პროფესორის მკვლელობა (ნაწილი 1)


პროფესორის მკვლელობა
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, დილის 5 საათზე ზარი კარგს არაფერს ნიშნავდა. ელენემ ჯერ საათს დახედა და მერე წელზე შემოხვეულ ტორს. ნაჩქარევად დაწვდა ტანსაცმელს. ტანზე მოირგო და თბილ ქურთუკს დაავლო ხელი. შეტყობინებით მისამართი მიიღო. „ ქალაქის ძველი უბანი, ძველებური ხის სახლებით, როცა გამომძიებელს ასეთ მისამართს მაძლევენ, კარგის მოლოდინი არ უნდა მქონდეს“ გაიფიქრა ქალმა. ცხვირი ქურთუკში ჩარგო და მანქანა დაძრა.
საპატრულო პოლიციას უკვე მოესწრო ლენტის გაჭიმვა და კანტიკუნტად შეკრებილი ხალხის ცნობისმოყვარეებისგან ხის სახლის და ეზოს იზოლირება.
-	სახლში გვამია- გაეჭიმა ერთ-ერთი პოლიციელი, ალბათ 25-26 წლის ახალბედა პატრული. ელენემ გვარს დახედა, -გაბადაძე - ამოიკითხა და ზრდილობიანად თავი დაუქნია. თითქოს კიდევ სხვა  რამის გამოც უხმობენ ასე უთენია გამომძიებელს. გაბადაძე ფეხდაფეხ მიყვებოდა ქალს. 
- გარდაცვლილი  65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი, მეზობლების თქმით, ერთი წიგნებში ჩამძვრალი წყნარი კაცი, მარტო ცხოვრობდა. შვილი ირაკლი ჩხაიძე, გერმანიაში ცხოვრობს. რას საქმიანობს ჯერ უცნობია. გვამი მეზობელმა ივანე მაჩაბელმა აღმოაჩინა ღამის 3 საათზე და საპატრულოში დარეკა.
ელენე უსმენდა და თან ეზოს ათვალიერებდა. პატარა, სუფთა, ყვავილებიანი ეზო ნამდვილად არ შეეფერებოდა ამ უბანს. სახლიდან პროკურორი ნიკო გელაძე გამოვიდა და პირდაპირ ელენესკენ დაიძრა. ელენეს ნიკო გულზე დიდად არ ეხატებოდა. მისივე ასაკის ეს ახალგაზრდა პირდაპირ პროკურორის თანამდებობაზე მოვიდა ამერიკის რომელიღაც უნივერსტეტიდან, მაგრამ საქმეს კარგად ართმევდა თავს. ისე ერკვეოდა დეტალებში, აშკარად კარგად ქონდა ათვისებული თეორიულიც და პრაქტიკული ცოდნაც. ამიტომ მასთან მუშაობა ადვილი იყო. მასზე გამოცდილ გამომძიებლებს თავისუფლებას აძლევდა, მათგან სწავლობდა და მისი მხარდაჭერის იმედიც ყოველთვის ქონდათ. ბევრი ჭორი დადიოდა ახალგაზრდა პროკურორზე. მოკლედ შეჭრილი, აჩეჩილი თმა მის მაღალ ყელს და სახეს უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თხელი სათვალე ცისფერ თვალებს უფრო მკვეთრს აჩენდა. დერეფანში ჩავლილ შარვალ-კოსტუმიან პროკურორს ბევრი ქალბატონი აციმციმებული თვალებით მიაჩერდებოდა ხოლმე.
ელენეს ახლა ნამდვილად გაეხარდა ნიკოს დანახვა. მოკლული მოხუცი პროფესორი არც ისე კარგი პერსპექტივა იყო. ამას ნარკორეალიზატორების მთელი ჯგუფის ჩახოცვა ჯობდა, კრიმინალურ გარჩევებზე ხომ აღარაფერს ამბობდა. ვის რაში ჭირდებოდა მოხუცი პროფესორი. ფული მას არ ექნებოდა და ძვირფასეულობა. წიგნებისთვის კი არავინ მოკლავდა ამ დროში. 
-	ელენე, პირადად მე გამოგიძახე, ბოდიში ამ დროს რომ მომიხდა შენი გაღვიძება, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. თითქოს რაღაც განსხვავებულია, ვიცი წინასწარ არ უნდა შევაფასო, მაგრამ ასე მგონია - მეგობრულად მიმართა ნიკომ ელენეს და სახლისკენ გაუძღვა. - მოხუცი პროფესორი იყო, სკამზეა მიბმული და წამების ნიშნებიც აქვს. დამხრჩვალია, ექსპერტები მუშაობენ. ცოტა ხანში ზუსტად გვეტყვიან. სახლიდან თითქოს არაფერი უნდა იყოს წაღებული, ან რაა წასაღები, წიგნები აწყვია ყველგან. არ ეტყობა, რამე ძვირფასი ქონოდა. ერთი აზრი მაქვს, მუშაობას რომ დაიწყებ ამ საქმეზე, ბუკინისტებშიც გაიკითხე, რამე ძვირფასი გამოცემა ხომ არ ქონდა ბატონ დავითს და მაგას შეეწირა... პროკურორმა პაუზა გააკეთა. -აგერ ბატონი ივანე მეზობელია, გვამი მან აღმოაჩინა... ნიკომ კუთხეში მიყუჟულ მოხუცს გაუღიმა და ელენეს გაშორდა.
მიცვალებული წიგნებით გადავსებული ოთახის შუაგულში სკამზე იყო მიბმული. წებოვანი ლენტით ხელები კარგად დაემაგრებინათ, წელზეც რამდენჯერმე შემოეხვიათ. გახეთქილ ტუჩთან სისხლიც შეხმობოდა. ყელზე წითელი კვალი აშკარად ეტყობოდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მოხუცი პროფესორი დამხრჩვალი იყო. სახლი თავდაყირა დაეყენებინათ, რაღაცას გამალებით ეძებდა მკვლელი.
 გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ახალგაზრდა ექსპერტს სურათების გადაღება დაემთავრებინა და ახლა გარდაცვლილს ექსპერტიზის ბიუროში გადასაყვანად ამზადებდა. 
ელენემ ივანე მაჩაბელი შეათვალიერა. მოხუცებულს თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. გამომძიებლის მზერაზე თვალები შეიმშრალა და უკითხავად დაიწყო: მეზობლები ვართ ორმოც წელზე მეტია, დათო წყნარი კაცია, პროფესორია, უნივერსტეტში ლექციებს კითხულობს, მათემატიკოსია,  ცოლის სიკვდილის შემდეგ მარტო გაზარდა ირაკლი. გზაზე დააყენა. ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ხან ის ჩამოდის, ხან ეს მიყავს თავისთან. მთელი ცხოვრება ან წიგნებს უჯდა ან ვარჯიშობდა ან თევზაობდა. მეტი ამან არაფერი იცოდა. კაცმა ამოიოხრა და თვალები მოიწმინდა. 
-ბატონო ივანე, როდის ნახეთ გარდაცვლილი? რამე ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ ბოლოს, ვინმე ხომ არ აკითხავდა, ან სადმე დადიოდა?- კითხა ელენემ და ფეხი მოინაცვლა.
- გუშინწინ საღამოს ველაპარაკე, ეზოში ყვავილებს ვსხლავდით ერთად, მერე წავედი. არაფერი უთქვამს განსაკუთრებული. გუშინ სახლში არ ვიყავი, წუხელ საღამოს მოვედი, შუქი ენთო. ღამე გამეღვიძა და შუქი კიდევ რომ დავინახე, ვიფიქრე, გავალ ამ კაცს რამე ხომ არ უჭირს-თქო. მოვედი, კარები ღია იყო და ასე დამხვდა ყველაფერი. მერე პატრულში დავრეკე.
-შვილთან როგორი ურთიერთობა ქონდა?  რას საქმიანობს ირაკლი? 
- ძალიან კარგი მამა-შვილი იყვნენ, ირაკლის ცოლ-შვილი არ ყავს და ერთი ამაზე ჩხუბობდნენ სულ. ვერ მოესწრო შვილიშვილებს ეს საცოდავი. 
გამომძიებელმა იგრძნო როგორ უჭირდა მოხუცებულს საუბარი და არჩია მოგვიანებით გაეგრძელებინა. სასწრაფოდ უნდა გაეგო რას საქმიანობდა ირაკლი გერმანიაში, მასთან ხომ არ იყო დაკავშირებული მამამისის მკვლელობა. რაც შეიძლება ჩქარა უნდა მიეწვდინა ხმა მისთვის, სანამ სხვისგან გაიგებდა და „აზრზე მოსვლას“ მოასწრებდა.
ელენემ კიდევ ერთხელ დაათვალიერა სახლი, არც ჩამტვრეული ფანჯარა, არ შეტეხილი კარები, სავარაუდოდ მკვლელს ან თვითონ გაუღო კარები, ან სათადარიგო გასაღები გამოიყენეს. ექსპერტები მუშაობას ასრულებდნენ და მიცვალებული საკაცეზე დასვენებული გამოყავდათ. ელენემაც დატოვა სახლი, პატრული გაბადაძის ნომერი ჩაინიშნა და მანქანაში ჩაჯდა. დილამდე იქნებ ცოტა რამის გარკვევა მოესწრო სანამ ჩხაიძის შვილს დაუკავშირდებოდა და დიდი ალიაქოთი დაიწყებოდა. არადა როგორ  ვერ იტანდა ასეთ საქმეებს, აერჩია სხვა პროფესია, რაღა მაინცდამაინც გამოძიება, მშვენიერი ადვოკატი დადგებოდა მისგან. ახლაც სახლში თბილად იქნებოდა საბანში გახვეული და იქნებ ვიღაც საპირისპირო სქესიც ეპოვა მუდმივობის გარანტიით. თბილი ლოგინის გახსენებაზე გააჟრჟოლა. მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. განყოფილებაში წასვლას აზრი არ აქვს. კომპიუტერი სახლშიც არის და აქაც შეიძლება მუშაობაო- ფიქრობდა ქალი და მანქანას მართავდა. 
კარები გააღო თუ არა მისმა დიდმა და პატარა ბავშვივით ბუტია პიტბულმა დაიკრუსუნა, პატრონს შეახტა და სახე აულოკა. ეს ერთგული მეგობარი  ერთი წელია ელენეს მანქანის ხმასაც კი ცნობდა და მოლოდინად ქცეული თვალებით მუდამ კარებში ხვდებოდა. 
გამომძიებელმა პირველად ძაღლი ათი წლისამ ინატრა დაბადების დღეზე. მამა დაპირდა, მაგრამ არ შეუსრულა. კიდევ რამდენჯერმე დაიწუწუნა გოგონამ, სანამ დედის გაბრაზებული პასუხი არ მიიღო  „თავი ძლივს გაგვაქ, რა დროს ძაღლიაო“, ამის მერე ხმა აღარ ამოუღია ელენეს. ბოლო დაბადების დღეს მშობლების სახლში აღნიშნავდა თავის დიდ ოჯახთან ერთად, როცა მამამ მანქანა შემოაყენა ეზოში და ელენეს დასახმარებლად დაუძახა. პირველად თვალში პატარა შავი ბურთი მოხვდა, რომელიც საბურავის უკან იმალებოდა. იმ დღის შემდეგ ტაისონმა გამომძიებლის სახლშიც დაიდო ბინა და მისი საძინებლის ბატონ-პატრონიც გახდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მუცელ გაბერილი ბურთი ასეთი ლამაზი ძაღლი დადგებოდა. ხშირად უკუთხავთ, რატომ პიტბულიო, რაზეც ელენეს ეცინებოდა „ აბა გამომძიებელ ქალს პეკინესი ხომ არ მეყოლებოდაო“. თუმცა რატომ შეარჩია მამამ ეს ჯიში თვითონაც არ იცოდა. ახლაც ტაისონი მიუძღვოდა თავისი პატარა კაბინეტისკენ, რომელშიც ორი კაცი ძლივს მოტრიალდებოდა, მაგრამ ელენესთვის საკმარისი იყო. გათბობას აუწია და კომპიუტერი ჩართო. Googl-ის საძიებო სისტემაში დავით ჩხაიძის ჩაწერისთანავე იმდენი რეზულტატი  ამოხტა, თანდართული ფოტოებით, რომ ელენემ დაუსტვინა, ეს ჩვენი პროფესორი არც თუ ისე უბრალო რიგითი პროფესორი ყოფილაო.  მათემატიკური ჯილდოების და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩამონათვალი კომპიუტერის მონიტორის მთელ გვერდს იკავებდა. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი და წარმოსადეგი მამაკაცი ჩანდა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მკვლელი არც თუ ისე უვნებელი წავიდოდა სახლიდან.
დილა ადრიან დღის შუქზე კიდევ ერთხელ უნდა დაეთვალიერებინა ელენეს სახლი და ეზო, მაგრამ წუხელ იმდენი ხალხი ირეოდა, ყველაფერი გადათელილ-გადავლილი იქნებოდა. 
უკვე კარგად გათენებული იყო,  ელენემ იქვე დადებულ პლედს ხელი რომ მოკიდა და სავარძელზევე მიიფარა. ტაისონმა იგრძნო პატრონის სითბო, მუხლებზე აახტა და თათები მოხვია. ყავის მძაფრმა სუნმა და უმნიშვნელო ფაჩუნმა მიაღწია მის ყურამდე. თვალის გახელა დაეზარა, მაგრამ კოცნას მაინც აყვა, „უფ რა კარგია ასეთი ღამის შემდეგ ეს შეგრძნება - გაიფიქრა ქალმა მაგრამ ახლა სიყვარულობის დრო არ იყო. კიდევ ცოტა ხანი და მძიმე დღე იწყებოდა. კარგია ურთიერთობები ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ როდემდე, კითხა თავის თავს და ისევ ძილი გააგრძელა.


2 თავი
დილა განყოფილებაში როგორც ყოველთვის აქეთ-იქით სირბილით იწყებოდა. ვინ სად რეკავდა, ვინ რას ყვიროდა გაგება არ შეიძლებოდა.  ელენე თავის სავარძელში მშვიდად იჯდა, ვერც კი ამჩნევდა ამ ქაოსს და შსს ბაზაში ირაკლი ჩხაიძეს ეძებდა, გერმანელებს თუ რამეში ყავდათ შემჩნეული, აქ იქნებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანდა. ბაზების კარგად გადამოწმების შემდეგ ტელეფონი აიღო და ივანეს მოცემული ნომერი აკრიბა. მეორე მხრიდან ახალგაღვიძებული ახალგაზრდა კაცის ხმა გაისმა 
-	Hallo
-	გამარჯობა. ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრები? -  ქართულად მიესალმა ელენე. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ქართულადვე უპასუხეს
- დიახ გისმენთ, ირაკლი ჩხაიძე ვარ.
- გამარჯობა, ელენე ჯაფარიძე გაწუხებთ. თბილისიდან. ძველი  თბილისის რაიონული განყოფილების გამომძიებელი. 
-მამაჩემს მოუვიდა რამე? - შეშფოთებული ხმა გაისმა ტელეფონში.
-დიახ, გარდაიცვალა... მოკლეს...მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით.
მეტს არც ირაკლი დალოდებია, ტელეფონი გაითიშა. 
ეზო ყვავილებით იყო სავსე. ხრეშიანი ბილიკი ძველი სახლის აივანზე ადიოდა. ელენე კიდევ ერთხელ ათვალიერებდა სახლს და ეზოს. ქუჩა მიყრუებული ჩიხი უფრო იყო, ვიდრე აქტიური უბანი. იქვე პატარა ჯიხურიდან ყოვლისმცოდნე ქალი დაუფარავი ინტერესით უყურებდა ელენეს. გამომძიებელი მისკენ დაიძრა.
-მე გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე ვარ - მიესალმა ქალს, მაგრამ მეტის აღარაფრის თქმა დაჭირვებია, გამყიდველს ალბათ ერთი სული ქონდა, როდის შეეკითხებოდნენ რამეს.
-ვიცი შვილო ვინც ხარ, შენ ამ საქმეს თავი დაადგი და მეტი არაფერი გვინდა. სამეზობლოში ეს ერთი ჭკვიანი კაცი გვყავდა, ან თავის ყვავილებს რწყავდა ან იმ რაღაცა ფორმულებს ჩაკირკიტობდა. ვის რა უნდოდა მისგან. იმ ბედოვლათმა ირაკლიმაც გაუმართლა, წავიდა და კარგად არის, მაგრამ რათ გინდა, 35 წლის კაცია უკვე და ცოლ-შვილს არ მოეკიდა. არ აღირსა შვილიშვილები . იმ ხელებ მოსასპობმა შეიწირა, თუ არა ისე ჯანმრთელი  იყო, მაგას რა მოკლავდა. რომ ითევზავებდა ჩემთვისაც რამე რომ არ შეეხვედრებინა, არ იქნებოდა - ქაქანობდა გამწარებული ქალი და აღარ უყურებდა უსმენდა ელენე თუ არა.
- ვინ დადიოდა  ბატონ დავითთან, ვინ იყვნენ მისი სტუმრები? დაინტერესდა გამომძიებელი. ასეთმა ხალხმა ყოველთვის ყველაზე მეტი იცოდა.
- არავინ დადიოდა, ნათესავები ცოტა ყავდა, ერთი ორი მოხუცი თუ შემოუვლიდა, ისინიც უნივერსტეტელები, ჩემთან ყიდულობდნენ ხოლმე არაყს. კაი არაყი მაქვს მე, სოფლიდან ჩამოტანილი, ქალი ხარ თუ არა ქე გაგასინჯებდი- შესთავაზა ელენეს მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო გააგრძელა - ზოგჯერ სტუდენტები აკითხავდნენ ხილმე, მაგრამ სახლში არავინ შეყავდა, რას ინახავდა ამისთანას ნეტა - გაკენწლა ქალმა გარდაცვლილი. კიდევ დიდხანს ილაპარაკა და ელენემაც უსმინა იმის იმედით, რომ რამე საინტერესო გაეგო, მაგრამ ქალი თავისი ოჯახის ამბებზე რომ გადავიდა, დაემშვიდობა და მაღაზია დატოვა.
რა გამოდის, რომ მოხუცი მარტო ცხოვრობდა, სტუმრები თავისი წრის ხალხი ყავდა ძირითადად, ცოტა ნათესავი და ერთი შვილი ირაკლი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაარკვია რა საქმითაა დაკავებული გერმანიაში, საინტერესოა რას იზამს ეს ბიჭი. ან ცხედარს ვინ მიაკითხავს... ამ ფიქრებში იყო ელენე ტელეფონის ზარმა რომ გამოაფხიზლა.
-	ელენიკო საყვარელო ექსპერტიზის ბიუროში არ მოხვალ? კი გადმოგიგზავნე განყოფილებაში საბუთები მაგრამ იქნებ შემოგევლო, შენ ბებერ ნათლიასაც ნახავდი. ელენეს გაეღიმა, მისი ბებერი ნათლია სოსო უკვე წლებია ექსპერტიზის ბიუროში პათანატომი იყო და გვამებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე სახლში. ელენე ვერ იტანდა იქ მისვლას, მაგრამ სამაგიეროდ ყოველთვის უფრო დეტალურად იცოდა ყველაფერი, ვიდრე მისმა კოლეგებმა. 
-	მოვდივარ ძია სოსო, მოვდივარ - ჩასძახა ტელეფონში და მანქანა დაქოქა. 

3 თავი
ექსპერტიზის ბიუროს ეზოში შესულ ელენეს თვალში ივანე მაჩაბელი და დავითის რამდენიმე მეზობელი დახვდა. ნებართვას ელოდნენ, რომ გარდაცლილი გადაესვენებინათ. 
პათანატომი თეთრი ხალათით და ცხვირზე დაკოფსებული სათვალით დერეფანში დახვდა ქალს.
-	საქმე  ასეა- მისალმების გარეშე დაიწყო სოსომ - ჩვენს ბატონ დავითს ბრძოლის კვალი არ ეტყობა. აი აქ მკერდთან ოდნავი სიწითლეა, მე ვფიქრობ ელექტრო შოკის წერტილებია, ამ ასაკში პატარა ტკაცუნიც ეყოფოდა. კიდევ საინტერესო ისაა, რომ სისხლში დიდი რაოდენობით დიფჰიდრამინის ჰიდროქლორიდი, რძის შაქარი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი,  პოლივინილჰიდროლიდონი და ტალკი აღმოჩნდა.  ეს ყველაფეერი კომბინაციაში ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ ტკივილგამაყუჩებელი დიმედროლია. მოკლედ ამ კაცმა სიკვდილის წინ დიდი რაოდენობით დიმედროლი მიიღო, რაც გამოიწვევდა რეაქციების სიჩქარის დაქვეითებას, მგრძნობელობის ხანმოკლე დროით დაკარგვას, თავბრუსხვევას და ტრემორს. ამიტომაც დააბეს ასე ადვილად. მაგრამ სახლში ამ ნივთიერებიანი არაფერი აღმოჩნდა. მკვლელმა ან გარეცხა, ან თან წაიღო. ისე ჯანმრთელი კაცი კი ყოფილა, ეს ამბავი რომ არა ასწლიანი იქნებოდა. ახლა დანარჩენი - თქვა სოსომ და მიცვალებულს თავზე გადახადა - ტუჩი აქვს გამსკდარი და სისხლის წვეთებია, სახეში დაარტყეს რამდენჯერმე. აი აქ თოკის კვალია, კაპრონის თოკი 1 სმ დიამეტრის, მწვანე ფერის. სიკვდილის მიზეზი ამ თოკით გამოწვეული ასფიქსიაა, გარდაცვლილია ღამის 1 და 2 საათს შორის. თოკი სახლში არ იყო, როგორც ჩანს დაელოდა სიკვდილს, მოხსნა და წაიღო. მაჯაზე წებოვანი ლენტის კვალია, რითაც მიბმული იყო სკამზე. მარჯვენა საჩვენებელი თითის ქვეშ კანის ნიმუშებია, დნმ-ზე გადავაგზავნე იქნებ გაგვიმართლოს. დანარჩენზე ვმუშაობთ, თუ რამე გამოჩნდება დაგირეკავ. - ხელები ერთმანეთს გაუსვა ექიმმა - ისე შენც გამოიარე ხოლმე, სახლში თუ არა აქ მაინც მომიკითხე. ფუმფულა ძია სოსომ ჯერ საყვედურით შეხედა ელენეს, მერე მიცვალებულს მეგობრულად ჩამოართვა ხელი, მომიკითხე იქითა სამყაროო და ელვა შესაკრავი შეკრა. 
ელენე ალბათ ვერასდროს შეეგუებოდა ამ სუნს, ახლაც ერთი სული ქონდა როდის გამოიქცეოდა ექსპერტიზის ბიუროდან. უნივერსტეტშიც მისასვლელი იყო, ისიც აინტერესებდა, ირაკლი როდის ჩამოვიდოდა, ან ჩამოვიდოდა თუ არა. გერმანელები არაფერს იტყობინებოდნენ ამ ბიჭზე. 
- ახლა დროა დამხმარე დამინიშნოს ბატონმა ნიკომ, თუ არა აქეთ-იქით ამდენი სირბილი აღარ შემიძლია, თან უძილარზე ტვინი სულ აღარ მუშაობს- ბურტყუნობდა გამომძიებელი და თან მანქანას მართავდა. - ამ სიცივეში როგორია ცალკე გასვენება-სამძიმარზე სირბილი, ცალკე ბუკინისტებში და კიდევ ვინ იცის სად ჯანდაბაში. ისეთი  ვინმე მჭირდება ვინც უბანსაც კარგად იცნობს და დამნაშავეთა წრესაც, ბატონი დავითის გასვენებაშიც წავიდეს, ასეთ დროს რას არ იტყვის ხოლმე ხალხი. გაბადაძე, პატრული გაბადაძე - ხმამაღლა წამოიძახა ელენემ და მანქანა უახლოეს მოსახვევში შეიყვანა.

4 თავი
ჯინსის შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი გაბადაძე აქეთ-იქით დაბორიალობდა ეზოში და ხან რომელ ჯგუფს მიეკედლებოდა და ხან რომელს. ძირითადად ასაკიანი ხალხი ირეოდა სახლშიც და ეზოშიც. თუმცა აქა-იქ სტუდენტებიც ჩანდნენ. საინტერესოს არაფერს ამბობდნენ, ერთი და იგივეს ვიშვიშებდა ყველა. ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა და ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. მაღალი, ფართო მხრებით და გრძელი ფეხებით სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი. გაბადაძე უკან გაყვა, ეზოში მეზობლების ჩურჩული გაისმა, ირაკლი ჩამოვიდაო. პილიციელმა სასწრაფოდ შეტყობინება გაგზავნა გამომძიებელთან „შვილი ჩამოვიდა“.
შეტყობინება რომ მიიღო, ელენე ჩქარი ნაბიჯებით დიდი „აიტიშნიკებისკენ“ გარბოდა. ირაკლი მოიცდიდა, ჯერ კაცს მამა ყავდა დასატირებელი. აი იმ ოთახში კი სადაც ბევრ თანამედროვე  ტექნიკას მოეყარა თავი და ნახევრის დანიშნულებას გამომძიებელი ვერც კი ხვდებოდა, საინტერესო რაღაც ელოდა.
-	აბა რა ხდება?- იკითხა ელენემ და იქვე ტახტზე მიესვენა.
-	ხოოო - შემობრუნდა სათვალიანი საბა- დაქტილოსკოპიურმა ანალიზმა არაფერი მოგვცა. მთელი ღამე ვადარებდი თითის ანაბეჭდებს ბაზაში არსებულს, მაგრამ ვერაფერი ვნახე. მოკლულის კომპიუტერს ვამოწმებ, ძირითადად სტუდენტებთან და უცხოელ კოლეგებთან მიმოწერაა. ორი საინტერესო „მაილი“ იკვეთება, როგორც ჩანს, რომელიღაც წიგნის იშვიათ გამოცემაზეა ლაპარაკი. ბატონი დავითი ცდილობდა ეყიდა. ინტერნეტ მისამართი შვეიცარიაშია დაფიქსირებული, მაგრამ არ ჩანს საბოლოოდ როგორ დასრულდა მოლაპარაკება. საბანკო ანგარიშებს და გადარიცხვებს ამოწმებენ ბიჭები. აქაც ან შვილის ჩარიცხვებია, ან ხელფასის. ასევე კომუნალირი გადახდები.  თუ შეიძინა რამე, ბანკით არ გადაუხდია. ანგარიშსწორება ხელზე მოხდა. სატელეფონო საუბრებშიც არაფერია განსაკუთრებული. ერთი ნომერი ფიგურირებს,  ვინმე „ ბუკინისტი“ რომელთანაც ბოლო რამდენიმე კვირაა ხშირი ზარებია. რომ იცოდე ნომერი ვის ეკუთვნის... წინ დიდი მოულოდნელობა გელით ქალბატონო ელენე. აი საუბრების ამონაწერიც - გაიცინა საბამ და რამდენიმე ფურცლიანი შეკვრა მიაწოდა.
-	საბა იქნებ შვეიცარიელზე გახვიდე, თუ არადა მერე ოფიციალურად მივწერ, მაგრამ ხომ იცი მაგ ქვეყნის ამბავი, ჯერ დროში გაწელავენ, მერე თუ მათ ქვეყანაშია, ბოლომდე დაფარავენ. მაგათი ნეიტრალიტეტი მუდმივი პრობლემაა. 
-	ვიცი და ვცდილობ - მოკლედ უპასუხა საბამ და ისევ მონიტორს მიაშტერდა. 
„ ამიტომაც გიკეთია მაგხელა სათვალე, მაგას რომ არ აშორებ თვალს“ ფიქრობდა ელენე და დერეფანში მიაბიჯებდა. თან საბას გამოტანებულ ფურცლებს ათვალიერებდა. 
-	როგორ იცის ხოლმე ამ ბიჭმა ინტრიგის ჩაგდება, ნახევრად გაგიკეთებს საქმეს - ჩაიბურდღუნა უკმაყოფილო გამომძიებელმა.
-	ქალბატონო ელენე - მოესმა ზურგიდან და პროკურორი აესვეტა წინ.
-	ააა ბატონო ნიკო თქვენ ბრძანდებით? როგორ ხარ? - მოიკითხა პატარა ბიჭივით გაჯგიმული გელაძე.
-	კარგად, კარგად. ისეთი სახე გქონდა, ვიფიქრე საინტერესო რამეა-თქო  და ვეღარ მოვითმინე რომ არ მეკითხა.   
-	ხო ეს საბა ხომ იცით როგორია, მორიგი ინტრიგა ჩამიგდო. ვიღაც „ბუკინისტის“ და ჩხაიძის საუბრის ამონაწერი მომცა. არ მითხრა ვინაა, შენით ნახეო. ხოდა სხვა გზა არაა, უნდა მივუჯდე ჩემს ჯართს და ვიქექო ბაზებში. 
-	წამოდი დაგეხმარები მაგ ქექვაში - თმაზე ხელი გადაისვა ნიკომ - ისე გაბადაძე სადაა, საქმე მაქვს მაგასთან.
-	გამოჩნდება, რაღაცებს არკვევს, ვეტყვი რომ ეძებ - ელენემ თავის სამუშაო მაგიდასთნ ადგილი დაიკავა და ე.წ. „ ბუკინისტის“ ძებნას შეუდგა.
-	ოჰოოო - შეხედა თავზე დამდგარ პროკურორს- ნახე ჩვენი „ბუკინისტი“ ვინაა, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ლუკა დგვარელი - მონიტორზე მიუთითა ნიკოს.
-	საინტერესოა... - სათვალე შეისწორა კაცმა - ამას ასე ადვილად ვერ მივადგებით, რა საქმე გქონდა დავით ჩხაიძესთან-თქო. შეგვჭამენ მაგის ადვოკატები... ერთ წამს ჩაფიქრდა - მოდი ასე ვქნათ ელენე, საღამოს შენ და გაბადაძეს გელოდებით ჩემთან, ვილაპარაკოთ, მანამდე მე საქმეს მივხედავ - დაუბარა გამომძიებელს და დერეფანში მიმავალმა თანამშრომელი ქალების მზერა გაიყოლა. 


5 თავი
-	მოკლედ შევაჯამოთ რა გვაქვს და რას ვაპირებთ - დაბალი ხმით თქვა ნიკომ და ინტერესით მიაჩერდა გამომძიებელს და მის ახლანდელ დამხმარეს.
-	დავიწყოთ თავიდან, გარდაცვლილია 65 წლის დავით ჩხაიძე, მათემატიკის პროფესორი. მარტოხელა.  ყავს შვილი ირაკლი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და როგორც ბატონი ზურა გაბადაძე ამბობს, დღეს ჩამოვიდა. ჯერ არ გავსაუბრებივარ. - ელენემ ამოისუნთქა - მიცვალებულის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის დადგომის დრო ღამის 1 და 2 საათს შორისაა. დაქტილოსკოპური ანალიზით ჯერ არაფერია. დნმ-ს ველოდებით, მაგრამ ბევრის არაფრის იმედი მაქვს. საბანკო ანგარიშებშიც არაფერია საეჭვო, ძირითადად შვილის ან ხელფასის ჩარიცხვებია. მისი კომპიუტერი უფრო საინტერესო გამოდგა, საზღვარგარეთ, კერძოდ შვეიცარიაში რეგისტრირებულ მისამართთან აწარმოებდა მიმოწერას რაღაც იშვიათი წიგნის ყიდვის თაობაზე. თუმცა რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება უცნობია. კიდევ უფრო საინტერესო მის ტელეფონში აღმოჩენილი ვინმე „ბუკინისტია“, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ლუკა დგვარელი აღმოჩნდა. 
-	ვიიინ? - გაკვირვებულმა იკითხა გაბადაძემ.
-	ლუკა დგვარელი, რომელიც თუ წიგნებით არის გატაცებული ფული არ გაუჭირდებოდა რამის შესაძენად და თუ არ გაყიდდნენ, არც იმისთვის, რომ მძარცველი ან მკვლელი დაექირავებინა. მაგრამ საინტერესო ისაა, რა წიგნზეა საუბარი. მიიღო ბატონმა დგვარელმა რაც უნდოდა თუ არა. 
კაბინეტში რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. 
-	ჩხაიძეებთან რა ხდება? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ
-	არაფერია საინტერესო - საუბარში ჩაერთო გაბადაძე - ყველა ერთი და იგივეს იმეორებს, კარგი კაცი იყოო, ეს რა დაემართაო. შვილიც არ ჩანს ცუდი ბიჭი. ძალიან განიცდის მამის სიკვდილს. დადის, დაბორიალობს აქეთ-იქით. ამბობენ, მანქანების რომელიღაც ქარხანაში მუშაობს ინჟინრადო. მამამისმა ყველაფერი გააკეთა გერმანიაში რომ გაეშვა სასწავლებლად და გაუმართლაო.
-	რაც შეიძლება მალე უნდა დაველაპარაკოთ ირაკლის, დგვარელიც საინტერესოა, მაგრამ მაგას მე მივხედავ.  შენთან ერთი თხოვნა მაქვს ზურა - მიუბრუნდა პროკურორი პოლიციელს - რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ქალბატონი იყო, განცხადება დატოვა. აი - მიაწოდა ფურცელი ბიჭს - მდიდარი მეზობელი ავიწროვებს, თუ შეიძლება ესტუმრე, გაესაუბრე, გაიგე რა ხდება.
-	სიამოვნებით - გამოართვა განცხადება გაბადაძემ- ხვალვე მივხედავ ამ საქმეს, გავარკვევ ყველაფერს და გეტყვით
-	ძალიან კარგი. ახლა ორივე სახლში წაბრძანდით, ხვალ გამოძინებული მჭირდებით... -დაამთავრა ნიკომ და საბუთებს მიუბრუნდა, რაც აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა.
საღამოს ტაისონთან ერთად ტახტზე წამოწოლილი ელენე საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა, სიუჟეტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. ჟურნალისტი უცნობ წყაროზე დაყრდნობით ყვებოდა, რომ პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობაში შეიძლება ცნობილი ბიზნესმენი ლუკა დგვარელი ყოფილიყო გარეული.
-	ესეც ასე - მიუბრუნდა ტაისონს ელენე- ახლა ვნახოთ რას იზამს ბატონი დგვარელი, იქნებ რამე გამოჩნდეს. ძაღლმაც თავი დაუქნია „ხო საინტერესოაო“ და ძილი გააგრძელა. ქალმა ტელევიზორი გამორთო და საწოლში მყოფ მამაკაცს გვერდით მიუწვა.

6 თავი
-	იკითხება მოქალაქე ირაკლი ჩხაიძე, საქმე N …  პიროვნებას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. გაფრთხილებულია ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, ცრუ ჩვენების მიცემისთვის და განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის საქართველოს სსკ 370-ე 3711 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. 
-	ირაკლი რას საქმიანობთ ამჟამად და რა ნათესაური კავშირი გაქვთ გარდაცვლილთან?
-	ვცხოვრობ გერმანიაში. ქ. მიუნხენში და ვმუშაობ ავტოქარხანაში ინჟინრად. გერმანიაში ვცხოვრობ უკვე 10 წელზე მეტია. დავით ჩხაიძე მამაჩემია. მათემატიკის პროფესორი. თითქმის ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი მამას. წელიწადში ერთხელ - ორჯერ ან ის ჩამოდის ჩემთან , ან მე ჩამოვდიოდი მასთან. როცა საქართველოში ვიყავი, მასთან ვცხოვრობდი, თუმცა მაქვს ჩემთვის ცალკე ბინა, მაგრამ გაქირავებულია და ბინის ქირას მამა იღებდა. მეც ვეხმარებოდი, მაგრამ იშვიათად. ბინის ქირა და თავისი შემოსავალი მეტ-ნაკლებად ყოფნიდა. ძირითდად თავის კოლეგებთან ერთად სათევზაოდ დადიოდა, ვარჯიშობდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობის არ მეშინოდა. დედა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მამამ მარტო გამზარდა. 
-	ბოლოს როდის ელაპარაკეთ მამას?
-	გარდაცვალების წინა დღეს. იმ დღესაც ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა და ვიფიქრე, ტელეფონი ისევ სადღაც დარჩა-თქო. მერე „მაილი“ გავუგზავნე, ამას მაინც ნახავდა. ტელეფონს ვერ მიეჩვია, ხან სად რჩებოდა და ხან სად. არ გამკვირვებია. 
-	რამდენად ხშირად იწერდა მამა საზღვარგარეთიდან წიგნებს და თუ აქვს იშვიათი გამოცემები?
-	სისტემატურად, ის თავისუფლად საუბრობდა გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. ამიტომ უცხოენოვან წიგნებს ყოველთვის ყიდულობდა. მათ შორის იშვიათი გამოცემებიც აქვს. ხშირად მე ვყიდულობდი და ვუგზავნიდი.
-	მის ელექტრონულ ფოსტაში მიმოწერა ვნახეთ წიგნის თაობაზე, შვეიცარიიდან ყიდულობდა რამეს?
-	დიახ, შვეიცარიაში მამამ მიაგნო ერთ გერმანელს, რომელსაც აღმოაჩნდა ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული წიგნი „ თავისუფალი სვანეთი“. ეგნატე გაბლიანი სვანურ ფოლკლორზე მუშაობდა და სულ  3 წიგნი აქვს გამოცემული. 1921-1924 წლებში სვანეთში რუსების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1937 წელს დახვრიტეს. მისი შვილი, გივი, მამამ ამერიკაში გაიცნო. ექიმია და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ტყვედ ჩავარდა, ქართველმა ემიგრაციამ გამოიხსნა. რადგან გერმანელებთან  ტყვეობაში მყოფები სტალინის ბრძანებით მოღალატედ ითვლებოდნენ, ქართველთა რიგებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელების მხარეზე იბრძოდნენ. 1943 წელს გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ „თამარა II“  ხელმძღვანელად დაინიშნა.ეს დანაყოფი გერმანელებს უნდა შემოყოლოდა საქართველოში და საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ქვეყნის დაცვა აეღო თავის თავზე. გერმანიის მარცხმა გეგმები შეუცვალა და ამერიკაში წავიდა, სადაც მამამ გაიცნო კიდეც. გივისგან გაიგო მამამ ამ წიგნის შესახებ. მართალია ეს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის, მაგრამ კერძო კოლექციებში იშვიათია. შემთხვევით ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიღაცისგან გაიგო ამ წიგნის შვეიცარიაში ყოფნის შესახებ და აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას მფლობელთან. საბოლოოდ წიგნი მე ვუყიდე და გამოვუგზავნე მამას. ძალიან ბედნიერი იყო.
-	ვინმე იყო კიდევ ამ წიგნით დაინტერესებული?
-	არ ვიცი, თუმცა ამ გამოცემის ქონაზე არც ერთი კოლექციონერი იტყოდა უარს. 
-	ახლა სად არის ეს წიგნი?
-	არ ვიცი, მაგისთვის ნამდვილად არ მომიცლია მამის ნივთები მენახა. მამა იმდენ წიგნს ყიდულობდა, ზოგს ცვლიდა, წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერზე. 
-	ეს წიგნი თავისთვის უნდოდა თუ ვინმესთვის მისაცემად? ან გასაყიდად ან გასაჩუქებლად?
-	ეს თავისთვის უნდოდა. ზოგჯერ ორ-სამ ეგზემპლარს ყიდულობდა ხოლმე, მათ ცვლიდა მაგრამ ეს თავისთვის უნდოდა. 
-	ლუკა დგვარელის სახელი გაუბნება რამეს?
-	არა, ასეთი არავინ გამიგონია. არ უხსენებია მამას, მას ბევრ ხალხთან ქონდა ურთიერთობა, ყველას მგონი თვითონაც ვერ იმახსოვრება.
-	ბოლო საუბარს როგორ გაიხსენებდით, რამის ხომ არ ეშინოდა, რამეს ხომ არ ელოდებოდა, რას ამბობდა?
-	განსაკუთრებული არაფერი, ჩემთან უნდა ჩამოსულიყო და ამას ვგეგმავდით. მეტი არაფერი.
-	მადლობა, შეიძლება კიდევ გაგვიჩნდეს კითხვები
-	როცა გინდათ დამირეკეთ, მე ალბათ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები აქ.


7 თავი
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ელენე ამ შენობაში აღარ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ეგონა. უნოივერსტეტის ეს თეთრი კედლები, ქვის იატაკი და ამდენი სტუდენტის ნაბიჯებისგან გაცვეთილი კიბეები ყველაში, და მათ შორის ელენეშიც, პატივისცემის გრძნობას აღძრავდა. წლების მანძილზე არაფერი იცვლებოდა. სტუდენტები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცილინდრიანი და ჰალსტუხიანი ლექტორები ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ უნივერსტეტი მაინც ის იყო, რასაც არაფერი შეცვლიდა. გამომძიებელმა თავი ისევ პატარა გოგოდ იგრძნო, თითქოს ახლაც ლექციაზე გარბოდა. ერთი წამით შეჩერდა, მერე იქვე მდგომ საინფორმაციო დაფას შეხედა, მათემატიკის კათედრა მოძებნა  და მესამე სართულისკენ აუყვა გაცვეთილ კიბეებს. ელენემ კარებზე მორიდებულად დააკაკუნა და სულ ცოტათი შეაღო. რამდენიმე სათვალიანმა და უსათვალო თვალმა ერთდროულად შეხედა ქალს, გამომძიებელი დაიბნა, თითქოს გამოცდაზე იყო და ეს სახეები მის პასუხს ელოდნენ. წამის შემდეგ თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ქამრიდან მოწმობა მოიხსნა.
-	გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე, დავით ჩხაიძის სიკვდილთან დაკავშირებით მოვედი, ვის შეიძლება გავესაუბრო?
ოთახის ბოლოს მსხდომი ორი კაციდან ერთი მაშინვე წამოდგა, ჰალსტუხი შეისწორა და ელენესკენ დაიძრა.
-	მობრძანდით, პროფესორი გიორგი ჯუღელი- ხელი გაუწოდა გასაცნობად ელენეს კაცმა.
-	გამარჯობა, ბატონ დავითთან დაკავშირებით მინდოდა გასაუბრება, ასევე მისი სამუშაო მაგიდის დათვალიერება.
-	სამუშაო მაგიდა აქაა - მიუთითა მამაკაცმა ოთახში მდგარ თავისუფალ მაგიდაზე - ხელი არაფრისთვის გვიხლია, როგორც დატოვა ისეა ყველაფერი. თუ გნებავთ ნახეთ, მე გვერდით კაბინეტში ვიქნები და იქ დაგელოდებით.
ელენემ მადლობა გადაუხადა კაცს და მაგიდისკენ დაიძრა. ოთახში მყოფთ დაძაბულობა ეტყობოდათ, თვალყურს ადევნებდნენ მის მოძრაობას მაგრამ არაფერს ამბობდნენ და არც იმჩნევდნენ. სახლის კაბინეტისგან განსხვავებით ჩხაიძის სამუშაო მაგიდა დალაგებული იყო, ან თვითონ აწესრიგებდა, ან ვინმე ზრუნავდა მისი მაგიდის სისუფთავეზე. უჯრებს საკეტი არ ქონდა, ამიტომ ელენემ თვისუფლად გამოაღო თითოეული და დათვალიერებას შეუდგა. რამდენიმე წიგნი და სტუდენტების ნაწერები ეწყო უჯრებში, როგორც ჩანს პროფესორი აქ მხოლოდ უნივერსტეტის საქმეებს აგვარებდა. 
უკვე მაგიდის დათვალიერებას ამთვრებდა, რომ თვალში ვარდისფერი ბარათი მოხვდა. გამომძებელმა ინტერესით შეათვალიერა ფურცელი, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა მკაცრი მამაკაცური ნივთებისგან. „ 14 დეკემბერს 20:00 რესტორან დავითში“ ეწერა ბარათზე. „ საინტერესოა“-გაიფიქრა ელენემ „ ოფიციალური ღონისძიების მოსაწვევი არ არის, არადა რამდენიმე კვირაა მას შემდეგ გასული, პროფესორმაც არ გადააგდო, როგორც ჩანს მისთვის ძვირფასი იყო“. გამომძიებელმა ფურცელი შუმჩნევლად ჩადო პატარა პაკეტში და ჯიბეში ჩაიდო. ოთახი დატოვა და გვერდით კაბინეტის კარზე დააკაკუნა. 
-მობრძანდით - მაშიმვე გაისმა ოთახიდან და ჯუღელის გაღიმებული სახე გამოჩნა. - გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ელენე თავს უხერულად გრძნობდა, აქ ის ადგილი არ იყო, სადაც გამომძიებელს  თვისი საქმე უნდა შეესრულებინა, მაგრამ საჭიროება მოოითხოვდა. სკამზე ჩამოჯდა და პროფესორს მორიდებით შეხედა.
-	ბატონო გიორგი როგორი თანამშრომელი იყო დავით ჩხაიძე? როგორც თავისი საქმის მცოდნე და როგორც კოლეგა?
-	როგორც მათემატიკოსი ბრწყინვალე იყო, დიდი ხანია არ ყოლია ჩვენს ქვეყანას ასეთი ძლიერი პროფესიონალი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული. როგორც კოლეგა, ვერ გეტყვით რომ რთული იყო, პრობლემას არაფერზე ქმნიდა, რამდენიმე ბიჭი ვმეგობრობდით მასთნ, მაგრამ ჩვენი მეგობრობაც თევზაობით და პოლიტიკა- ეკონომიკაზე საუბრით შემოიფარგლებოდა. თავის პრობლემებზე არასდროს საუბრობდა, ძირითადად სახლში იყო და იქ მუშაობდა. 
-	სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ქონდა? მისით უკმაყოფილოები თუ იყვნენ? ხომ არ უჩიოდნენ?
ჯუღელს გაეცინა - ქალბატონო ელენე, თქვენ ყველა ლექტორი გიყვარდათ?
-	არა- გაეცინა ელენესაც.
-	ასე არ უყვარდათ დავით ჩხაიძეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალბათობის თეორიას ასწავლიდა. არადა ამ საკითხის მცოდნე აინშტაინის შემდეგ მხოლოდ ეს იყო. ზოგი მის სიმკაცრეზე ჩიოდა, ზოგი რაზე და ზოგი რაზე, მაგრამ უსამართლოდ ვინმე დაეჩაგროს, ასეთი არასოდეს მსმენია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასე სასტიკად ჩვენმა რომელიმე სტუდენტმა მოკლა. ჯუღელმა თავი დანანებით გაიქნია და შუბლი მოიწმინდა. ეტყობოდა, რომ ეძნელებოდა ლაპარაკი და თავს ძლივს ერეოდა.
-	შეგიძლიათ მითხრათ, 14 დეკემბერს 20 საათზე რამე ღონისძიება თუ იყო დანიშნული? ისეთი სადაც დავით ჩხაიძე იქნებოდა მიწვეული.
-	ერთი წუთით - ჯუღელი ტელეფონს დაწვდა - მანანა ძვირფასო გიორგი ჯუღელი ვარ, როგორ ხარ?.. მეც კარგად, ბოდიში გაწუხებ, 14 დეკემბერს 20 საათზე რამე ღონისძიება იყო? ან ჩვენიდან ვინმე დაპატიჟეს? ... მადლობა ... არა მეტი არაფერი მინდა მადლობა... - საუბარი დაასრულა პროფესორმა და ელენეს მიუბრუნდა - ქალბატონო ელენე, არაფერი ყოფილა უნივერსტეტში, დავითი თუ იყო დაპატიჟებული, შეიძლება კერძო მოწვევა ქონდა, დოდოს ეცოდინება, ერთი წუთით დამელოდე.  ჯუღელი ადგა და მალევე პატარა გაპრანჭული ქალის თანხლებით დაბრუნდა.
-	დოდო გაიცანი გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე,რითაც შეგიძლია დაეხმარე.
-	 სიამოვნებით- გაინაზა დოდო. ის იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, ვინც ყველაფერი იცის და არც ლაპარაკზე ამბობს უარს. ჯუღელმა კაბინეტი დატოვა და გამომძიებელი პირისპირ დარჩა ქალის წინ.
-	ქალბატონო დოდო, ბატონ დავითთან დიდ დროს ატარებდით? როგორი კოლეგა და ადამიანი იყო?- შესავალი გააკეთა ელენემ.
-	კი ძალიან დიდ  დროს, მე ვეხმარებოდი ყველაფერში, დათოს არ უყვარდა ფურცლები და მთელი მისი საქმეები მე მქონდა აღებული, ასეთ ადამიანთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა.
-	თქვენთვის დამღლელი არ იყო ამდენი საქმის შეთავსება?
ქალი სკამზე შესწორდა, სახეზე სიწითლემ გადაუარა, კაბა  შეისწორა და ისე უპასუხა : არა მე ყველაფერს ადვილად ვუმკლავდებოდი.
ელენემ ქალის სახის ცვლილება თვალის ერთი შევლებით შეაფასა და ჯიბიდან ვარდისფერი ფურცელი ამოაცურა. 
- ხომ არ იცით ეს ფურცელიი ვინ გაუგზავნა ბატონ დავითს?
დოდო წამოენთო, ხელი აიქნია, ფეხზე წამოხტა და თავშეუკავებლად აყვირდა : ეს იმ ქალბატონის გამოგზავნილია, იმ ქერა ალქაჯის.
ელენე ასეთ რეაქციას არ ელოდა, შეიძლებოდა დოდოს კიდევ ბევრი საინტერესო რამე ეთქვა, ამიტომ მშვიდად ჩაეკითხა: ვინ ქერასი ქალბატონო დოდო?
-	აი იმის ქიმიის პროფესორის, როდემდე უნდა ეწვალებინა ეს კაცი, ქვრივი ქალი რომ პაემნებს დაიწყებს, სირცხვილია, ხომ ასეა ქალბატონო ელენე?
-	რა თქმა უნდა - დაეთანხმა გამომძიებელი - რა ქვია მაგ ქვრივს? დიდი ხანი ხვდებოდნენ?
-	ნინო ქვია, ნინო აბაშიძე, ქიმიის პროფესორია, არ ვიცი რამდენი ხანი ხვდებოდნენ, მე სამი წლის წინ გავიგე, ბატონ გიორგისაც ვუთხარი, ჯუღელს, სირცხვილია დაელაპარაკე დათოს-თქო. ასე მითხა, ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მე არ მეხებაო. არადა როგორია ქალბატონო ელენე, ორი პროფესორი ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს. ზრდილობა, ეთიკა სადაა - ყვიროდა ქალი და ოთახში ჩქარი ნაბიჯით გადი-გამოდიოდა. უცებ მაპატიეთო დაიძახა და ტირილით გავარდა ოთახიდან. ელენემ მხრები აიჩეჩა „ რას არ გაიგებს ადამიანიო“ და დერეფანს გაუყვა.

******* 
ქიმიის პროფესორი ქალბატონი ნინო უნივერსტეტიდან წასული დახვდა, ამიტომ ელენემ დაურეკა და შეხვედრა მეორე დღისთვის დაუნიშნა. საინტერესო იყო გამომძიებლისთვის სასიყვარულო სამკუთხედი, რომლის შესახებ ჩხაიძის შვილმა ან არაფერი იცოდა, ან მალავდა. ფაქტია, ქალბატონი დოდო გულგრილი არ იყო ჩხაიძის მიმართ, მაგრამ მკვლელს ნამდვილად არ გავდა, თან ასეთი სისასტიკით მკვლელობის ჩამდენს.
მეორე დილით სანიმუშო სტუდენტივით ათი წუთით ადრე მივიდა ელენე ნინო აბაშიძესთან შესახვედრად. არ გაკვირვებია, როცა კაბინეტიდან საშუალო ასაკის ძალიან ლამაზი ქალი გამოვიდა. ქერა თმით და შარვალ-კოსტუმით პროფესორი ყურადღებას მაშინვე იქცევდა. ელენეს გულღიად გაუღიმა და კაბინეტში შეიპატიჟა.
-	ქალბატონო ელენე ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ? სამწუხაროდ სხვა არაფერი მაქვს რომ შემოგთავაზოთ.- კითხა ქალმა და კაბინეტის მეორე ბოლოში მდგარი კარადისკენ გადაინაცვლა.
-	ყავა თუ შეიძლება - ელენე ყავის ცდუნებას ალბათ ვერასდროს გაუძლებდა.
-	თუ ყავის მოყვარული ბრძნდებით, შეძლება ითქვას, რომ გაგიმართლათ, ჩემი ძველი სტუდენტი ჩამოვიდა ესპანეთიდან, ძალიან კარგი ყავა ჩამომიტანა. ლაპარაკობდა ქალი და იღიმებოდა. ელენეს ყოველთვის ეშინოდა ასეთი მოსაუბრეების, რომლებიც ერთი შეხედვით უდანაშაულოს ეფექტს ქმნიდნენ.
-	ქალბატონო ელენე, ვიცი რისთვისაც მობრძანდით, გელოდებოდით კიდეც - სკამზე ჩამოჯდა ქალი და ცხელი ფინჯნები პატარა მაგიდაზე დააწყო - დავით ჩხაიძის სიკვდილს იძიებთ. მე და დათო ათი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ამას არც ვმალავდით მაგრამ არც ვსაუბრობდით ამის შესახებ. ის ქვრივი იყო, მეც დიდი ხნის წინ დამეღუპა ქმარი. აქ ჩვენი ამბავი ყველამ იცის, მაგრამ თვალში არავის მოვხვედრივართ, პატარები ხომ არ ვართ ვნებები ვერ შეგვეკავებინა. 
ელენე ასეთ დასაწყისს არ ელოდა, მხოლოდ ის დარჩენოდა სურნელოვანი ყავით დამტკბარიყო და მშვიდად ესაუბრა ქალთან.
-	შვილები გყავთ ქალბატონო ნინო? - დაინტერესდა ელენე.
-	კი ერთი გოგო მყავს, სტუდენტი. ის იცნობდა დათოს, მგონი ხვდებოდა კიდეც რაღაცას მაგრამ ამაზე არასდროს გვილაპარაკია. ირაკლიმ არაფერი იცის, მამამისს არაფერი უთქვამს, შორს ცხოვრობს და ისე ვერ გაიგებდა.
-	ვარდისფერი ბარათი თქვენ გაუგზავნეთ? - ელენემ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა. ქალს გაეღიმა.
-	ჩემი დაბადების დღე იყო და იმის აღნიშვნა გვინდოდა.
-	თქვენ ალბათ ყველაზე კარგად იცნობდით, რა აზრი გაქვთ, რა შეიძლება მომხდარიყო?
-	სრული შოკი მივიღე, არ ვიცი რა მოხდა, ერთი ჩვეულებრივი პროფესორი იყო, არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალი, ჩვენი პროფესიის ხალხი ასე არ კვდება, ფული ჩვენ არ გვაქვს და ძალაუფლება.
-	წიგნების გაცვლა-გამოცვლა-გაყიდვაზე რას მეტყვით?
-	მაგით დათო გატაცებული იყო. ბევრი იშვიათი და განსაკუთრებული გამოცემა ქონდა. მთელ მსოფლიოში ეძებდა რაღაცებს. მეც მაჩუქა რამდენიმე, მაგრამ, ეს წიგნები იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, უკან დავუბრუნე, მხოლოდ ორი დამიტოვა, რომ გაგიჭირდეს გაყიდი და მოიხმარო.
-	სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ქონდა?
-	ვერ გეტყვი რომ ყველას უყვარდა. ჩვენ ორივე ისეთ საგნებს ვასწავლით, არ შეიძლება ყველას ვუყვარდეთ, მაგრამ ბოლომდე გვერდში ედგა ხოლმე მათ და ზოგჯერ ისე ეხმარებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ. მისგან ნაწყენი სტუდენტი არ წასულა.
-	ქალბატონო ნინო, ვისაც ვესაუბრები, დავით ჩხაიძეს ყველა იდეალურ მეგობრად, თანამშრომლად და ადამიანად ახასიათებს, უპრობლემოს და უმტროს. მაგრამ ფაქტი სხვა რამეა, ვიღაცამ ეს სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტა.
-	კი მართალი ხარ - ხმა ჩაუწყდა ქალს - ახლა მგონია, სხვის სიკვდილზე ვლაპარაკობთ, ასეთ დასასრულს ვერც კი ვიფიქრებდი.
-	ბოლო პერიოდში ვინმე ხომ არ უხსენებია უცხო, ან ნაცნობი, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდა? ან რამე საქმიანი ურთუერთობა ქონდა? ისე ჩვეულებრივი საუბრისას?
პროფესორი ჩაფიქრდა : ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე, ხშირას გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთ სფეროში, ერთ უნივერსტეტში ვმუშაობდით და ამას ვერ ავცდებოდით, მაგრამ არ უთქვამს არცერთ სტუდენტზე ცუდი. დაახლოებით ერთი თვის წინ ბიჭი შეგვეჩეხა ქუჩაში და მასზე თქვა, არ მომწონსო. ძალიან გამიკვირდა, ვიღაცას მოუსწავლებია ჩემზე კონსულტაციის გასაწევად, ორჯერ იყო მოსული, მაგრამ ვერ გავიგე იცის საერთოდ მათემატიკა თუ ისეთი გენიოსია მე ვერ ვუგებო. უცნაურად იქცევა, უცნაურ კითხვებს მისვამსო, ყველგან მეჩეხება თვალშიო.
-	ვინ იყო სახელი არ უთქვამს? ან კონკრეტულად რას ეკითხებოდა?
-	მაგდენი არ ვიცი, ირაკლისთან წასასვლელად ემზადებოდა და ამაზე ვსაუბრობდით. ალექსანდრე ქვიაო, ასე მითხრა. მე უცნაური ვერაფერი შევამჩნიე, ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. ვიფიქრე, ვიღაც ზედმეტად დაინტერესდა ალბათ პროფესორის ცხოვრებით-თქო.
-	მეტი აღარ გამოჩენილა? რამდენიჯერ შეხვდა სულ?
-	ორჯერ-სამჯერ ალბათ. ერთხელ სახლში მიუკითხია, უნივერსტეტში მითხრეს მისამართიო. ძალიან გამიკვირდა, სახლში დათო არავის იღებდა. ადრე კერძო მოსწავლეები ყავდა, მაგრამ წლები გავიდა მის შემდეგ. მეც სულ რამდენჯერმე ვარ იმ სახლში ნამყოფი. ის მისი ციხე-სიმაგრე იყო. 
-	ქალბატონო ნინო, თუ რამე გაგახსენდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინვე დამირეკეთ, ყველაფერი უნდა გადავამოწმო - ელენემ ჯიბიდან ბარათი ამოიღო - და კიდევ , ვეცდები თქვენი სახელი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ შეიძლება თავიდან ვერ ავიცილო და ოფიციალურად მომიწიოს თქვენი დაკითხა.
-	მადლობა, თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა.
-	ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამთ და მეტს აღარ მოგაცდენთ, თქვენც სტუდენტები გელოდებიან. ქალბატონ დოდოზე რას მეტყვით? ჩხაიძის დამხმარეზე.  ნინოს გაეცინა, თავი ჩაღუნა და რამდენიმე წამი ფიქრობდა. 
-	მე გამიმართლა, მას არა. მე ასეთი კაცი მყავდა გვერდით ბოლო ათი წელი და ცოტა მეტიც. კაცი, რომელიც ყველა პრობლემას მიგვარებდა, ყველა ტკივილს მავიწყებდა, ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო ისიც არ ვიცი. ზოგჯერ მიფიქრია, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, ის რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში-თქო. დოდო სტუდენტობიდან მასზე იყო შეყვარებული, უნივერსტეტშიც დათოსთვის დარჩა, არც გათხოვილა და არც ვინმე ყოლია. დათოს აჩრდილად იქცა, მის უხილავ თანამგზავრად. ალბათ ყველაზე მეტად მას ეტკინა, შეიძლება ჩემზე და ირაკლიზე მეტადაც კი
-	რატომ არ დაქორწინდით? - ვეღარ მოითმინა ელენემ.
-	რაში მჭირდებოდა ფურცელი, როცა უმისოდაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. პროფესორის თვალებში სხივი გაკრთა. ელენემ ქალური შური იგრძნო მის მიმართ და საშინელი სიძულვილი ადამიანისა, რომელმაც ამხელა ბედნიერება მოკლა. დაემშვიდობა ქალს და უკანმიუხედავად დატოვა შენობა.

8 თავი
სახლში არეულობა იყო, მეზობლები დაიფანტნენ, ირაკლი ცარიელ ოთახებში დააბიჯებდა და არ იცოდა რით დაეწყო. იქნებ ჯერ ბატონი დავითის ნივთებისთვის მიეხედა. რა უნდა ექნა ამდენი კოსტუმისთვის ისიც არ იცოდა. რაც მოეწონებოდა ივანეს მისცემდა, მაგრამ რათ უნდოდა კაცს შარვალ-კოსტუმ ჰალსტუხები. გადაყრა ენანებოდა, იქნებ ეკლესიაში მივცე ვინმესო, მაგრამ იქაც არავის იცნობდა. ბოლოს კარადას თავი ანება და ბიბლიოთეკისკენ წავიდა.
საწერი მაგიდა სავსე იყო ფერადი ფურცლებით, გაზეთიდან ამოჭრილი თუ ამობეჭდილი სტატიებით, გადაშლილი და ჩანიშნული წიგნებით. ეს ყველაფერი სამუშაო გარემოს და ამავე დროს ქაოსს ქმნიდა. ირაკლის გული შეეკუმშა. წარმოიდგინა მამა როგორ იჯდა ამ „დალაგებულ“ არეულობაში და თავდახრილი წერდა რაღაცას. მაგიდის კიდეზე წინა საუკუნის გაცრეცილ გაზეთებს შორის ყავისფერ წიგნაკს მოკრა თვალი. გაუხარდა და გაუკვირდა, ეს ფრანკფურტში უყიდა მამას დიდი ხნის წინ და აღარ ეგონა თუ კიდევ ქონდა. ხელი გადაუსვა ქალაქისხედებიან გარეკანს და წიგნაკი გადაშალა. ფურცლები სავსე იყო წიგნების სათაურებით, რომაული და არაბული ციფრებით. ირაკლი თაროებს დაუყვა, არაბულით სწორედ ისინი იყო დანომრილი, რომაულით კი წიგნები.
-	ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება, მაგრამ ჯერ მომხიბვლელ გამომძიებელს დავურეკოთ - ჩაილაპარაკა ირაკლიმ - რა დროს ელენეს მომხიბვლელობაზეა ფიქრი, მამაჩემის საქმის გამომძიებელია ქალი - გაბრაზდა თავის თავზე - არა ისე ნეტა რამდენი წლის იქნება,  ალბათ ჩემი ტოლი. ჰა ჰა 2-3 წელი სხვაობა, ნეტა ქმარი თუ ყავს... ფიქრი გააგრძელა, ფეხშიშველმა გაიარა ოთახში და ტელეფონს დაწვდა.
-	ქალბატონო ელენე, მამაჩემის ბიბლიოთეკის კარტოთეკის წიგნაკი ვიპოვნე, თუ გნებათ მობრძანდით და ნახეთ, თუ გნებავთ მე ვნახავ წიგნებს რა აკლია, იქნებ საინტერესო იყოს რამე. 
-	მადლობა ბატონო ირაკლი, - გაისმა ტელეფონში ელენეს წყნარი ხმა- ნახევარ საათში მოვალ, გადაუდებელი საქმე არ მაქვს.
-	დროებით და გელოდებით - დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. „ნეტა სახლშ ყავა მაინც თუ მაქვს, ან სვავს კი ყავას? რა რთული ამბავია მოკლედ. არა რა დროს ამაზე ფიქრია, კაცმა გუშინ გავასვენე მამა, არა ზრდილობის ამბავია, რაღაც ხომ უნდა შვთავაზო“ - თავის თავს ეკამათებოდ უმცროსი ჩხაიძე  და სწრაფი ნაბიჯით სამზარეულოსკენ მიდიოდა. 
ელენეს ნიკოსთვის გამოძიების დეტალები უნდა გაცნო, ირაკლიმ რომ დარეკა. „მშვენიერი ამბავია, უფრო კარგადაც გავიცნობ ბატონ ირაკლის, იქნებ საჭირო ინფორმაციაც ქონდეს რამე, არაფორმალური შეხვედრა, ყოველთვის მრავლი მომცემია „ გაიფიქრა ქალმა და პროკურორის კარი შეაღო.
-აბა რა ხდება? - ნიკო კარებში შეეგება ელენეს. 
-ჯერ გამარჯობა ბატონო ნიკო, მერე როგორ ბრძანდები, მეც კარგად ვარ, მადლობა რომ მომიკითხე. ახლა საქმეს რაც შეეხება...
ნიკოს გაეცინა : რა ვიცი ქალბატონო ელენე ჩემს მდივანს კი დააწიოკებ ხოლმე, დროზე მიმიღოს გავრბივარო და მეგონა ახლაც გარბოდი.
-	მართლა გავრბივარ ახლაც, ირაკლი ჩხაიძესთან მივდივარ. მამამისის წიგნების სია აქვს და უნდა მოვძებნო რამე ხომ არ აკლია, უფრო სწორად, ის ეძებს და არ მინდა უჩემოდ ჩაიაროს ამ ამბავმა.
-	ეგ კარგია, იქნებ რაღაც გამოჩნდეს, თუ არა ამ საქმეში მარტო ვარაუდებია და თივაში ნევსს ვეძებთ უკვე. თუ რამე გაიგე მაშინვე დამირეკე.
-	არის შეფ - გაეჭიმა ელენე და კაბინეტიდან გავარდა.
*****
ის იყო ეზოს კარები შეაღო გამომძიებელმა, რომ უმცროსი ჩხაიძე გამოჩნდა. პირველი შეხვედრის შემდეგ  სახე ცოტა დამშვიდებოდა, მაგრამ ჩაშავებული თვალები მაინც გასცემდა უძილო ღამეებს. სახლიც მოუწესრიგებელი იყო, ალბათ ამას სულ არ აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდა კაცი.
-	აი ქალბატონო ელენე, აქაა მამას ყველა წიგნი თავისი ნომრებით.  შემოწმება დავიწყე, ჯერ არაფერი აკლია, თუ გნებავთ თქვენც გადაამოწმეთ.- ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა ირაკლი გამომძიებელს. 
-	შეიძლება ჯერ პირადი ნივთები ვნახო?
-	კი რა თქმა უნდა, მე ამას მივუბრუნდები, თქვენ მაგიდასთან მოთავსდით. ყავას ან ჩაის ინებებთ? 
-	ყავა თუ შეიძლება- ისევ ვერ გაუძლო ყავის ცდუნებას ელენემ.
-	ახლავე - დაიძახა ირაკლიმ და სამზარეულოსკენ წაფრუტუნდა. ელენემ იფიქრა, კარგი იქნებოდა საჭმელიც ქონოდა რამეო, მაგრამ  მოერიდა, მგლოვიარე კაცს რა ექნებოდა. საწერ მაგიდასთან მოკალათდა და გარდაცვლილის ნივთების დათვალიერება დაიწყო.
-	ელენე - წამოიძახა იქვე კარადასთან ჩაცუცქულმა ირაკლიმ - ვეფხისტყაოსნის 1954 წლის გამოცემა არაა, ეგ წიგნი მეც მახსოვს. უნგრული გამოცემაა. სკკპ გენერალური მდივანი იური ანდროპოვი უნგრეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა და სტალინისთვის თავის მოსაწონებლად უნგრულად ათარგმნინა. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა მაგრამ წიგნი მაინც გამოიცა. 
ელენემ თავი ძლივს აწია ფურცლებიდან. ესეც ასე, რაღაც მაინც გამოჩნდა, ირაკლის თავზე დაადგა და მის გვერდით ჩაიმუხლა. 
-	აქ უნდა იდოს წესით, ამ ორ წიგნს შორის, მაგრამ აქ არ არის. ამის მაგივრად ტოლსტოი დევს, რომელიც არ ვიც სად უნდა იდოს, ჯერ მანდ არ მივსულვარ. 
-	შენ ამბობ, რომ ამ ორ წიგნს შორის რუსთაველის მაგივრად სხვა რამე დევს? - კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ელენე.
-	კი ზუსტად ასეა, რუსთაველის ზომის წიგნია ტოლსტოიც, მის მაგივრად რომელიც არის. 
-	საინტერესოა ბატონმა დავითმა გადაადგილა წიგნი?
-	არამგონია, მამას ასეთ შემთხვევაში ნომრები აქვს შეცვლილი, რაც წიგნების თანმიმდევრობას არ არღვევს.
კაცი გამალებით ეძებდა წიგნაკში ნომრებს, ელენეს ეუბნებოდა და თაროებზე ამოწმებდა. 
-ირაკლი - წამოიძახა ქალმა - გაბლიანიც არ არის, მისი ადგილი ცარიელია.
-ოჰოოო... - დაუსტვინა ირაკლიმ - ნეტავ კიდევ რამდენი წიგნი აკლია და სად გაქრნენ ისინი? დავიჯერო ამათ შეეწირა მამაჩემი?
გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა 
-	არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიგო. ერთი წამით ცაფიქრდა და ისევ წიგნის თაროებს მიუბრუნდა.
-	ირაკლი პიცა ხომ არ შეგვეკვეთა? - კითხა ელენემ მორიდებულად. რა ექნა შიმშილი თავისას შვებოდა და ტვინი სხვა აღარაფერზე ფიქრობდა.
-	მმე არ ვიცი როგორ - დაიბნა ახალგაზრდა კაცი და ფეხზე წამოდგა - ისე დღეს მეც არაფერი მიჭამია.
-	ინტერნეტში მოვძებნი უცებ - დასტაცა ტელეფონს ხელი ელენემ - ზედ დამატებული სასმელი, შენ რა გირჩემნია? ყავა და ჩაი გვაქვს? ისე ვატყობ გათენება მოგვიწევს ამაღამ.
-	ეგენი გვაქვს და არც მუშაობის წინააღმდეგი ვარ, ისედაც არ მძინავს ღამე.
-	მაშინ ბლომად შევუკვეთავ - გაეცინა ელენეს და პიცერიის ნომერი აკრიბა.

9 თავი
პატრული გაბადაძე მანქანაში იჯდა და ხელში განცხადებას ატრიალებდა, რატომღაც არ ჩქარობდა დარეკვას. მერე ამოიხვნეშა, თავი გადააქნია და ტელეფონს დაწვდა. პირველივე ზარის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ხმამ უპასუხა. 
-გამარჯობა - მიმართა ქალს გაბადაძემ - ქალბატონ ლამარასთან ვრეკავ. პატრული ზურა გაბადაძე ვარ.
- ბებია სახლში არაა, საღამოს დარეკეთ - უპასუხა ქალმა და ტელეფონი გათიშა. გაკვირვებული ზურა რამდენიმე წამი არ ინძრეოდა. „ რა უზრდელი ახალგაზრდობააო“ ჩაიბურდღუნა ბოლოს და ტელეფონი გადადო.
საღამომდე გაბადაძეს სულ დაავიწყდა ქალბატონი ლამარაცა და მისი ოჯახის. თბილისის სამარათალდამცავები, და არა მარტო ისინი, მანიაკს ეძებდნენ, რომელიც ბოლო პერიოდში ქალების საცვლებზე ნადირობდა და ხან რომელი უბნიდან ჩიოდნენ გაქურდვის შესახებ და ხან რომლიდან. მორიგ ასეთ დაზარალებულ ქალბატონს ესაუბრებოდა პატრული გაბადაძე, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა.
-	გამარჯობა,  ზურა გაბადაძე ბრძანდებით? - გაისმა ქალბატონის სასიამოვნო ხმა.
-	დიახ, გისმენთ ქალბატონო...
-	ლამარა გიგაური ვარ, დილით დაგირეკიათ ჩემთან, ჩემმა შვილიშვილმა მითხრა...
-	დიახ ქალბატონო ლამარა, თქვენი ნახვა მინდა, თქვენი განცხადებაა ჩემთან.
-	თუ შეგიძლიათ 2 საათის შემდეგ მობრძანდით, სკოლაში ვიქნები მანამდე. მერე კი დაგელოდებით.
-	შევთანხმდით ქალბატონო, ნახვამდის. ზურამ ტელეფონი გათიშა და საქმეს მიუბრუნდა.

**********
თბილისში გაზაფხული საერთოდ აღარ იგრძნობოდა. როგორც იქნა სიცივეები დამთავრდა და მზემ ისე დააჭირა, შეუძლებელი იყო სუნთქვა. მანქანის გამონაბოლქვი და მტვერი ერთმანეთში ირეოდა. პატრული გაბადაძე ახლად წამოჭიმული სახლების შუაში ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა, რომელიც დიდ პატრონის სტატუსისთვის შესაფერის მანქანებს კიდევ უფრო დაევიწროვებინა. როგორც იქნა ერთი პატარა მოკრძალებული სახლი დაინახა და კარებზე ზარი დარეკა. რამდენიმე წამში ასაკიანი, ჭაღარა შერეული, ერთ დროს ალბათ ძალიან ლამაზი, ახლა კი გატეხილი მაგრამ მაინც ამაყად მომზირალი ქალი გამოჩნდა და სტუმარი სახლში შეიპატიჟა.
დიდ ახალ და სიმდიდრეს დახამებული მეზობლების სამფლობელოების ფონზე მათი ერთსართულიანი სახლი ჯუჯების ქოხი ეგონა ზურას. მისაღები ოთახის მაგიდაზე უამრავი წიგნი იყო გადაშლილი და კალამ მომარჯვებული გოგონა რაღაცას გამალებით წერდა.
გაბადაძე იქვე სავარძელზე დაეშვა, თითქოს ერიდებოდა მისი შეწუხება. ფეხდაფეხ შემოყოლილმა ქალმა ზურას მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა.
-	ბატონო ზურა აქეთ მობრძნდით, ეს ჩემი შვილიშვილია ანუკი. ანიჩკა შვილო - გოგონას მიუბრუნდა ქალი - ცოტა ხნით აკეცე წიგნები სტუმარს გავუმასპინძლდეთ, სადილის დროა უკვე.
-	არ შეწუხდეთ ქალბატონო - შეიშმუშნა ზურა 
-	არა რა შეწუხებაა, ეს ისე ბებია - შვილიშვილურად გმასპინძლობ. მეც ახლა მოვედი და ეს გოგოც.  მაგრამ ვის ახსოვს ჭამა, ვერ ხედავ რა გამხდარია? თითქოს დატუქსა ანუკი ბებიამ, მერე სამზარეულოში გავიდა და გოგონაც თან გაიყოლა.
სახლს სიძველე ეტყობოდა. მოჩუქურთმებული მაგიდა-სკამები იდგა მისაღებ ოთახში. კედლები სურათებს დაემშვენებინა. აზიური სტილის სავარძლები ძველებური წიგნების კარადის გვერდით იწონებდნენ თავს. ერთადერთი რაც ამ ოთახში თანამედროვეობას უსვამდა ხაზს კედელზე დაკიდებული ტელევიზორი იყო. 
ზურამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და ბებია-შვილიშვილიც გამოჩნდა. მწირი სადილი გაშალეს მაგიდაზე. მაგრამ ისეთი ოხშივარი ასდიოდა, ისე გემრიელი იყო, გაბადაძეს მსგავსი არაფერი გაესინჯა.
-	ქალბატონო ლამარა დიდი დრო რომ არ წაგართვათ, თან მომიყევით რა ხდება - წვენს მიწვდა პატრული და ქალს მიმართა. 
-	ჩვენი მეზობელი, აი ის - ფანჯრიდან დაანახა ლამარამ დიდი ქვის გალავანი - რამდენიმე წელია რაც აქ გადმოვიდა. უფრო სწორად ზუსტად 7 წელია. ადრე ამ ადგილზე ძალიან კარგი ხალხი ცოვრობდა, პატარა სახლი ქონდათ და დიდი ბაღი, ხეხილიანი. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. მობრძანდა ეს ვაჟბატონი და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა, უარი მიიღო. ეს მისვლა- მოსვლა ლამის 6 თვე გაგრძელდა. არ უნდოდათ გაყიდვა. პატარა მაღაზია ქონდათ და მშვიდად ცხოვრობდნენ. მალე მაღაზია დაუწვეს, მერე შვილი დაიჭირეს ნარკოტიკებზე. არადა ძალიან კარგი ბიჭია, მაგის ნარკოტიკი კი არა, ხმა არავის გაუგონია, სწავლობდა და სპორტს მისდევდა. ამბობენ, ამ ვაჟბატონის გაკეთებულია ეს საქმეო. მოკლედ 7 წლის წინ იძულებული გახდნენ კაპიკებად მიეყიდათ სახლიან - მიწიანად და სადღაც გადავიდნენ, სად არ ვიცი. იქიდან დაიწყო ჩვენი წამება. 
-	რა ქვია, ვინ არიან ახალი მეზობლები? - ჩაეკითხა ზურა.
-	თემურ არაბული. ბიზნესი აქვს, გავლენებიც. ზუსტად არ ვიცი რას მოღვაწეობს მაგრამ არც უბრალო კაცია. ცოლი და ორი გოგონა ყავს. საყვარელი ბავშვები. ცოლი ერთი გაპუწკული „ახალი ქართველია“ ჩვენ დროში ეგეთებს „მედროვეებს“ უძახოდნენ. 
-	ნოტებზე დაყენებული ხმით ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდება და ისეთებს ჩაურთავს ხოლმე - გაიცინა გოგონამ - სულ წევიდა, მევიდა, იქანე, აქანეს იძახის.
-	ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება ანუკი, ხომ გაგაფრთხილე - დატუქსა შვილიშვილი ბებიამ.
-	კარგი რა ბე, არ ეტყობა ორი წიგნი რომ არ აქვს გადაშლილი? მარტო სალონში და მაღაზიებში სიარულით ვერ შევიდა მაგის ტვინში ვერაფერი - იცინოდა გოგონა.
-	თქვენთან როდის დაიწყო პრობლემები და რა უნდა? - კითხა ზურამ და თან კალამი მოიმარჯვა.
-	როგორც კი გადმოვიდნენ სახლი დაანგრიეს და მთელ ადგილზე ახლის აშენება დაიწყეს. პირდაპირ ჩვენ ფანჯრებთან ამოყავდათ კედელი, სინათლე სულ აღარ შემოდის. აი ნახე - ფარდა გადაწია ლამარამ - მაშინ მივედი და ვთხოვე, ერთი მეტრით გადაეწიათ, რომ ჰაერს ემოძრავა. აყვირდა, გაკაპასდა ქალბატონი, თქვენს გამო ვერ შევცვლი პროექტსო. მიწა მაგათია და რაღას ვეტყოდი. სახლი რომ დაამთავრეს, ეზო აღარ დარჩათ და იქიდან დაიწყო პრობლემები. ჩემი სახლი და ეზო უნდა, რომ დავუთმო.
-	რა პირობით? თანხას გთავაზობს?
-	კი მაგრამ თავიდან უარი ვუთხარი, მერე ვიფიქრე ამ ჩაბნელებულ და ძველ სახლში ცხოვრებას, გავყიდი და გადავალ გარეუბანში-თქო. მე მიწის გარეშე არ შემიძლია, მთელი ცხოვრებაა ყვავილებს და ბაღს ვუვლი. კერძო პატარა სახლი მინდოდა, მაგრამ მაგ ფულით კორპუსშიც ვერ ვიყიდი ბინას. 
-	საკმარის თანხაზე რატომ არ გთანხმდებათ?
-	მაგ დამპალ სახლში მეტს არ გადავიხდიო. მერე ჩვენი მეზობელი მომიგზავნა. ასეო, ისეო, გავლენიანი კაციაო, აიღე ის ფული და წადიო. იგივე პასუხი გავეცი. მომცეს საკმარისი და წავალ-თქო. ცოტა ხანში მეორე მეზობელი მოვიდა, რაიონში გიყიდის სახლსო, ეზო თუ გინდა აუცილებლადო. რაიონში როგორ გადავიდე, მე სკოლაში ვმუშაობ, ანუკი აქ სწავლობს, რომ წავიდე ჩემი პენსია ეყოფა ბინის ქირად და საარსებოდ?
-	ბოლოს როდის იყვნენ? ამით დამთავრდა მოლაპარაკება?
-	მოლაპარაკება კი, მაგრამ ერთ დილას ეზო განადგურებული დამხვდა, ყვავილები გადათელილი. დავუძახე და ვაჩვენე. ის ქალბატონი გაიწკიპა, შეიძლება ჩემმა ძაღლმა ქნაო. რა ვუქნა ძაღლს პასუხს ხომ ვერ ვაგებინებო. კი საყვარელი ძაღლია, მაგრამ ისე მსუქანია ძლივს დადის და მაგათი გალავნიდან ჩემთან როგორ გადმოხტა. მერე წყალი გამოუშვეს, დავიტბორეთ. მილი გასკდაო.
-	საპატრულოს არ შეატყობინეთ?- თავი აწია გაბადაძემ
-	კი მოვიდნენ, დაათვალიერეს და ბრძანეს გავაფრთხილებთო. მაგით დამთავრდა. ერთი კვირის წინ, საღამოს ანუკის ბიჭები დახვდნენ ქუჩაში, შეაშინეს და ბოლოს უთხრეს, საშიშია ამ უბანში ცხოვრება გადადი აქედანო. ხელს არავის ვადებ, მაგრამ 50 წელია აქ ვცხოვრობ და კარებზეც არავის დაუკაკუნებია უნებართვოდ და ახლა გახდა საშიში?
ზურა ჩაფიქრებული უსმენდა ქალს. ფაქტი იყო მეზობელი განგებ ავიწროვებდა.
-	მარტო თქვენ ორი ცხოვრობთ აქ? - დაეკითხა გაბადაძე.
-	დიახ ჩვენ ორი. ჩემი შვილი, ანუკის მამა, დიდი ხნის წინ დაიღუპა. იმ არეულობის დროს , სულ ახალგაზრდა. ბენზინგასამართ სადგურზე ბიდონებით ყიდდა საწვავს. ვიღაც არაკაცებმა ჩაცხრილეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ეს გოგო მაშინ თვეების იყო.
-	დედა? - მორიდებით იკითხა პატრულმა.
-	ერთ წელში საზღვარგარეთ წავიდა, ცოტა ხანი გვეხმიანებოდა, მერე დაიკარგა. გათხოვდაო გავიგეთ, მაგრამ აღარ მოვუკითხივართ. ანუკიმაც აღარ ისურვა მასთან კონტაქტი. ბებია-შვილიშვილმა თავი ჩაღუნა, სიჩუმე ჩამოვარდა. ზურა მიხვდა, რომ მტკივნეულ თემას შეეხო და ცადა საუბარი სხვა რამეზე გადაეტანა.
-	ანუკი შენ სად სწავლობ? - მიუბრუნდა გოგონას.
-	სამედიცინო უნივერსტეტში - გაიღიმა გოგონამ.
-	მეც მინდოდა ექიმობა, მაგრამ ხელს რომ გავიჭრი და სისხლს ვხედავ ლამის გული მიმდის - გაეცინა გაბადაძესაც.
-	პოლიციელებსაც ხომ აქვთ დაჭრილებთან საქმე? - დაინტერესდა ანუკი.
-	როგორ არა, რამდენი საქმეზე მივდივარ, იმდენი ჩემთვის ვლოცულობ ოღონს სროლა არ იყოს-თქო.
-	მეც ვიყავი ერთი პერიოდი კრიმინალისტიკით გატაცებული, მაგრამ ბოლოს ფსიქიატრია  ავირჩიე, ასე ცოცხლებს უფათურებ ხელს სულში - გაიღიმა გოგონამ. 
-	ხო ჭორიკანა ხარ და იმიტომ - ჩაიბურდღუნა ბებიამ.
-	საინტერესოააა - სკამზე შესწორდა ზურა - აბა ჭორიკანა ფსიქიატრო  ჩემზე რას იტყვი?
-	მართლა გაინტერესებს ბატონო ზურა?
-	მართლა, მართლა - დაეთანხმა  პოლიციელი. 
-	ახლა ჩემი პაციენტობის არაფერი გჭირთ. თუ დაგჭირდებათ ფსიქიატრი თქვენს გვერდით მიგულეთ, მაგრამ იმედია არ დაგჭირდებათ.
-	ყველას შეიძლება დაგვჭირდეს - შეეკამათა პოლიციელი.
-	ფსიქოლოგი კი, ფსიქიატრი არა, ჩვენთან ფსიქოლოგის ფუნქციას მეგობრები ასრულებენ.
-	ერთ ჭიქას რომ დალევ და  დაფქვავ ყველაფერს? მერე ზოგი დაგცინებს, ზოგი რჩევას მოგცემს და ბოლოს მაინც ვერაფერს გშველიან - ხარხარებდა გაბადაძე.
-	შენ რა გგონია ფსიქოლოგი სხვა რამეს აკეთებს? მეგობრებისგან განსხვავებით ის არც ერთ ჭიქას სვამს შენთან ერთად და არც რჩევას გაძლევს. უბრალოდ გისმენს. კარგი მეგობრები კი გეხმარებიან, ზოგჯერ სისულელის კეთებაშიც, მაგრამ ხომ გეხმარებიან - შეეკამათა ანუკი.
ზურამ საათს დახედა, დრო უცებ გაპარულიყო ბებია-შვილიშვილთან ლაპარაკში, შეიშმუშნა და წამოდგა. - ეგ მართალია, ახლა მე წავალ და ისევ დავბრუნდები თქვენთან. ჩემი ნომერი იცით, ნებისმიერ დროს დარეკეთ.
ბებია-შვილიშვილმა მადლობა გადაუხადა გაბადაძეს, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, რომ არაფრის იმედი ქონდათ. 

10 თავი
მშრალ ხიდთან ძვირადღირებული მანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა წყვილმა მაშინვე მიიქცია ბუკინისტების ყურადღება. ელეგანტურ კაბასა და მაღარლქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ ელენეს შარვალ- კოსტუმიანი გაბადაძე უმშვენებდა მხარს.
-	რომელია? - ჩუმად გადაულაპარაკა გამომძიებელმა პატრულს და მხარზე ხელი დაუსვა.
-	ის, მსუქანი - ყურში უჩურჩულა ბიჭმა და ლოყაზე მოეფერა - ასე მითხრეს ჯერ დაუბეჭდავსაც კი გიშოვისო.
წყვილმა წიგნების თვალიერებით ჩაუარა დახლებს და ერთ-ერთ გამყიდველთან გაჩერდა. კაცი კუთხეში იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა. ინტერესით სავსე მზერა მოავლო მოსულებს და ფეხზე წამოდგა.
-საერთო ნაცნობმა გვითხრა დაგეხმარებათო - მიმართა გაბადაძემ გამყიდველს.
- გააჩნია რაში - ჩაილაპარაკა კაცმა.
-ძვირფასი, არ არსებულის და იშვიათის შოვნაში - დაუკონკრეტა გაბადაძემ.
- დაათვალიერეთ - ხელები გაშალა კაცმა.
- ჩვენ რამე ძვირფასს, იშვიათს და ერთადერთს ვეძებთ. ფასს მნიშვნელობა არ აქვს. 
კაცმა ქვევიდან ახედა ტანმაღალ გაბადაძეს.
-	მეგობარი, რომლისთვისაც საჩუქარს ვეძებთ, ვეფხისტყაოსნის თაყვანისმცემელია. ამიტომ იშვიათი ან საიუბილეო გამოცემები თუ იქნება უკეთესია. თქვენ თუ არა, იქნებ ვინმე სხვას ქონდეს, არც თქვენ დარჩებით ნაწყენი - თითები ერთმანეთს გაუსვა გაბადაძემ.
გამყიდველმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილი. მერე კოტიტა თითები პიჯაკზე შეიწმინდა და შიდა ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო.
-აქ  ჩემი ნომერია, შევძლებ თქვენს დახმარებას, რამდენიმე დღეში დამირეკეთ.
ელენემ ფურცელი პატარა ჩანთაში ჩაიდო და წყვილი მანქანისკენ დაიძრა. 
-გაოცებული ვარ შენი სამსახიობო ნიჭით ზურა - აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა, როგორც კი ბუკინისტებს დაშორდნენ. 
-ამიტომაც მინდოდა თეატრალურში სწავლა, მაგრამ შეეშინდათ ჩემი ნიჭის და არ მიმიღეს. - დამწუხრებული სახით ჩაღუნა თავი გაბადაძემ. 
-მართლა არ მიგიღეს? - გაოცდა ქალი.
-კი ასე მითხრეს, პოლიციაში უფრო მეტად გამოგადგება შენი ნიჭიო, აქ ისედაც ბევრი ვართო - აგრძელებდა პოლიციელი.
-მორჩი მაიმუნობას ზურა, წავედით აქედან, კაბა მიჭერს და ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ფეხები მატკინა.
-უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ელენე - დაარიგა ბიჭმა.
-გავითვალისწინებ- დააიმედა გამომძიებელმაც და მანქანის კარები გახსნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი