ღმუის. ფორთხვით ვდგები საწოლიდან და შემოსასვლელში ტუმბოზე დაგდებულ აპარატს დავჩერებივარ. ჰოი საოცრებავ! დედაჩემის ზარია. პირველი, რაც თავში აზრად მომდის, მამაჩემის ინფარქტია. -გისმენ, დედა - ჩავყვირი მთელი ხმით. -თამუნა, რატომ არ მპასუხობ დროზე? ხომ იცი, რომ ვერ ვიტან გაუთავებელ ლოდინს. დედა მოწოდების სიმაღლეზეა, ესე იგი მამა კარგადაა. -მეძინა. მორიგე ვიყავი, საშინელი ღამე მქონდა. რა მოხდა? კარგად ხართ? -ჩვენ კი. ნოდარია ცუდად. საავადმყოფიში წაიყვანა სასწრაფომ. ადექი და იქ წადი. მეც მოვდივარ. ტელეფონს მითიშავს. გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებ. ძია ნოდართან დაკავშირებული ყველა მოგონება ერთბაშად ღვივდება ტვინში. თავი მისკდება, იქვე კედელს ვეყრდნობი და ძირს ვცურდები. ძია ნოდარი დედაჩემის ბიძაშვილია. თავის დროზე ძალიან კარგი ექიმი ყოფილა. სანამ „კაიფში“ მყოფს პაციენტი არ შემოაკვდა. მართალია, ეს ამბავი ნახევარი ქონება დაუჯდა მის ოჯახს, მაგრამ მშრალად გამოძვრა. იმის შემდეგ საავადმყოფოს არ გაკარებია, თუმცა სამინისტროში რბილი სავარძელი იპოვნა დიდი კაბინეტით, წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი მდივნით და ბოლო თხუთმეტი წელია, იმ სავარძელს ათბობს. ძია ნოდარი დაეხმარა დედაჩემს ჩემი ლიცენზიის ამბების მოგვარებაში. მეგონა, ამ საკითხს არც თვითონ გაიხსენებდა და არც მე ვიქნებოდი მასთან ვალში. თუმცა შევცდი. ერთ დღეს, როცა უკვე მშვიდად ვმუშაობდი და ყველა საფრთხე გადავლილი მეგონა, ძია ნოდარის ზარმა შემაფხიზლა. -თამარა, საყვარელოოო - რატომღაც ყველას „საყვარელოს“ ეძახდა და ისე წელავდა, ვეღარ ასრულებდა ხოლმე. -დიახ, ძია ნოდარ, როგორ ბრძანდებით? - დავიღვარე ზრდილობად. -შენთან ერთი პატარა საქმე მაქვს, ამ დღეებში სამსახურში გამომიარე. გელოდები, ჩემო გოგო - მითხრა და ტელეფონი გათიშა. არც პასუხს დალოდებია და არც დამშვიდობებას. გამიკვირდა და არ მესიამოვნა. გული ცუდს მიგრძნობდა. ამიტომ მეორე დღესვე სამსახურიდან თავი გავითავისუფლე, ჯანდაცვის სამინისტროში მივდივა- მეთქი. უარი არ უთქვამთ და ძია ნოდარს ვესტუმრე. შესასვლელში წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი მდივანი ყავას წრუპავდა და გამოღებულ ფანჯარაში ჩუმად სიგარეტს ეწეოდა. რომ შევედი, უკმაყოფილოდ შემომხედა. -ბატონი ნოდარი დაკავებულია - მითხრა გაზეპირებული ფრაზა. -დაბარებული ვარ - ვუპასუხე უემოციოდ და კაბინეტის კარი შევაღე. მოკლეკაბიანი და მაღალქუსლიანი გოგო დამედევნა, თუმცა ჩემს „კონვერსებს“ ვერ დაეწია და ზურგს უკან ამეკრა. -ბატონო ნოდარ - აწიკვინდა გამყინავი ხმით - დაუკითხავად შემოვიდა. ნოდარმა ისეთი მკვლელი სახით შეხედა, სავარაუდოდ ჩემი წასვლის შემდეგ კარგი არაფერი ელოდა. იჯდა სავარძელში ვისკის გაბერილი ჭიქით ხელში და ამერიკულ რეალითი შოუს უყურებდა. -თამარა, საყვარელო, შემოდი, ასე მალე არ გელოდი - ფეხზე წამოდგა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ჩემზე ფიქრის და მონატრების მეტს არაფერს აკეთებდა. -რომ დამირეკეთ, შევშფოთდი, ალბათ მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ. ოფიციალური ტონი არ შეიმჩნია. სავარძელზე მიმითითა და თვითონაც ჩემს წინ სარწეველა სკამში ჩაეფლო. -როგორ მიდის შენი საქმეები, საყვარელო? გავიგე საავადმყოფოში ძალიან გაფასებენ. გავიკითხე და საუკეთესო ექიმიაო. მისთვის ყველა კარი ღიააო. - გამიღიმა მელიის ყალბი ღიმილით. არ მესიამოვნა მისი დაინტერესება ჩემი სამსახურით, აქ ამაზე სალაპარაკოდ არ დამიბარებდა. -დიახ, ყველაფერი კარგადაა - ვუპასუხე მოკლედ და დაველოდე რას მეტყოდა. ტანში უსიამოვნოდ მცრიდა. მციოდა და ლამისაა კანკალისგან კბილები მეკაწკაწებინა. -შენთან საქმე მაქვს - დაუწია ხმას და ჩემკენ გადმოიხარა. ლამის შუბლი ფეხებზე მომადო. არაფერი მიპასუხია, გავიტრუნე. - შენს საავადმყოფოში მალე ერთ კაცს დააწვენენ. შენი პაციენტი იქნება. ეს ამბავი მოგვარებულია. ოპერაციის შემდეგ ყველას დაარწმუნებ, რომ ხელოვნური კომაა საჭირო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვან. დანარჩენს შევხედავთ. მთავარია ცოცხალი იყოს. ეს მნიშვნელოვანია. ცოცხალი, მაგრამ უგონო. გასაგებია, ჩემო გოგო? ნოდარი წამოიწია, თითქოს ადგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და სავარძელზე მიესვენა. გაკვირვებისგან ხმა ვერ ამოვიღე. -ვინაა ეს კაცი? - იმის მაგივრად რომ გამეპროტესტებინა, ყველაზე უსარგებლო შეკითხვა დავსვი ამ სიტუაციაში. -ერთი ძლიერი და გამოჩენილი კაცია, რომლის გაქრობა ქვეყანას შესძრავს. მაგრამ უნდა გაჩუმდეს. -ძია ნიდარ, ხომ იცით, რომ ეს ექიმის ეთიკის დარღვევაა. ჩვენ ხომ ფიცი გვაქვს დადებული - ამოვილუღლუღე ისეთი სუსტი არგუმენტი, რომელიც ზუსტად ვიცოდი, საერთოდ არ ადარდებდა ჩემს შორეულ ბიძას. გაეღიმა. -უსაფრთხოება ეთიკაზე მაღლა დგას, თამარა. უკვე დიდი გოგო ხარ, უნდა იცოდე. -მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ვინმემ რომ გაიგოს, დამიჭერენ. ეს არ არის სწორი - ხმა სადღაც გამეპარა და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი. -შენი ლიცენზიის ამბავიც რომ გაიგონ, არც ეგ იქნება კარგი - ისევ მელიის ღიმილი გადაეკრა სახეზე კაცს. მივხვდი, რაც მითხრა, აი, თურმე რატომ ამირჩია მე. იცოდა, უარის თქმა გამიჭირდებოდა. -მოვიფიქრებ - ჩავილუღლუღე და ფეხზე წამოვდექი. -პაციენტი ზეგ უკვე შენთან იქნება. მოემზადე - დამაწია უკნიდან. არც შევბრუნებულვარ და არც დავმშვიდობებივარ. მანქანაში ჩავჯექი და სახლში ისე მივედი, ვერ გავიგე. მაშანტაჟებდა და მე თავის დაძვრენის საშუალება არ მქონდა. არა, საშუალება კი მქონდა, მაგრამ მაშინ დავკარგავდი ყველაფერს, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვაკოწიწე და სადღაც ჯანდაბაში უნდა გადავსახლებულიყავი. დედამიწიდან შორს, მარსზე ან იუპიტერზე. მესამე დღეს ტელევიზიების თანხლებით საავადმყოფოში ის პაციენტი შემოიყვანეს, რომელზეც ვეჭვობდი. ჯერ ერთი - ორი წერილის გაგზავნა მოასწრო ციხიდან, მაგრამ ალბათ ბევრის თქმას აპირებდა. ბადრაგს ციხის ახალგაზრდა ექიმი მოჰყვა. პაციენტის ისტორია შემომაჩეჩა და გაქრა. საშუალო ასაკის მამაკაცი ოთხად გაკეცილი იჯდა სავარძელში და ბორბლების ყოველ გადატრიალებაზე კვნესოდა. ანამნეზს ჩავხედე. 1. სხეულის ტემპერატურა 400 , 2. ღებინება, 3. პირის სიმშრალე. 4. მუცლის ტკივილი. რომ არ მცოდნოდა, ვისთან მქონდა საქმე, ვერ ვიცნობდი. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, წონაში საგრძნობლად დაეკლო. გათეთრებულიყო და დაბერებულიყო. აღარაფრით გავდა იმ კაცს, აბეზარ ჟურნალისტებს პირად დაცვას რომ მიუქსევდა ხოლმე და გამარჯვებული ღიმილით იშორებდა თავიდან. მდგომარეობა იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ნაწლავების ნაწილი დაზიანებული, ადგილ-ადგილ სისხლის კოლტები და რაც მთავარია, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნები დაწყებული იყო. საოპერაციო მზად დამხვდა. გვერდიდან არ მოვშორებივარ, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ხელოვნურ კომაში მყოფი, მართვით სუნთქვაზე მშვიდად იყო მიერთებული. უკვე მეოთხე თვე იწურებოდა, რაც ხელოვნურ კომაში მყოფი პაციენტი სტაბილურად მყავდა მართვით სუნთქვაზე. აღარც ტელევიზიებს ახსოვდა და აღარც მის ყოფილ თანაგუნდელებს. მაგრამ ეს შენელებული მოქმედების ბომბი როდესმე ამოქმედდებოდა. უსასრულოდ ამ მდგომარეობის გაგრძელება წარმოუდგენელი იყო. ღამეები არ მეძინა, კოშმარები მტანჯავდა, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ მაპატიმრებდნენ. ახლა ამ ყველაფრის შემოქმედი ძია ნოდარი საავადმყოფოში ბრძანდება. ჩემი სახლის შესასვლელში ცივ იატაკზე დამჯდარს ფეხები მეყინება. ტვინი ნელ-ნელა მუშაობას იწყებს. „ნეტავ რა დააემართა?“ ვფიქრობ ჩემთვის და კარადიდან ტანსაცმელს ვყრი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდე საავადმყოფოში. პირველივე წუთიდან ჩემს ხელში უნდა იყოს. არავის მივცემ მიახლოვების უფლებას. საავადმყოფოს მიმღებში ჩემი გამოჩენა უკვირთ. სწრაფი ნაბიჯებით მორიგე ექიმს მივსდევ დერეფანში და მეგობრულად მხარზე ვეხები. ბრუნდება და გაკვირვებული აფახურებს დაღლილ თვალებს. -ქალბატონო თამარ, აქ არ გელოდით - მეუბნება მოკრძალებით. -ნოდარ მამასახლისი ჩემი ბიძაა, თუ ნებას მომცემ, მის ანამნეზს გადავხედავ. - ვუღიმი. ახალგაზრდა დაღლილ ექიმს სახე ებადრება. გადავსებულ მიმღებში ვინმე თუ მიეშველება უარს როგორ იტყვის. -აქ არის. - მაჩეჩებს ხელში ფურცლებს. - თუ წინააღმდეგი არ იქნები, ფორმალურ მხარესაც მოვაგვარებ და გადმოგაბარებ. მეც ეს მინდა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და რეგისტრატურისკენ მივდივარ. -მუცლის მწვავე ტკივილით შემოიყვანეს. პირის სიმშრალე აქვს. პალპაციით (ხელით მუცლის გასინჯვა) მუცლის კუნთების სიმაგრე და დაჭიმულობა შეინიშნება. სისხლის საერთო ანალიზის პასუხს ველოდები. სავარაუდოდ ლეიკოციტები მომატებული ექნება. ყველაფერი მწვავე აპენდიციტზე მიუთითებს. ახლა მუცლის ღრუს ექოსკოპიას უკეთებენ. - მოკლე ანამნეზს მაცნობს ექიმი. -მადლობა, დაჩი - ვეუბნები ისე რომ თავს არ ვწევ. -პირიქით, მადლობა შენ, რომ შემომეშველე - მპასუხობს და მშორდება. ძია ნოდარს ტკივილებისგან ფერები გადასდის. ექოსკოპიის საწოლზე მოკეცილი წევს და ილანძღება. ჩემს დანახვაზე ცოტა ეშვება და გაღიმებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი სახეს უმანჭავს. -როგორაა საქმე? - ვეკითხები ექიმს, რომელიც ეკრანს გაფაციცებით ათვალიერებს. -აპენდიციტია. წუთი წუთზე გასკდება და სითხე მუცელში ჩაიღვრება. სასწრაფო საოპერაციოა - მპასუხობს თავაუწევლად და ხელსახოცით ძია ნოდარს მუცელს უწმენდს, რასაც მისი მხრიდან თავშეუკავებელი გინება მოყვება. უხერხულობისგან ვიწურები. ბორბლებიანი სავარძელი ახლოს მიმაქვს პაციენტთან და გადმოსვლაში ვეხმარები. საოპერაციო უკვე მზადდება. რამდენიმე წუთში ჩემი დამაშანტაჟებელი ძია ნოდარი ჩემი დანის ქვეშ დაწვება. ოპერაცია ცოტა ხანი გრძელდება და გართულებების გარეშე მიდის. ნარკოზიდან ახალი გამოსული ძია ნოდარი პალატაში გადამყავს. -ძია ნოდარ, გესმის ჩემი? - ვეკითხები ხმამაღლა. ხელების უნებლიე მოძრაობას წყვეტს და შემომყურებს. -„თამარ ქალო, ნატვრის თვალო“ შენ ხარ? მტკივა - მაპყრობს დაბინდულ თვალებს. -მალე აღარ გეტკინება, დაგეძინება - ვაიმედებ კაცს. -შენი იმედი ყოველთვის მქონდა - ჩურჩულებს ძია ნოდარი - ახლოს მოდი რაღაც მაქვს სათქმელი. მის ტუჩებთან ვიხრები. -რამდენიმე დღეში შენთან პაციენტს შემოიყვანენ. ოპერაცია უნდა გაუკეთო და იქიდან ვერ უნდა გამოვიდეს. გველნაკბენივით ვხტები. რას მეუბნება ეს კაცი. მგონია რაღაცას ბოდავს. თვალებში ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ. -ჩემი ტელეფონი მომაწოდე. ინსტიქტურად ვასრულებ მის სურვილს. მძიმედ სუნთქავს. გაჭირვებით ეძებს რაღაცას და პოულობს. ფოტოს მაჩვენებს. თვალები შუბლზე ამდის. ეკრანიდან საკმაოდ ცნობილი და ქვეყანაში გავლენიანი სახე მიღიმის. ქვევით ძირს დახრილი ცერი ახატია. -ესაა. ახლა კარგად მომისმინე. მისი აქ მოყვანა უკვე დაგეგმილია. თუ კიდევ გინდა ექიმობა, ეს კაცი ოპერაციის დროს უნდა დაიღუპოს. ან შენი ლიცენზიის ამბავი გასკდება და ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომება. ვშრები. -თქვენს გარდა კიდევ ვინ იცის ჩემი ლიცენზიის ამბავი? -ჯერ-ჯერობით არავინ, მაგრამ მალე გაიგებენ. -რომ ვთქვა, თქვენ გამიკეთეთ?- ვცდილობ თავი დამნაშავედ ვაგრძნობინო და შევაშინო. ისევ მელასავით იცინის. -შენ გგონია, ვინმე დაიჯერებს? ეგ ამბავი უკვე მოვაგვარე. მე მომეფერე და ყველაფერი კარგად იქნება. ნოდარი მძიმედ სუნთქავს. თვალები ეხუჭება. ჯერ ერთი ხელოვნურ ყოფაში მყოფი კაცი მადგას ყელზე და მახრჩობს. ახლა მეორეს მოკვლას მავალებს. -ძია ნოდარ, ძია ნოდარ - ჩავძახი ყურში. -ხოოო - მეხმიანება ჩურჩულით. -ამ კაცის სიკვდილის ამბავი კიდევ ვინ იცის? -სულ რამდენიმე ადამიანმა. -მე რომ უნდა მოვკლა, ის ვინ იცის? - ვაკონკრეტებ. -ეგ ჯერ მე და შენ. მერე მიხვდება ის, ვინც საჭიროა და დაგიფასებს. ახლა დამაძინე. ვხვდები რით ინარჩუნებს ეს კაცი სკამს თბილად, ისე რომ არავინ ეხება. ნეტავ კიდევ რამდენი ჩემნაირი ყავს გამოჭერილი. პალატიდან გაბრუებული გამოვდივარ. ეს უკვე მეორე ადამიანი იქნება, ვის სიცოცხლესაც საფრთხეს შევუქმნი, ისე რომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თავი მისკდება. ხელს თმაში ვიცურებ და ძირებში ვუჭერ. მტკივა. გული მერევა. ტუალეტში შესვლას ძლივს ვასწრებ. თმის სწორებით გამოვდივარ და დერეფანში უაზროდ მივაბიჯებ. დღეს მორიგე არ ვარ, აქ საერთოდაც არ უნდა ვიყო. კაბინეტში ვიკეტები და ფანჯარაში გავცქერი. გარეთ ცივა. ქარიცაა და ფოთლებს და ნაგავს ატრიალებს. მობუზული ხალხი სახლებში მიიჩქარის. ახლა მათზე, ყველაზე უფრო დიდი პრობლემა მაქვს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. ნელ-ნელა ბინდდება. ფეხით მოსიარულეთა რიცხვი იკლებს. მანქანების რაოდენობა იმატებს. მე კი გაუნძრევლად ვზივარ და ფიქრები ერთმანეთში მერევა. გონებაში აზრი მწიფდება. მზად ვარ მის განსახორციელებლად. უჯრას ვაღებ და წამლებს ვათვალიერებ. თვალში კალიუმის პატარა ამპულა მხვდება. საუკუნეა აქ დევს და მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა. თითებში ვიქცევ და ერთჯერად ინსულინის ნემსს ვავსებ. გულის ჯიბეში ვიცურებ. დერეფანში მტკიცე ნაბიჯით გავდივარ. მიმღებში ვკითხულობ, ვინმეს ჩემი დახმარება ხომ არ სჭირდება. ძია ნოდარის სამედიცინო ანკეტას ვიღებ და ვათვალიერებ. ცოტა გული აწუხებს და წნევებსაც უჩივის. არც ღვიძლი აქვს მწყობრში. თუ გავითვალისწინებთ ალკოჰოლის და ნარკოტიკების დიდ რაოდენობას, არცაა გასაკვირი. აუჩქარებელი ნაბიჯით მის პალატაში შევდივარ. ნოდარს ძინავს. მარტოა. მაჯაზე კათეტერი უჩანს. გამაყუჩებლის მოქმედების ქვეშაა. კალიუმიან ნემსს გულის ჯიბიდან ვიღებ და კათეტერში ვუშვებ. მშვიდად განისვენე ძია ნოდარ... თვალს ვავლებ კაცს და ოთახიდან მტკიცე ნაბიჯით გამოვდივარ. მიმღებში ცუდი ამბავი მხვდება. ნაავარიები პატარა შემოყავთ. სულ სისხლითაა მოსვრილი. ხელთათმანებს ვირგებ და საქმეში ვერთვები. რამდენიმე ნაკერს იქვე ვადებ. ვწმენდ და ვეფერები. ტომოგრაფიაზე მე თვითონ მიმყავს და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როცა საფრთხე აღარ ემუქრება. ჩემი კაბინეტისკენ დაღლილი მივიჩქარი, როცა საავადმყოფოში ხმაური და სირბილი იწყება. -რა ხდება? - ვეკითხები პირველივე შემხვედრ ექთანს. -თქვენ გეძებენ, ქალბატონო თამარ, ტელეფონზე არ პასუხობთ. თქვენი პაციენტი ცუდადაა. -პატარა ბავშვი? - ვეკითხები შიშით, მახსენდება, რომ ტელეფონი კაბინეტში დამრჩა. -არა, ნოდარ მამასახლისი. სახეზე ფერები მივლის. ექთანს ვტოვებ და ძია ნოდარის პალატისკენ გავრბივარ. ოთახში რეანიმატოლოგი, თერაპევტი, ქირურგი და რამდენიმე ექთანი მხვდება. -რა ხდება? - ვკითხულობ აკანკალებული ხმით. -გულის ამუშავებას ვცდილობთ. თრომბია - მპასუხობს ექთანი. პაციენტს ტუჩები გალურჯებული აქვს. აღარ სუნთქავს და აღარც გულისცემა ისმის. წნევა აღარ ესინჯება. -გულში ადრენალინი გავუკეთე, მაინც არაფერია. დათრომბა - ორ სიტყვას მეუბნება რეანიმატოლოგი და ისევ ხელით ცდილობს გულის ამუშავებას. რამდენიმე წუთი სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში გადის. -სიკვდილის დრო 5:44 - მესმის დაღლილი ექთნის ხმა და ყველაფერი შეშდება. პალატიდან გამოვდივარ და კაბინეტისკენ მივდივარ. ალბათ შეშლილი სახე მაქვს, რადგან თანამშრომლები თვალს მაყოლებენ და ხმას არავინ მცემს. ოთახში შევდივარ, სავარძელში ვეშვები და ვითიშები. ფანჯრიდან მზე ანათებს. გუშინდელი თავსხმა წვიმის შემდეგ მიკვირს. ეს ნიშანია იმის, რომ სწორად მოვიქეცი და ჩემი ცხოვრება ისევ მშვიდად წავა. მოსაცმელს ვიღებ და საავადმყოფოს მანამდე ვტოვებ, სანამ სიწყნარეა. ნოდარს ჩემ გარეშეც მიხედავენ. მე ჩემი როლი შევასრულე, ისიც დავასვენე და მისგან დაშანტაჟებული ხალხიც. სახლში მიუსვლელად ეკლესიაში მივდივარ. აქ ხშირად დავდივარ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრები. სანთელს ვანთებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის, რაც მაქვს. ვეტკლინიკაში სიწყნარეა. სავარძელზე მიწოლილი სიმშვიდით ვტკბები. მძიმე კვირა იყო. ახლა დაღლილ-დაქანცულს ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ მუშაობას, რომ სახლში წავიდე. კარები გაიღო და ოთახში ცისფერმა თვალებმა შემოანათა. ასე გვიან აღარავის ველოდი. -ქალბატონო თამარ, შეიძლება? - მეკითხება ახალგაზდა მამაკაცი და ძალიან ნაცნობ თვალებს მანათებს. -მობრძანდით - ვეპატიჟები და ფეხზე ვდგები. მამაკაცს უკან შავი, ულამაზესი პიტბული მოსდევს. ჭკვიანი თვალებით მათვალიერებს. ასეთი ლამაზი ძაღლი იშვიათად მინახავს. შავ მაღალ ფეხებზე დგას. ყურები აუცქვეტია. სულ შავია, მხოლოდ გულზე თეთრი ვარსკვლავი აქვს. ხელს მისკენ ვწევ და დაყნოსვის საშუალებას ვაძლევ. ყელი შეხვეული აქვს, სისხლიც ეტყობა. იჩხუბა? უჯრიდან ძაღლების სასუსნავს ვიღებ და ვაწვდი. ჭკვიანი ცხოველი სუნავს, მაგრამ პირს არ აკარებს და პატრონისგან ნებართვას ელოდება. -ტაისონ, აიღე - ეუბნება მამაკაცი. ისიც გაბედულად აგემოვნებს. -რა ჭირს, იჩხუბა? - ვეკითხები პატრონს და სახვევს ვხსნი. -არა, რამდენიმე დღის წინ გაებერა, დღეს საღამოს კი გაუსკდა და სითხე გადმოუვიდა. სახვევს უსიამოვნო სუნი აქვს. ინფექციაა. სავარაუდოდ საყლაპავიდან, ან სანერწყვე სადინარიდან. ტაისონს ყელს ვუსინჯავ. იღრინება, მაგრამ არ ინძრევა. იცის, რომ მის დასახმარებლად ვარ აქ და არა რამეს სატკენად. -დავაძინებ ცოტა ხნით. ექოსკოპიასაც ადვილად გადავუღებ და ჭრილობასაც გავწმენდ. თუ საჭიროა, გავკერავ კიდეც. არ ეტკინება. მამაკაცი თავს მიქნევს. ნემსს ვამზადებ და ხელის ერთი მოძრაობით კუნთში ვუკეთებ. ტაისონი მიბღვერს, მაგრამ პატრონის ნიშანზე ჩუმდება. სანამ ის დაიძინებს, ექთანს ვეძახი და საბუთებს ვნახულობ. -ტაისონ მამუკას ძე ღლონტი - მეუბნება მამაკაცი. მეღიმება. სამედიცინო ბარათში აცრების მეტი არაფერია. ესე იგი ჯანმრთელია. ტაისონს უკვე სძინავს. მის აწევას და მაგიდაზე გადაყვანას ვცდილობ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა. ტყვიასავით მძიმეა. ბატონი მამუკა მეხმარება. ექოსკოპიის აპარატს ყელზე ვატარებ. ჭრილობიდან მოწითალო, მძაფრსუნიანი სითხე ამოდის. საყლაპავი გაჭრილი აქვს და კუნთში ინფექციაა შეჭრილი. კანმა ვეღარ გაუძლო და გასკდა. -ბატონო მამუკა, რა ჭამა? საყლაპავი მილი აქვს დაზიანებული - ვეკითხები კაცს და ეკრანზე ჭრილობას ვაჩვენებ. -ქვებს ყლაპავს. მეტი საეჭვო არაფერი მახსენდება - მეუბნება დაფიქრებული პატრონი. ხელთათმანს ვიხდი, ექთნის დახმარებით მაგიდას ვამზადებ. ხელებს ვიბან და მანიპულაციისთვის ვემზადები. -თქვენზე მითხრეს, საუკეთესოაო. ამიტომაც მოვიყვანე აქ - ძაღლს ეფერება პატრონი - საიდანღაც მეცნობით და ვერ ვიხსენებ. - მეც, - ვეუბნები ნაჩქარევად - ახლა ტაისონს მივხედოთ. კაცი ჩუმდება. არ მიყვარს, როცა საქმის დროს სხვა რამეზე მესაუბრებიან. მშვიდად ვწმენდ ჭრილობას. ოთახში საშინელი სუნი დგება. საყლაპავს ვუკერავ. გარე ჭრილობაში ტამპონს ვდებ და საფენს ვადებ. ძაღლს ვეფერები და მის გამოფხიზლებას ვცდილობ. პატრონი მიერთდება და ჩურჩულით ყურში სახელს ჩასძახის. ტაისონი რეაგირებს. თვალებს ახელს და კვნესის. შვებით ვსუნთქავ. ფურცელს ვიღებ და წამლების დასახელებას და მიღების წესებს ვწერ. ძაღლი ფეხზე წამოდგომას ცდილობს. -ბატონო მამუკა - მივმართავ კაცს, მასაც ჩემზე გადმოაქვს ყურადღება - აქ წამლების ჩამონათვალია. ეზოში არ დატოვოთ, სახლში გყავდეთ და სიცხე აკონტროლეთ. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, თუ ტემპერატურა აუწევს? კაცი თვალებში გაფაციცებით მიყურებს და ყველა სიტყვის დამახსოვრებას ცდილობს. -დიახ, ვიცი, ცხვირი და თათები უნდა ჰქონდეს სველი. სახლში მყავს, ჩემთან სძინავს. არ გამიჭირდება ყურადღების მიქცევა. ცუდია, ხვალ რომ არ იქნებით. -ტელეფონის ნომერი აქ წერია, დამირეკეთ ნებისმიერ დროს - ვეუბნები მამუკას და ბარათს ვაძლევ. - ახლა შეგიძლიათ, სახლში წაბრძანდეთ. ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული და მოდუნებული იქნება. კაცს ტაისონი პატარა ბავშვივით აჰყავს ხელში. გულზე იხუტებს და მადლობას მიხდის. -ქალბატონო თამარ, თუ არ შეწუხდებით, მანქანის კარები გამიღეთ, შემოსასვლელთან დგას. ჯიბეში ხელს მორიდებულად ვუყოფ და გასაღებს ვიღებ. მანქანის უკანა სავარძელზე ტაისონს ვაწვენთ. ძაღლი თვალებს ახელს და ხელს მილოკავს. უცებ თვალში საქარე მინაზე გაკრულ „შსს“ ემბლემას ვხედავ. სახლში გაბრუებული ვბრუნდები. „მამუკა ღლონტი, შსს, რაღაც ნაცნობია და ვერ ვიხსენებ“ - ვფიქრობ ჩემთვის და გონებას ვძაბავ. დაღლილობის მიუხედავად ცუდად მძინავს. შუაღამეს ოფლში გაწურულს მეღვიძება და მახსენდება, სად მყავს ნანახი ეს ცისფერი თვალები... დედაჩემი ცნობილი და შეძლებული ექიმია. სამეგობროც ასეთივე ჰყავს. ჩემს ბავშვობაში სიცივე, შიმშილი და გაჭირვება რომ დაძრწოდა მთელი ქვეყნის ქუჩებში, დედაჩემის სამეგობროს შვილები ჩოგბურთზე, ცურვაზე, კალათბურთზე და ვინ იცის კიდევ, რაზე არ დადიოდნენ. ლადო გიგანი დედას ერთ-ერთი მეგობრის შვილი იყო. მთელი ბავშვობა ვხედავდი და ვისმენდი მის წარმატებებს. „როგორი ლამაზი ბავშვია, რა მოქნილი“. მოგვიანებით „როგორ ცეკვავს, როგორ უკრავს, ჩოგბურთს როგორ თამაშობს, სასწაულია ეს ბიჭი“. კიდევ უფრო მოგვიანებით „ ლადო უიმბლდონზე გავიდა, რეიტინგში წინ მიიწევს. მალე მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება“. სკოლის დამთავრების და ჩემი „უშნო ჭუკიდან“ ლამაზ „გედად“ ქცევის შემდეგ, სულ დამავიწყდა ლადოც და მისი წარმატებებიც. ერთ დღეს სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე ლადო გიგანის შეტყობინება დამხვდა. -გამარჯობა, თამარა, იმედია გახსოვარ - მწერდა ის. -დიახ, მახსოვხარ - ვუპასუხე გაკვირვებულმა. -შენს ფოტოებს გადავაწყდი და ვიფიქრე შევეხმიანები-მეთქი - არ დააყოვნა პასუხმა. -(ღიმილის ნიშანი) -ძალიან ლამაზი ხარ, იცი? როგორ მიდის შენი საქმეები? ეს მოკითხვით დაწყებული მიმოწერა თითქმის წელიწადი გაგრძელდა. მიმოწერის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჩემი პირველი შვებულებით ვისარგებლე. მთელ დანაზოგს თავი მოვუყარე და საბერძნეთში წავედი. ლადო იქ მელოდა. ორი კვირა კუნძულ კრეტასა და ათენს შორის ვმოგზაურობდით. სადაც დაგვიღამდებოდა იქ ვჩერდებოდით. ჰოსტელშიც გვიძინია და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროშიც. ერთმანეთს ძლივს დავშორდით. მიმოწერა გაგრძელდა. ექვსი თვის თავზე, დეკემბრის დასაწყისში, მისგან პარიზის ბილეთის სურათები მივიღე. თარიღი შეუვსებელი იყო. სიხარულისგან ისე დავფრინავდი, საავადმყოფოს ექიმები და ექთნები გაკვირვებული თვალებს აფახურებდნენ. დერეფნის კუთხეში შევიმალე და „გულები“ გავუგზავნე. ზამთარი, პარიზი, ეიფელი, ლუვრი... ოცდახუთ დეკემბერს ბარგი ჩავალაგე და გავფრინდი. ის უკვე აეროპორტში იყო და წინ საოცრებები გველოდა. ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ყველა შვებულებას და შობა-ახალს წელს ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებდით და ეს შესანიშნავი იყო. ამაზე არასდროს არავისთან დამცდენია სიტყვა. ლადო ახალ მწვერვალებს იპყრობდა, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში იყო. მეც, ჩემი ჩავარდნების მიუხედავად, წინ მივიწევდი. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ღიად გამოვაცხადებდით ჩვენს ურთიერთობას. ისიც წარმოდგენილი მქონდა, როგორ ავაწყობდით ორ ქვეყანაში ცხოვრებას. შემოდგომა იწურებოდა. გარეთ უკვე ძალიან ციოდა და ჟინჟლავდა. საავადმყოფოდან დაღლილი და გაყინული მივედი სახლში. ტელევიზორი ჩავრთე და სამზარეულოს მივაშურე. რაც ვიპოვნე მოვაგროვე და ის იყო კომფორტულად მოვეწყვე, რომ იუმორისტული გადაცემის წამყვანის ხმა მომწვდა ყურში: „დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ჩოგბურთელი ლადო გიგანი“. ხელი გამიშეშდა და ლუკმა გადამცდა. ისიც არ ვიცოდი, ჩამოსვლას თუ გეგმავდა. სტუდიაში ჩემი ლადო გრძელფეხება, მოკლე შორტიან, ქერათმიან, ულამაზეს გოგონასთან ერთად შემოვიდა. მთელი გადაცემა ვუყურე. რაზე ხუმრობდნენ არ მესმოდა, გონებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ტრიალებდა: „ჩემი საცოლეა“, „ უკვე ორი წელია ერთად ვართ“, „ლატვიელია“, „მოდელია“. გონზე რომ მოვედი, საინფორმაციო გადიოდა. ტელეფონი ვიპოვნე და პირველი რაც თავში მომივიდა ის მივწერე. „გადაცემა ვნახე, ვინაა ის გოგო?“ „ბოდიში აქამდე უნდა მეთქვა, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი“ „მოგვიანებით“ უსასრულოდ გაგრძელდა. მე გათიშული დავბორიალებდი, ის კი ტელევიზორის ეკრანიდან არ ჩამოდიოდა თავის ულამაზეს საცოლესთან ერთად. ახალ წელს ეგვიპტეში უნდა შევხვედრილიყავით, ლადო კი თურმე ლატვიაში აპირებდა წასვლას კაწიას მშობლებთან შობის გასატარებლად. ალბათ მერე პირდაპირ იქიდან გამოფრინდებოდა გიზის პირამიდის ჩემთან ერთად სანახავად. რა ირონიაა... ახალ წლამდე გაფაციცებით ვადევნებდი თვალს ლადოს სოციალურ ქსელებს. ჩემს მშობლებთანაც რამდენჯერმე ჩამოვაგდე მასზე სიტყვა. თურმე კაწია მათაც გაუცვნიათ. მამაჩემი მოხიბლული იყო ბალტიისპირელი ლამაზმანით. ალბათ საბჭოთა ნოსტალგიის გაქარწყლებას ცდილობდა. ჩემი მშობლებისგანვე გავიგე, რომ ძველით ახალი წლისთვის რაღაც ღონისძიება იმართებოდა სპორტსმენებისთვის. ლადო იქ იქნებოდა. ცხოვრებაში ერთადერთხელ, ჩემი ყოფილი პაციენტი გამოვიყენე და მოსაწვევი ვთხოვე. სპორტის სამინისტროში მუშაობდა და დიდი სიხარულით გამიწია ეს პატარა სამსახური. ვნერვიულობდი. რამდენიმე დღე შესაფერისი ტანსაცმელი ვეძებე. საბოლოოდ ისეთი კაბა შევარჩიე, რომელშიც ლამაზიც ვიქნებოდი და შეუმჩნეველიც. უამრავი ცნობილი ადამიანი ირეოდა საზეიმოდ გაწყობილ დარბაზში. ლადოს ვეძებდი. მეგონა კამერების სიახლოვეს ვიპოვნიდი. ის კი თავის ლამაზ საცოლესთან ერთად კუთხეში იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს ხალხს. ხელი კაწიას თეძოზე ედო და რაღაცას ეჩურჩულებოდა. პირველმა ეიფორიამ გადაიარა. კამერებიც ჩაქრა. დრო ვიხელთე, ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ბარიდან ავიღე და ლადოსკენ დავიძარი. ბიუსჰალტერიდან ვერატრიდინის ფხვნილი ამოვიღე, ჭიქაში ჩავყარე და შევანჯღრიე. ჩემს უკვე ყოფილს ჩემი დანახვა არ ესმიამოვნა. თვალები გაუფართოვდა და მშველელის ძებნა დაიწყო, მაგრამ ახლომახლო ნაცნობი ვერავინ შენიშნა და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა. -საჩხუბრად არ მოვსულვარ - ვუთხარი მიახლოვებისთანავე. გავუღიმე და ჭიქა გავუწოდე. ფორთოხლის წვენი მისი სისუსტე იყო. უარს ვერ იტყოდა. ცოტა დამშვიდდა და შემათვალიერა. -არაჩვეულებრივად გამოიყურები - გამიღიმა თავისი უზადო ღიმილით. -მადლობა. შენს საცოლეს ვერ შევედრები - ვუპასუხე ისე რომ მზერა არ მომიშორებია. თვალი ამარიდა -გაგიმარჯოთ, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს. ჩემი ჭიქა მისას მივუჭახუნე და შამპანური ბოლომდე დავცალე. მანაც ფორთოხლის წვენი მოიყუდა. ცარიელი ჭიქა გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. -არ დამვიწყებია, როგორ გიყვარს წვენები - ვუთხარი, გავუღიმე და გავშორდი. აღარ მინდოდა იმის ყურება, რაც შემდეგ მოხდებოდა. ამ წამლის 0,6 სასიკვდილო დოზაა. მე ლადო სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვაშორე დიდ სპორტს. ნახევარ საათში სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა ლადო გიგანი. დიდი ხანი დაჭირდათ ექიმებს გულის ინფარქტის, წნევის ცვალებადობის და კუნთების სპაზმის სამკურნალოდ. გამოძიება ფორმალურად დაიწყო. ჩემთანაც, როგორც ერთ-ერთ რიგით სტუმართან გამომძიებელი მამუკა ღლონტი მოვიდა და გამესაუბრა. ის მამუკა ღლონტი, რომელიც გუშინ საღამოს საყვარელ პიტბულთან ერთად კლინიკაში მესტუმრა. გამომძიებლისთვის არ დამიმალავს, რომ მე და ლადო ერთმანეთს ვხვდებოდით შვებულებებზე. „ასეთი ფარული რომანი ორივეს გვაწყობდა, ამიტომაც არავისთვის გვითქვამს ამის შესახებ და მისი საცოლის არსებობის ამბავიც ვიცოდი“ - ვუთხარი ბატონ მამუკას და დამიჯერა. ჩვენი მიმოწერა გადაამოწმა. საეჭვო ვერაფერი ნახა და აღარ შევუწუხებივარ. ახლა კი ვერ მიცნო. არც მქონდა სურვილი, რადგან თუ პრობლემას შემიქმნიდა, მისი მოგვარების გზების ძიება მომიწევდა. მე კი პატიოსნად იშვიათად ვთამაშობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი