პროფესორის მკვლელობა დასასრული


21  თავი
მთავარი სამმართველოს დასაკითხი ოთახის მინის მიღმა პროკურორი გელაძე და ელენე იდგნენ და ოთახში მყოფ ბიჭს ათვალიერებდნენ, რომელიც ხან სკამზე დაჯდებოდა, ხან ფეხზე წამოდგებოდა და ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს. ის ის იყო ქალმა ტელეფონი ამოიღო "აიტიშნიკების მამის" საბასთვის დასარეკად, რომ ის სათვალის სწორებით და ნელი ნაბიჯით გამოჩნდა ოთახში. აუჩქარებლად გადაშალა საქაღალდე და ფურცელი მიაწოდა ელენეს.
-თომა გურული, სტუდენტი უკვე რამდენიმე წელია, უფრო სწორად იმდენი შეტენილი საგანი აქვს, არამგონია როდესმე დაამთავროს. თბილისელი, ცხოვრობს ვარკეთილში. არ არის ნასამართლევი, ჯარიმაც კი არასდროს ქონია გამოწერილი. არ ფლობს რაიმე ქონებას, არ მუშაობს ოფიციალურად. ცხოვრობს მშობლებთან. დანარჩენი აქაა,- მშიდად ჩამოარაკრაკა საბამ და სათვალე შეისწირა. - თუ რამეში დაგჭირდეთ ოთახში ვიქნები, ვეძებ კიდევ რაღაცებს. ნელა შებრუნდა და ისევე აუჩქარებლად წავიდა, როგორც შემოვიდა. 
- შემომაკვდებიან ერთ დღეს ესენი მე - ნიკოს მიუბრუნდა ელენე და მიმავალ საბას თვალი გააყოლა. - ამათი ნერვები არ მაქვს. 
- არც მე მაგრამ რას ვიზავთ საჭირო ხალხია, დაურეკე გაბადაძეს, მაგ ბიჭს მაინც რაღა დაემართა. 
- მაგას არ უნდა დარეკვა. ისეთი სულსწრაფია, სანამ ეტყვიან უკვე ჩვენ გვეცოდინება
-დაველოდოთ მაშინ ცოტა ხანიც. ეს გაჩერდეს და ფრჩხილებს თავი დაანებოს თუ არა შევალ და მივაბავ სკამზე - ნერვები მოეშალა გელაძეს. 
-დაწყნარდი ბატონო პროკურორო, რა დღეში გაქვს ნერვები - გაუცინა ელენემ
- მაქვს კი არა ისე ვატყობ ეს საქმე  ამ ბიჭით არ დამთავრდება, რაღაც არ გავს ეს მკვლელს თან ასეთი სისასტიკით, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი. ნიკო ვერ იყო ფორმაში და ამას ელენეც ატყობდა. ან რაღაც ხდებოდა უკვე ან წინათგრძნობა არ ასვენებდა პროკურორს. 
......... 
- გამარჯობა ბატონო თომა, მე ელენე ჯაფარიძე ვარ, გამომძიებელი. თქვენ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებით. შეგიძლიათ ადვოკატი მოითხოვოთ, შეგიძიათ არ მიპასუხოთ კითხვებზე. დაკავებისას განგემარტათ თქვენი უფლებები. რამდენიმე კითხვას დაგისვავთ. კარგი? 
გურული მაგიდასთან იჯდა და ისე ათვალიერებდა გამომძიებელს თითქოს უცხო პლანეტიდან ჩამოვარდნილი არსება მჯდარიყოს მის წინ. 
- რამდენი წლის ხარ თომა? 
- 27
- რას საქმიანობ? 
- არაფერს მშობლების ხარჯზე ვცხოვრობ. მამაჩემი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია - თქვა ბიჭმა და სკამზე გადაწვა. აშკარად შთაბეჭდილების მოხდენა  უნდოდა ელენეზე და მომდევნო კითხვაზეც, ვინ იყო მისი ასე გავლენიანი ბიზნესმენი მამა, სავარაუდოდ პასუხი გამზადებული ქონდა, თუმცა ქალმა იმედი გაუცრუა და მოულოდნელად სულ სხვა შეკითხვა დაუსვა, რამაც ბიჭი აშკარად დააბნია
- რამდენი სემესტრი გასწავლიდა დავით ჩხაიძე? 
- ორი- სამი, ორი თუ სამი, ეგ რა შუაშია? 
- მაშინ კარგად გაიცნობდი ხო? რას იტყვი როგორი კაცი იყო? 
- მკვდრებზე ცუდს არ ლაპარაკობენო ამბობენ. ამოისუნთქა გურულმა - მაგრამ მაგარი ძაღლი ტიპი იყო. აქ კი მთლად მოეშა - არ მაღირსა ნიშანი. მტენიდა და მტენიდა საგნებს. თან ორს მასწავლიდა. 
-რატომ არ გიწერდა ნიშანს? არ სწავლობდი თუ რამე პირადი პრობლემა გქონდათ? 
- არა რა პირადი, ვერ გავუგე მაგის სინუსს და კოსინუსს, ეგ კიდე არ მეშვებიდა, ისე არ დაგიწერ თუ არ ისწავლიო. 
- მერე რა ქენი? 
- რას ვიზავდი, ჯერ ქიმიის ლექტორს თხოვა მამაჩემმა მიმეგზავნეო, აი იმას ქერას - თავხედურად ჩაიღიმა. ის მორცხვი და ანერვიულებული ბიჭი სადღაც გამქრალიყო და ახლა თავხედი ახალგაზრდა კაცი იჯდა გამომძიებლის წინ. 
- მერე? ჩაეკითხა ელენე
- უარი გვითხრა, არადა კაი რამეს გაგზავნას ვუპირებდით. მერე მის შვილს მივწერე, იმან სულ არ მიპასუხა. მერე ძმაკაცის ბაბუას ვთხოვე, ის კი მივიდა მაგრამ ბატონმა ჩხაიძემ უარით გამოისტუმრა. საკითხებს მივცემ, ისწავლოს და ჩამაბაროსო.
- ვინ იყო ის შენი ძმაკაცის ბაბუა, უარი რომ ვერ გითხრა? 
- ლადო დგვარელი, გეცოდინება ვინცაა - გაიჭიმა ბიჭი და სკამზე შესწორდა. ელენემ ინტერესით შეხედა თავხედობის ზღვარს გადასულ ახალგაზრდას, რომელმაც ჩათვალა, რომ ის შთაბეჭდილება მოახდინა გამომძიებელზე რაც უნდოდა და გაიღიმა. 
- ესე იგი მის შვილიშვილთან მეგობრობ ხო?, - ჩაეკითხა ელენე
-კი ვძმაკაცობ, მასთანაც ვარ ხოლმე სახლში. მაგარი სახლი აქვს, სასახლე. 
- კარგია გავლენიანი მეგობრები და მათი ბაბუები - გაუღიმა ქალმა და ახალი კითხვის დასასმელად მოემზადა. 
- დავით ჩხაიძის სახლში რამდენჯერ ხარ ნამყოფი? 
- რამდენჯერმე, მაგიტომ დამაკავეთ? ველოდებოდი როდის მეტყოდით, ახლა მივხვდი, თქვენ რა მკვლელობას მტენით? - უკვე ყვირილზე იყო გადასული გურული. 
-რამდენჯერ ხარ ჩხაიძის სახლში ნამყოფი და რატომ - მშვიდად გაიმეორა ელენემ. 
- რამდენჯერმე, ზუსტად არ მახსოვს, ალბათობას მიხსნიდა ის გამოტვინებული ჩხაიძე, მეც დავდიოდი, გამოცდა ხომ უნდა ჩამებარებინა. 
- მეტი არაფერი? 
- მეტი რა, მაინც არაფერი გამოუვიდა. 
- მე კი ვიცი, რომ მისი კუთვნილი წიგნი წამოიღე და გაყიდე. 
- რა წიგნი? 
- გეციდინება, დღეს გადაეცი ერთ ბუკინისტს, რაშიც საკმაოდ კარგად გადაგიხადეს კიდეც, ხო ასეა? 
ბიჭი დაიბნა, გაჩუმდა. სკამზე შესწორდა. 
- ადვოკატის გარეშე სიტყვასაც არ ვიტყვი. მხოლოდ ეს თქვა და ზურგი შეაქცია გამომძიებელს.

22 თავი
ნიკოს კაბინეტში გაბადაძე მორიდებულად იჯდა. ელენე ბოლთას ცემდა. პროკურორს მოთმინება აღარ ყოფნიდა მაგრამ მოსიარულე გამომძიებელს არაფერს ეუბნებოდა.
-რას ფიქრობთ თომა გურულზე? - სიჩუმე დაარღვია პროკურორმა. ელენე თითქოს კითხვის დასმას ელოდაო, მაშინვე ალაპარაკდა. 
-მაგ ყმაწვილს მარტო ქურდობისთვის დავიჭერთ, მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ. ადვოკატმა თუ კარგად იმუშავა, შეიძლება საპროცესოთიც გამოძვრეს. იტყვის მაჩუქა ეს წიგნი ჩხაიძემ და რასაც მინდოდა იმას ვუზამდიო. ამით დამთავრდება ყველაფერი.თან არც ჩხრეკამ მოგვცა რამე და არც მოწმე გვყავს. მკვლელობაზე ხმას ვერ ამოვიღებთ. იქნებ არ მოუკლავს ამ ბიჭს. მოკლედ არაფერი გვაქვს, სულ არაფერი.
- მე მგონია დგვარელის სტუმრობა ღირს, იქნებ მან გვითხრას რამე - ხმის ამოღება გაბედა გაბადაძემ.
-მივიდეთ მაგრამ იმედი არაფრის მაქვს - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა პროკურორმა - მე წავალ, გაბადაძე კი დამიმშვენებს მხარს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ ზურა?
პოლიციელს სახეზე სიწითლემ გადაუარა, „რა თქმა არაო“ ჩაილაპარაკა და სავარძელში შესწორდა. 
-მე დგვარელს დავურეკავ, ისე ხომ ვერ მივადგები ამხელა კაცს - აგრძელებდა ნიკო და თან ფურცლებით გადატენილ მაგიდაზე რაღაცას გამალებით ეძებდა - ნომერი სად ჯანდაბაში მაქვს - აყვირდა მთელ ხმაზე. - ბოდიში ვეღარ მოვთოკე თავი, უკაცრავად. რამდენიმე ღამეა არ მიძინია, კიდევ ერთი გაუხსნელი საქმეა - თავი იმართლა პროკურორმა. 
ოთახში ჩამოწოლილი რამდენიმე წამიანი სიჩუმე საბას ჩახველებამ დაარღვია.
-ბოდიში ხელს ხომ არ გიშლით?
-არა საბა, შენ მაინც გამახარე.
-გახარების რა გითხრათ - დაიწყო ბიჭმა და სათვალე შეისწორა. - თქვენმა ბუკინისტმა დგვარელს დაურეკა, მომწოდებელი გაქრა და წიგნს ვეღარ მოგიტანო. რა წიგნზეა საუბარი არ ვიცი. ბატონი ლადო გაბრაზდა. თუ გინდა თანამშრომლობა გავაგრძელოთ, უნდა მოძებნოო.
-საინტერესოაააა - ჩაილაპარაკა ელენემ - გამოდის, რომ დგვარელი ბუკინისტის საშუალებით ყიდულობს წიგნებს გურულისგან და ის კი არ იცის, რომ გურული მისი შვილიშვილის ძმაკაცია, ვისი გამოცდების ჩაბარებაზეც ნერვიულობდა.
-ნერვიულობის რა გითხრა, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა კი შეაწია ჩხაიძესთან და ვინ იცის, იქნებ ეს ვაჟბატონი მაგასაც პარავდა წიგნებს.
-შეიძლება - ჩაილაპარაკა ნიკომ - დგვარელთან აუცილებლად უბდა წავიდეთ, აუცილებლად. იყოს ეს გურული ჩვენთან. კარგად არის მოწყობილი. იქნებ ამ თავხედობამაც გაუაროს. ზურა ხვალ დაგირეკავ და ვესტუმროთ დგვარელს. არ გაინტერესებს მაგის სასახლე? ახლა კი დაისვენეთ. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ღამე მშვიდობის.
პოლიციელი და გამომძიებელი წამოდგნენ. პროკურორი კი აშკარად გათენებას აპირებდა.
 
23 თავი
"ელენე რამე ახალი არის?" მოუვიდა შეტყობინება პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისთანავე ქალს. 
" მნიშვნელოვანი არაფერი ირაკლი, მხოლოდ წიგნების ქურდი დავიჭირეთ, დნმ-ზე ვამოწმებთ მაგრამ არამგონია ეს მამაშენის მკვლელი იყოს, ერთი თავხედი სტუდენტია" მიწერა პასუხად. " ბოდიში გვიან შეწუხებისთვის, ღამე მშვიდობისა, არ მძინავს და თუ ლაპარაკი გენდომება, მისამართი იცი" 
" მოვიფიქრებ მაგრამ არამგონია, დღეს დატვირთული დღე მქონდა, სახლში მინდა. " 
" კარგი ღამე მშვიდობისა"
 ელენემ განათებულ ეკრანს კიდევ ერთხელ დახედა, გაეღიმა მაგრამ მაშინვე დატუქსა თავი." ასე არ შეიძლება", ირაკლის გამოჩენამ სულ მთლად არია ქალის ისედაც დაუწყობელი პირადი ცხოვრება. ორი კაცი ერთდროულად უკვე მის ძალებს აღემატებოდა. მაშინ როცა ერთთანაც კი ვერ აწყობდა ცხოვრებას. ისე საინტერესოა ირაკლის ფრანგი მეგობარი გოგო რას იტყოდა მის თბილისურ თავგადასავალზე. "ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდებაო" დაასკვნა ქალმა და მანქანა დაქოქა. სახლი ცივი, მაცივარი კი ცარიელი ელოდა, მაშინ როცა ჩხაიძეებთან სითბოც იქნებიდა და შეიძლება შემწვარი კარტოფილიც. "ჯანდაბა, მარტო ყოფნა, ერთხელ მოვდივარ ქვეყანაზე, არ მინდა მარტო" გაიფიქრა ქალმა და ჩხაიძეების სახლისკენ მიმავალ ქუჩას დაადგა.

24 თავი
  ლადო დგვარელი დიდ წითელ აგურებიან სახლში ცხოვრობდა. ნახევარ ოთახებში არც კი შედიოდა. მისი ძირითადი  სამოძრაო ნაწილი სამზარეულო, საძინებელი და ბიბლიოთეკა იყო, რომელსაც სამუშაო კაბინეტის ფუნქციაც ქონდა შეთავსებული. ამ ოთხში ატარებდა ბიზნესმენი დროის უდიდეს ნაწილს. სტუმრებსაც აქ იღებდა და სიამაყით აჩვენებდა წიგნების იშვიათ გამოცემებს. პროკურორი და პოლიციელიც ამ კაბინეტში მიიღო. მანდვილი შოტლანდიური ვისკი შესთავაზა ორივეს და მყუდროდ მოეწყო რბილ ტყავის სავარძელში. 
- აქამდეც გელოდით ბატონებო, მიხარია თქვენი ნახვა - მიმართა ახალგაზრდებს. 
- ჩემს  ვისკს ეს ჯობია ბატონო ლადო- შეუქო სასმელი ნიკომ. დგვარელს გაეცინა - ცოტა მეტს ვხარჯავ სასმელში ვიდრე შენი სამინისტრო ნიკო, დალიე და დამიჯერე ამაზე ნაკლებს აღარაფერს დალევ. 
  გაბადაძე ხმას არ იღებდა, ოთახის სიმდიდრით მონუსხული ნელა-ნელა თანმიმდევრობით ათვალიერებდა კედლებს, თაროზე დალაგებულ წიგნებს და ძვირფას ნივთებს,რომელთა უმეტესობა ალბათ ნაჩუქარი იყო. 
- მხოლოდ ვისკისთვის არ მესტუმრებოდით ორი კაცი, აბა გისმენთ - წამოიწყო დგვარელმა.
- ბატონო ლადო ჯერ საქმის რაღაც ნაწილს მოგახსენებთ. ჩვენ ავიყვანეთ 27 წლის თომა გურული, რომელსაც გასაყიდი ქონდა დავით ჩხაიძის კუთვნილი წიგნი. სავარაუდოდ მისი სახლიდან მოპარული. გეცნობათ ეს სახელი და გვარი? 
- უნდა მეცნობოდეს? 
- წესით კი, ის ამტკიცებს რომ თქვენი შვილიშვილის მეგობარია, თქვენ სახლში ბევრჯერ არის ნამყოფი გარდა ამისა თქვენ მიეგზავნეთ დავით ჩხაიძესთან საგამოცდო ნიშნის მისაღებად. 
- ხოოო - გააგრძელა სიტყვა დგვარელმა - კი ვიცი, მახსოვს ვინც არის, ჩემს შვილიშვილთან ახლო მეგობრობის რა გითხრა, მამამისს ბიზნესი აქვს, მშრომელი კაცია, მან მთხოვა სიტყვა შემეწია დათოსთან. 
- გამოგივიდათ რამე? 
- დათო არ იყო ისეთი ტიპი სტუდენტი ეწამებინა, ერთი- ორჯერ მოვიდესო მითხრა. რაღაცებს მივცემ სასწავლადო. აბა პირდაპირ ხომ არ დავუწერ ნიშანსო. ისე  თავხედი ბიჭიაო, ამბობდა. არ მიყვარს ასეთი ახალგაზრდებიო. 
- თქვენ როგორ ფიქრობთ, შეეძლო ჩხაიძის მოკვლა? 
დგვარელი დაფიქრდა... 
- რამდენჯერმე მყავს ნანახი ეს ბიჭი.  თავხედია, ტუტუცი, ცანცარა და ცუდად გაზრდილი. ჩემი გამოცდილებით, მასეთებმა ლაპარაკი იციან და არა მოქმედება. ჩხაიძე კი ისეთმა მოკლა, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს. დინჯად მუშაობს და აჩქარება არ უყვარს. 
- საინტერესო ანალიზია ბატონო ლადო - ნიკომ ჭიქას ჩახედა - შეიძლება კიდევ დავისხა? 
- რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდასაც შესთავაზე ჩუმად რომ ზის, მომწონს ეს ბიჭი. ხმას არ იღებს, სამაგიეროდ ერთი სიტყვა არ გამორჩენია. 
გაბადაძე სავარძელში შეიშმუშნა. ესიამოვნა ქების მოსმენა, მაგრამ თავი უხერხულად იგრძნო. 
- თქვენ რომ ბუკინისტისგან წიგნებს ყიდულობთ, იცით ვინაა მისი ერთ-ერთი მიმწოდებელი? სწორედ თომა გურული - თქვა ნიკომ და რეაქციას დააკვირდა. 
ბიზნესმენმა ვისკი მოსვა. - რა გამოდის, რომ შეიძლება ჩხაიძის მოპარული წიგნები მე მქონდეს ნაყიდი? ან კიდევ უკეთესი, ჩემივე წიგნებს მევე ვყიდულობდე? სასაცილოა სასაცილო
- ბოლო პერიოდში ბევრი წიგნი შეიძინეთ - ხმა ამოიღო გაბადაძემ
- კი საკმაოდ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ზუსტად აღარ მახსოვს რომლები იყო. 
ნიკოს გაეღიმა, დგვარელს არ უნდოდა მის წიგნებს ვინმე შეხებოდა. ეს კოლექსიონერის თვისება იყო და არც ბატონი ლადო იქნებოდა გამონაკლისი.
-არა ახლა არ შეგაწუხებთ - გაუღიმა პროკურორმა - ისე ბატონო ლადო, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს, ისე მეგობრულ-ადამიანურად. თავი ჩაღუნა ნიკომ და რეაქციას დაელოდა. გაბადაძეს ცნობისმოყვარეობით თვალები გაუფართოვდა და სავარძელზე წამოიწია.
-გისმენ ნიკო - დაინტერესდა ბიზნესმენი.
- მე ერთ ამბავს მოგიყვებით. თქვენ გადაწყვიტეთ იმ ხალხს დაეხმარებით თუ არა, ნებისმიერი პასუხი მისაღები იქნება ჩემთვის. ბებია-შვილიშვილი გიგაურები მარტო ცხოვრობენ საირმის ქუჩაზე. ბებია მასწავლებელია, შვილიშვილი ანუკი - სტუდენტი. პატარა სახლი აქვთ ბაღით. რამდენიმე წლის წინ მათ მეზობლად თემურ არაბული გადმოსახლდა. დიდი სახლი ააშენა და ახლა ყველაფერს აკეთებს რომ გიგაურებმა სახლი მიყიდონ. იმდენად მცირე თანხას სთავაზობს, იმით გარეუბანშიც ვერ შოულობენ საცხოვრებელს. შეგიძლიათ არაბულს დაელაპარაკოთ? ნიკომ ამოისუნთქა და მუდარით სავსე თვალები, მიანათა დგვარელს. კაცი რამდენიმე წამი ჩაფიქრებული დაჩერებოდა მაგიდას. გაბადაძემ იფიქრა, უარის თქმას აპირებსო და ნაჩქარევად წამოიყვირა: იცით რა კარგი ხალხია? კულტურული, განათლებული, იქნებ დავეხმაროთ. და ახლა ის შეაჩერდა თვალებში კაცს.
-რა გვარი თქვით? - იკითხა ბატონმა ლადომ.
-თემურ არაბული - ერთდროულად უპასუხეს ორივემ.
დგვარელი წამოდგა, კაბინეტიდან გავიდა და ხმამაღლა ვიღაცას დაუძახა. ოთახში მაღალი, თავისი ასაკისთვის ძალიან ლამაზი, კოხტად ჩაცმული ქალი შემოვიდა და ახალგაზრდებს მიესალმა. 
-ეს ჩემი მეუღლეა ბატონებო, ესენი კი პროკურატურიდან არიან - გააცნო ქალს სტუმრები.
-ძვირფასო, თემურ არაბულის სახელი საიდან მეცნობა იქნებ გამახსენო - მიმართა ქალს და თბილად დაუსვა მკლავზე ხელი. ქალმა ინტერესით სავსე მზერა ჯერ პოლიციელებზე გადაიტანა, მერე ისევ ქმარს შეხედა.
-ერთხელ რაღაც პროდუქტის ექსპორტის თაობაზე მოვიდა, ჩვენი სატვირთოებით სარგებლობა უნდოდა. რამე მოხდა? დააშავა რამე?
-არა არა, ისე სხვა საქმეა, მერე მოგიყვები. დავეხმარეთ თუ უარით გავისტუმრეთ?
-დავეხმარეთ მაგრამ მერე პრობლემები შეგვიქმნა და აღარ გაგვიგრძელებია ურთიერთობა.
-გამახსენდა, გამახსენდა - წამოიძახა დგვარელმა -  შეგიძლია არაბულის ტელეფონის ნომერი გამიგო? ძალიან მჭირდება.
-რა თქმა უნდა, ცოტა ხანი დაგტოვებთ. ბოდიში ბატონებო. თქვენ რამეს ხომ არ ინებებთ?სასმელი და ტკბილეული შემიძლია შემოგთავაზოთ - გაუღიმა ახალგაზრდა ქალმა. 
-არა ქალბატონო, ბატონი ლადო სასმელით გაგვიმასპინძლდა უკვე - გაუღიმა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. გაბადაძემაც მას მიბაძა.
-დასხედით, დასხედით - ისევ სავარძლებზე მიუთითა დგვარელმა. - მიყვარს თქვენნაირი ახალგაზრდები. ადამიანს გაჭირვებაში რომ არ ტოვებენ. ვხვდები როგორ გაგიჭირდათ ჩემთვის დახმარების თხოვნა და ვაფასებ ამას. ყველაფერს გავაკეთებ და ორ დღეში დაგირეკავთ. ასე გააგრძელეთ და თუ კიდევ დაგჭირდეთ, მისამართი იცით, ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით მიგულეთ.
გაოცებულმა პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს. წამოდგნენ და მასპინძელს დაემშვიდობნენ. ისე გაიარეს ეზო, გადაჭრეს ქუჩა და ჩასხდნენ მანქანაში, ხმა არცერთს ამოუღია. 
-აბა რას ფიქრობ? - სიჩუმე დაარღვია ნიკომ.
-რაზე? - კითხვა შეუბრუნა გაბადაძემ.
-დგვარელის და გურულის ურთიერთობაზე.
-არ მგონია ბატონ ლადოს ლაწირაკ გურულთან რამე საქმე ქონდეს. 
-მეც ასე მგონია- დაეთანხმა პროკურორი - როგორ ფიქრობ, დაეხმარება ანუკის და ქალბატონ ლამარას?
-მგონია, რომ კი - თავი დაუქნია პოლიციელმა. რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე თავის ფიქრებში წავიდა.
-ნეტა გურულის ადვოკატი ვინ არის - ალაპარაკდა ისევ პროკურორი, ძალიან მაღიზიანებს ეგ ბიჭი უკვე. 
-მეც ბატონო ნიკო, მაგრამ მაგ ბიჭს დიდი დიდი ქურდობა დავუმტკიცოთ. მკვლელობას ვერაფერს ვუზამთ
-მეც მასე მგონია - ჩაილაპარაკა ნიკომ და მანქანა დაქოქა - ელენეს დაურეკე ზურა, იქნებ მაგან მაინც გაიგოს რამე.
პოლიციელმა ელენეს ნომერი მოძებნა ტელეფონში. 
-ქალბატონო ელენე, რამით გაგვახარე, თუ არა გასკდა უქონელ-უპატრონო გაბადაძის გული, დგვარელის სასახლის ყურებით.
-ვერაფრით გაგახარებ ვერც შენ და ვერც ბატონ პროკურორს. არავინ არაფერი იცის, ან ძალიან უყვართ ეს ჩვენი გურული და ხელს აფარებენ.
-უხ მაგის - ჩაიბურდღუნა ნიკომ და პოლიციელს ანიშნა ტელეფონზე გათიშეო - ახლა ჩვენ კაბინეტში დავბრუნდებით, ელენეც შემოგვიერთდება და თავიდან დავიწყებთ ყველაფერს.
  


II ნაწილი
1 თავი
- ეს სტუდენტები გიჟებივით დარბიან თითქოს პატარები იყვნენ- ბრაზობდა ხანში შესული პროფესორი და გვერდით მდგომ ახალგაზრდა კოლეგას შთაბეჭდილებებს უზიარებდა მომავალ თაობაზე. - არა ჩვენ დროს ასე სად იყო, რასაც გვეტყოდა უფროსი, იმას ვაკეთებდით, სულ აღარ აქვთ მორიდება - აგრძელებდა პროფესორი. ახალგაზრდა თავს უქნევდა მაგრამ ერთი სული ქონდა თვითონაც სტუდენტებს შეერთებოდა და მღვიმეში შესულიყო. 
- მაშ ასე - ამჯერად ხმამაღლა იყვირა კაცმა - ეს კარსტული მღვიმეა, საშიშია, რადგან არ ვიცით რა შეიძება დაგვხვდეს. ადგილობრივებიც მხოლოდ ერთ დარბაზში შედიან ხოლმე, როცა საქონლის მწყემსვისას წვიმა მოუსწრებთ. ფრთხილად იმოძრავეთ და ერთმანეთს არ დაშორდეთ. არც ერთი ზედმეტი ნაბიჯი ჩემს გარეშე. აბა აიღეთ ფანრები - დაასრულა სტუდენტების გაფრთხილება და წინ გაუძღვა მათ. 
მღვიმის შესასვლელი ვიწრო და ბნელი იყო, არც ღამურები ჩანდნენ. დიდი ხანია ფეხი არავის დაედგა. პირველივე დერეფნის შემდეგ დარბაზი გამოჩნდა. კედლებზე აქა-იქ სისველე შეიმჩნეოდა, მაგრამ მღვიმისთვის დამახასიათებელი სტალაგმიტები და სტალაქტიტები არ ჩანდა. როგორც ჩანს ეს მღვიმე დიდი ხანია ასე მშრალად ინახებოდა. სტუდენტები გაიფანტნენ და დარბაზს მოედნენ. ფოტოების გადაღება უფტო აინტერესებდათ ვიდრე პროფესორის მოსმენა, რომელიც გატაცებით ყვებოდა მღვიმის წარმოქმნის ქიმიურ პროცესს: ისინი წარმოიქმნება წყალში ხსნადი და ნაპრალოვანი ქანების:კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და ა.შ. გამოტუტვით და გადარეცხვით. აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესებით....
- აქ ნაპრალია - სიტყვა გააწყვეტინა ერთმა სტუდენტმა და ფარანი შორეული კუთხისკენ მიმართა. 
- აქაც ეს არ ისვენებს- ჩაილაპარაკა პროფესორმა და სტუდენტისკენ წავიდა - აბა მაჩაბელი, ახალი მეცნიერული აღმოჩენა გავაკეთეთ?
 მაჩაბელს მისი შეკითხვა აღარ გაუგონია, უკვე ნაპრალში მიძვრებოდა და მისი ხმა იკარგებოდა. 
- ბატონო ვაჟა ფეხსაცმელი - ყვირილით გამოვარდა სტუდენტი - და კიდევ, კიდევ ჩონჩხია... 
- ნუ მაიმუნობ რაღაცას მაჩაბელი - სახეზე ფარანი მიანათა პროფესორმა, მაგრამ ბიჭის გათეთრებული სახე რომ დაინახა ნაპრალისკენ დაიძრა.
 - არავინ გამომყვეს - გამოაცხადა და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბატონი ვაჟას ყვირილი ისმოდა : ყველა გარეთ, ჩქარა გარეთ. 
სტუდენტები ინტერესით იყურებოდნენ ნაპრალისკენ და გარბოდნენ. 
რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციამ ლენტი გააბა და ფარნებით შეიარაღებული ფორმიანები მღვიმეში გაუჩინარდნენ. თვალით არაფერი ჩანდა, აქოშინებული ვაჟა გობეჯიშვილი პოლიციელებს წინ მიუძღვოდა. ნაპრალში სათითაოდ შედიოდნენ და ფარნის შუქზე მომცრო დარბაზს ათვალიერებდნენ. კედელთან მჯდარ ჩონჩხს თავზე ტყავის ქუდი ქონდა ჩამოფხატული, ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა და კბილები ისე დაკრეჭვოდა, თითქოს უცინოდა მოსულებს. აქა-იქ ტანსაცმლის ნარჩენებიც ჩანდა და ცალ ფეხზე ტყავის ფეხსაცმელი შერჩენოდა. 
გვამს ახალგაზრდა გამომძიებელი და უკვე ხანში შესული ექსპერტ-კრიმინალისტი მიუახლოვდნენ. პირველადი დათვალიერების მერე რთული სამუშაო ელოდათ. ვიწრო ნაპრალში მისი ფორმაუცველი გამოტარება რთული იქნებოდა. 
ექსპერტმა დიქტოფონი ჩართო და პირველი ჩანაწერის გაკეთება დაიწყო: საძალიხევის მღვიმის მეორე დარბაზში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები. ფორმა შენარჩუნებულია, პირველადი დათვალიერებით და მენჯის ძვლის ფორმის მიხედვით მამაკაცია, დაახლოებით 35-45 წლის. დამჯდარ მდგომარეობაში, შეიმჩნევა ფუძის ძვლის მოტეხილობა, სიკვდილის მიზეზი ეს უნდა იყოს. ამასთან ჩამსხვრეულია თავის ქალის კეფის წილი. სავარაუდოდ ბლაგვი საგნით. სიკვდილის ზუსტი დროის განსაზღვრა ამჯერად რთულია. შინაგანი ორგანოები გამოფიტულია. 
ექსპერტმა ჩამწერი გამორთო და ახალგაზრდა გამომძიებელს ქოშინით მიუბრუნდა: ვანო, ეს აშკარად მკვლელობაა და თან დიდი ხნის წინ მომხდარი. მე ყველაფერში დაგეხმარები, მაგრამ ვატყობ გაუხსნელ საქმეებში დაიდებს ბინას. ასეთი გატეხილი თავით თავისი ფეხით არ მოდიან მღვიმეში. გადავასვენოთ  და დანარჩენს რაც შეიძლება მალე გავარკვევ, მაგრამ რთული იქნება ამ ნაპრალში გავლა.
- იქნებ როგორმე ასევე გადავიყვანოთ დღის სინათლეზე მინდა დათვალიერება - არ ნებდებოდა გამომძიებელი. 
- შენი მერამდენე საქმეა ვანო? - კითხა ექსპერტმა, რომელიც გულგრილად აგრძელებდა ფოტოების გადაღებას და ჩონჩხის დათვალიერებას. 
- მეორე - ჩაიბურდღუნა ვანომ. 
- მძიმე და რთული ამბავი ამბავი შეგხვდა, ვაღიაროთ, ამდენი ხნის გარდაცვლილი ადამიანის იდენტიფიკაციაც კი რთულია, დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 
- არაუშავს მე ცდას არ დავაკლებ - იმედიანად ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და გვამთან დაიხარა. 
- აქ რაღაცაა - აყვირდა ერთ-ერთი პოლიციელი და ნაპრალთან ახლოს ტყავის ნაჭერზე მიანათა ფანარი. გამომძიებელმა და ექსპერტმა გვამს თავი ანებეს და პოლიციელისკენ დაიძრნენ. მიწაზე დიდი ხნის გამომშრალი ტყავის პატარა ოთხკუთხა ნაჭერი ეგდო.
- ეს ან საფულეა ან ტანსაცმლის ნარჩენი, იქნებ გაგვიმართლოს და ვინაობის დადგენაში დაგვეხმაროს- იმედიანად ჩაილაპარაკა ექსპერტმა და ტყავის ნარჩენები ფრთხილად ჩადო პოლიეთილენის დასალუქ პაკეტში.
გარეთ სტუდენტები ხმაურობდნენ, პროფესორი ვერ აკმაყოფილებდა მათ ცნობისმოყვარეობას. მღვიმიდან გამოსული პოლიციელის დანახვაზე სიჩუმე ჩამოვარდა. 
- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე - თავი წარუდგინა მათ ახალგაზრდამ. - ვინ იპოვნა გვამი? 
- მე - წინ გადადგა ნაბიჯი ერთმა სტუდენტმა. სახე გაფითრებოდა და ხმაც უკანკალობდა. 
- ხელი ხომ არაფრისთვის გიხლია? 
- არა მაშინვე უკან გამოვიქეცი როგორც კი დავინახე, არაფერს მივკარებულვარ. 
- კარგია მეგობარო, ნუ ნერვიულობ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - დაამშვიდა ბიჭი გამომძიებელმა - ამ მღვიმის კვლევის გადადება მოგიწევთ ცოტა ხნით - მიუბრუნდა მოხუც პროფესორს. მან პასუხად რაღაც ჩაიბურდღუნა და გასასვლელისკენ გაბრუნდა. უკმაყოფილო სტუდენტებიც მას გაყვნენ.
"აქამდე არავის  გახსენებია და არავინ შემოსულა აქ, ახლა რა ეწყინა, უცნაური ხალხია რა" ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ნაპრალში მიძვრებოდა.

2 თავი
დილა ადრიან ვანო უკვე ექსპერტიზის ბიუროში იყო და ექსპერტ-კრიმინალისტს ელოდა. მთელი ღამის  უძილობა სახეზე ეტყობიდა და ძლიერი ყავით ცდილობდა გამოფხიზლებას. 
- რა იყო ვანო სახლში არ წასულხარ? - მისალმების მაგივრად კითხა კრიმინალისტმა. 
- არა არქივში ვიყავი, დაკარგულ ხალხზე ვარკვევდი რაღაცებს, რამდენიმე ვარიანტი მაქვს, შენგან მჭირდება დეტალები რომ ამოვარჩიო - თვალები მოისრისა კაკაბაძემ.
- მოდი, შემოდი და რითაც შევძლებ დაგეხმარები. წვივის ძვლის მიხედვით 175-180 სმ. მამაკაცი ევროპეიდული რასის, კავკასიელი. სახის ძვლების რეკონსტრუქციას ვახდენ, მოვლენ ბიჭები და დაახლოებით ფოტოსაც გაგიკეთებთ. გვამს დატრიალებდა თავზე ექსპერტი, ძვლებს ათვალიერებდა და თან სათვალეს ისწორებდა. ვანოს ღებინების შეგრძნება ქონდა მაგრამ თავს იკავებდა და უყურებდა. 
-კიდევ რას მეტყვი? - ნერწყვი ზლივს გადაყლაპა გამომძიებელმა.
-დაახლოებით 35-45 წლისაა, ზუსტად ჩონჩხის ანალიზის შემდეგ გეტყვი. რბილი ქსოვილი თითქმის არაა შენარჩუნებული, მხოლოდ ადგილ-ადგილ არის, ისიც გამოფიტული. ძალიან საინტერესო ტატუირება აქვს მხარზე. ხელნაკეთი მელნით შესრულებული, როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული.
-ციხეში გაკეთებული? 
- არამგონია უფრო ჯარში. ალბათ მეორე მსოფლიო ომში იქნებოდა ნამყოფი, როგორც იმ დროის ქართველების უმეტესობა, საბჭოთა ვარსკვლავი ახატია და კიდევ ფეხში ყოფილა დაჭრილი. ჭრილობაზე დიდად არ უზრუნია, როგორც ჩანს გაურთულდა კიდეც. ალბათ ფრონტზე დაიჭრა და ვერ უმკურნალეს სათანადოდ. ნაპოვნი ტყავის ნაჭრები საფულე აღმოჩნდა, შიგ ან ფული იდო, ან საბუთები. მუშაობენ მაგაზე. სკანირებას ახდენენ და იქნებ რამე ინფორმაცია მოგვცეს. 
- როდის დაამთავრებენ? - თავს ვეღარ იკავებდა ვანო, ისე უნდოდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.
- როგორც კი დაამთავრებენ, დაგირეკავენ. ცუდად გამოიყურები. წყალი გინდა? უნდა მიეჩვიო ვანო, ბევრი ამაზე უარესი შეგხვდება -  დააიმედა ექსპერტმა. 
- ესე იგი რა გამოდის - აგრძელებდა კაკაბაძემ - ვეძებ მამაკაცს, ქართველს, ომის მონაწილეს, ტატუირებიანს და ფეხში დაჭრილს. ბევრი ვერაფერი ამბავია. ქართველებიდან 700 ათასი მონაწილეობდა ომში, 400 ათასი დაბრუნდა, მერე ამათიდან ზოგი გადაასახლეს და ზოგი თავისი ნებით წავიდა ქვეყნიდან. მათი სიები სად იქნება? იქნებ ის კაცი ან გადასახლებაში გონიათ, ან წასული. როგორ მოვძებნო ამდენ დაკარგულ ხალხში ეს ვინაა. 
- როგორ  და ისევ წადი არქივში, ჯერ ასაკის მიხედვით გაცხრილე და მერე ისეთი ეძებე ვინც შეიძლება მოეკლათ. ასე გვამის გადამალვაზე ტყუილა არ იზრუნებდნენ. მე შენს ადგილზე ჯერ დაკარგულებს კი არ დავუწყებდი ძებნას, ჯერ პოლიციის არქივში წავიდოდი და პოლიციის თანამშრომლებს, მოსამართლეებს, გამქრალ მოწმეებს, მოკლედ იმ ხალხს მოვძებნიდი ვისი გადამალვაც ასე ძალიან ენდომებოდა ვიღაცას. 
*****
ვანოს ტანსაცმელი უკვე მთლიანად გათეთრებოდა ქაღალდის მტვერით. იმ დროის არქივში ყველაფერი თავდაყირა იყო. ზოგი ფურცელი ისე გაცრეცილიყო, აღარაფერი ჩანდა. ან მელანი იყო გადღაბნილი ან ფურცლები ისე იყო მიკრული ერთმანეთზე, მათი დაშლა შეუძლებელი ხდებოდა. მთელი დღე იჯდა გამომძიებელი ბნელ ოთახში მაგრამ ჯერ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა. უამრავი შესაძლო ვარიანტიდან ერთის ამორჩევა შეუძლებელი იყო, თან მაშინ როცა ხელმოსაჭიდი არაფერი ქონდა. დაღლილმა თავი მაგიდაზე ჩამოდო და წათვლიმა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. 
- გამომძიებელი ვანო კაკაბაძე ბრძანდებით?  ახალგაზრდა ქალის ხმა გაისმა ტელეფონში. 
- დიახ მე ვარ. 
- ბატონო ვანო, მე ევგენია სეხნიაშვილი ვარ, თქვენი საქმის მასალები მე გადმომეცა ექსპერტიზისთვის. იქნებ ლაბორატორიაში მობრძანდეთ. მგონი რაღაც საინტერესო ვიპოვნე. იქნებ დაგეხმაროთ. 
- მოვდივარ - წამოიძახა უცებ გამიფხიზლებულმა ვანომ და ჩანთას ხელი დაავლო. 
****
- ბატონი ვანო თქვენ ბრძანდებით?-  კარებში შესვლისთანავე შემოეგება ახალგაზრდა გოგონა - მე გესაუბრეთ. 
გამომძიებელმა  თვალის ერთი შევლებით შეათვალიერა  დამხვედრი, აშკარად ძალიან პატარა იყო და გამოუცდელი საგამოძიებო სტრუქტურაში. "ესღა მაკლდა, გამოუცდელი და ღლაპი ჩემი თავი მეყოფა, ამან რა უნდა გამიკეთოს"გაიფიქრა ვანომ და უკმაყოფილო აედევნა დერეფანში მიმავალ გოგონას. 
- მაშ ასე ბატონო ვანო... 
- უბრალოდ ვანო დამიძახე- ჩაიბურტყუნა გამომძიებელმა
- კარგი გავაგრძელოთ-გამომძიებლის ნათქვამი არ შეიმჩნია გოგონამ და თმა საქმიანად აიკეცა. - მე გადმომეცა მოკლულის ტყავის საფულე და შიგ არსებული ქაღალდები,რომლებიც ისეთი გამომშრალი იყო, ძლივს დავაშორე ერთმანეთს. დეტალებით აღარ დაგღლით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკანირებით რაღაცეების ამოკითხვა შევძელი. კერძოდ ერთი საბუთი აღმოჩნდა ომის ვეტერანის მოწმობა. ჩვენი გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მებრძოლი მალხაზ ბიწაძეა... 
ვანოს თვალები გაუნათდა. გოგონა კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ მოსმენილ სახელს და გვარს ატრიალებდა. ორი დღე არქივში ყოფნას ტყუილა არ ჩაუვლია, ეს სახელი უკვე წაკითხული ქონდა და ახლა იმას იხსენებდა, რომელ საქმეში იყო, მაგრამ დაღლილობა თავისას შვებოდა. ევგენია კიდევ რაღაცებს უხსნიდა, ტერმინებს იშველიებდა და ოთახში გადი-გამოდიოდა. 
- კიდევ რამე მნიშვნელოვანია ქალბატონო ევგენია? - თავი აწია ვანომ
- დანარჩენს განყოფილებაში მოგაწვდით ბატონო ვანო - გაბრაზებით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- ევგენიას გეძახიან ახლობლები? გაუღიმა გამომძიებელმა. მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა გოგონამ გრძელი წამწამები ააფახურა. 
- ევის მეძახიან. 
- ხოდა ქალბატონო ევი, გენიოსი ბრძანდებით. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და თუ თანახმა იქნები, რაც მე ძალიან გამეხარდება, კარგი ღვინით გაგიმასპინძლდები მადლობის ნიშნად. 
- მადლობა ვანო - გაიღიმა ევგენიამ, - მიხარია თუ დაგეხმარე, ერთი თვეა რაც მუშაობა დავიწყე დაა... 
-მივხვდი ევი ახალი რომ ხარ, მეც ახალი ვარ, ასე რომ ჩემთან დაძაბულობა და შეცდომის დაშვების შიში ნუ გექნება, ხშირად მოგვიწევს შეხვედრა. 
- მაშინ შეხვედრამდე, გამაგებინე როგორ წავა გამოძიების საქმე. 
- აუცილებლად ქალბატონო ევგენია- გაუღიმა ვანომ და ლაბორატორია დატოვა.

3 თავი
მეორე დილით არქივის თანამშრომელმა ქალმა ვანოს მოწმობა რომ დაინახა, ნაძალადევად გაიღიმა. 
- მობრძანდით თქვენთვის მაგიდა მზადაა - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალმა. გამომძიებელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ იმ ყუთებისკენ წავიდა, სადაც მისთვის საინტერესო საქმეები ეგულებოდა. 
საქმე N... მალხაზ ბიწაძის ჩვენება
" მე მალხაზ ბიწაძე სსსრკ-ს მოქალაქე, ვმუშაობ N 1 მაღაროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე,სადაც მევალება გერმანელი ტყვეების თვალყურის დევნება. მათი წაყვანა სამუშაოზე და შემდეგ უკან დაბრუნება. ორი დღის წინ 20 დეკემბერს, ჩემთან ერთად მორიგეობდა ორი თანამშრომელი, სერგო კაპანაძე და ავთო ჩხაიძე. სამივე ერთმანეთს ვიცნობთ სამამულო ომიდან. ერთად ვიბრძოდით და უკანაც ერთად დავბრუნდით. იმ დღეს ავთოს ბეწვის ქურქი ეცვა, სულ ახალთ-ახალი, რომ ვკითხე საიდან-თქო, მითხრა გერმანიიდან წამოვიღეო, ერთ დაცლილ სახლში ვიპოვნეო, შემცივდა, ჩავიცვი და წამოვედიო. სამივემ შევამჩნიეთ, რომ ამ ქურქმა ერთი მომუშავე გერმანელი ტყვის ყურადღება მიიქცია. საღამოს როდესაც უკან ვბრუნდებოდით, გერმანელი მიუახლოვდა ავთოს და რუსულად უთხრა: ეს ქურქი ჩემია, მის ორივე სამხრეში ოქროს ნივთები დევს, თუ მართალი აღმოჩნდება, ბეჭედი და ქურქი დამიბრუნე, შვეიცარული ბრილიანტებიანი საათი შენი იყოსო. ჩვენ სიცილი დავიწყეთ, რა თქმა უნდა არ დავიჯერეთ. ცვლის დამთავრების და ტყვეების ბანაკში დაბრუნების შემდეგ სერგო შეუჩნდა ავთოს, ვნახოთ ჩვენი რა მიდისო. ავთომაც ორივე სამხრე გაჭრა. ერთში თვლებიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა, მეორეში საათი. ავთო გაშტერებული უყურებდა ნივთებს. მაშინვე მოკიდა ქურქს და ბეჭედს ხელი. ჩუმად შეიპარა ტყვეების ბანაკში და ორივე გერმანელს მისცა. 
  ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, უკან ფეხით ვბრუნდებოდით, გზები გადაყინული და ნამქერიანი იყო. ტბას რომ მივუახლოვდით, სერგოს ავთომ დანა დაადო და საათის მიცემა მოსთხოვა. ავთომ იუარა, სერგომ დანა მკერდში ჩაარტყა და მათკენ რომ გავიწიე მეც მომიქნია. დანა მხარზე მომხვდა. შემეშინდა და გავიქეცი. სერგო ჩემზე ბევრად ძლიერია და ვერ მოვერეოდი. გამომეკიდა მაგრამ ქარი იყო, თოვლს ატრიალებდა და მალევე დამეკარგა თვალიდან. იქ რა მოხდა არ ვიცი. იმ ღამეს ჩვენი სოფლის გზაზე ერთ-ერთ ოჯახში მივედი და დახმარება ვთხოვე, ჭრილობა გამისუფთავეს და დამაძინეს. არ მითქვამს რა მომივიდა. გზა დავკარგე და თოვლში რაღაცას წამოვედე-თქო. მასპინძელი აღარ ჩამძიებია. სახლში მეორე დღეს დავბრუნდი. მოხუცი მშობლები მყავს და მათ მითხრეს, რომ სერგო მეძებდა. სახლში აღარ გავჩერებულვარ. ბიძაშვილებთან წავედი. სერგოს დიდი და ძლიერი სანათესაო ყავს. ვიცი მიპოვნიდნენ. ამიტომ დღეს აქ წამოვედი პირდაპირ. ჩემს ნათქვამს ვადასტურებ ხელმოწერით და შემიძლია იგივე გავიმეორო სასამართლოზე. 
მ. ბიწაძე
- საინტერესოააა - დაუსტვინა ვანომ. - ესე იგი მალხაზ ბიწაძე მოწმეა და ამ ჩვენების გამო მოიშორეს. საინტერესოა ვინ მოიშორა. ან თვითონ სერგომ ან მისმა ნათესავებმა. 
გამომძიებელი უკვე გაყვითლებულ ფურცლებს ნელ - ნელა აშორებდა ერთმანეთს, მაგრამ უამრავი ჩვენებიდან ბევრს ვერაფერს გებულობდა. ავთო ჩხაიძის სხეული ტბაში უპოვნიათ ერთი კვირის შემდეგ, როცა მზე გამოვიდა და თოვლმა დნობა დაიწყო. ჩხაიძის ცოლს და მცირეწლოვან შვილს მეზობლები დაეხმარნენ და მოაძებნინეს მიცვალებული. 
" სასამართლოზე იკითხება ეჭვმიტანილი სერგო კაპანაძე, რომელსაც ბრალად ედება სსსრ მოქალაქე ავთო ჩხაიძის მკვლელობა. 
-ამხანაგო სერგო, მოწმე მალხაზ ბიწაძე თავის ჩვენებაში ყვება, რომ ა. წ. 20 დეკემბერს თქვენ ძვირფასი საათის გამო შეკამათება მოგივიდათ ავთო ჩხაიძესთან. ნივთის დაუფლების მიზნით ცივი იარაღით მოკალით ის. მოკლული მოგვიანებით ტბაში იპოვნეს ჩაგდებული. 
- არ ვეთანხმები მალხაზის ნათქვამს. სახლში მივდიოდით და ჩხუბი მოგვივიდა, დანა მასაც ქონდა და მეც ამოვიღე. არავითარი ძვირფასი ნივთი მე არ მინახავს. ტბის პირზე ვიყავით, დანა მოვუქნიე მაგრამ მხოლოდ თავის დასაცავად, მას ფეხი დაუსტა და ტბისკენ გადავარდა. თოვდა და კარგად ვერ დავინახე, რომ არ გამოჩნდა, მეგონა გაიქცა და სახლში წავედი. 
- მალხაზ ბიწაძე სად იყო ამ დროს? ის ხომ თქვენთან ერთად მოდიოდა სახლში? 
- თავიდან გაშველება უნდოდა. მაგრამ მერე ეგ პირველი გაიქცა. მშიშარაა
- ის ამბობს, რომ დანა მხოლოდ თქვენ გქონდათ და ჩხუბიც თქვენ დაიწყეთ. 
- მასე თუ ამბობს, ახლაც თქვას მოვიდეს სადაა. "
აქ წყდებოდა სერგო კაპანაძის ჩვენება, ალბათ მერე მოწმის მოსვლა-არმოსვლის საკითხი ირჩეოდა და ჩანაწერი აღარ გაკეთებულა. 
ვანომ ბევრი ჩვენება თუ ჩანაწერი წაიკითხა. მათ შორის ავთო ჩხაიძის ცოლის, რომელმაც ძვირფასი ნივთის შესახებ არაფერი იცოდა. იმ ოჯახისაც, რომელმაც ღამე მალხაზ ბიწაძე შეიფარა, მაგრამ სად და როდის გაქრა ბიწაძე, ამაზე არაფერი იყო. "ფაქტია რომ გააქვრეს, მაგრამ საინტერესოა ვინ" ფიქრობდა კაკაბაძე და ისევ ფურცლებში იქექებოდა.

4 თავი
გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს ძნელი საქმე შეხვდა, თითქოს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ ამავე დროს დანამდვილებით არაფერი იცოდა. ფაქტია, რომ მალხაზ ბიწაძე, როგორც არასასურველი მოწმე, ისე მოიშორეს, მაგრამ ვინ? ეს უკვე არ ჩანდა და არც ის იცოდა საიდან გაეგო. შფოთიანი ღამის შემდეგ ისევ ევგენიასთან შევლა გადაწყვიტა. საეჭვოა მას რამე ახალი ცოდნოდა, მაგრამ გოგონას ნახვა  უფრო უნდოდა და მიზეზი მშვენიერი ქონდა. 
   სამუშაო დღე ახალი დაწყებული იყო, როცა გამომძიებელმა ლაბორატორიის კარი შეაღო. ევგენია ზურგით იჯდა. შავი სწორი თმა კეფაზე აეკეცა. გრძელი კისერი მიმზიდველად უჩანდა, მაგიდაზე თავდახრილი რაღაცას გამალებით კითხულობდა. შავ კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში წვრილი წელი და გრძელი ფეხები მოუჩანდა. გამომძიებელმა მორიდებით ჩაახველა. გოგონა შემობრუნდა და წვრილი სათვალე მოიხსნა. 
- ეს ისე კითხვისთვის მიკეთია... თითქოს თავი გაიმართლა. 
- გიხდება ქალბატონო ევგენია - გაუღიმა ვანომ - ჩემ საქმეზე რამე ახალია? 
- არა ახალი არაფერი, მთელი დღე ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი - საქმიანად ჩაილაპარაკა გოგონამ და სათვალე მოირგო. 
- რას კითხულობდი ევგენია? 
- გამოცდებისთვის ვემზადები, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და რამდენიმე წუთი გამომიჩნდა თავისუფალი. 
-... და მე არ გაცადე ხო? 
- არაფერია, შენ მითხარი რამე გაარკვიე? 
- კი და თან ძალიან საინტერესო. ჩვენი მღვიმის მამაკაცი მალხაზ ბიწაძე ვინმე ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმეა. მკვლელობა ძვირფასი საათის გამო მოხდა, მაგრამ ეს საათი მალხაზ ბიწაძის გარდა არავის უხსენებია. ისიც უცნობია თვითონ ბიწაძე ვინ მოიშორა, მკვლელმა სერგო კაპანაძემ თუ მისმა ახლობლებმა. ბიწაძე ჩვენებაში წერს, რომ კაპანაძეს შეძლებული და დიდი სანათესაო ყავსო. 
- დაა შენ რას ფიქრობ, - კითხა ჩაფიქრებულმა ევგენიამ და დიდი თვალები მიანათა გამომძიებელს.
- იმის გარდა, რომ უცხო სახელი გაქვს? გოგონა დაიბნა... 
- ვიცი რომ უცხო სახელი მაქვს, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს დიდი ბებიის სახელი დაერქმიათ. ყველა ევის მეძახის. მხოლოდ შენ მომმართავ ევგენიად, მეც მომწონს. 
- ხოდა იყოს ევგენია, მეც მომწონს. საქმეს რაც შეეხება, ახლა სოფელში მივდივარ, იქნებ ვინმე ვიპოვნო ან ჩხაიძის, ან ბიწაძის ან კაპანაძის ახლობელი და რამე გავიგო. საღამოს თუ გვიან არ დავბრუნდი ერთ ჭიქა ღვინოსთან დღევანდელ ამბებს მოგიყვები. 
- მაშინ საღამოს დაგელოდები - გაუღიმა გოგონამ გამომძიებელს.
***** 
კაკაბაძეს უკვე ელოდა სოფლის რწმუნებული რამდენიმე მცხოვრებთან ერთად. კაცები შეჯგუფებულიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. გამომძიებლის დანახვაზე გაჩუმდნენ და  ინტერესიანი თვალებით მიაჩერდნენ. 
- გამარჯობა ბატონებო, გეცოდინებათ უკვე ჩემი მოსვლის მიზეზი. 
- ვიცით ბატონო. მაგრამ ვის რაში დაჭირდა ძველი საქმეების ამოქექვა? - აშკარად უკმაყოფილო იყო ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი. 
- ჩვენ არაფერში ბატონო ჩემო, მაგრამ მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვნეთ, გაგებული გექნებათ ეს სახელი და იმიტომაც გესტუმრეთ. 
- ვიცი ვინც იყო, პაპაჩემთან მუშაობდა, უცოლშვილო დაიკარგაო ამბობდა პაპა. რაღაც საქმეს გადაყვაო. 
- იმასაც ამბობდნენ, ძვირფას საათზე იყო ჩხუბიო. მარა ეგ საათი არავის უნახავს, ეგ რომ ქონოდა ჩხაიძის ქვრივს აქედან კი არ წავიდოდა შვილიანა - თქვა მეორე მოხუცმა. 
- პაპაჩემი ამბობდა, ეგ საათი თან არ ქონია ჩხაიძესო. ვიღაცისთვის მიუბარებია იმ დღესო. დიდი ხნის მერე მიუტანეს მის ქვრივსო. მართალია თუ არა არ ვიცი. მარა ფაქტია, რომ მეზობლებმა იჩხუბეს და ჩხაიძე მოკვდა. ისე მე ისიც არ მჯერა, რო სერგომ სპეციალურად მოკლა, ასე მგონია ფეხი დაუცდა თოვლში და თვითონ ჩავარდა ტბაში - საუბარში ჩაერია ყველაზე ასაკიანი მოხუცი. 
- რას ამბობ კაცო, ის კაცი რომ იპოვნეს, დანით ქონდა გულის ფიცარი შენგრეული. მთელი გული გაგლეჯილი ქონდაო. მე მაშინ პატარა ვიყავი მარა კარგად მახსოვს ეგ ამბავი - შეეპასუხა ისევ ჯოხზე დაყრდნობილი ჭაღარა კაცი. 
- ბატონებო, მათი ნათესავები არიან სოფელში? 
- მარტო სერგო კაპანაძის შვილი ცხოვრობს აგერ იქ ოჯახით. ციხიდან რომ გამოვიდა, სერგო მერე მოეკიდა ცოლ- შვილს. მალხაზი უცოლშვილო გაქრა სასამართლოს დღეს და ავთო ჩხაიძეს  არც მანამდე ყავდა ვინმე ნათესავი. ჩამოსახლებული იყო ეგ, მისმა ქვრივმა არ იკადრა სოფელში ცხოვრება, მოკიდა ხელი შვილს და დიდ ქალაქში წავიდა. მერე აღარაფერი ვიცი მისი - საყვედურ ნარევი კილოთი დაამთავრა ყველაზე მოხუცმა. 
- რანაირად ლაპარაკობ კაცო შენ, - შეესიტყვა ჯოხიანი. კაპანაძეს ისეთი სანათესაო ყავდა, სერგოს ციხეში ჩამჯენს ცეცხლს მისცემდნენ. მოერიდა ის ქალი და გადამალა ბოვში. 
- კაპანაძის შვილი გველოდება ბატონო ვანო, ხომ არ წავიდეთ? საუბარში ჩაერია რწმუნებული. ეტყობოდა მოხუცები კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ სჯა- ბაასს ჩხაიძის ქვრივის საქციელზე. ვანოს კი აინტერესებდა კიდევ რას იტყოდნენ , მაგრან ისინი გაჩუმდნენ და გამომძიებელმაც ამჯობინა ისევ კაპანაძის ოჯახში წასულიყო. 
  მასპინძელი ჭაღარა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. ალბათ 50 წლის თუ იქნებოდა, სტუმრებს მოჩვენებითი თავაზიანობით შეეგება და სახლში შეიპატიჟა. 
- არ მსიამოვნებს ძველი საქმის ამოქექვა, - დაჯდომისთანავე დაიწყო მასპინძელმა - მამაჩემის მაგ საქმემ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთელი ახალგაზრდობა ხან ვინ მიყურებდა ამრეზით და ხან ვინ. ცოლსაც კი არ მატანდნენ, მკვლელის შვილი ხარო. 
- ბატონო მიშა, მამათქვენს თქვენთვის არ მოუყოლია ეს ამბავი? 
- არ უყვარდა ამის გახსენება. მაგრამ მამა ისეთი კაცი იყო, არავის არაფერს შეარჩენდა, არც უკან დაიხევდა. ერთხელ მითხრა, ჩხაიძის ოჯახის ამოწყვეტა ჩემ კისერზეაო, არადა არ ქონია ის საათი იმ დღეს ავთოსო. უკვე მოხუცი იყო ამას რომ ამბობდა, ცოტა მახსოვრობაში ურევდა ბოლოს. მაინც მგონია, რომ შეკამათება მოუვიდათ და ორივე იყო დამნაშავე. 
- ბატონო მიშა, მალხაზ ბიწაძის გვამი ვიპოვნეთ. მის შესახებ გექნებათ გაგონილი. თქვენი აზრით, ვინ იზრუნა იმაზე, რომ ის გამქრალიყო? 
- არ ვიცი ვინ მოაწყო ეს ამბავი. როგორც ვიცი, როცა მალხაზი გაქრა, მამაჩემი უკვე დაჭერილი იყო. მე და მამას არც ისე ახლო ურთიერთობა გვქონდა, რომ დეტალებში მოეყოლა ეს ამბავი. ესეც ყურმოკვრით გამიგია, როცა ჩემ შვილს ელაპარაკებოდა ხოლმე. ბაბუა-შვილიშვილი კარგად უგებდა ერთმანეთს.
- ფაქტია, რომ სასამართლოზე თავისი ჩვენება ვეღარ დაადასტურა ანუ მანამდე მოიშორეს და ამით დაინტერესებული მხოლოდ თქვენი ოჯახი და მისი ახლობლები იყვნენ - არ ცხრებოდა კაკაბაძე. 
- არ ვიცი, ჩვენ დიდი სანათესაო გვყავდა, მამაჩემს დიდი სამეგობრო. ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. 
- თქვენი შვილი სად მუშაობს? -დაინტერესდა გამომძიებელი.
- ალექსანდრე დისტრიბუტორად მუშაობს თბილისში. იმან რა უნდა იცოდეს, მე თუ არაფერი ვიცი. 
კაცს ეტყობოდა სტუმრების წასვლა ეჩქარებოდა. კითხვებს მოკლედ პასუხობდა და ოთახში გადი-გამოდიოდა. გამომძიებელიც ადგა, დაემშვიდობა და ოჯახი დატოვა. არ ღირდა მათი შეშინება, მაშინ როცა ბიწაძის გაუჩინარების დროს მიშა დაბადებულიც არ იყო. თუ საჭირო გახდებოდა მოგვიანებით კიდევ ესტუმრებოდა კაპანაძეების ოჯახს. 
სოფლიდან წამოსულ გამომძიებელ ვანო კაკაბაძეს დაღლილობით თავი ტკიოდა და თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ არ უნდოდა ევგენიასთან შეხვედრა გადაედო. გოგონა ცოტა უცნაური იყო და ვინ იცის რას იფიქრებდა. ის იყო დარეკვა დააპირა, რომ ტელეფონი აწკრიალდა. 
- ვანო ევგენია ვარ, ლაბორატორიიდან - გაისმა სასიამოვნო ხმა.  "ქალბატონს ჩემი ნახვა ეჩქარება" გაიფიქრა გამომძიებელმა და გაეღიმა. 
- გისმენ ევი. ამ წუთას უნდა დამერეკა, ახლა მოვრჩი საქმეს, არ დამვიწყებია წითელი ღვინის ამბავი. 
- მე კი ისე მაინტერესებდა რა გაარკვიე, ერთი სული მაქვს როდის მომიყვები...
- ერთ საათში შენთან ვარ. ვანომ ტელეფონი გათიშა და გაღიმებული კიდევ დიდხანს დაჩერებოდა ეკრანს. 
****

დილით ჯერ კიდევ ეძინა გამომძიებელ კაკაბაძეს ტელეფონი განუწყვეტლად რომ რეკავდა. 
- ამ დილა ადრიან რატომ არ ძინავს ამ ხალხს- ბურდღუნობდა ვანო და ტელეფონს ეძებდა. 
- ვანო ბოდიში გაგაღვიძე მგონი, ევი ვარ, რაღაც უნდა გითხრა 
- შენ გაღვიძებას ავიტან - თვალები გადაატრიალა ბიჭმა. -  ამ დილა ადრიან რამ გაგახსენა ჩემი თავი? 
- მთელი ღამე მახსოვდი. უფრო სწორად შენი მოყოლილი მახსოვდა. რაღაცეებს ვეძებდი და მგონი საინტერესო ამბავს მივაგენი. 
- აბა მოყევი - ვანო ბალიშზე შესწორდა. 
- ასე ვერ მოგიყვები, ლაბორატორიაში მოდი
- ეეე როგორ იცით ხოლმე ქალებმა რაა, ჩემი ნახვა თუ გინდა ისე მითხარი და გნახავ - აბურდღუნდა გამომძიებელი. 
- ხოდა ახლა სულ არ გეტყვი არაფერს- გაბრაზდა გოგონა და ტელეფონი გათიშა. 
- მგონი გავანაწყენე, გოგომ მთელი ღამე გავათენეო და მე კი მისვლაზე უარი ვუთხარი, არა სად ვუთხარი უარი, მივდივარ-  ხმამაღლა თავის თავს ელაპარაკებოდა  ვანო და ტანსაცმელს ეძებდა.

5 თავი
- ქალბატონო ევგენია, დილას ისე დამაწიოკე, რამე სერიოზული რომ არ იყოს, არ ვიცი რას ვიზავ - თავზე დაადგა მაგიდასთან მჯდომ ევგენიას ვანო. 
- გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ საქმე საქმეა - ტუჩები გაბუსხა გოგონამ. მერე ფურცლები გადაშალა, ერთი ამოარჩია და  გამომძიებელს მიაწოდა. 
- ნახე, შენ ხომ მითხარი, ჩხაიძის ქვრივი და შვილი არ ჩანანო, ხოდა წუხელი ვეძებდი და საინტერესო რამე ვიპოვნე. ერთი თვის წინ მოკლეს პროფესორი დავით ჩხაიძე, 65 წლის, სოფელ კალაურიდან. ესენი ემთხვევა, მაგრამ მეტ ინფორმაციაზე წვდომა მე არ მაქვს. საქმეს ელენე ჯაფარიძე იძიებს. აი ნომერი აქ წერია. 
ვანო გაკვირვებული უყურებდა ევის, მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ძლიერად აკოცა
- გენიოსი ხარ ევგენია სეხნიაშვილო. ახლა მე ელენესთან დავრეკავ. შევუთანხმდები შეხვედრაზე და მერე მე და შენ ერთად ვნახავთ ამ გამომძიებელს. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე, ფურცლებს ხელი დასტაცა და კაბინეტიდან გავარდა. გაღიმებული ევგენია რამდენიმე წამი მიჩერებოდა კარს, მერე თმა საქმიანად აიკეცა უკან, კისერსა და ყელზე ხელი ჩამოისვა და დიდი მიკროსკოპს მიუბრუნდა.
..... 
ელენემ ნიკოს კაბინეტის კარი ლამის შეანგრია. პროკურორმა თავი ასწია და გაკვირვებული სახით მიაჩერდა გამომძიებელს. 
-კიდევ ჩემს მდივანს ეჩხუბე ელენე? ხმა არ გამიგონია.
-სად მეცალა მაგ გრძელ ფრჩხილებასთან ლაპარაკისთვის ნიკო, ისეთი ამბები გავიგე, მეც კი გაოცებული ვარ და თან ძალიან კარგ ხასიათზე. 
- ჰე ელენე, თქვი აბა, შენ მაინც გამახარე... 
- გცალია? 
- კარგი ამბისთვის მოვიცლი. 
- მოიცა.... ელენე უკან გაბრუნდა და ვანო კაკაბაძისა და ევგენია სეხნიაშვილის თანხლებით შემოვიდა.
 - საქმე ასეა, ესენი ჩვენი კოლეგები არიან. ბატონი ვანო იძიებას ძველ მკვლელობას, დეტალებს თვითონ გეტყვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი დავით ჩხაიძეს უკავშირდება.
ნიკოს თვალებში ნაპერწკლები აუკიაფდა, სკამზე შესწორდა და მოსასმენად მოემზადა. 
- მე ვინმე მალხაზ ბიწაძის მკვლელობას ვიძიებ, რომელიც 1947 წელს მოკლეს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ იპოვნეს სტუდენტებმა მღვიმეში. ეს კაცი ავთო ჩხაიძის მკვლელობის მოწმე იყო. ამიტომაც მოიშორეს. ვინ მოიშორა ჯერ ვერ გავარკვიე. დიდად იმედიც არ მაქვს. ავთო ჩხაიძე კი თქვენი დავით ჩხაიძის მამაა. 
- გამოდის რომ მამა-შვილი ორივე მოკლეს? - დააზუსტა ნიკომ. 
- დიახ ორივე. ავთო ჩხაიძე მოკლა სერგო კაპანაძემ. როგორც მალხაზ ბიწაძე ამბობს თავის ჩვენებაში. მკვლელობა ბრილიანტის ძვირფასი საათის გამო მოხდა. მაგრამ სერგო კაპანაძე უარყოფს საათის არსებობას. მისი თქმით, შეკამათება მოუვიდათ და შემთხვევით მოუხვდა დანა. ბიწაძე სასამართლოზე უკვე აღარ გამოცხადებულა. იმ დღეს გამქრალა ზუსტად. ამიტომ ის ვეღარ დაუპირისპირეს მკვლელს. 
- მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩხაიძეების სახლში ნამდვილად იყო ბრილიანტებიანი შვეიცარული საათი - საუბარში ჩაერია ელენე - ეს საათი ბატონ დავითს მამისგან ქონდა სახსოვრად და ირაკლის სწავლის გასაგრძელებლად გაყიდა. 
- მეზობლებიდან ერთმა თქვა, საათი მოგვიანებით მიუტანეს ჩხაიძის ქვრივსო. მაგრამ ამ საათის არსებობის არავის ჯერა - გააგრძელა ვანომ. 
- საინტერესოა ვინ იცოდა ამ საათის არსებობა და ჯეროდა ამის? - დაფიქრდა ნიკო. 
- უკვე მოხუცებული სერგო კაპანაძე ლაპარაკობდა მკვლელობის შესახებ. სანამ ახალგაზრდა იყო ხმას არ იღებდა ოჯახში და ვერც ვერავინ ბედავდა კითხვას. მოხუცებულს მახსოვრობა არეული ქონდა, შვილი დიდად არ იჯერებდა მის ნათქვამს, მხოლოდ შვილიშვილს ეჩურჩულებოდა ხოლმეო. 
- რას წარმოადგენს ეს შვილიშვილი? 
- რომელიღაც სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს, ალექსანდრე ქვია. 
- რააა - წამოიყვირა ელენემ. - რა ქვია? 
- ალექსანდრე - გაკვირვებით გაიმეორე ვანომ. 
- ვინმე ალექსანდრე დავით ჩხაიძეს აკითხავდა უნივერსტეტში. ქალბატონი ნინოს თქმით, მან მათემატიკის არაფერი იცოდა, ამასთან დავითით იმდენად იყო დაინტერესებული, სახლშიც მიაკითხა რამდენჯერმე. 
- ოოო - ერთდროულად წამოიძახეს პროკურორმა და ვანომ. 
- ახლა რა ვქნათ- დაბნეულმა იკითხა ევგენიამ, რომელიც ჩუმად იჯდა და ისმენდა კოლეგების საუბარს. 
- ახლა ყველაზე საინტერესო იწყება ქალბატონო ევგენია - გაუღიმა კაკაბაძემ. 
- და რას ვერ ესწრება ჩვენი გაბადაძე.... - დანანებით თქვა ელენემ. 
- მართლა სადაა ის ბიჭი, კი გამიკვირდა აქ რომ არაა ახლა. 
- სამშობლოს ემსახურება ბატონო ნიკო. დავურეკავ და ყველაფერს გავაგებინებ, ცოდვაა იმდენი შრომა ჩადო  საქმეში. 
- დიდი ნახტომი გავაკეთეთ ელენე. ახლა საბასთან გაიქეცი  და ალექსანდრეს ფოტო მოაძებნინე. მერე ნინო აბაშიძე დაიბარე დაკითხვაზე. დაგვიდასტუროს რომ ნამდვილად ეს ბიჭი აკითხავდა დავითს. არ დაგავიწყდეს გაბადაძესთან დარეკვა, გააგებინე ამბები.
- მივდივარ უკვე - წამოდგა ელენე. ვანოს და ევის მადლობა გადაუხადა და ნიკოს კაბინეტი დატოვა. 
***** 
ელენეს მოპირდაპირე მხარეს მაგიდას ნინო აბაშიძე მიჯდომოდა და გულდასმით ათვალიერებდა მის წინ დაწყობილ ფოტოებს. 
გამომძიებელი მოჩვენებითი სიმშვიდით უცქერდა. კარებს მიღმა კი ნიკო და ზურა ბოლთას ცემდნენ. ნინომ თავი აწია, ერთი სურათი აიღო და ელენეს მიაწოდა
- ეს არის - დაჯერებით თქვა მან. 
- დარწმუნებული ხართ ქალბატონო ნინო? - ჩაეკითხა გამომძიებელი. 
- 100% ქალბატონო ელენე, ის დღე არ დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღე იყო და ეს ბიჭი პირდაპირ რესტორნის წინ შეგვხვდა. დავითმა დამანახა. ის არასდროს ამბობდა სტუდენტებზე ცუდს. ყველას აქვს რაღაც პოტენციალიო, მოვა დრო და გამოაჩენსო. ეს ბიჭი არ მოწონდა, მართლა დაჟინებით გვითვალთვალებდა. ამიტომაც დამამახსოვრდა ასე კარგად. 
- დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, ვეცადე არ გახმაურებულიყო თქვენი სახელი, მაგრამ არ გამომივიდა. 
- არაუშავს ელენე, უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. 
ნინო წამოდგა, ელენეს ხელი ჩამოართვა და კარებში გავიდა. გამომძიებელმა კიდევ ერთხელ იგრძნო ქალური შური, განსაკუთრებით მაშინ როცა შეღებული კარიდან კარგად გამოჩნდა დერეფანში მიმავალი აბაშიძე და მასზე მიჩერებული ათეულობით თვალი. 
- ესეც ასეეე ეჭვმიტანილი გვყააავს - პატარა ბავშვივით შემოვარდა გაბადაძე. 
- გვყავს გაბადაძე, გვყავს - არანაკლებ უხაროდა ელენეს. 
- ხოდა წავედით და დავაკავეეეთ - ყვიროდა პოლიციელი. 
- ხოდა ჯერ მე ფორმალობებს მოვაგვარეეებ - იგივე ტონალობაში აყვა ნიკო. 
6 თავი

საღამოსპირზე, როცა ხალხი ქალაქში აღარ მოძრაობდა და ქუჩები ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ელენე და პოლიციელი გაბადაძე თბილისის ძველებური ეზოს ჭიშკარს მიადგნენ და დიდი სახლის პირველი სართულის კარებზე დააკაკუნეს. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ელენემ უფრო ძლიერად დაარტყა ხელი და თან დაიძახა: პოლიცია, გააღეთ... 
მეორე დაძახებას ხმაური მოყვა და გაბადაძემაც მხრით ხის კარები შეამტვრია. გაღებული ფანჯრიდან ქარი უბერავდა, ქუჩიდან კი ოდნავ შესამჩნევი ხმაური ისმოდა. გამომძიებელი ფანჯრის რაფას დაეყრდნო. გაბადაძეს კი არც უფიქრია, ისე გადაევლო ფანჯარას და ერთ წამში უკვე მოსახვევში გარბოდა. თან რაღაცას გამალებით იძახდა. პოლიციელს ფეხდაფეხ ნიკო მიყვებოდა, ქუჩის კუთხიდან კი საპატრულო პოლიციის ციმციმა გამოჩნდა. ელენემ თვალის ერთი შევლებით შეაფასა მდგომარეობა და ის იყო უნდა გადამხტარიყო, რომ გასროლის ხმა გაისმა. ქალი არ დაფიქრებული, იარაღი ამოიღო და ხმას მიყვა. 
ქუჩის ბნელ კუთხეში გაბადაძე ეგდო, მხრიდან სისხლი მოსდიოდა, თავს ნიკო ადგა და სასწრაფოს იძახებდა. მეორე მხარეს პოლიციელებს ახალგაზრდა მამაკაცისთვის ხელბორკილი დაედოთ და უფლებებს უკითხავდნენ. ელენე დაჭრილ ბიჭთან ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადაუსვა და ჭრილობას დახედა. 
- კარგად ვარ ქალბატონო ელენე - ამოიკვნესა პოლიციელმა და სახე დამანჭა. 
- კარგად ხარ, თვალები არ დახუჭო და მელაპარაკე, სასწრაფო მალე მოვა. 
- იმედია ლამაზი ექიმი იქნება, თუ არა არ გავყვები - გაღიმება სცადა გაბადაძემ. 
- აქ თუ არა საავადმყოფოში მაინც იქნებიან ლამაზი ექიმები - დააიმედა ელენემ
რამდენიმე წუთში სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელი საკაცეზე მოათავსეს და მანქანამაც კივილით დატოვა შემთხვევის ადგილი. 
-ამ ბიჭს არაფერი მოუვიდეს, თუ არა ამის ჩემი ხელით დავახრჩობ - კბილებში გამოცრა ნიკომ.
***** 
გამომძიებელი ელენე ჯაფარიძე მძიმე ნაბიჯებით შევიდა დასაკითხ ოთახში. საქაღალდე მაგიდაზე დადო და სკამი მიიწია. 
- თქვენ ალექსანდრე კაპანაძე ბრძანდებით, თუ ვცდები შემისწორეთ - ზრდილობიანად მიმართა ელენემ, მაგრამ ეტყობოდა თავს ვერ იკავებდა იქვე რომ არ დატაკებოდა. 
- კი ალექსანდრე ვარ, - თავი დაუქნია დაკავებულმა. 
- ხოდა ალექსანდრე, მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. შენთვისვე აჯობებს, ძალიან არ გავაგრძელოთ ეს საქმე და მდგომარეობა კიდევ არ დაიმძიმო. თუ არა შენ ციხეში ჩასასმელად მარტო გაუფორმებელი იარაღი და ამ იარაღით დაჭრილი ჩვენი მეგობარიც მეყოფა, რომელიც ამ წუთს სიკვდილს ებრძვის. ილოცე რომ ცოცხალი გამოვიდეს იქიდან. გამომძიებელმა შესვენება გააკეთა, რეაქციას დააკვირდა. ალექსანდრეს კი თვალი არ დაუხამხამებია, ისე უსმენდა ქალს. 
- ჯერ იარაღით დავიწყოთ - იარაღი მცირე კალიბრიანი wolter p 22-  ია, რაც არც ისე ძნელი საშოვნელია. გაფორმებული არ გაქვს და არც იარაღის ტარების და ქონის უფლება გაქვს. რათ გინდოდა? საიდან გაქვს ეს იარაღი? 
- მეგობარმა მაჩუქა - თვალის დაუხამხამებლად უპასუხა დაკავებულმა. 
- და იმ მეგობარმა ასე გითხრა, პოლიციელი დაჭერიო? 
- მომდევდა და ვესროლე - თავი იმართლა კაპანაძემ. 
- მომიყევი დავით ჩხაიძეს რატომ სტუმრობდი, რა გინდოდა მასთან. 
- მე ასეთს არავის ვიცნობ. აიმრიზა დაკავებული. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა და შეტევისთვის მოემზადა. 
-კარგი მაშინ მე გეტყვი, შენს სახლში ნაპოვნია ელექტრო შოკი, რომლითაც სავარაუდოდ გათიშე ჩხაიძე, სულ რამდენიმე საათში ეს უკვე დაზუსტებით მეცოდინება და მერე ვეღარ გამოძვრები. 
დაკავებული თვალგაუტეხლად უყურებდა გამომძიებელს. ელოდებოდა სანამ ბოლომდე ეტყოდა სათქმელს. ელენე კი აგრძელებდა: გარდა ამისა, შენ ამოგიცნო მისმა მეგობარმა, როცა ჩხაიძეებთან იყავი, დეტალები მოგიყვე რაზე მიხვედი პროფესორთან? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შენ გაგასამართლებენ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, პოლიციელის დაჭრისთვის და პროფესორ დავით ჩხაიძის მკვლელობისთვის. ერთი რამე ვერ გავიგე მარტო, რა გინდოდა კაცთან, რომელსაც წიგნების გარდა არაფერი ქონდა. დავიჯერო წიგნებისთვის მოკალი? 
-არა საათისთვის- ჩაილაპარაკა დაკავებულმა. 
- რაა??? კითხვა გააგრძელა ელენემ, თითქოს ვერ გაიგონა რაც უთხრეს. 
- ძვირფასი შვეიცარული საათისთვის - გაიმეორა ალექსანდრემ. 
- შენ საიდან იცოდი, რომ პროფესორს ძვირფასი საათი ქონდა?
- ბაბუაჩემმა მითხრა. 
- სერგო კაპანაძემ? რომელმაც დავით ჩხაიძის მამა ავთო მოკლა?
დაკავებული დააბნია ელენეს კითხვამ. 
-კი სერგო კაპანაძემ - დაუდასტურა გაოცებული სახით. 
- რა გითხრა ბაბუამ, საიდან ქონდა დავით ჩხაიძეს ძვირფასი საათი და საიდან იცოდა ეს ამბავი ბატონმა სერგომ? 
-ავთო ჩხაიძის მკვლელობაც ამ საათის გამო მოხდა. მკვლელობის დღეს ავთოს საათი თან არ ქონდა. სახლში წამოსვლამდე თავისი ცვლის უფროსისთვის მიუბარებია. მოგვიანებით გადაცეს ჩხაიძეებს ნივთი.ეს ამბავი გვიან გავიგეო, ციხიდან რომ გამოვედიო.ჩხაიძის ქვრივი და ბავშვი უკვე წასულები იყვნენო. ასე მითხრა ბაბუამ.
- შენ რატომ იყავი დარწმუნებული რომ ის საათი ისევ ჩხაიძეებთან იყო? 
- ზუსტად არ ვიცოდი, რამდენჯერმე შევედი მათ სახლში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვნე. მერე მივედი როგორც მათემატიკოსთან. იმ საღამოსაც ვესტუმრე. გაუკვირდა, წყალი ვთხოვე და ლაპარაკში ავიყოლიე. თვითონ ჩაის სვამდა, წამალი ჩავუყარე და მივაბი სკამზე, რომელზეც იჯდა. მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ რომ გაიგო ვინ ვიყავი, ლანძღვა დამიწყო. 
ალექსანდრე გაჩუმდა, პაუზა რომ გაგრძელდა ვეღარ მოითმინა, ახლა თუ გაჩუმდებოდა შეიძლება აღარ ალაპარაკებულიყო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცა გამომძიებელს. 
- რა გითხრა ასე რომ გაბრაზდი და მოკალი?
- ბაბუაშენის გამო გავიზარდე მარტოო, დედაც  მაგ ამბავს გადაყვაო, მაგიტომ გადმოვიხვეწეთ სახლიდანო. რომ გააგრძელა, ვეღარ მოვითმინე და აზრზე რომ მოვედი უკვე ვახრჩობდი, მერე შემეშინდა, ავიღე ჩემი ნივთები. სახლში ტილო ვიპოვნე, რაღაც ხსნარიც. გავწმინდე სკამები, მაგიდა და წამოვედი. 
- არ მჯერა, მისი დასახრჩობი თოკი უკვე მიტანილი გქონდა. 
- არა, ეგ თოკი მის დასაბმელად მქონდა და არა დასახრჩობად. 
- საათის ამბავი გითხრა? 
- არა ვერაფერი ვათქმევინე.
- მაშინ მე გეტყვი, ეგ საათი ბატონმა დავითმა თავისი შვილის სწავლისთვის გაყიდა. ასე რომ ტყუილა მოკალი ის კაცი. 
დაკავებულმა თავი ხელებში ჩარგო და გაჩუმდა. ელენე თავს არ ანებებდა. 
- ეს ამბავი გავიგე. შენ ბევრი რამე იცი. მეც ვიცი, მაგრამ დეტალები მაკლია. ახლა მე მოგიყვები რაღაცას, შენ კი შემისწორე. ავთო ჩხაიძის სიკვდილის შემდეგ მალხაზ ბიწაძეს კლავენ. ის სასამართლოზე არ ცხადდება. ასეა? 
- კი - თავი დაუქნია ალექსანდრემ. 
- ქრება და რამდენიმე დღის წინ პოულობენ ერთ-ერთ მღვიმეში მის გვამს. ამის შესახებ რა იცი? რას გიყვებოდა ბაბუა. 
- ბაბუას და მალხაზ ბიწაძეს ერთი საერთო ნაცნობი ყავდა, ვიღაცის  მძღოლად მუშაობდა, მაშინ მანქანა სულ რამდენიმე კაცს ყავდა. ცოტა თავზე ხელაღებული ტიპი ყოფილა. იმას მოუკლია ბიწაძე. არ ვიცოდი სად წაიღო გვამი. ბაბუას არ უთქვამს არასდროს.
- ვინ იყო ის მძღოლი, რა ქვია? ცოცხალია? 
-არა ცოცხალი აღარ არის, ჯამბული ნოზაძე ერქვა. ახალგაზრდა დაღუპულა. იმ მანქანით ავარია მოსვლია. 
- კარგი, მაგას გადავამოწმებ. ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. დანარჩენი სასამართლოზე გაირკვევა. ელენემ საქაღალდე დახურა და ოთახი დატოვა. 
7 თავი

საავადმყოფოს თეთრი დერეფანი ერთად გაიარეს ელენემ, ნიკომ და ირაკლიმ. გამომძიებელს ყვავილების დიდი თაიგული ეკავა ხელში. გაბადაძის პალატის კარები რომ შეაღო, ჯერ ყვავილები გამოჩნდა და მერე ელენეს გაღიმებული სახე. 
- აბა პატრულო გაბადაძე, როდის ჩადგები ქვეყნის სამსახურში? - კითხა ქალმა. 
- როგორც კი ის ლამაზი ექიმი პაემანზე დამთანხმდება, ტანსაცმელი კი მაქვს შესაფერისი - გაიბადრა პოლიციელი. 
- ტყუილა არ გვიწანწალია მე და შენ მაღაზიებში. რაო გამოგყვებიო? რა გითხრა. 
- ნუუუ მთლად ეგ არ უთქვამს, მაგრამ პატივს ვცემ შენს პროფესიასო, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიჭერიო, ასეთი მამაცი ბიჭი ხარო, ნუ სიმპატიურიცო და დანარჩენსაც მეტყვის ალბათ სანამ აქედან გამიშვებს. 
- ახლა ეს ყვავილები იმ ექიმს მიართვი, უთხარი შენთვის მოვატანინე-თქო. ჩვენ დაგიდასტურებთ - ურჩია ირაკლიმ. - ისე მადლობის სათქმელად მოვედი, აქედან რომ გამოხვალ, კარგი საჩუქარია ჩემზე, შენ ის მითხარი რა გინდა. 
- არაფერი ბატონო ირაკლი არ გცხვენიათ? ისედაც ძალიან გახარებული ვარ ამ საქმის გახსნით. -  გაიბადრა გაბადაძე.
-რაღაც მოგიტანე. შენი ხელმოწერა მჭირდება - ფურცელი და კალამი შეაჩეჩა ხელში ნიკომ ზურას.
-ეს რა არის ბატონო ნიკო? სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას ვაწერ ხელს? - შეიცხადა ბიჭმა, როგორც კი დიდი ასოებით დაწერილ  „განცხადებას“ მოკრა თვალი.
-არა ჩემო ზურა, ეს გადამზადების  კურსებზე შენი გაგზავნის განცხადებაა, ბოდიში ტექსტი მე დავწერე, მაგრამ ხელსაც ხომ ვერ მოვაწერდი. მერე პროკურატურაში უნდა გადმოგიყვანო.
-რას ამბობთ ბატონო ნიკო, აბა სად მოვაწერო ხელი?დამეხმარეთ ქალბატონო ელენე - აფართხალდა პაციენტი და თან ტკივილისგან სახე დაემანჭა. ელენეს გაეცინა, მხარზე ხელი მოხვია და წამოჯდომაში დაეხმარა ბიჭს.
-ცოტა ფრთხილად ქალბატონო ელენე, თუ არა აქ კიდევ დიდხანს დამტოვებს ის ექიმი. წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ პაემანზე მეჩქარება.
-ხოდა ყოველ დღე პაემანი გექნება აქ თუ იქნები - დაცინა ირაკლიმ.
-ნუ გაგიტკბება საავადმყოფო გაბადაძე. მე და შენ გიგაურებს უნდა დავეხმაროთ ახალ სახლში გადაბარგებაში - ქვევიდან შეხედა თვალებში ნიკომ და თვალი ჩაუკრა. ზურას სახე უცებ შეეცვალა, მთელი ტანით შეხტა საწოლში და ტკივილმა დაუმანჭა ლამაზი ტუჩები. 
-ასეთი ამბები ცოტა ნელა უნდა შემომაპაროთ ბატონო ნიკო, ავადმყოფი ვარ მე და დიდმა სიხარულმა შეიძლება ინფაქტი გამოიწვიოს. ვინ გითხრათ რომ გადადიან? დგვარელმა დაგირეკათ?
-არა ზურა, ანუკიმ დამირეკა. მოულოდნელად თემურ არაბულმა დიდი თანხა შემოგვთავაზა, ეზოიანი სახლიც თვითონ გვიპოვა და რემონტის ფულსაც გვაძლევსო. აინტერესებდა ჩვენი დამსახურება იყო ეს თუ არა.
-მერე რა უთხარით?
-არაფერი ჩვენ არ ვიცით-თქო. მივულოცე და დახმარებას დავპირდი ორივეს სახელით.
-ხოდა ხაჭაპურიც გვიჭამია ახალ სახლში - ტაში შემოკრა ზურამ.
-ბიჭო მე ადამიანების დახმარებაზე გელაპარაკები - გაეღიმა ნიკოს.
-ხოდა მე დახმარების მერე ხაჭაპურზე - უცოდველი კრავივით თავი ჩაღუნა გაბადაძემ.
-რა ხაჭაპურზეა ლაპარაკი ჩვენ არ გვეტყვით? - საუბარში ჩაერია ირაკლი.
- იმერულზე ირაკლი, თუ შენც დაგვეხმარები შეგხვდება - პირობა წამოაყენა ნიკომ.
-როცა გინდათ და სადაც გინდათ, ოღონდ ჩემს წასვლამდე ქენით ეგ ამბავი.
-მალე აპირებ წასვლას? - თავი წამოყო საწოლიდან ზურამ.
-სამსახურიდან დაბრუნებას მთხოვენ, რაც მალე მით უკეთესი - ჩაიბუბუნა ირაკლიმ.
-თან ცუდია და თან კარგი. უკან დაბრუნებას აღარ აპირებ? - ჩაეკითხა ნიკო.
-ვფიქრობ აქ გადმოსვლაზე. აი ელენე თუ მესტუმრება ცოტა ხნით მაინც, მერე სერიოზულად ვიფიქრებ ამაზე.
-ეპატიჟები? ვაა რა კარგიააა - აყვირდა გაბადაძე.
- ხო ამ წამს დავპატიჟე, მოწმეები თქვენ ხართ. აიღოს შვებულება და ჩამოვიდეს. ისე მე სულ არ მეშინია გამომძიებელი ქალების.
ელენეს გაეღიმა, ტკბილად მოსაუბრე ბიჭებს გადახედა და პალატის კარები გამოაღო. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ავიღებ შვებულებას“ გაიფიქრა ქალმა და საავადმყოფოს თეთრ დერეფანს გაუყვა.

დასასრული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი