პროფესორის მკვლელობა (ნაწილი 2)
11 თავი - ბატონო ნიკო ქვევიდან რეკავენ, თქვენთან შეხვედრას ბატონი ლუკა დგვარელი ითხოვს სასწრაფოდ - პროკურორის ოთახში შემოკაკუნდა მდივანი. ნიკომ გადაშლილი საქაღალდე სტვენით დახურა „რამ შეგაწუხათ და აგაფორიაქათ ბატონო ლუკა“ გაიფიქრა და წამოდგა. -მე ზუსტად 5 წუთში დავბრუნდები, შენ დარეკე ამოვიდეს დგვარელი, კაბინეტში შემოიყვანე და ჩაი - ყავა შესთავაზე. უთხარი გასულია და სულ მალე მოვა-თქო. აქაა შენობაში-თქო - დაუბარა გოგონას. ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და „აიტიშნიკების“ იმ დიდი ოთახისკენ წავიდა, სადაც ყველაფერი იცოდნენ. საბა არ ელოდა პროკურორის გამოჩენას და დაბნეული წამოდგა ფეხზე. აქ ძირითადად გამომძიებლები შედიოდნენ, მაღარჩინოსნები იშვიათად. -საბა აბა თუ რამე გაქვს დგვარელზე უცებ მითხარი - მხარზე ხელი დაკრა ნიკომ დაბნეულ ბიჭს - სულ 5 წუთი მაქვს, რაც შეიძლება ბევრი და მოკლედ. „აიტიშნიკმა“ სათვალე შეისწორა. - ბატონი ლუკა საკმაოდ შეძლებული კაცია, ეს ისედაც იცი, ბიზნესში არაფერი უჩანს, რამდენიმე გატაცება აქვს, მათ შორის ცხენები და წიგნები. სულ 2 ცხენი ყავს, მაგრამ ისეთები ნახევარი საქართველოს ბიუჯეტი რომ ღირს. წიგნებზეც იგივეს გეტყვი, მთელი მსოფლიოდან ყიდულობს უძველეს და იშვიათ გამოცემებს. ამისთვის არც ძალას იშურებს და არც ფულს. როგორც ჩანს, ჩხაიძეც ამარაგებდა წიგნებით. ესეც თავის მხრივ უცვლიდა ხოლმე რაღაცებს, მოკლედ თანამშრომლობდნენ, მაგრამ დაკარგულ წიგნებზე, არც „ვეფხისტყაოსანზე“ და არც გაბლიანზე არაფერი ჩანს. ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მისი სახელიც არ უხსენებია. ახლაც ვიღაცისგან ძვირად ღირებულ გამოცემას ყიდულობს, ჯერ არ ვიცი რა არის და რა თანხაზეა საუბარი. როგორც ჩანს შეთანხმება ტელეფონით და ინტერნეტით არ მომხდარა. ზოგადად უცნაური კაცია, ამხელა ბიზნესი აქვს და იშვიათი მიმოწერა, უფრო იშვიათი სატელეფონო საუბრები, შეიძლება ვიღაც სხვა აგვარებს მსგავს საკითხებს, ვმუშაობ მის უახლოეს წრეზე. -მადლობა საბა, თუ რამე ახალი იქნება ან ელენესთან ან პირდაპირ ჩემთან. შენთვის სულ მწვანეა ტელეფონზეც და კაბინეტშიც - ნიკომ ისე სწრაფად გააღო კარები და გამოვიდა, რომ რაღაცის სათქმელად მომზადებულ საბას სიტყვის თქმა არ დააცადა. ***** -რამ შეგაწუხათ ბატონო ლიკა? - პროკურორი ფართო ნაბიჯით და გაღიმებული სახით შევიდა კაბინეტში - მაპატიეთ თუ გალოდინეთ, როგორც კი მითხრეს, მაშინვე თქვენთან წამოვედი. - პატარა საქმე მაქვს ბატონო ნიკო - ხელი ჩამოართვა დგვარელმა ნიკოს - თქვენ იძიებთ დავით ჩხაიძის სიკვდილის ამბავს და ამასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი. - სიამოვნებით მაგრამ ხომ იცით გამოძიების ინტერესები, შეიძლება ბევრი ვერაფერი გითხრათ. - არა, არა, უფრო მე მინდოდა რაღაც მეთქვა. - დაბრძანდით და გისმენთ ბატონო ლუკა - ნიკომ სავარძელი შეთავაზა სტუმარს და თვითონაც მის წინ დაჯდა, ასე უფრო თავისუფლად იქნებოდა ბიზნესმენი, ვიდრე პროკურორის სამუშაო მაგიდასთან დასკუპებულ ნიკოსთან. დგვარელი უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე ეკრანიდან ჩანდა. შარვალ-კოსტუმი მისი ჩვეული და ყოველდღიური ტანსაცმელი იყო ალბათ, ისე თავისუფლად გრძნობდა მასში თავს. - ბატონო ნიკო... - პირდაპირ ნიკო იყოს ბატონო ლუკა, რამეს ხომ არ დალევთ? - შეაწყვეტინა ნიკომ. - არა მადლობა, თქვენმა მდივანმა უკვე შემომთავაზა. ამ სახელმწიფო დაწესებულებაში თანამშრომლებს ჭკუის გარდა ფიზიკური მახასიათებლებითაც ირჩევთ? ამდენი ლამაზი ფორმიანი პირველად ვნახე, მისაღებიდან დაწყებული შენი მდივნით დამთავრებული. ნიკოს გაეღიმა - ეგ კადრების განყოფილების საქმეა ბატონო ლუკა, აუცილებლად დავინტერესდები მათი საქმიანობით. ვისკს ხომ არ ინებებთ, ჩემმა კოლეგამ მაჩუქა ერთი ბოთლი და გამისინჯეთ აბა როგორია. -ყინული თუ გაქვთ დავაგემოვნებ - სკამზე შესწორდა ბიზნესმენი. -ვიშოვით - წამოდგა ნიკო და კაბინეტიდან გავიდა. „ასე რა, რათ უნდა ამხელა ბიზნესმენს ჩაი და ყავა, იცის კაცმა რა უნდა დალიოს, რა ბედზე მაქვს ეს ვისკი, ერთი ბოთლი კიდევ უნდა ვიყიდო“ ფიქრობდა ნიკო და დერეფანში გარბოდა. დგვარელმა ჭიქაში ჩასხმული ვისკი შეარხია და მასზე თვალმოუშორებლად თქვა : დავით ჩხაიძეს უკვე წლებია ვიცნობ, სოფლიდან ჩამოსული უმამო ხელმოკლე ნიჭიერი სტუდენტი მათემატიკურზე სწავლობდა და კურსზე მაგაზე ძლიერი არავინ იყო. მე ინჟინერიას ვსწავლობდი და მათემატიკაში ცოტა მოვიკოჭლებდი, მაშინ გავიგე ჩხაიძის შესახებ, ისიც რომ მატერიალურად უჭირდა და გამოცდებისთვის მომზადებაში დახმარება ვთხოვე. თამარიც, მისი მეუღლე, მე გავაცანი. ჩემი ჯგუფელი იყო. ისიც დავითთან ემზადებოდა. რამდენიმე ვიყავით და ყველამ ძალიან კარგად ჩავაბარეთ იმ წელს გამოცდა. მერე მთელი სტუდენტობა მოსწავლეები არ მოკლებია, მაშინ დაიწყო თამარის და მისი რომანიც. მათ ქორწილშიც ვიყავი, კარგად მოვილხინე. მერე მე მოსკოვში გავაგრძელე სწავლა. იქვე დავრჩი. არც ტელეფონი იყო და არც ინტერნეტი. დავკარგეთ ერთმანეთი. თამარის გარდაცვალებაც გვიან გავიგე. ერთი შვილი ყავს ირაკლი. ამბობენ კარგი ბიჭიაო. დათუნა მეუბნებოდა გაგაცნობო, მაგრამ ვერ მოასწრო. მოკლედ ახლახანს განვაახლეთ ურთიერთობა, ერთ საღამოს შევხვდით ერთმანეთს. თურმე ორივე იშვიათ გამოცემებს ვაგროვებდით, გავიხსენეთ ახალგაზრდობა. რამდენჯერმე ჩემთანაც დავპატიჟე, მეც ვიყავი მასთან. რამდენიმე წიგნი ვაჩუქე, მანაც მომიძებნა რაღაცები. ის უფრო იცნობდა საჭირო ხალხს ვიდრე მე. მე ფული მქონდა მას კავშირები. ცუდს არაფერს ვაკეთებდით, გულს ვახარებდით ორი მოხუცებული. ტელევიზორში მოვისმინე მის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვებზე, ჩემი გვარიც ახსენეს. არ ვიცი რა წიგნებზეა საუბარი, მაგრამ როცა გენებოთ, ვინც გინდოდეთ ის გამომიგზავნეთ. არაფერს ვმალავ, ამიტომ მოვედი აქ. -ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლუკა, მართლა გაგვიადვილე საქმე, ამას დავიმახსოვრებ და თუ საჭიროდ ჩავთვლი აუცილებლად გესტუმრები. -ვიცი თქვენი ამბავი არ მოგერიდებათ - გაიღიმა დგვარელმა -ამიტომაც მოვედი ჩემი ფეხით, არ მიყვარს თქვენი პროფესიის ხალხი და რა ვქნა. ამ საქმეს რომ დაამთავრებთ, მერე მე გეპატიჟებით კარგ ვისკზე, შოტლანდიურზე. დგვარელი წამოდგა, კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ნიკოს და კაბინეტი დატოვა. 12 თავი -საქმე ასეა, ბატონი ლუკას სტუმრობა ცოტა დამაბნეველია, ამხელა კაცი თავისი ფეხით გამოცხადდა აქ, ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო. დავიჯერო სადაც მის გვარს ახსენებენ ყველგან ასე გარბის ახსნა-განმარტებისთვის? მე არაფერ შუაში ვარ ბატონო, სტუდენტობის დროის ნაცნობები ვართო, ერთმანეთს ვეხმარებოდითო. - ნიკო სავარძელში გასწორდა. -ან მართლა მასეა, ან ცდილობს მოგვატყუოს და ყურადღება გადაგვატანინოს. მის შესახებ გავარკვიე, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, იშვიათად აძლევს ინტერვიუს, მისი სახლი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა. ცოლთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. შვილი თავისი ოჯახით ამერიკაშია. შვილიშვილი ერეკლე სტუდენტია, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობს, იმ განსხვავებით, რომ BMW X5 დადის უნივერსტეტში. ზოგჯერ კლუბშია, ზოგჯერ ლაშქრობაში. ცხენები უყვარს ბაბუასავით. ვარჯიშობს სისტემატურად, არავითარი ნარკოტიკები და სასმელიც ხანდახან. ბატონი ლუკა ოფიციალურად მცირე ზომის ბავშვთა სახლებს მფარველობს, მაგრამ არაოფიციალურად იშვიათად ეუბნება ვინმეს დახმარებაზე უარს. განსაკუთრებით ახალგაზრდები უყვარს და ხშირას სხვადასხვა მცირე ბიზნესში დებს ფულს. ცოლი მისი მარჯვენა ხელია, ორივე ან იპოდრომზე დადიან ან სახლში არიან. სულ ესაა რაც გავარკვიე - ჩამოარაკრაკა გაბადაძემ. -ეგ ციხე-სიმაგრე ჩვენთვის მიუწვდომელი არაა, თვითონ დაგვპატიჟა, როცა გნებავთ მოდითო, მაგრამ შიგ რას დაგვახვედრებს ესაა საინტერესო. ამიტომ ამ კაცის დაფრთხობა ახლა არ ღირს, იყოს ასე ეჭვებში, იქნებ საბამ მაინც იპოვოს რამე. არ უარყოფს რომ კოლექციონერია. ჩემი გატაცებააო, ჩხაიძეს კონტაქტები ქონდა, მე ფულიო. საინტერესოა ვის აქვს ახლა ეს საქმე მინდობილი. ნიკო თავისთვის უფრო ლაპარაკობდა, ვიდრე ოთახში მყოფთათვის. ელენე ჩაფიქრებული უსმენდა პროკურორის მსჯელობას. გაბადაძე გაჯგიმული იჯდა და ხან ერთს მიაჩერდებოდა და ხან მეორეს. -ირაკლისთან რა ხდება ელენე? -გამომძიებელს მიუბრუნდა პროკურორი. -პიცა ვჭამეთ და ცოტა ლუდიც დავაყოლეთ, ხო კიდე, ბევრი ყავა დავლიეთ და ღამე გავათენეთ. -რაააა - გაკვირვება ვერ დამალეს კაცებმა. - ხო რაა, მთელი ღამე ვიქექებოდით წიგნებში, ძველ და ახალ გაზეთებში, სამეცნიერო გამოცემებში, ჟურნალებიდან ამოჭრის ფურცლებში. დავიმტვერეთ, დავიხრჩვეთ და აღარც პიცა გვეჭამა? იმ ბიჭს მეტი არაფერი ქონდა, მამა ორი დღის წინ გაასვენა და შემწვარ-მოხარშულებს არ დაუწყო გაკეთება. რის გამოც ბოდიში მოიხადა სხვათაშორის. პიცა შევუკვეთეთ და თითო ქილა ლუდი დავაყოლეთ. -საქმესთან ახლოს ქალბატონო ელენე, საქმესთან ახლოს - გაეღიმა ნიკოს. -საქმესთან ახლოს ბატონო ნიკო ისაა, რომ ორი წიგნია დაკარგული, რაც უკვე ტელეფონზეც მოგახსენეთ, ეგნატე გაბლიანის 1927 წელს გამოცემული „თავისუფალი სვანეთი“ და 1954 წელს გამოცემული უნგრული „ვეფხისტყაოსანი“. მეტი არ ვიცით, ან კიდევ რამეა დაკარგული და არ ქონდა აღრიცხული ბატონ დავითს, ან მხოლოს ეს ორი. რამდენიმე წიგნის შეტანა ვერ მოასწრო კარტოთეკაში, ჯერ მაგიდაზე ელაგა ნომრების გარეშე. ისე მართლა დიდი სიმდიდრე უნდა იყოს იმ სახლში. თვითონ ირაკლი სასიამოვნო ბიჭია, როგორც იხსენებს მამასთან ახლოს იყო, ყველაფერი გააკეთა უდედობა რომ არ მეგრძნოო. არ უფიქრია დაქორწინებაო. ვინმე ქალსაც ვერ იხსენებს მამამისის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით ნინო აბაშიძის არსებობის შესახებ. კიდევ არის ქალბატონო დოდო. მას მიზეზი ქონდა მოკვლის, მაგრამ ძალიან დაუჯერებელია ეს ამბავი. ირაკლი ინჟინერია, გატაცებით ლაპარაკობდა თავის საქმეზე. მანქანების ნაწილების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. ფრანგი მეგობარი გოგო ყავს, რომელმაც ჩემს იქ ყოფნაში დაურეკა და ესეც ფრანგულად ეჭღურტულა. სულ ესაა. -შენ რა გაარკვიე? - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს. -ლამარა გიგაური სკოლის მასწავლებელია, საირმის ქუჩაზე მარტო ის ცხოვრობს ძველ სახლში. ერთი შვილიშვილი ყავს ანუკი. ფსიქოლოგიას სწავლობს. ძალიან კარგი გოგოა. მეზობლებთან ურთიერთობის ამბავი იცით, თუ მოგიყვეთ? -არა ვიცი, შენი აზრი მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს ამბავი? - პროკურორი სავარძელში გასწორდა და კალამი მოიმარჯვა. -მე მართალი მგონია, ზუსტად ფანჯრის წინ აქვს ბატონ თემურ არაბულს კედელი ამოყვანილი, ისე რომ ჰაერიც კი არ მოძრაობს. მისი სახლი ორი მხრიდან ესაზღვრება გიგაურებს. მეორე კედელი ეზოს მთლიანად ჩრდილავს. არაა გასაკვირი, რომ ყველაფერი მართალი იყოს. -რა გვარი თქვი? - დაინტერესდა ელენე. -თემურ არაბული - გაკვირვებულმა უპასუხა ზურამ. -რომ იცოდე ეგ არაბული რა კაცია, ეჭვს აღარ შეიტანდით ამ ამბის სისწორეში. ხარბი და შურიანია, ყველაფერზე „მე, მე“-ს იძახის, ჭირდება თუ არა. ძალიან ღარიბი ოჯახის შვილია, არ ვიცი საიდან იშოვა ფული, მაგრამ ახლა ყველგან ფესვები აქვს გადგმული. თქვენ დგვარელზე ამბობდით შეგვჭამსო და არაბული არც კი დაგღეჭავთ, ისე გადაგყლაპავთ. -ვინაა ასეთი? თვალებგაფართოვებული უსმენდნენ კაცები -ხომ გითხარით ხარბია-თქო. ამასთან ბოროტიცაა. იმ ქალს ძალიან არ გაუმართლა არაბულის მეზობლობით. თუ რამე ჩაიფიქრა, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწევს. -შენ რას გვირჩევ? - დაეკითხა ნიკო. -მაგასთან კანონებით, კოდექსებით და მორალით ვერაფერს გახდებით. აზრი არ აქვს, იმდენი ხანი გაწელავს საქმეებს დაიტანჯებიან გიგაურები და თვითონ გაიქცევიან. რამე სხვა გზა უნდა მოძებნო. -ოოო - სავარძელში გადაწვა გელაძე - ასე რთულად არ მეგონა საქმე. იქნებ რამე მოვახერხო. გავიკითხავ-გამოვიკითხავ მაგის სანაცნობო წრეს, გიგაურებსაც ვესტუმრები ამ დღეებში და მერე მოვიფიქრებ რამეს. ახლა თუ მეტი არაფერია დავიშალოთ უკვე გვიანია. საბას ნახვის გარეშე არ წახვიდეთ, იქნებ რამე ქონდეს კიდევ. შენ კი - მიუბრუნდა ნიკო გაბადაძეს - ჩაიცვი ის შენი ლამაზი ტანსაცმელი და იმ ბუკინისტს გაუარე, ტელეფონზე დარეკვას მერეც მოასწრებ. იფიქრებს მყიდველიაო და იქნებ უფრო მოინდომოს. -სიამოვნებით - გაიჭიმა გაბადაძე და წამოდგა. -მაშინ დროებით - დაემშვიდობა ნიკო კოლეგებს და ისევ ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა. 13 თავი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გაბადაძე ნელი ნაბიჯით უდარდელად მიდიოდა ბუკინისტისკენ. -გამარჯობა მიცანით? ჩემთვის რამე ხომ არ გაქვთ?- კითხა გამყიდველს და წიგნების თვალიერება დაიწყო. -თქვენს ზარს ველოდი.. -ხო ვეღარ მოვიცალე იმდენი საქმე მქონდა. აქეთ ვიყავი და გამოვიარე. თვალს არ აშორებდა პოლიციელი კაცს. -თქვენ რომ გინდოდათ ის „ვეფხისტყაოსანი“ ვიშოვნე, უნგრული გამოცემაა 1954 წლის, მაგრამ აქ არ მაქვს, უნდა მომიტანონ. თუ მყიდველი ხართ ორ დღეში მოვატანინებ. -ვინ უნდა მოიტანოს? -აგდებულად იკითხა პილიციელმა, გული კი გამალებით უცემდა. -ერთი ბიჭია, სტუდენტია, ხანდახან წიგნები მოაქვს ჩემთვის. თვითონ არ ყიდის, თუ ნამდვილად მყიდველი ხარ... -მყიდველი ვარ, მაგრამ წიგნი უნდა ვნახო. აი ჩემი ნომერი და დამირეკე - ჯიბიდან სპეციალურად ამ შეხვედრისთვის დამზადებული ბარათი ამოიღო ზურამ და ბუკინისტს მიაწოდა. მანაც რამდენჯერმე შეათვალიერა ბარათი და ჯიბეში ჩაიდო. **** -ელენე, ელენე, ქალბატონო ელენე - ჩასძახა ტელეფონში - ვიპოვნე, „ ვეფხისტყაოსანი“ ვიპოვნე. -დაწყნარდი გაბადაძე და ისე მითხარი რა იპოვნე და სად ხარ? - ელენე მიხვდა რამაც ააფორიაქა პოლიციელი და თვითონაც აუჩქარდა გული. -ბუკინისტმა მითხრა, თუ მყიდველი ხარ ერთი ბიჭი მომიტანს უნგრულ „ვეფხისტყაოსანსო“ - განმარტება მისცა ბიჭმა. -აბა ახლავე ჩემთან, ნიკოს უნდა გავაგებინოთ ეს ამბავი, ნეტა მართლა ის იყოს - ტელეფონი გათიშა ქალმა. ელენეს ტვინში ნეირონები სინათლის სიჩქარით გადარბოდნენ. როგორ გაერკვია ნამდვილად იმ წიგნზე იყო ლაპარაკი, თუ უბრალოდ იგივე გამოცემაზე. გამომძიებელი სავარძელში იჯდა და კბილებით კალამს ათამაშებდა. ბავშვობიდან, როცა რამეს ფიქრობდა, ფანქრებს და კალმებს მტრობდა და ახლაც შემორჩა ეს ჩვევა. პოლიციის განყოფილების კარებში გაბადაძე გამოჩნდა. ელეგანტურად გამოწყობილი, ფართო მხარ-ბეჭიანი და გრძელფეხება პოლიციელი გამოირჩეოდა დერეფანში მოსიარულე თანამშრომლებისგან. გაბადრული სახით დაიძრა ელენესკენ და რამდენიმე მაგიდას ისე სახიფათიდ აუარა გვერდი, ქალმა იფიქრა, ახლა გამოიყოლებს და დაიმხობს თავზე ყველაფერსო. -გამოჩნდა ქალბატონო ელენე, ვიღაც ბიჭს აქვს, ვუთვალთვალოთ ვინ მოუტანს და ავიყვანოთ - სულმოუთქმელად მიაყარა გამომძიებელს. -მოიცა კაცო, იქნებ სხვა წიგნია, იგივე გამოცემა, წიგნის გაყიდვისთვის ხომ ვერ დავიჭერთ კაცს. - ეე, როგორ იცით ხოლმე რააა. - იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა პოლიციელი - მიხაროდა ვიპოვე-თქო. - მე არ მითქვას არაფერი ვქნათ-თქო, შევამოწმოთ, იქნებ ეგაა, გავიგოთ ვინ მოუტანს. თუ ისაა რაც ჩვენ გვინდა, სად წავა. ავიყვანთ. თუ არადა იყოს და ყიდოს წიგნები თავისთვის. ელენე ჩაფიქრდა. - როგორ გავიგო თუ ისაა, როგორ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და მაგიდას დააშტერდა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გაბადაძე ფეხზე წამოხტა. - მე ვიცი - იყვირა და პირველკლასელივით გაიჭიმა. მერე შერცხვა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. -აბა ბრძანე რა იცი - გაუღიმა ელენემ. -დარწმუნებული ვარ, დავით ჩხაიძე რამე თავის ნიშანს დაადებდა წიგნებს, ასე იქცევა ყველა და რაღა ეგ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ირაკლიმ იცოდეს. თუ არ იცის ვნახოთ მისი ბიბლიოთეკა, იქნებ გაგვიმართლოს. -ხოოო ეგ კარგიააა - გააგრძელა სიტყვა ელენემ - ერთი ის მითხარი, რამდენ საქმეში დახმარებიხარ გამომძიებელს? თუ ეს შენი პირველი საქმეა - შეუბრუნდა პოლიციელს და გვერდიდან შეხედა. -მე პატრული ვარ ქალბატონო ელენე. ჯარიმები, ავარიები, ოჯახური კონფლიქტები. ერთი-ორი წვრილმანი ხულიგანიც დამიკავებია, მაგრამ მკვლელობა პირველი იყო და გამოძიებაშიც პირველად ვარ ჩართული. -ასე თუ გააგრძელე შემცვლელად მომევლინები. ყოჩაღი ხარ - შეაქო ელენემ. პატრული გაწითლდა, გამწვანდა და გრძელი ხელები აღარ იცოდა სად წაეღო. -რა ვქნა ახლა მე? - ნერვიულად წამოხტა ფეხზე. -ჯერ ეგ ტანსაცმელი გამოიცვალე, ნახევარი განყოფილება ქალებია და მუშაობაში ხელს უშლი. ნიკოსთან წავალ, საბასაც შევუვლი და დაგირეკავ. ისე იმ ბუკინისტის ამბებს თუ გამოიკითხავ წყნარად და მშვიდად, ცუდი არ იქნება. ოღონს შენ არსად გამოჩნდა. - გავარკვევ, იქ ერთი-ორი ნაცნობი ბიჭი მეგულება და ვნახოთ რამე იქნებ გავიგო - წამოდგა გაბადაძე და ფართო ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. 14 თავი -საბა რამე საინტერესო გაქვს ჩემთვის? - კომპიუტერებით გადავსებული ოთახის კარები შეაღო ელენემ. -უფ ქალბატონო ელენე, როგორ იცით ხოლმე თავზე დადგომა, ვერ გავიგე როდის შემოხვედით. -პროფესიული ჩვევაა საბა, პროფესიული. რა ვქნა ასე ჩუმად და ფრთხილად თუ არ მივეპარე დამნაშავეს, ხო გაიქცა და დავკარგე სამუშაო. რაო რას უსმენდი, იმხელა ხმა ისმის მაგ ყურსასმენებიდან, სროლით რომ შემოვსულიყავი მაინც ვერაფერს გაიგებდი. -ეს ტექნო მუსიკაა ქალბატონო გამომძიებელო, მუშაობაში მეხმარება. რაც შეეხება თქვენს საქმეს, განსაკუთრებული არაფერია. დგვარელი მარტო მიკითხვა- მოკითხითა და ბიზნესითაა დაკავებული. გუშინ შვილიშვულს ეჩხუბა ღამე დაგვიანების გამო. არად ის ბიჭი სასტუმროში იყო გოგოსთან ერთად - ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა საბას. -არ მითხრა რომ სასტუმროშიც უთვალთვალებდი საბა - ვითომ გაბრაზებული სახით შეხედა ელენემ. -რომ მივიდნენ გარე კამერებში ვნახე, მაგრამ ნომრებში არაა კამერები. არადა კარგი იქნებოდა, რამდენ საქმეს გამიადვილებდა მეც და თქვენც - დანანებით თქვა ბიჭმა და ცხვირზე დასკუპებული სათვალე გაისწორა. -ახლა დგვარელი კი არა ბუკინისტი მაინტერესებს. ამ დღეებში ვიღაცამ წიგნი უნდა გადასცეს. 100 თვალი და 100 ყური მჭირდება საბა. -აი გადახედეთ, აქ მთელი მისი საუბრებია. მგონი ჯერ არაფერია. აწი ყველაფერს გადავამოწმებ. - ელენეს რამდენიმე ფურცელი მიაწოდა. -კარგი საბა თუ რამე მირეკავ... -გადამრევთ თქვენ და ბატონი ნიკო. იმანაც „თუ რამეა მირეკავო“ პირველს რომელს გირეკავთ? -მე საბა, მე. პროკურორს ისედაც ბევრი დამრეკი ყავს. ელენემ შუშის კარები გამოაღო და გარეთ გავიდა. თან ფურცლებს ათვალიერებდა და დერეფანს მიუყვებოდა. მაგიდასთან მივიდა. ჩაფიქრებული დაჯდა სავარძელში და ჩხაიძის საქაღალდე გადაშალა. „ იქნებ რამე გამომრჩა, იქნებ რაღაც სხვა მოხდა. დავიჯერო ორი წიგნის გულისთვის აწამეს და მოკლეს პროფესორი კაცი? რაღაც ძალიან უბრალო და დაუჯერებელია, მაგრამ რას გაიგებ“ ფიქრობდა ელენე. „ ამ საქმის გახსნას თუ ვეღირსე, შვებულებას ავიღებ და დასასვენებლად წავალ. დროა დანაზოგი გამოვიყენო და სადმე გავემგზავრო, ახალი ხალხი, ახალი გარემო, ახალი ფლირტი და დროებით დავივიწყო სამუშაო.“ ფლირტის ხსენებაზე გააჟრჟოლა. „ უნდა შევეხმიანო ჩემს ბიჭს, თუ არა გაბრაზდება, სულ დამივიწყეო“ ფიქრი გააგრძელა ქალმა. ბოლოს რომ ნახა ცოტა დაძაბული საუბარი გამოუვიდათ. თავიდანვე იცოდნენ ერთმანეთისგან რა უნდოდათ. ვნებებს დაიკმაყოფილებდნენ და ორივე თავის ცხოვრებას მიხედავდა. ელენეს ახლაც ეს უნდოდა, აი პარტნიორს კი აერია ერთმანეთში რაღაცები. ქალმა ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა „ საღამოს პიცაზე ჩემთან“. იცოდა პიცაზე და მერე გაგრძელების პერსპექტივაზე უარს ვერ იტყოდა. ზუსტად წუთნახევარში პასუხიც დაბრუნდა „OK”. ქალმა მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და განყოფილებიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. მოკლული ჩხაიძეც და მისი მკვლელიც მოიცდიდნენ. 15 თავი -ყოველთვის რა რბილი კანი გაქვს ელენე, ეს თმის ახალი ფერი ხომ საერთოდ მაგიჟებს - ჩურჩულებდა ალკოჰოლ მორეული კაცი და კოცნის კვალს ყელში ტოვებდა. ელენე გარინდული იჯდა მის ფეხებს შორის და ჯერ გაუხსნელ პერანგის ღილებს იწვალებდა. უყვარდა როცა მოლოდინი ხანგრძლივდებოდა, მერე სიამოვნება უფრო დიდი იყო. ძლიერი ხელი წელზე იგრძნო და ტუჩებიც ენამ გააპო. ვნება არეული ქალი ალერსს აყვა, ჯერ თავის შარვლის ღილს დაწვდა და ნელა გახსნა, მერე პარტნიორისას წაეპოტინა. ხალიჩაზე მოკალათებულ კაცს ნელა ათავისუფლებდა ტანსაცმლისგან, ცხელი ენა და ტუჩები გონებას უწვავდა. კიდევ ერთი ბიძგი და მუცელში სისავსე იგრძნო. ***** - კიდევ თითო ნაჭერი? -კითხა კაცმა და თმაზე მოეფერა, თან ჭიქით წყალი მიაწოდა. -კი თითო ნაჭერიც - თქვა ელენემ და თავი აწია. -ჯერ წყალი როგორც ყოველთვის. ქალს გაეღიმა, წყალი მოსვა და პიცის ნაჭერი აიღო. -სავარძელში გადავინაცვლოთ, აქ შეგვცივდება. -ამაღამ ვრჩები? -წასვლას აპირებდი? -არა, მაგრამ თუ გენდომებოდა წავიდოდი. დავრჩები ოღონდ დილით ადრე უნდა ავდგე, სახლში მივიდე, საბუთები ავიღო და შეხვედრაზე წავიდე. -სერიოზულია? -კი ძალიან, ეს თუ გამოვა, რეგიონში უდიდესი იმპორტიორები ვიქნებით. -გილოცავ- თქვა ქალმა და ტუჩებს მიწვდა. -ჯერ არა, მერე მომილოცე. ოღონს ვახშამზე მე გეპატიჟები, თან არა შენს სახლში. -ვნახოთ - თქვა ელენემ და ფეხზე წამოდგა. ახლა რესტორნების და რომანტიკული ვახშმების დრო არ იყო, ახლავე უნდა შეეწყვიტა ეს საუბარი. 16 თავი -პატრულო გაბადაძე ამ საღამოს რა გეგმები გაქვს? - ტელეფონის ზარის შეწყვეტისთანავე კითხა ნიკომ ზურას. - არაფერი, პაემანს მინიშნავთ ბატონო პროკურორო? - გაიცინა ბიჭმა. - პაემნისთვის უკეთესს ვიპოვნი ვინმეს - თითქოს გაბრაზდა გელაძე - მეც ვისვენებ და საირმეზე წამყევი, ჩემი თვალით ვნახავ რა ხდება, მეცოდება ის ხალხი. -სიამოვნებით ბატონო ნიკო - გაუხარდა პატრულს- იცი რა სასიამოვნო ხალხია? მოგეწონებათ. -მაშინ იქ ბატონი ნიკო აღარ დამიძახო. რვისთვის შეგეხმიანები. - თქვენს ზარს დაველოდები ბატონო ნიკო, შევთანხმდით. პატრულმა ტელეფონი გათიშა. გაეღიმა. უხაროდა, რომ ნიკოსნაირი ადამიანები კიდევ არსებობდნენ, ვისაც გულთან ახლოს მიქონდა უბრალო ადამიანების გაჭირვება. საირმის ქუჩის აღმართს ორი სპორტულად ჩაცმული ახალგაზდა მიუყვებოდა თეთრ ლაბრადორთან ერთად. რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ და თან ძაღლს ართობდნენ. მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მამაკაცებმა ჭიშკარი შეაღეს და შინაურულად დაუძახეს მასპინძელს. ძველი სახლის კარებში ჭაღარა შერეული ქალი გამოჩნდა. -ბატონო ზურა თქვენ ბრძანდებით? ასეთ დროს არ გელოდით - გაიღიმა ქალმა და სტუმრები მიიპატიჟა. -მარტო არ ვარ ქალბატონო ლამარა - შეიშმუშნა გაბადაძე. -რა მნიშვნელობა აქვს, სტუმარი სტუმარია, მობრძანდით - სახლისკენ გაუძღვა ქალი. ნიკო თემურ არაბულის სახლს ათვალიერებდა, სასახლეს ისე დაეჩრდილა გიგაურების ეზო, მზის სხივი ალბათ შუადღეზეც არ გამოჩნდებოდა მათთან. მისაღები ოთახის დიდი მაგიდა ისევ წიგნებით იყო სავსე და მასზე დახრილი ანუკი კალამს ხელში ათამაშებდა. გაბადაძის დანახვაზე გრძელი წამწამები ააფახურა -აღარ გელოდით ზურა, ბებიას ვეუბნებოდი ესეც მორიგი გამოკითხვა იყო და დაიკარგა ჩვენი პატრული-თქო. -არ შეგრცხვა ეგ რომ თქვი? სულ არ გაწითლდი? - გაიცინა გაბადაძემ - ხომ გითხარი მოვალ-თქო. -უფ ეგრე ამბობს ყველა - ხელი აიქნია ანუკიმ. -ბევრს ნუ ლაპარაკობ, სტუმრებს გავუმასპინძლდეთ - დატუქსა ბებიამ შვილიშვილი. -ეს ნიკო გელაძეა, პროკურორი, ვერ იცანით ქალბატონო ლამარა? - ქალს მიუბრინდა ზურა. მოხუცი ქალი დაიბნა, ნიკოს მორიდებით შეხედა. - ვერ გიცანით ბატონო ნიკო, მაპატიეთ. -არაფერია ქალბატონო ლამარა, უბრალოდ გესტუმრეთ, თუ არ შეგაწუხებთ, ჩაით გამიმასპინძლდით და ჩემს მეგობარს წყალსაც თუ დაალევინებთ დიდ მადლობას გეტყვით ორივეს. ნიკო აქოშინებულ ძაღლს მიაჩერებდა, რომელსაც ერთი სული ქონდა სახლისთვის წრე დაერტყა და ყველაფერზე დაეყნოსა. -ჩაისაც მოგართმევთ და ვახშამსაც - დატრიალდა ლამარა - ანუკი შვილო, შენ ნიკოს მეგობარს მიხედე. - დაასაქმა შვილიშვილი და თვითონ სამზარეულოში გაუჩინარდა. -დიდი ხანია რაც ეს ლამაზი არსება გყავთ? - იკითხა გოგონამ და ბაქსს მიაჩერდა. -უკვე სამი წელია ჩემი ოჯახის წევრია, ბაქსი ქვია, უფრო სწორად ოჯახის უფროსია. ნიკო თავზე მოეფერა მეგობარს, მანაც სიყვარულის ნიშნად თათი მუხლზე დაადო. -მეც ყოველთვის მინდოდა ძაღლი ან კატა მყოლოდა, მაგრამ ბებია უარს მეუბნებოდა, არ გვცალია მაგის მოსავლელადო-გულდაწყვეტილმა თქვა გოგონამ - ბაქსი გარეთ წამომყვება თუ აქ მოვუტანო წყალი? -ჩვენ წამოვალთ, თან თქვენ ყვავილებს დავათვალიერებთ. ნიკო წამოდგა და ანუკის გაყვა, უფრო ეზოსთვის კიდევ ერთხელ თვალის შევლება უნდოდა, ვიდრე ყვავილების ნახვა. -ახლა ვხვდები, რომ ბებია მე ძლივს მივლიდა, ცხოველებს ვეღარ გაუძლებდა, მუშაობას რომ დავიწყებ, აუცილებლად მეყოლება პატარა მეგობარი - აგრძელებდა გოგონა და თან ლაბრადორს ეფერებოდა. -ჯერ ხომ სტუდენტი ხარ? - დაინტერესდა ნიკო. -წელს ვამთავრებ, სამსახურს ვეძებ უკვე, მაგრამ არაფერი ჩანს. სწავლის გაგრძელებაც მინდა - მოიღუშა ანუკი. -იმიტომ იყავი წიგნებში ჩაფლული? -დიახ, გამოცდებისთვის ვემზადები ... ანუკი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, სახლიდან გაბადაძემ რომ გამოყო თავი. -ნიკო, ნიკო გაცივდა ჩაი და ხაჭაპურიც... -ხაჭაპური როდის მოასწრო - გაკვირვებულმა იკითხა პროკურორმა. -ბებია ასწრებს - იცინოდა გოგონა და უკვე სახლისკენ მიუძღვოდა სტუმარს. -თქვენ ხომ ჩაი გინდოდათ ხოდა მიირთვით, ხაჭაპურს მე გავსინჯავ - სკამზე მოკალათდა გაბადაძე და ორთქლასული ნაჭერი ჩაიტენა პირში. -მე შეწუხება არ მინდოდა ამ ხალხის, თუ არა უარს კი არ ვამბობ - გაიკრიჭა ნიკო და ხელი დაავლო ხაჭაპურს - ბოდიში ქალბატონო ლამარა, დანა-ჩანგლით ვერ დავუწყებ წვალებას. -მიირთვი შვილო როგორც გაგიხარდეს, შეგერეგოს - გულღიად გაუცინა ქალმა. -მე მთიული დედა მყავს და ხინკალზე დაგპატიჟებთ აუცილებლად... -ხოოო, ხინკალი კარგია - დაეთანხმა პირგამოტენილი გაბადაძე. -შენ ვინ გეპატიჟება მერე - შეუღრინა პროკურორმა პოლიციელს. -ჩემს გარეშე ლამარა დეიდა არ წამოვა, არც ანუკი - თავი გამოიდო ზურამ. -კარგი ხო ეგრე იყოს - იცინოდა ვითომ უკმაყოფილო ნიკო. - ქალბატონო ლამარა, - მიუბრუნდა ქალს - რაღაცის საკითხავად მოვედი, რომ დავითანხმო არაბული საკმარისი თანხის გადახდაზე და სახლის ყიდვაზე, გადახვალთ აქედან? -სიამოვნებით შვილო, სადმე გარეუბანში პატარა სახლი თუ იქნება, იმ დღესვე დავცლი აქაურობას. -ძალიან კარგი, თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებთ, გეტყვით, რომ საჩივრით ბევრის იმედი არ უნდა გქონდეთ, შეიძლება წლები გაგრძელდეს სასამართლოები, დაიხარჯებით და ან მიაღწევთ სასურველ შედეგს და ან ვერა. მე ვფიქრობ, იქნებ მოვაგვაროთ, რომ თქვენ გადახვიდეთ სხვაგან. -თუ დამეხმარებით მაგაზე უარს როგორ ვიტყვი. ისე თქვენთან რომ ვიყავი, იმედი არ მქონდა ყურადღებას მომაქცევდით. -იქვე რას გეტყოდით ქალბატონო ლამარა, ჯერ მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა. ზურა იმიტომ გამოვგზავნე აქ, მაგრამ ეს თურმე თქვენი კეთილი გულით სარგებლობს. -არა რას ამბობთ - შეიცხადა ქალმა - ეგ რომ იყო, ვერაფრით გავუმასპინძლდი, ისე გავუშვი ბიჭი. -რა გინდათ ბატონო ნიკო?ერთი უპატრონო კაცი ვარ, მარტო ვარ ამ დიდ ქალაქში, თბილი სადილი თუ მაჭამა ვინმემ, მადლია - თავი ჩაღუნა ზურამ და თვალზე არ არსებული ცრემლი მოიწმინდა. -მშობლები არ გყავს გაბადაძე? - შეწუხდა ნიკო. - კი მაგრამ სოფელში, ჩემთვის ვის ცალია - სლუკუნს აგრძელებდა პატრული. -უფ შე კაცო, მე მთლად უპატრონო მეგონე - ამოისუნთქა პროკურორმა - კინაღამ დედაჩემთან წაგიყვანე, ვიშვილოთ-თქო. - ისე წინააღმდეგი არ ვარ - გამოცოცხლდა ზურა - იქნებ მეც მომიარონ შენთან ერთად. -არა ჩემო ზურა, მამაჩემს კიდევ ყავს ორი შვილი ჩემს გარდა მისახედი. ჯერ პატარები არიან ისინი და ჩემთვის და შენთვის არ ცალიათ. - პატარა რამხელა? - საუბარში ჩაერია ანუკი. - სტუდენტები არიან, ტყუპები. ცელქი და მოუსვენარი ბიჭები. დედაჩემი მაგათმა გაათეთრეს. - აბა მე არავინ მყავს - კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლი გაბადაძემ. - ისე შემაცოდე თავი, ახლავე წაგიყვან სახლში, ოღონდ მერე წუწუნი არ დაიწყო, ტყუპებს ვერ ვუძლებო. შენ და ისინი მამაჩემს ინფაქტს დამართებთ. - არა, არ მინდა, ჩემს სახლში მირჩემნია ყოფნა. მშვიდად მაინც ვარ ტელევიზორთან ერთად. - ხოდა შეირგე - საბოლოოდ დააწყნარა პატრული გელაძემ და კიდევ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს დაწვდა. 17 თავი ელენე მანქანას მართავდა და თან ტელეფონზე ირაკლი ჩხაიძეს ესაუბრებოდა. რაც შეიძლება მალე უნდა ენახა მამამისის წიგნები. ირაკლი შუადღისთვის გათავისუფლდებოდა და გამომძიებელსაც შეეძლო სტუმრებოდა. ის იყო ტელეფონის გათიშვას აპირებდა, რომ უკნიდან საპატრულო პოლიციის მოთხოვნა გაისმა. ქალმა გაკვირვებულმა დააგდო სიჩქარე და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააჩერა მანქანა. შუშა ჩაწია და პოლიციელის მოსვლას დაელოდა.რამდენიმე წამში ფანჯარაში გაღიმებული გაბადაძის სახე გამოჩნდა. -პატრულ ინსპექტორი გაბადაძე, თქვენი საბუთები ქალბატონო - რას მაიმუნობ გაბადაძე ჰა? - გაეცინა ელენეს. -იმას ქალბატონო ელენე, რომ მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრობდით. - მართალი ხარ ბატონო პატრულო, მაგრამ რომ იცოდეთ, ირაკლი ჩხაიძეს ვესაუბრებოდი, რომელთან შეხვედრის ამბითაც წესით შენც უნდა იყო დაინტერესებული. - ხოოო - ჩაფიქრდა პოლიციელი - თუ ასეა, მაშინ საპატიო მიზეზი გქონდიათ ქალბატონო გამომძიებელო, ამიტომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ. - დავიმახსოვრებ ამას გაბადაძე - დაემუქრა ელენე. - ისიც დაიმახსოვრე, რომ გაგიშვით - გაიბადრა პატრულიც - ხომ გამაგებინებთ რასაც ნახავთ? - ვეღარ მოითმინა ბიჭმა. - აუცილებლად აბა რას ვიზამ, შენ ხარ მთავარი გმირი ამ თამაშში. -თქვენს სამსახურში მიგულეთ - გაიჭიმა პოლიციელი და მანქანას მოშორდა. ელენემ ღიმილით დაძრა მანქანა, რა კარგია როცა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ასე მხიარული, ფიქრობდა ქალი და გაბადრული სახით მიდიოდა განყოფილებაში. **** ჩხაიძეების ეზო მოწესრიგებული იყო. ალბათ ასეთი იქნებოდა ბატონი დავითის სიცოცხლეშიც. ელენემ ეზოს მოკირწყლული ბილიკი გაიარა და კარებზე დააკაკუნა. უმცროსი ჩხაიძე ამჯერად დავარცხნილ- მოწესრიგებული დახვდა. -მობრძანდით ელენე,- შინაურულად მიესალმა ქალს და კაბინეტისკენ გაუძღვა - ახლა მოვედი, მეგობარი ვნახე, რამეს დალევთ? ყავა, ჩაი.. - არაფერს ირაკლი, მადლობა, საქმეზე მოვედი - ვიცი ელენე, აბა ჩემ სანახავად რომ არ მოხვიდოდი გამომძიებელი ქალი მეც ვიცი - ნაღვლიანად გაიღიმა ირაკლიმ. - აბა რა ხდება, ახალი არის რამე? - წიგნი გამოჩნდა ბუკინისტებთან, „ვეფხისტყაოსანი“ . მამაშენის არის თუ არა არ ვიცი, მისი წიგნების ნახვა კიდევ ერთხელ მინდა. საცნობ ნიშანს უსვამდა წიგნებს? წარწერას უკეთებდა? ირაკლი ჩაფიქდა. -არ ვიცი - თქვა ბოლოს - არასდროს შემიმჩნევია, ვნახოთ - და ელენეს ბიბლიოთეკისკენ გაუძღვა. გამომძიებელი თანმინდევრობით ფურცლავდა წიგნებს. მათ არათუ წარწერა, გადაშლის კვალიც ძლივს ეტყობოდა. „დავიჯერო, ამათ მხოლოდ ყიდულობდა და არ კითხულობდა?“ ფიქრობდა ქალი და ბიბლიოთეკას ათვალიერებდა. -ირაკლი, რამდენიმე წიგნს წავიღებ, ლაბორატორიაში გავაგზავნი, იქნებ რამე იპოვნონ - უთხრა ქალმა წიგნების ფურცვლით რომ დაიღალა. -კი რა თქმა უნდა ელენე, რამდენიც გინდა - ირაკლიმ ხელები გაშალა და ბიბლიოთეკაზე მიუთითა.- ისე ქალბატონო ელენე, არამგონია სახლში საჭმელს ხშირად მიირთმევდეთ, ხომ არ დამეწვეოდით? ახლა აი ასე ქართულად ვაპირებდი კარტოფილის შეწვას. რას იტყვით? გაქვთ ცოტა დრო? ელენე მიჩვეული იყო უკვე ნახევრად მშიერი სიარულს, მაგრამ ახლა ნერწყვი გადაყლაპა და თვითონ გაუძღვა ირაკლის სამზარეულოსკენ. - აბა ირაკლი, სად გვაქვს კარტოფილი, ტაფა, ზეთი? - საქმიანად იკითხა ქალმა და მკლავები აიკეცა. - თქვენ აქ დაბრძანდით და მაცივარში ლუდი მოძებნეთ, დანარჩენი ყველაფერი იქნება. სამზარეულოს წინსაფარი აიფარა ბიჭმა და დანა ხელში აატრიალა. - შეიძლება გკითხო ელენე, მამაჩემის საქმეზე რა ხდება? - ყველაფერს ვაკეთებთ ირაკლი, მეც გაბადაძეც და კიდევ უამრავი ხალხი, მაგრამ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც საქმეს სერიოზულ მსვლელობას მისცემს. ასე თივის ზვინში ვეძებთ ნევსებს, მაგრამ ასეთია ჩვენი საქმე, სადღაც რაღაც გამოჩნდება. - არ გიჭირს ქალს ასეთი მძიმე სამუშაო? - კითხა ირაკლიმ და თვალებში მიაჩერდა. ელენეს გაეღიმა, პირველად არ ისმენდა ამ კითხვას, პირველად არ ეუბნებოდნენ, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა, ამდენი მკვლელობა, დევნა და ზეგჯერ სიკვდილთან თამაში. - არ მეგონა ირაკლი შენც თუ მაგას მკითხავდი, საზღვარგარეთ ცხოვრება ალბათ მენტალიტეტზე ნაკლებად მოქმედებს. ქართველებს ჯერ კიდევ წარმოგვიდგენია, რომ ქალი არ უნდა იყოს გამომძიებელი, მშენებელი და რა ვიცი კიდევ რა. იმასაც ძლივს შეეგუენ, რომ მანქანის საჭესთან ვზივართ. გადაწყვეტილებებს ვიღებთ და მარტო სამზარეულო არაა თურმე ჩვენი საქმე. კი ირაკლი, რთულია, ისე როგორც სხვა რაღაცები, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცის დათმობა. როცა შენი საქმე გიყვარს, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. შენ ინჟინერი არ გამოხვიდოდი ქალი რომ იყო? ან გერმანიაში არ წახვიდოდი, იმიტომ რომ სამზარეულო გიხმობს? ირაკლი დაბნეული უყურებდა მომხიბვლელ გამომძიებელს და ფიქრობდა, მართლა რა ლამაზი ქალი იყო, თუნდაც მკაცრი ჩაცმულობის და გამოხედვის მიღმა. -ბოდიში, წყენინება არ მინდოდა, კი რა თქმა უნდა მაინც წავიდოდი. მაინც მანქანებთან მექნებოდა საქმე, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარს და როცა გიყვარს, გამბედაობაც უნდა გეყოს გაყვე. -შენთვის არ არის რთული უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ელენე სკამზე შესწორდა. კარტოფილმაც მადის აღმძვრელი სუნი გაუშვა. ირაკლიმ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა . - კი რა თქმა უნდა, თავიდან გამოქცევაზე ვიყავი, გაძლება მიჭირდა. მერე ნელ-ნელა ნაცნობ-მეგობრები, კურსელ-ჯგუფელები გამოჩნდნენ, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა. მოგვიანებით საბინა გამოჩნდა. ჩემი მეგობარი გოგო. მან კიდევ უფრო გამიადვილა ცხოვრება. ფრანგია, უკვე ორი წელია ერთად ვართ, მაგრამ განსხვავებული აღზრდა, კულტურა და მენტალიტეტი მაინც თავისას შვება. ჩემთან ქორწინება და შვილები არ უნდა, ამბობს, ქართველები მძიმე ხალხი ხართო. ალბათ მართლაც ასეა... ირაკლის ჩაეცინა - ქართველი კაცები ალბათ მართლა სხვანაირები ვართ, მაგრამ ჩვენშიც არიან უფრო მძიმე და უფრო მსუბუქები. შენზე რას მეტყვი? - მიუბრუნდა ელენეს. -მეც თან მარტო ვარ და თან არა - ქალმა პაუზა გააკეთა - აი ასეა, როგორც შენ, ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე. - მამაჩემი ჩემს ასეთ ცხოვრებას ვერ ეგუებოდა. ის ერთხელ იყო შეყვარებული დედაზე და მეტ ქალთან არ უცხოვრია, მისი ხატი ქონდა შექმნილი. სულ მაგას მსაყვედურობდა, რომ ვერ ვნახე ჩემი ცხოვრების ქალი. ერთხელ მითხრა, არ უნდა გამეშვი, იქნებ აქ ოჯახი დროულად შეგექმნაო. გავბრაზდი და ორი კვირა არ ველაპარაკებოდი. ახლა ვბრაზდები ჩემს თავზე. ელენე ხმა ამოუღებლად უსმენდა, მართლა საინტერესო იყო როგორ ცხოვრობდნენ ჩხაიძეები, ეს სწავლული კაცი, რომლის სიცოცხლის დასასრული, სრულიად არ შეესაბამებოდა მისი ცხოვრების სტილს. ირაკლის სუფრის გაწყობა დაემთავრებინა და ელენეს ეპატიჟებოდა - მობრძანდით ქალბატონო ელენე ჩვენს მწირ ვახშამზე. კარგ ღვინოს არ დალევთ? სუფთაა, მამას მეგობარი აყენებდა ყოველ წელს კახეთში. მამა ამას ყველას არ ასმევდა. მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს. ერთ წუთში მოვიტან. ელენეს სახლში შემწვარი კარტოფილი დიდი ხანია არ ეჭამა და ზედ წითელი ღვინოც ესიამოვნა. უცებ გადახედა გეგმებს და ხელი ჩაიქნია, არ ღირდა დღეს ამ ვახშამზე უარის თქმა. ირაკლისაც მოერია ალკოჰოლი და მოგონებები აეშალა. -მშობლები გყავს ელენე? - კითხა ქალს და კიდევ ერთი ჭიქა შეავსო. - ორივე მყავს, მაგრამ ჩემთან არ ცხოვრობენ. მამაც გამომძიებელი იყო, ახლა პენსიაზეა, დედა მასწავლებელი. ძმა მყავს და ძმიშვილები. ყველა ერთად დიდი სახლში ცხოვრობს. დედაჩემი სულ მეჩხუბება, იშვიათად მოდიხარ სახლშიო. მამაჩემი მე მამართლებს დედასთან, არ ცალია და რა ქნას ასეთი სამუშაო აქვსო, მაგრამ მარტო რომ დამიჭერს, ისიც იგივეს იმეორებს, მოიცდიან ეგ შენი მკვდრები და მკვლელები, ხანდახან გვნახე, მერე მოგენატრებითო. - მართლები არიან - დანანებით თქვა ირაკლიმ - ოჯახზე არაფერს გეუბნებიან? ელენეს გაეცინა, სასმელი მოეკიდა და უკვე ლოყები უხურდა. დიდი ხანია ასე სასიამოვნო და მშვიდი საღამო აღარ ყოფილა მის ცხოვრებაში. -არა მარტო მეუბნებია, არამედ კანდიდატურებსაც მთავაზობენ, როგორც ხდება ხოლმე. ხან მე ვიწუნებ, ხან ისინი მიწუნებენ. ხან ორივე ერთად და ასე მოვედით აქამდე. სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ კიდევ თითო შეავსო, აშკარად ორივეს სიამოვნებდა სასმელიც და საუბარიც. -შენი მშობლები საიდან არიან ირაკლი? მამაშენის საქმეში ვერაფერი ვიპოვნე მის ნათესავებზე. -ხო ნათესავები მამის მხრიდან არ მყავს, მამას არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, იმერეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. მამა ადრე დაღუპვია, მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, თავისავე მეგობარს და თანასოფლელს მოუკლია. ბებიას პატარა მამაჩემისთვის ხელი მოუკიდია და თბილისში წამოუყვანია. -ალბათ როგორ გაუჭირდებოდა მარტოხელა ქალს ქალაქში ცხოვრება - კი. მამა ყვებოდა ხოლმე, ღამე როგორ მუშაობდა ბებია, სარეცხს ურეცხავდა შეძლებულ ხალხს, მამა რომ წამოიზარდა ისიც ეხმარებოდა და სკოლის მერე მტვირთავად მუშაობდა. ბებიას ფილტვების ანთება დამართნია, მერე ტუბერკულოზში გადაუვიდა, რომ გაიგეს გვიან იყო უკვე და ვეღარ უშველეს. -ამ სახლში როდის გადმოხვედით?- დაინტერესდა ელენე. - აქ მამა ერთ ოთახს ქირაობდა. სტუდენტი რომ იყო კერძო მოსწავლეები ყავდა და ამეცადინებდა. დედაც აქ მოუყვანია. მერე პატრონმა სახლი მიყიდა და თვითონ რუსეთში წავიდა შვილთან. მამა დიდი ხანი ნაწილ-ნაწილ იხდიდა ამ სახლის ფულს. მერე დედა დაიღუპა და გაუჭირდა მარტო ჩემი მოვლა. ნახევრად ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, მაგრამ საღამოს ყოველთვის სახლში მოვყავდი და აქ მაძინებდა ხოლმე. -გერმანიაში წასვლა ვისი იდეა იყო? - მამის. ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ მიმეღო განათლება. თვითონ მასწავლიდა ენებს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან მოწვევა რომ მივიღე, წასვლაზე არც მიფიქრია. მაგის ფული არ გვქონდა. მამამ შენახული ბრილიანტებიანი შვეიცარული საათი მაჩვენა, მამაჩემისგან სახსოვრად მხოლოდ ეს მაქვსო. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა ამ ნივთზე. წაიღო და გაყიდა. ამ ფულით წავედი გერმანიაში. მეტი რა უნდა ექნა კაცს. ძალიან როცა უჭირდა, მაშინ არ გაუყიდია ერთადერთი სახსოვარი. ჩემს გამო გაყიდა და გამიშვა. ირაკლის თვალები აემღვრა. მამა მისთვის მარტო მშობელი არა, ალბათ უფრო თანამოაზრე და მეგობარი იყო. ეს ორი ადამიანი მხოლოდ ერთმანეთის იმედად უმკლავდებოდა ცხოვრების სიძნელეებს. ელენემ თავჩაღუნულ ბიჭს მხარზე ხელი მოხვია, საპასუხოდ ირაკლის ხელი იგრძნო წელზე. მხარზე კი ბიჭის გულიდან წამოსული ძლიერი ფეთქვა. ერთი წამით თვალებში ჩახედეს ერთმანეთს, თითქოს ნებართვას ელოდებოდნენ, მერე კი ტუჩებმა თავისით მოძებნეს გზა. ***** ტელეფონი გაუთავებლად რეკავდა. ირაკლიმ თვალები გაახილა და იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელში ტელეფონს დაუწყო ძებნა. ხმა ელენეს შარვლის ჯიბიდან ისმოდა. ნელა გადმოწია ხელი, შარვალს დაწვდა და გვერდით მყოფ ქალს ფრთხილად უჩურჩულა - ელენე, შენი ტელეფონი რეკავს. - რომელია საათია? ასე ადრე ვინ მირეკავს? - თვალები მოიფშვნიტა ქალმა. - უკვე 11 საათია - საათს დახედა ირაკლიმ, მაგრამ ქალი აღარ უსმენდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. - გისმენ გაბადაძე, რა ხდება ასე ადრიანად? - რაღა დროს ადრეა ქალბატონო ელენე, აშენდა ქვეყანა, 11 საათია უკვე. ჩვენს ლამაზ ქალაქში მზეა და გაბადაძეც ემსახურება სამშობლოს. - აბა მითხარი სამშობლოს სამსახურში მე რატომ დაგჭირდი? - რატომ და ის წიგნების გამყიდველი მირეკავს, როდის ნახავ წიგნსო და რა ვქნა? ვუთხარი ქალაქში არ ვარ-თქო, დაგირეკავ-თქო. მაგრამ ბევრიც არ მინდა ვალოდინო. - საუკეთესო ხარ გაბადაძე, დაგირეკავ და განყოფილებაში მოდი. - არის შეფ - დაიძახა პოლიციელმა. ელენემ ზუსტად წარმოიდგინა როგორ გაიჭიმა ბიჭი და გაეღიმა. მერე ტანსაცმელს დაწვდა და სამზარეულოსკენ წავიდა, საიდანაც ჭიქების ხმა ისმოდა. - დილა მშვიდობისა ირაკლი. დიდი ხანია ასე გვიანობამდე არ მიძინია. ყავა შეიძლება? - კი რა თქმა უნდა. ვაკეთებ უკვე... - დავლევ და წავალ. წიგნებსაც წავიღებ, ლაბორატორიაში უნდა მივიტანო. ირაკლიმ თავი დაუქნია და ცხელი სითხე წინ დაუდგა. 18 თავი ელენეს ტანში უსიამოვნოდ ტეხდა მაგრამ ახლა ცუდად ყოფნის დრო არ ქონდა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისვლა უნდა მოესწრო. მერე გაბადაძე წაეყვანა მაღაზიებში. „ამ ბიჭის ძიძაობაღა მაკლდა“ გაიფიქრა ელენემ და გაეღიმა, როცა ახალგაზრდა პოლიციელის სახე წარმოიდგინა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კარი შეაღო თუ არა, წინ ძია სოსო აესვეტა - ელენეეე? - გაუკვირდა კაცს - აქ რა გინდა, რომ არავინ მოუყვანიათ საშენო? ელენეს გაეღიმა, ფუმფულა ნათლიას დანახვა ყოველთვის უხაროდა, მიუხედავად მისგან მუდმივად წამოსული ფორმალინის სუნისა. -ლაბორატორიაში მივდივარ, ქვევით ძია. -არ გამიკვირდა კაცო, ჩემს სანახავად მორგში არ მოვიდოდა-თქო აბა. იმ პროფესორის ამბავია? რამე არის ახალი? -მგონი უნდა იყოს, დამირეკეს მოდიო. -უფ ძლივს კაცო რაღაცა კაი გავიგე - სოსომ ფუმფულა ხელები ჯერ ერთმანეთს შემოკრა, მერე ელენეს შემოარტყა და გულში ჩაიკრა. -აბა შენ იცი ძია, აბა შენ იცი - და ბურდღუნით გაუყვა დერეფანს.ქალმა ერთხანს თვალი გააყოლა მიმავალ ნათლიას, მერე კიბეებს დაუყვა და ლაბორატორიის თეთრ ხალათიანებს შეუერთდა. -ქალბატონო ელენე აქეთ - დაუძახა სათვალიანმა ბიჭმა და თავისი მაგიდისკენ იხმო. -გამარჯობა ხალხო - ერთობლივად მიესალმა ელენე იქ მყოფ თანამშრომლებს, რომელთა უმრავლესობას ცხვირი ან სინჯარებში ჩაეყოთ და ან მიკროსკოპებს ჩაკირკიტობდნენ. თავაუწევლად დაიბუბუნა რამდენიმემ „გაგიმარჯოსო“ და საქმე გააგრძელა. „ასე უჟმურ ხალხს სად პოულობენ აქაც და კომპიუტერებშიც“ გაიფიქრა ქალმა და მითითებული მაგიდისკენ დაიძრა. -თქვენი პროფესორი უცებ რომელიმე საიდუმლო ორდენის წევრი რომ აღმოჩნდეს არ გამიკვირდება - შესავლის გარეშე დაიწყო სათვალიანმა ბიჭმა და მრავლისმეტყველი მზერით თვალები გადაატრიალა. -ესღა მაკლდა ამ საქმეში - ჩაიბურდღუნა ელენემ - ისე ხომ ყველაფერი ნათელი იყო და ახლა საიდუმლო ორდენებთან მაბრძოლეთ. -თქვენს მოტანილ წიგნებზე მე-5 და 55-ე გვერდზე პენტაგრამაა გამოსახული, იგივე ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რაც ძველი ღმერთის ვენერას ნიშანია. ბერძნული კულტების რომში გავრცელების შემდეგ, ვენერა აფროდიტესთან გააიგივეს და თაყვანს სცემდნენ, როგორც სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს. რაც შეეხება პლანეტა ვენერას, ის ცაზე რვა წლიანი მზის გარშემო მოძრაობის შედეგად პენტაგრამას ხატავს. ეს სიმბოლო ტამპლიერების ორდენს ქონდა გამოყენებული, რომლის დიდი მაგისტრი ანუ წინამძღოლი ბევრი მეცნიერი იყო... -მოიცა, მოიცა ახლა ისტორიის გაკვეთილზე ვარ? -არა - გაიბუტა ბიჭი - წიგნებში ყოველ მე-5 და 55-ე გვერდზე პენტაგრამა ანუ ხუთქიმიანი ვარსკვლავია და „ჩ.დ“ ანუ დავით ჩხაიძის ინიციალები. ისინი შესრულებულია უფერული ანუ სიმპათიკური მელნით, რომელსაც იყენებენ საიდუმლო მიმოწერაში. მჟღავნდება გახურებით, სპეციალური ფხვნილის ან ულტრაიისფერი ან რენდგენის სხივების გამოყენებით. მე რენდგენი გამოვიყენე. -ძალიან კარგი, მშვენიერი ამბავია. ახლა მე წავალ და მთელი ამბები რაც კი ხუთქიმიან ვარსკვლავზე, ტამპლიერებზე და ორდენებზე იცი, განყოფილოებაში გამომიგზავნე. გამომადგება აუცილებლად. -ახლავე დავიწყებ წერას - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს. -გელოდები, მადლობა - ელენემ ბიჭს გამამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა და ოთახიდან გავიდა. „რა დროს ხარ მკვდარი ბატონო დავით, როგორ ენდომებოდა ამ ბიჭს შენთან ლაპარაკი. ისე ვინ იყავით ბატონო პროფესორო, რაღაც უბრალო მათემატიკოსის ტიპაჟიდან ნელ-ნელა ვარდებით. ახლა ტამპლიერებიც რომ გამოჩნდნენ ცხენზე ამხედრებული, სულ გავგიგჟდები“ ელენე ნელი ნაბიჯით ტოვებდა შენობას და თან ფურცელზე გამოსახულ პენტაგრამას თვალს არ აშორებდა. ***** გამომძიებელი მანქანაში ჩაჯდა თუ არა ტელეფონზე გაბადაძის ნომერი აკრიბა. -სად ხარ პატრულო გაბადაძე? -ჩასძახა როგორც კი მეორე მხრიდან სუნთქვა გაიგონა. -სსსსახლში ქალბატონო ელენე, არ შეიძლებოდა? - დაბნეულმა უპასუხა ბიჭმა. -გძინავს? -დიახ, წუხელ მორიგე ვიყავი. რა მოხდა? -ჩქარა ჩაიცვი, ნახევარ საათში სადარბაზოსთან ვიქნები. -რა ჩავიცვა? - კითხა გაკვირვებულმა გაბადაძემ. -რა უნდა ჩაიცვა ბიჭო, ტანსაცმელი. ჩვეულებრივი, შენი. ელენემ ფანჯარა აწია და ტელეფონი გათიშა. პატარა ბიჭივით გამოწყობილი პოლიციელი სადარბაზოსთან ელოდა ელენეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა, ისე გააღო კარები და დაჯდა, არაფერი უკითხავს. გამომძიებელმაც ცხელი ყავა ისე მიაწოდა, არაფერი უთქვამს. რამდენიმე წუთიანი დუმილის და ქალაქის მიხვეულ-მოხვეული გზების შემდეგ მანქანა მაღაზიის წინ გაჩერდა. -აბა წავედით, ვიყიდოთ ლამაზ-ლამაზი რაღაცები - თქვა ქალმა და პირველი გადმოხტა ძირს. -რას ვყიდულობთ ქალბატონო ელენე? ლამაზ კაბას თუ შარვალ-კოსტუმს? - უკან აედევნა დაბნეული პოლიციელი. -კაბებს როდიდან იცმევ? თუ გირჩემნია გიყიდი -კიდევ ჩემთვის ყიდულობთ? ხომ მიყიდეთ უკვე? - თვალები გაუფართოვდა ბიჭს. -კი მაგრამ ორჯერ ერთი და იგივეთი ხომ ვერ შეხვდები იმ კაცს. ვინ დაიჯერებს შენს მილიონრობას. ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია, ძალიან მინდა ერთ პაემანზე მაინც წახვიდე მერე ამით. აბა ჰე, გვჭირდება პერანგი, შარვალი, კოსტუმი, ფეხსაცმელი. კიდევ რა გვჭირდება? არ ვიცი მე კაცის ნივთები. ოღონს ბევრი არ იარო. არ შემიძლია დიდხანს თვალიერება. ნახა, აიღო, წამოიღო. გესმის? აი ის გოგონა დაგვეხმარება. ელენე კონსულტანტისკენ დაიძრა. -ქალბატონო თუ შეიძლება ამ ბიჭს დაეხმარეთ, ყველაფერი გვინდა, ფეხსაცმლიდან პიჯაკამდე. ფასს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნურც გაგვატყავებთ... ნახევარ საათში ჩაცმულ-დახურული გაბადაძე გამომძიებლის წინ პოზირებდა. „როგორია?“ გითხულობდა გაბადრული სახით და სარკეში თავს ათვალიერებდა. „კარგია გაბადაძე, გადასარევი. ახლა გაიხადე და წავედით“ უკვე მერამდენედ უმეორებდა ელენე. -მადლობა როგორ გადაგიხადოთ ქალბატონო ელენე? -ეს საქმე დამახურინე და მეტი არაფერი მინდა შენი - გაეღიმა ქალს და ბარათი მოლარეს მიაწოდა. - ახლა შენ ბუკინისტს დაურეკე და სადმე მყუდრო ადგილზე დაუნიშნე შეხვედრა ხვალისთვის. რა დროს იქნება მნიშვნელობა არ აქვს, უკვე უთვალთვალებენ. თუ აქამდე არ მოუტანიათ წიგნი, აწი მოუტანენ. შენ შეხვდები, ფულს გადაუხდი და წამოხვალ. -არის შეფ - გაიჭიმა გაბადაძე და ტელეფონს დაწვდა.... ......... ........................ -აბა რაო? -ხვალ 6 საათზეე „ძველ სახლში“ ვხვდებით. -კარგია, ახლა სახლში მიგიყვან გამოიძინე. მასე ჩაშავებული თვალებით არ დამენახო. ხვალ დაგირეკავ და მანქანა მოგაკითხავს, რომლითაც შეხვედრაზე წახვალ. აბა წავედით - თქვა ქალმა და მანქანა დაძრა. 19 თავი პატარა ბიჭივით გულაჩქარებული პროკურორი ნიკო გელაძე სამედიცინო უნივერსიტეტის წინ იდგა და იქიდან გამოსულ სტუდენტებს ათვალიერებდა. რამდენჯერმე წასვლა მოიფიქრა და გადაიფიქრა კიდეც. თითქოს არაფრით გამორჩეული ანუკი გიგაური ნიკოს ტვინს ურევდა და მისი ნახვა ჰაერივით ჭირდებოდა. რამდენიმე დღე პროკურორი საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. ბაქსთანაც მართავდა დიალოგს, მაგრამ ეს ჭკვიანი არსება მხოლოდ თვალებში უყურებდა და საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდა. ახლაც მანქანაში იჯდა და გულშემატკივრობდა დაბნეულ პატრონს. სტუდენტების მორიგი ჯგუფი გამოვიდა ეზოში და მათთან ერთად ანუკიც გამოჩნდა. -ანუკი - დაბალი ხმით დაიძახა ნიკომ. გიგაურმა ჯერ მიიხედ-მოიხედა, მერე გაკვირვებული მზერა გელაძეს გაუსწორა და თაფლისფერი თვალები ააფახურა. -ბატონო ნიკო, აქ არ გელოდით, როგორ ბრძანდებით? - მიესალმა გოგონა და მისკენ დაიძრა. -უნივერსტეტში საქმე მქონდა და რომ შეგნიშნე, ვიფიქრე მივესალმები-თქო. თავისი ტყუილის შერცხვა ნიკოს. -მეც გამეხარდა თქვენი ნახვა. ბაქსი როგორაა? - უღიმოდა გოგონა და თან ფეხს ინაცვლებდა. -აქვეა მანქანაში, მაგრამ მგონი გეჩქარება, მეგობრები გელოდებიან - სტუდენტების ჯგუფზე ანიშნა პროკურორმა. -არ დამელოდებია, ვეტყვი წავიდნენ. თქვენ თუ გაქვთ დრო, ბაქსს მოვეფერები. ახლავე დავბრუნდები. ანუკი ჩქარი ნაბიჯით წავიდა მეგობრებისკენ .ნიკო თვალს ადევნებდა მათ საუბარს, წიგნები გაცვალეს, რაღაცები ჩაინიშნეს და ანუკის ჩანთაში რომ აღარ ჩაეტია ყველაფერი, ახლა გულზე ახუტებული ფურცლებით მისკენ მოდიოდა. -დღეს გამოცდა მქონდა, ერთი დამრჩა კიდევ და ეს წიგნები მჭირდება. ბოდიში გალოდინეთ - თავი იმართლა გოგონამ. -გამოცდა? როგორ ჩაიარა? - დაეკითხა ნიკო, თითქოს მისი საგამოცდო ცხრილი უკვე ზეპირად არ ცოდნოდა. -კარგადაა ყველაფერი. ბაქსი სადაა?-ცქმუტავდა ანუკი. -აი მანქანაში - ხელით ანიშნა ნიკომ - კარგია რომ შეგხვდი, რაღაც უნდა მეთქვა შენთვის. -მართლა? რამე ახალია ჩვენს საქმეზე? -არა სახლზე არა, სხვა საქმე მაქვს. აი ბაქსიც - მანქანის კარები გამოაღო გელაძემ და გახარებულმა ძაღლმაც ისკუპა, ორ თათზე დადგა და სახე აულოკა ანუკის. -მგონი ბაქსს ჩემზე მეტად უყვარხარ. -არ გრცხვენია ბატონო პროკურორო? ჩვენზე ეჭვიანობთ? - გაეცინა ანუკის და იქვე მიწაზე ჩამოჯდა, რომ ძაღლთან ეთამაშა. -არ შეგეფერებათ აქ ჯდომა და ხვევნა-კოცნა. წამოდით სადმე პარკში შევიდეთ. ნიკომ მანქანის კარები გამოაღო და ბაქსს შესვლა უბრძანა. ყურებჩამოყრილი ძაღლი დაემორჩილა და თავისი ადგილი დაიკავა, მაგრამ რომ დაინახა, მის გვერდით ანუკიც, კუდი ააქიცინა და თავი კალთაში ჩაუდო. -ამდენი იმისთვის ვისწავლე, რომ თქვენი მძღოლი ვიყო? - ბურდღუნით დაჯდა ნიკო საჭესთან და მანქანა დაქოქა. -ანუკი ხომ არ გშია? - მიუბრუნდა უკანა სავარძელზე ფერებაში გართულ წყვილს პროკურორი. -არაფერი მინდა ბატონო ნიკო, მალე სახლში მივალ და ბებია დამახვედრებს რამეს.- იუარა გოგონამ. -შენ დაგახვედრებს, მაგრამ მე ვინ დამახვედრებს ცარიელ სახლში, ბაქსიც ჩემთანაა, ვერ მოასწრო სადილის მომზადება. -ბაქსი გიმზადებს ხოლმე? -აბაა, ჩვენ ორნი ვართ მარტო და ვინ გააკეთებს სახლის საქმეს. განსაკუთრებით კარგად ტახტების და ჭურჭლის მტვრევა გამოსდის. კბილები რომ ამოდიოდა მაშინ სულ გამომაცვლევინა ავეჯი, ისე შეჭამა ყველაფერი. -ასე პატარა მოიყვანე? -ხო ერთი თვის, რძეს რომ დაანება თავი უკვე ჩემთან იყო.იცი რა სასაცილო და პატარა მოვიყვანე? სახლში მეკარგებოდა ხოლმე. -სად იყიდე? -ერთმა ნაცნობმა მიმასწავლა ამის პატრონი. ახალი დაბადებულები იყვნენ. მივედი და ისე მომეწონა ყველა, არჩევანი ვერ გავაკეთე. ის კაცი მეუბნებოდა, ძაღლმა თვითონ უნდა ამოგირჩიოსო. გამოუშვა და ეს ყველაზე პატარა და დიდმუცელა წამოვიდა ჩემსკენ. დანარჩენებმა თამაში დაიწყეს. მეც მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე. -მეც ასე ავირჩიო? - თვალები ააფახურა ანუკიმ. -ჯერ მოიფიქრე რომელი ჯიში გინდა, რომელს უფრო მოუვლი, მითხარი და მე მოგეხმარები ყიდვაში. -მე რომელიც მინდა, ძალიან ძვირია - გაიღიმა გოგონამ. -ხოდა შენც იაფიანი მოინდომე. გოგოსთვის შესაფერისი, რომ გაპრანჭო ხოლმე. აი აქ ჩავიდეთ - საუბარში გართულ ანუკის პარკზე ანიშნა ნიკომ - პატარა რესტორანია, ღია სივრცით. -აქ ნამყოფი ხართ? შეგვიშვებენ ძაღლთან ერთად? -ბაქსს აქ იცნობენ, თვითონ ნახავ - კარები გააღო გელაძემ - ბაქს ჭკვიანად იყავი, თუ არა მეორედ აღარ წამოგიყვან იცოდე...- დაარიგა ძაღლი , რომელმაც თათი დაარტყა პატრონს და გვერდში ამოუდგა. -ასეთი ჭკვიანი მინდა მეც - თავზე ხელი გადაუსვა ანუკიმ ბაქსს. -ხოდა ასეთი ჭკვიანი ავარჩიოთ შენთვისაც. -რაღაც უნდა გეთქვათ ბატონო ნიკო ჩემთვის - შეახსენა გოგონამ. -ნიკო დამიძახე, სულ რამდენიმე წლით ვარ შენზე უფროსი - დაიბღვირა პროკურორი. -ხო მაგრამ პროკურორი ხარ... -ჩემს მდივანს რომ ეტყვი ბატონ ნიკოსთან მივდივარო, პროკურორი მაშინ ვიქნები. ახლა საქმეს რაც შეეხება. პენიტენციალურ სისტემაში სტაჟირება იწყება. ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს არჩევენ. ანაზღაურებადია. 6 თვიანია. თუ მოეწონებათ კადრი, მაშინ ასაქმებენ. რეკომენდაციას გაგიწევ, მაგრამ მარტო მე არ გეყოფი, უნივერსიტეტიდანაც გინდა საბუთები. აი ჩამონათვალი -გულის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო ნიკომ - ესენი მოაგროვე და მე დამირეკე, რომ გასწავლო სად და ვისთან მიხვიდე. ნიკომ პაუზა გააკეთა - კიდევ ერთი პირობა, მე მეტს ვერაფერს გაგიკეთებ. ჩემი სახელი არ უნდა ახსენო. ყველაფერი შენზეა, მოეწონები აგიყვანენ, არ მოეწონები გამოგიშვებენ. მე ვერ დაგეხმარები. ანუკი თვალებგაფართოვებული უსმენდა პროკურორს. -ძალიან დიდი მადლობა - ჩაიჩურჩულა ბოლოს. -მადლობა მერე იყოს, ეს ფურცელი შეინახე და ხვალვე დაიწყე საბუთების მოგროვება. ახლა კი რამე შევჭამოთ, მშია. შენ რა გინდა? -მაშინ დღეს მე გადავიხდი. -შენ მერე, ხელფასი რომ გექნება. ჩვენ ორიდან ჯერ მე ვმუშაობ. ნიკო მაგიდაზე დადებულ მენიუს დაწვდა და არჩევა დაიწყო. ბაქსი ხან ერთს უყურებდა და ხან მეორეს. იმას ფიქრობდა, არ დავიწყებოდათ და მისთვისაც შეეკვეთათ რამე სასუსნავი. 20 თავი „ძველ სახლში“ მყუდრო კუთხაეში მოკალათებული გაბადაზე კარებს თვალს არ აშორებდა და თან საათს ამოწმებდა. ექვსს გადაცდა მაგრამ მისი „ბუკინისტი“ არსად ჩანდა. კიდევ რამდენიმე წუთი და კარებში აქოშინებული კაცი გამოჩნდა. თვალის ერთი შევლებით მოათვალიერა დარბაზი და პილიციელისკენ დაიძრა. -დაგაგვიანდა - ვითომ უდარდელად უთხრა გაბადაძენ და საათს დახედა - კიდევ კარგი დრო მქონდა. -ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა მოეტანა იმანაც დააგვიანა. -შენ რა დღეს მოგიტანეს წიგნი? არც შეგიმოწმებია ისაა თუ არა რაშიც ამდენ ფულს ვიხდი? -ისაა, 100% ვარ დარწმუნებული. -მე არა - მშვიდად თქვა ბიჭმა - მომეცი შევამოწმო ყალბში არ გადავიხდი. მამაკაცმა გაუბედავად გახსნა გაზეთები. პოლიციელმა მშვიდად ამოიღო პატარა ფარანი ჯიბიდა, „აქ ცუდი განათებააო“ ჩაიბურდღუნა და წიგნი გადაფურცლა. თანმიმდევრობით ათვალიერებდა ყველა გვერდს, ნელა და აუჩქარებლად. მეხუთე გვერდის კიდესთანაც იმდენი ხანი შეყოვნდა, რამდენიც სხვა ფურცლებზე, მაგრამ პენტაგრამის და ინიციალების დანახვა მაინც მოასწრო. კიდევ რამდენიმე გვერდი და ახლა უკვე ორმოცდამეათე გვერდზე გამოჩნდა ინიციალები. გაბადაძეს თავისი გულის ხმა ესმოდა. დაკვირვებით ათვალიერებდა წიგნს და ხმას არ იღებდა. ერთი ის რომ იშვიათი გამოცემა იდო მის წინ, მეორეც ეს დავით ჩხაიძის დაკარგული ეგზემპლარი იყო. წიგნი ისევ გაზეთებში შეახვია, გულის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ბუკინისტს გადასცა. -აქ იმდენია რამდენზეც შევთანხმდით. კაცმა კონვერტს ჩაუღიმა, ვერ მოითმინა და ოდნავ გადაწია. მწვანე ქაღალდებმა თვალი მოჭრა. კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გადაუსვა ფულს ხელი. ჭიქა აიღო „გაუმარჯოს კარგად დამთავრებულ საქმესო“ ჩაიბურდღუნა და წასასვლელად მოემზადა. „მომავალ პარტნიორობას გაუმარჯოს“ სიტყვა არ დაამთავრებინა გაბადაძემ და წითელი ღვინო მოსვა. -კიდევ დაინტერესდით რამით?- კითხა უცებ კაცმა და ფეხზე წამომდგარი ისევ სკამზე დაეშვა. -შეიძლება - პაუზა გააკეთა ბიჭმა - გააჩნია კიდევ რას შემომთავაზებ და როგორ გავუგებთ ერთმანეთს, ძუნწი არ ვარ. ბუკინისტი ცოტა ხანს ჩაფიქრდა: ახლა არაფერი მაქვს განსაკუთრებული მაგრამ მალე რაღაცას ველოდები. დაგირეკავ... -სასიამოვნოა საქმიან კაცთან ლაპარაკი - გაიღიმა პოლიციელმა - ახლა ჯერ თქვენ წაბრძანდით მე ცოტა ხანი კიდევ მინდა ამ სასიამოვნო მუსიკით დატკბობა. ღიპიანი ბუკინისტი ფეხზე წამოდგა, ძლივს გაატია სხეული ახლო-ახლოს მდგარ სკამებს შორის და კარებში გაუჩინარდა. გაბადაძემ რამდენიმე წუთი კიდევ დაიცადა. მერე ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გაგზავნა: „მე მაქვს, დარწმუნებული ვარ ისაა“ ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა პასუხი მოუვიდა: „სასწრაფოდ ექსპერტიზის ბიუროში, გარეთ მანქანა გელოდება, ფრთხილად შეიძლება გითვალთვალებდეს“. ბიჭს გაეღიმა, მაგიდაზე ფული დატოვა, ხურდას აღარ დალოდებია და კარებთან გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა. „ქალბატონ ელენეს მართლა ყველაფერი გათვალისწინებული აქვს“ გაიფიქრა და მისი „სტატუსისთვის“ ზედგამოჭრილი ბიზნეს კლასის მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა შარვალ-კოსტუმიან მძღოლს მიმართა: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უნდა მივიდეთ. -ვიცი, მანამდე მანქანა უნდა გამოიცვალო, მოგვყვება. - მოკლედ თქვა მძღოლმა და ბიჭმა ლაპარაკის სურვილი დაკარგა. მანქანა დიდმინებიანი შენობის წინ გაჩერდა. -სავაჭრო ცენტრის მინუს სართულზე ჩადი, გელოდებიან - ჩაიბუბუნა კოსტუმიანმა. გაბადაძემ საერთოდ დაკარგა სურვილი კიდევ რამე ეკითხა კაცისთვის. ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან და პარკინგისკენ დაიძრა. თვალებგაფართოვებული ათვალიერებდა შემხვედრებს, სანამ ახალგაზრდა გაღიმებული სახე არ დაინახა, რომელიც ხელს უქნევდა და რაღაცას ანიშნებდა. ბიჭმა წიგნს კარგად ჩაბღუჯა ხელი და მომღიმარის მიმართულებით წავიდა. მანქანის მძღოლი ამჯერად ჩვეულებრივი რიგითი პოლიციელი აღმოჩნდა და გაბადაძემაც შვებით ამოისუნთქა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი