მე-ღმერთის საჩუქარი 2
მე - ღმერთის საჩუქარი 2 მადლობა პატარა დეიდა ბებიას დახმარებისთვის იქ სადაც ახლა მე ვარ, თავის დროზე დიდი წვეულებები ეწყობოდა. დერეფნებში ფრანგულ ყაიდაზე შეკერილი „საკურტუმიანი“ კაბებით თავადის ქალები დაშრიალებდნენ. მოდის ჟურნალი გვიან, მაგრამ მაინც აღწევდა მათ ხელამდე და ისინიც თავგამოდებით ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ ევროპულ ტენდენციებს. მშობლიურ ენაზე ხომ აღარ კადრულობდნენ ლაპარაკს და აღარც რუსულს დაგიდევდნენ, მიუხედავად იმისა რომ მათი ქმრების და მამების უმრავლესობა რუსული იმპერიის „ჩინოვნიკები“ იყვნენ და მათგან სამადლოდ გადმოგდებული „ორი მანეთით“ ირჩენდნენ თავს. ევროპას არ უნდა ჩამორჩენოდნენ, ამიტომ ფრანგი „გუვერნანტები“ ყავდათ დაქირავებული თავისი შვილებისთვის და ოჯახშიც სტუმრებთან ფრანგული ენის ცოდნით იწონებდნენ თავს. ასეთი „დაფრანგული“ ქალები თუ კაცები დასეირნობდნენ ამ დიდებული სასახლის დერეფნებში. ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, ფარდაგებს მიღმა შეთქმულებებს აწყობდნენ და სასიყვარულო ინტრიგებს ხლართავდნენ. ახლა კი ამ მრავლისმსმენელ და მრავლისმნახველ კედლებში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ვცხოვრობთ. ეს კედლები კი ისევ ბევრს ისმენენ და ხედავენ. ჩემი ფანჯრიდან თვალუწვდენელი მთები და მათზე ფაფახივით წამომხობილი თოვლი მოჩანს. მწვანე ტყის უკიდეგანო სივრცე მარტოობის და უსუსურობის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ღია ფანჯრიდან ჩიტების ხმა და მთის მდინარის ღრიალი აღწევს. სად არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ არც ისე შორს, დათვის ხმა ისმის ხოლმე. მუდმივი უძილობის გამო სასახლეში ერთი ადგილიც კი არაა დარჩენილი, რომ არ ვიცოდე ხუთი თითივით. შემოსასვლელი კარი დიდი მასიური მუხისგანაა გაკეთებული და ისეთი მძიმეა, ორი ადამიანი ძლივს აღებს. ამიტომ დილიდან დაღამებამდე ღიაა და ჩვენ, აქ დროებით მცხოვრებლებს ეზოში თავისუფლად სეირნობა შეგვიძლია. ეზოს გარეთ აღარ, იმ შორეული მდინარის ძებნაში შეიძლება ისე დავიკარგოთ, რომ დათვების ან მგლების საკბილოდ ვიქცეთ. ეზოში აკაციის ბუჩქებით გაკეთებული დიდი ლაბირინთი საკმარისია იმისთვის, რომ დავისვენოთ და უცხო თვალს მოვერიდოთ. თუმცა რამ დამღალა, ბოლო ორი თვეა აქ ვარ და არაფერს ვაკეთებ. სასახლის მთავარ დარბაზში ჯერ ისევ ძველებური დიდი ჭაღი კიდია. ახლა მას იშვიათად ანთებენ. რა თქმა უნდა ელექტრო ენერგიას უფრთხილდებიან. „დაფრანგული“ ქართველების დროს მასზე თურმე სანთლები ბრდღვიალებდა. ნეტავ რამდენი ადამიანის მუხლჩაუხრელი და წელში გამწყვეტი შრომა იყო საჭირო იმ სანთლების საყიდელი ფულის საშოვნელად და მერე მის ასაბრდღვიალებლად. მოგვიანებით ამ სანათისთვის ელექტრო ენერგიის ნათურები გაუკეთებიათ, თუმცა მისი ანთება ახლაც ძვირი სიამოვნებაა. ჩემი ოთახი მეორე სართულზე, რიკულებიანი აივნის მოპირდაპირე მხარესაა. ვერ შევითვისე და გავითავისე მისი აურა. თავი სასტუმროში მგონია, მიუხედავად იმისა, რომ უფლება მომცეს, როგორც მინდოდა ისე მომეწყო. დედაჩემს, ცნობილ და ძლევამოსილ ექიმს, უარს ვინ ეტყოდა. მამაჩემმა უამრავი ფული გადაიხადა ჩემს აქ მოყვანაში და ამ ამბის გასაიდუმლოებაში. საავადმყოფოში გონიათ, რომ შვებულებაში ვარ და რომელიღაც ეგზოტიკურ კუნძულზე ვისვენებ. ნათესავებმა იციან, რომ დედამიწის მეორე მხარეს, ამერიკაში სტაჟირებას გავდივარ. მეგობრები კი არ მყავს, რომ სიმართლე გავუმხილო. სინამდვილეში ვიქტორიანული ეპოქის დიდებულ სასახლეში ვარ და „რეაბილიტაციას გავდივარ“, როგორც ჩემი მკურნალი ექიმი ამბობს. აქ ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობის დიაგნოზით ვარ. მე სამკურნალო არაფერი მჭირს. აქ ყოფნას იმიტომ დავთანხმდი, რომ ბოლო დროს ვეღარ გავაკონტროლე ჩემი ცხოვრება და დრო იყო სამართალდამცავებს თვალში და ხელში არ შევჩხეროდი. ისიც ვიცი აქედან რომ გავალ, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ჩემს გარდა კიდევ ორმოცდაათამდე ადამიანი გადის რეაბილიტაციას. ზოგი ახალგაზრდა, ზოგი მოხუცი, ზოგი გაშტერებული თვალებით და ზოგიც ნაპოლეონის ქუდით. ჩვენი ექიმების შეფასებითაც, სხვადასხვა სიმძიმის და დიაგნოზის მქონენი, თუმცა მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ.... ფული, ბევრი ფული. იმდენი რომ ამ ძალიან ძვირადღირებულ ადგილზე ყოფნის ფუფუნება აქვთ. ზოგიერთს საერთოდ არავინ აკითხავს. ზოგს ძალიან იშვიათად. მე იმ კატეგორიაში ვარ, ვინც მშობლებმა აქამდე მოაცილეს და მხოლოდ აქედან გასვლის დროს მოაკითხავენ. მათ არ ცალიათ. დედაჩემი საავადმყოფოს უამრავ საბუთებშია ჩაფლული. ამასთან უამრავ პაციენტს მკურნალობს და ყვლეფს მათ. საღამოობით კონფერენციებსა და სამინისტროს თათბირებს ესწრება. მეგობარ-ნათესავებსაც ხომ ჭირდება ყურადღების მიქცევა და იმის მოყოლა, რომ მათი ერთადერთი შვილის ნიჭითა და ცოდნით გაგიჟებულია მთელი ამერიკა. ამიტომაც არ სცალია ჩემთან მოსასვლელად. მამაჩემი? ისიც დაკავებულია. ჩემთან რომ მოვიდეს, ტელევიზორის წინ მდგარი მისი საყვარელი სავარძელი დაცარიელდება და პეკინესიც მოიწყენს. ჩემი უძილო ღამეების ნახევარი იმაში გადის, რომ მთელ შენობაში დავდივარ და მოჩვენებებს ველაპარაკები. არა მართლა მოჩვენებები კი არ არიან, მე წარმოვიდგენ, როგორ დაფარფატებენ „დაფრანგული“ ქალები ამ დერეფნებში. კედლებზე გობელენებია ჩამოშვებული. ამიხსნეს, რომ ეს ამ სასახლის სტილია. აშენების დღიდან გობელენები მისი განუყოფელი ნაწილია. მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა. ისინი იმისთვისაა, რომ რომელიმე აქ მცხოვრებმა „ნაპოლეონმა“ კედელზე ტვინი არ მიასხას, როცა გაიგებს, რომ ვატერლოოს ომში დამარცხდა. დერეფანს მორიგე აკონტროლებს. ის ყოველთვის მისთვის დადგმულ სავარძელში ზის ხოლმე. ხშირად წიგნს კითხულობს, ზოგჯერ თვლემს. მან იცის, რომ დავბორიალებ შენობაში, მაგრამ ხმას არ იღებს. თვალს მადევნებს. არაფერს ვაშავებ. გიჟი კი არ ვარ, ჩაკეტვის მიზეზი მივცე. ფეხაკრებით მივიპარები დერეფნის ბოლოს, სადაც გობელენის უკან პატარა კარით მეორე ფრთაში გავდივარ. ეს კარი ჩემს გარდა „სარეაბილიტაციოდ“ მყოფმა არცერთმა ადამიანმა იცის. რომ იცოდნენ რომელიმე აუცილებლად გამოიყენებდა. ტამპლიერების ორდენის წევრი გოჩა მაინც, რომელიც ჩვენი სამოძრაო არეალის ყველა კუთხეში საიდუმლო ნიშნებს ეძებს, შეთქმულების თეორიებს აყალიბებს და წუხს, რომ ორდენიდან დიდი ხანია არავინ დაკავშირებია. დააფრიალებს წითელჯვრიან მოსასხამს და ელოდება, საბრძოლველად როდის აიღებს ხმალს. დერეფნის მეთვალყურე თვალს მაყოლებს, მაგრამ ხმას არ მცემს. კარის უკან პატარა კაბინეტია საიდუმლო შეხვედრებისთვის. ამ ოთახში ალბათ ბევრი ინტრიგა დაგეგმილა. კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ !!! როგორც გავიგე, ეს ფრთა სპეციალურად დიდი ქალბატონისთვის აშენებულა. მას აქ თავისი ბუდუარი ქონია მოწყობილი. აქ იღებდა სტუმარ ქალბატონებსაც და ისმენდა ახალბედა პოეტების შემოქმედებას. ხშირად საეჭვო სტუმრებიც მოდიოდნენ მასთან და გაბღენძილი ქმრისგან განსხვავებით, სახელმწიფო პოლიტიკაშიც საიდუმლოდ ერეოდა თურმე. კაბინეტიდან სწორედ ამ ქალბატონის საძინებელ ოთახში გავდივარ. წინ დიდი კარები მეგულება და იქიდან დერეფანში მოვხვდები. მერე კი წინ ბიბლიოთეკა მელოდება. მას შემდეგ რაც აქ ვარ და ეს ფრთა აღმოვაჩინე, ხშირად ჩამოვდივარ ამ ბიბლიოთეკაში. გარდა იმისა, რომ იშვიათი გამოცემებია, ბევრი ხელნაწერიც ინახება. მტვერი აქვს ყველაფერს დადებული. ნეტავ რატომ არავინ ინტერესდება მათით. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს დროში „გაჯეტების“, კომპიუტერის და ტელეფონის იქით, ჩვენი ინტელექტი აღარ მიდის. შორიდან მუსიკის ხმა წვდება სმენას. კართან ვდგავარ და განძრევას ვერ ვახერხებ. პირველად მეშინია. აქ ჩემს გარდა არავინ არის. აბა ხმა საიდან ისმის? ვიცი, რომ დერეფნიდან ძირს თუ გადავიხედავ, მომცრო დარბაზში თეთრ როიალს დავინახავ. მუსიკის ერთადერთი წყარო ეს ძვირფასი ნივთია. ნუთუ ჩემი გარდასული საუკუნის მასპინძელი ქალბატონის აჩრდილი უკრავს ასე სულისშემძვრელად. კარს გაჭირვებით ვაღებ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ფეხის ხმას მტვრიანი სქელი ხალიჩა ფარავს. დერეფანში გავდივარ. მუსიკა მაგნიტივით მიზიდავს. „საკურტუმიანი“ ფრანგულ მოდაზე შეკერილკაბიანი ქალის მაგივრად როიალს ახალგაზრდა კაცი მიჯდომია და სოლო კონცერტს ასრულებს. ჩემს გარდა კიდევ ვიღაცამ აღმოაჩინა ეს ფრთა. ალბათ ესეც ჩემსავით ნაკლებად სარეაბილიტაციოა. ანდა შეიძლება სულაც „ნაპოლეონი“ ან ტამპლიერების ორდენის წევრი გოჩაა. სხვათაშორის ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, პოლიტიკური შეხედულებების გამო. კაცს პიჟამა აცვია. ესე იგი არც ერთია და არც მეორე. გოჩა მოსასხამის გარეშე და „ნაპოლეონი“ ქუდის გარეშე არ იქნებოდა. კიბეზე ვჯდები და კლასიკური მუსიკა ძვლებს მითბობს. არასდროს ვყოფილვარ ბეთჰოვენის ან მოცარტის მოყვარული. არც ოპერა მხიბლავდა, მაგრამ ახლა მსიამოვნებს. წამით მამაკაცი ჩერდება და თავზე ხელს ისვამს. მერე ახალ ნაწარმოებს იწყებს. ტაშის დაკვრისთვის ხელები მზად მაქვს, მაგრამ ვჩერდები. შიშისგან გული გაუსკდება. ვინც უნდა იყოს პანიკა დაეწყება და გამოაშკარავდება რომ აქ ვართ. ფანჯრიდან მთვარის შუქი ეცემა როიალს. კიბეზე ჩავდივარ და რაც შეიძლება მშვიდი ხმით ვეხმიანები. -არ შეგეშინდეს - ვეუბნები პირველივე სიტყვებს, რაც თავში მომდის. დაკვრა წყდება და მამაკაცს მზერა ჩემკენ გადმოაქვს. რატომღაც არ უკვირს ჩემი ნახვა. -შენ ხარ? მოგეწონა? - მეკითხება მშვიდი ხმით. ახლა გაოცებული და შეშინებული მე ვარ. -ვინ ხარ? - ვეკითხები ჩავარდნილი ხმით. -თქვენი ახალი მეზობელი, რომელიც არ შეგინიშნავთ. ვფიქრდები როგორ გამომრჩა ახალი მობინადრის მოსვლა. რაღაც მოხდა და ვერ გავიგე თუ არ გაგვაგებინეს. -ახალი თუ ხარ, ეს ადგილი საიდან იცი? - ვბრაზდები. მე აქ მოსვლიდან თითქმის ერთი თვის თავზე აღმოვაჩინე ეს კარი გობელენში. ეს კი ახალია და უკვე „ჩემს“ ფრთაში, „ჩემს“ როიალზე უკრავს. -მარტო შენ არ გაწუხებს უძილობა და მარტო შენ არ ქრთამავ დერეფნის მორიგეს ღამეული სეირნობისთვის. პანიკა მიპყრობს. იცის ვინ ვარ, სად დავდივარ და რას ვაკეთებ. რატომ არის აქ? სამკურნალოდ თუ ჩემს სათვალთვალოდ. ვინ გამოგზავნა და რა უნდა ჩემგან? ხმას ვერ ვიღებ. ვბრუნდები და რამდენიმე წუთის წინ გავლილ გზას უკან მივყვები. ჩემი ოთახის კარები შიგნიდან არ იკეტება. ეს ხომ სარეაბილიტაციო ცენტრია და არა დასასვენებელი პანსიონატი. პატარა კომოდს ვექაჩები და შემოსასვლელს ვხერგავ. იმედი მაქვს, რომ თუ კარებს ვინმე მოადგება, ხმაურს გავიგონებ. ბასრი არაფერი მაქვს. საწერი კალამიც კი დრეკადი რეზინისაა. წარმოდგენა არ მაქვს, თავი რით დავიცვა. სქელყდიან წიგნს ვირჩევ და საწოლთან ახლოს ვდებ. ჩემი ერთადერთი იარაღი ისაა. ლოგინში ვწვები. ვიკუნტები. თავი მისკდება. აზრები ერთმანეთში მერევა და ჩემდა გასაკვირად მეძინება. დილა ისევე იწყება, როგორც წინა, იმის წინა და იმის წინა. საძინებელში შემოჭრა არავის უცდია. რაც აქ ვარ, საუზმემდე ვვარჯიშობ ხოლმე. ყოველთვის მინდოდა და დროს ვერასდროს ვნახულობდი ამისთვის. აქ კი მშვენიერი სპორტდარბაზი გვაქვს. დერეფანში ვიყურები. სიმშვიდეა. სავარჯიშო დარბაზი მინუს სართულზეა. იქ ყოველთვის ბევრი ხალხია. შევდივარ და სარბენ ბილიკზე ვდგები. პატარა მონიტორზე ფილმს ვრთავ და ყურსასმენს ვირგებ. აქ ამის ფუფუნება გვაქვს, მაგრამ ცენზურით. მხოლოდ იმ ფილმების ყურება შეგვიძლია, რომლებიც ექიმისგან დაშვებულია. ვიღლები და რამდენიმე წუთით ვჩერდები. გვერდით სარბენ ბილიკზე ჩემი ღამეული კოშმარი დგას, თავს მიკრავს და ფილმის ყურებას აგრძელებს. ოფლს მასხამს. პირსახოცს ვიღებ და დარბაზიდან გავდივარ. თუ ეს კაცი ჩემთვის გამოაგზავნეს, ისმის კითხვა, ვინ? სარეაბილიტაციო ცენტრში ყველა დღე ერთმანეთს გავს. დილით საუზმე, წამლები, ექიმთან ვიზიტი და მერე რაც გინდა აკეთე. წამლებს ექთანი მასმევს. მიყურებს როგორ ვიღებ ჩემთვის განკუთვნილ ტაბლეტებს და პირში ვიყრი. წყალს ვაყოლებ. თავისუფალი ვარ, მაგრამ მე ხომ ექიმი ვარ, ვიცი როგორ მოვახერხო და ის ტაბლეტები კუჭამდე არ ჩავიდეს. ტვალეტში გავრბივარ და ყელში გაჩხერილ წამლებს კანალიზაციას ვაყოლებ. ისინი მე არ მჭირდება. ჩემი ექიმი ლონდონიდან ჩამოიყვანეს სპეციალურად ჩემთვის. მამაჩემმა იმხელა თანხა შეთავაზა, სულ ტავქუდმოგლეჯილი ჩამოვიდა და ახლა ჩემთან ერთად ზის ამ ღვთისგან მივიწყებულ სასახლეში. ის ალბათ ხვდება, რომ მე სამკურნალო არაფერი მაქვს მაგრამ მაინც ყოველ დღე მხვდება და მესაუბრება. ზის თავის სავარძელში, ხვეულ თმაზე ხელს გადაისვამს ხოლმე და მისმენს. მეც მისთვის გამზადებულ ტექსტებს ვუყვები. როგორი კარგი, ტკბილი და მოსიყვარულე ექიმი ვარ, ჭიანჭველას არ დავადგამ ფეხს და ვწუხვარ, რომ აქ მომიწია ყოფნამ. ჩემს ექიმს სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის ჯინსი აცვია. სხვადასხვა ფერის პერანგის სახელოები აქვს აკეცილი. ყოველ შეხვედრაზე მისი ბოტასებისკენ გამირბის თვალი. თვითონ კი ფანჯარაში იყურება და მუსტანგს გასცქერის, რომლითაც აქამდე მოვიდა და მის შემდეგ ადგილიდან არ დაძრულა. -ქალბატონო თამარ, დილა მშვიდობისა - მესალმება და მისთვის განკუთვნილ ადგილზე ჯდება. - წუხელ ცუდად გეძინათ? ცუდია თუ ასე მეტყობა უძილობა. -დიახ, - ვპასუხობ და თვალებს ვისრეს. -თქვენზე ვფიქრობდი - იწყებს ექიმი - მგონია, რომ რეაბილიტაცია არ გინდათ... -საიდან მოიტანეთ, - ვშფოთდები და საუბარს ვაწყვეტინებ. ეს ცუდია. წუხანდელმა ღამემ ჩემზე ცუდად იმოქმედა. -არ გძინავთ უკვე დიდი ხანია - ჩაფიქრებული მპასუხობს ექიმი - თქვენი ცუდად ყოფნის მთავარი მიზეზი ესაა. წამლებს არ იღებთ... - ჩერდება და მიყურებს - მთელი ღამეები დადიხართ. არადა მე მინდა მალე გახვიდეთ აქედან. არ დაგიმალავთ და მეც მინდა წასვლა. იცით, რომ თქვენს გამო ვარ აქ. გამომიჭირა. იმაზე ჭკვიანი ვიდრე მეგონა. მასთან ანგელოზის თამაში არ გამოვა. უფრო მეტი იცის ვიდრე მეუბნება. -ჩვენი ახალი პაციენტი მანერვიულებს - ვცდილობ საუბრის თემა შევცვალო და თან რამე ინფორმაცია გამოვძალო. -რომელი? - ინტერესდება. მიზანი მიღწეულია. - ახალი. ახალგაზრდა ბიჭი როა. ალბათ ჩემი ასაკის. -დაჩი - ხვდება ვისაც ვგულისხმობ - რატომ გაშფოთებს? -დიახ. ალბათ დაჩი. მგონია რომ მე დამდევს. ექიმს ეღიმება. თმაზე ხელს ისვამს. არასდროს მინახავს ასეთი თბილი ღიმილი ვინმეს სახეზე. -მას შენთან არაფერი ესაქმება. -რატომ არის აქ? - ვკითხულობ გულწრფელად. ამ „სანატორიუმში“ მოხვედრის მთავარი პირობა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული ექნება. ის ალბათ ბევრი ფულის პატრონია და ამ მოუსავლეთში გადამალეს ან თვითონ წამოვიდა. -პაციენტის შესახებ პირადი საუბრების უფლება არ მაქვს - მოკლედ მიჭრის ქეთი ექიმი. -თქვენ რატომ დათანხმდით აქ ჩამოსვლას? - ვუსვამ შეკითხვას, რომელიც ჩემი აქ მოსვლის დღიდან მაწუხებს. -იმიტომ რომ, ახალი საინტერესო თავგადასავალი მელოდა თქვენთან ერთად. მაგრამ ვატყობ, იმედი მიცრუვდება. თქვენ ჭკვიანი ქალი ბრძანდებით, დროა დავასრულოთ ლაპარაკი თქვენს გადარჩენილ პაციენტებზე და რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ. ეს უკვე ძალიან აღარ მომწონს. ქეთი ექიმი ცდილობს გამომიჭიროს. ფანჯარას აღებს და სიგარეტის კოლოფს ხსნის. მეც მთაბაზობს. ეს „პროტოკოლის“ დარღვევაა. -ნოდარ მამასახლისის შესახებ მინდა ვისაუბროთ - მეუბნება ექიმი დაბალი ხმით. თავში ტკივილს ვგრძნობ. სახე მიხურს და ჩემს ტვინზე ათასი ურო ურტყამს ერთბაშად. -რატომ? - ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. -მისი სიკვდილის შემდეგ დაგეწყო პრობლემები. ის შენი პაციენტი და ამავე დროს ნათესავი იყო. შეგიძლია მითხრა, რატომ იმოქმედა მისმა სიკვდილმა ასე ძალიან შენზე? წამით ვფიქრდები. სიმართლის მთქმელი არ ვარ, რამე ისეთი უნდა მოვიფიქრო, რაც მას მოეწონება. -იცით... - ვიწყებ ნელა და თვალებს დაბლა ვხრი - არც ისე ახლო ნათესავები ვიყავით, რომ ჩვენს შორის სასიყვარულო ურთიერთობა აგვეკრძალა. ქეთი ექიმს ეღიმება. მგონია, რომ ჯერა. -ქალბატონო თამარ, რამდენჯერ გყვარებიათ? ვიბნევი. -ლადო გიგანი გიყვარდათ, მის დაკარგვას შეეგუეთ და ნოდარ მამასახლისის სიკვდილი ვერ მოინელეთ? თქვენი ნათქვამი დამაჯერებლად არ ჟღერს. ვრწმუნდები რომ მას მთელი ჩემი ცხოვრება ამოტრიალებული აქვს. აქამდე ვატყუებდი ან ის იტყუებდა თავს. რაღაც ისეთი უნდა მოვუყვე, რაც ჩემდამი მის ნდობას გააღვიძებს. სავარძელში ღრმად ვეფლობი და ვემზადები. ქეთი ექიმი ხვდება, მიღიმის მაგრამ მოწევას არ ჩქარობს. მკლავებზე პერანგს იკეცავს, შარვალს მუხლებზე იწევს, როგორც მას ჩვევია და ჩემ წინ ადგილს იკავებს. ხვეული თმა აქვს, ადგილ-ადგილ ჭაღარა ურევია. უხდება. ინდივიდუალობას ანიჭებს. ზის და მელოდება. დუმილის ომი რამდენიმე წუთს გრძელდება. საბოლოოდ ფარ-ხმალს ვყრი და საუბარს ვიწყებ. -ნოდარის დასაფლავებიდან ერთი თვის შემდეგ, როცა ყველაფერი მიწყნარდა და მეც მშვიდად ძილი დავიწყე, ჩვენი შორეული ნათესავი თეკლა გამომეცხადა. - ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. საუბარი მიჭირს. - საავადმყოფოში ახალი მისული ვიყავი. კაბინეტის კარები გაიღო და ვიღაც ძალიან ნაცნობმა სახემ გამიღიმა. ერთი წამი დამჭირდა მის საცნობად. ძალიან შეცვლილიყო. ჩვეული მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ, რაშიც რა თქმა უნდა, სანათესაოს ამბების გამოკითხვაც შედიოდა, ჩემთვის არასასიამოვნო თემაზე და მისი მოსვლის მიზეზზე დაიწყო საუბარი. -თამარ, - შემომხედა შეცვლილი მკაცრი სახით, - მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ. ვიცოდი სადაც მუშაობდა, მაგრამ ეს მე რატომ მეხებოდა? -რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა ნოდარის უეცარი გარდაცვალებით. მე და ძია ნოდარი ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. შესაბამისად ეჭვები მეც მაქვს. სანამ ოფიციალურ ძიებას დავიწყებთ, შენი როგორც ექიმის აზრი მაინტერესებს, რა მოხდა? დამცხა, მაგრამ არ შევიმჩნიე. -ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ტრომბი განვითარდა. ამას წინასწარ ვერავინ გათვლის. იცი რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. არც ალკოჰოლზე ამბობდა უარს. ამიტომ გულმა და სისხლძარძვებმა ვერ გაუძლო. -სანამ ოფიციალურად გამოვითხოვთ ავადმყოფობის ისტორიას, მინდოდა თქვენგან მომეხმინა. - დამიქნია თავი - ექსპერტს გამოვგზავნი და გადაამოწმებს. - მის ხმაში მუქარამ გაიჟღერა. არ მომეწონა. თავი დამიკრა, ადგა და აუმშვიდობებლად წავიდა. ქეთი ექიმი ხმის ამოუღებლად მისმენს. მისი მშვიდი სუნთქვა მესმის. არ მაწყვეტინებს, მაგრამ ვიცი, ბევრი კითხვა აქვს. ორიოდე წამით ვჩუმდები. საშუალებას ვაძლევ შეისვენოს. -თამარ, - დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით მომმართავს ის - რატომ შეგეშინდა? მეღიმება. „არა ქალბატონო ქეთევან, მაგას ვერ გეტყვი, ისიც იკმარე რასაც გიყვები“ - ვფიქრობ და სხვა რამეს ვპასუხობ. -ოპერაცია მე გავუკეთე, არ იყო სასიამოვნო ჩემნაირი ექიმის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა. ქეთი ექიმი ჩუმდება და მელოდება. -თეკლა ნოდარის პროტეჟე იყო - ვაგრძელებ მეც - ერთი უტვინო მაგრამ ლამაზი გოგო იყო. მშობლებიც სოფლის გლეხი ოჯახიდან ყავდა. მთელი ბავშვობა ჩემი გამონაცვალი ორი ზომით დიდი ტანსაცმლით დადიოდა. ის გამხდარი ბავშვი იყო. არც ნორმალური საჭმელი ქონდა და არც დელიკატესები, რომლითაც მე ვფუვდებოდი. სამაგიეროდ ამბიციები ძალიან აწუხებდა. ყოველთვის თავაწეული მხვდებოდა. თავის უპირატესობის დანახვება უყვარდა. რომლის ვერ ვგებულობდი. ახლა კი, როცა ნამდვილ ძალაუფლებას გრძნობდა, გამომეცხადა და დამემუქრა. მე მისი ვიზიტი ასე აღვიქვი. ერთი წამით ვჩერდები. ვისვენებ. ამ ამბის მოყოლა ჩემთვის ადვილი არაა. სიტყვებს ვაკონტროლებ, ზედმეტი არაფერი წამომცდეს. -ხომ არ გშურდა მისი? - მეკითხება ქეთი ექიმი. მეცინება. -რა უნდა შემშურებოდა. გაუნათლებელი ხეპრე ოჯახი თუ შიმშილობა? - ხმაში ცინიზმს ვურევ. მე ხომ მდიდარი ოჯახის ერთადერთი განებივრებული შვილი ვიყავი. -არა, მისი სიგამხდრე და სილამაზე - მპასუხობს აუღელვებლად ქალბატონი ქეთი. ვცბები. ის მართალია. არაფერი დაშავდება თუ ამას ვაღიარებ. -დიახ, - ვპასუხობ ექიმს და მის სახეზე სიამოვნების ღიმილი ისახება. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებთან ძალიან გულღია და მეგობრულია, ჩემთან ურთიერთობაზე ამას ვერ ვიტყვი. -მშურდა მისი. ის ყოველთვის ბევრად ლამაზი იყო ჩემზე - ვამბობ ჩურჩულით - მე ყველაფერი მქონდა კარგი ცხოვრებისთვის, მას კი მთავარი - სილამაზე. მისმა ვიზიტმა უფრო გამაბრაზა, ვიდრე შემაშინა. -ძია ნოდარის სამინისტროში გადაბარგების შემდეგ, გავიგე, რომ თეკლას შსს-ში დაუწყია მუშაობა. თავიდან ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი იყო. საბუთებს დაარბენინებდა კანცელარიიდან კაბინეტებში. მალე რომელიღაც განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. მერე კიდევ დააწინაურეს და საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. ნოდარმა მის დიპლომზეც იზრუნა. ჩემი ფიქრით, მისთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო ნოდარის სიკვდილი. მისი საიდუმლოები საფლავში წაიღო, მაგრამ პირიქით. ტვინი მისკდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რაში ჭირდებოდა ქალბატონ თეკლას ნოდარის სიკვდილის ამბის ქექვა. საღამოს ვეტ-კლინიკიდან შვებულება ავიღე. თმა შავად შევიღებე. სახეც ისე დავიხატე, თეკლა კი არა, მამაღმერთიც ვერ მიცნობდა. მანქანა ვიქირავე და მის სამსახურთან მივედი. სამუშაო საათები სრულდებოდა. თეკლა გამოვიდა. სახლამდე გავყევი და იქაც რამდენიმე საათი ვიყურყუტე. მივხვდი ასე ვერაფერს გავიგებდი. საინფორმაციოდ ბებიაჩემზე უკეთესი არავინ მეგულებოდა. ამიტომ მეორე დღეს მას ვესტუმრე. დედაჩემის დედა განათლებული ქალი იყო. მთელი ცხოვრება წიგნებს ყიდულობდა და კითხულობდა. მისნაირი ბიბლიოთეკა იშვიათად თუ ექნებოდა ვინმეს. მუშაობდა, შვილსაც უვლიდა და არც თავის მოვლა ავიწყდებოდა. ჭკვიან ქალად ითვლებოდა. ხშირად მეზობელ-ნათესავებიც აკითხავდნენ თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად. ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, სხვის ცხოვრებას რომ განიხილავდა. ის ნამდვილი შენიღბული „ჭორიკანა“ გახლდათ და მის გაბრწყინებულ თვალებს თუ შეხედავდით, მიხვდებოდით, რა ხდებოდა მის სულში. ამიტომაც ბებიაჩემმა ყოველთვის ყველაფერი იცოდა ყველას შესახებ. სიბერეში კი უფრო მეტი დრო ქონდა ინფორმაციის შესაგროვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავ-მეზობლებისთვის კარგი მრჩეველი იყო, ოჯახურ საკითხებში თავისი აზრი არასდროს ქონია. მშობლებმა ახალ სკოლა დამთავრებული ბავშვი გადაულოცეს მასზე ბევრად უფროს ბაბუაჩემს, რომლისთვისაც სულ ერთი იყო, ვინ გახდებოდა მისი ცოლი, მთავარია პატიოსანი ქალი ყოლოდა სახლში. გათხოვებამდე თუ მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ახლა ქმრის გადაწყვეტილება იყო მთავარი. მას აზრსაც არავინ ეკითხებოდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სხვების საქმეების გარჩევის დროს საკუთარ ეგოს აკმაყოფილებდა. ამბიციური არასდროს ყოფილა. ბევრჯერ შეეძლო რიგითი თანამშრომლიდან წინ წასულიყო, მაგრამ ან თვითონ არ ქონდა სურვილი, ან ბაბუაჩემი არ დაუშვებდა ამას. სახლში თანამდებობის მქონე ცოლი თავმოყვარეობაზე იმოქმედებდა. არადა თვითონ ხან რისი დირექტორი იყო და ხან რისი. მაგრამ ის ხომ კაცი იყო. ცოლს კი სად ეცალა, შვილი ყავდა გასაზრდელი. ამიტომ ბებია კმაყოფილდებოდა უბრალო სამსახურით, ოჯახის მოვლით, სალონში სიარულით, ქმრის მოტანილი პარფიუმერიით და იმით, რომ მთელი სანათესაოს ტყუილ-მართალი მის ხელში გადიოდა. მე მისი ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი. სიგიჟემდე ვუყვარდი და ჩემთვის არაფერს დაინანებდა. ინფორმაციას მითუმეტეს. ჩემს მერე შოკოლადები უყვარდა. ამიტომ საუკეთესო ბელგიური შოკოლადები ვიყიდე და მის კარს მივადექი. ხშირი სტუმარი არ ვიყავი, ამიტომ გაოცებულმა გამიღო კარი. მიუხედავად ასაკისა, კარგად გამოიყურებოდა. არც სალონებში სტუმრობას იკლებდა და საცურაო აუზის აბონიმენტიც ყოველთვის ქონდა. რა თქმა უნდა, დედაჩემის ფინანსებით. აბა მისი პენსია სახის ერთ პროცედურას არ ეყოფოდა. -კარგად გამოიყურები - მითხრა და სავარძელში ჩაესვენა - როგორ მიდის შენი საქმეები? -ჩაის თუ შემომთავაზებ, მოგიყვები - გავუღიმე. ბებია წამოხტა, სამზარეულოში გაიქცა და ორ წუთში დაბრუნდა. თუმცა იმედი გავუცრუე და ჩემი ცხოვრების რუტინის მოყოლა დავიწყე. მივხვდი ბეზრდებოდა. თემის შეცვლის დრო იყო. -ბე, გახსოვს თეკლა? გიორგის გოგო? სოფელში ჩვენი მეზობელი. ქალი გამოცოცხლდა. -მახსოვს რომელია. ნოდარის დასაფლავებაზე ვნახე. იკადრა და მომესალმა. იმსიმაღლე ქუსლებზე იდგა, თავზე დამჩერებოდა. ისეთია ძლივს ვიცანი. იმ კნაჭა სოფლელი ბავშვიდან, რა ქალი დააყენა ნოდარმა. -ნოდარი რა შუაშია? ლამაზი იყო ყოველთვის - ვცადე შეკამათება. -ნოდარი რომ არ მიხმარებოდა, ისევ სოფლელ გოგოდ დარჩებოდა. გამსკდარი ხელებით და მზისგან დამწვარი სახით. წამოიყვანა. უპატრონა. თვითონაც ივარგა. ამბობენ, სამსახურში ისეთია, მისი შიშით დაიპარებიან თანამშრომლებიო. -ვაუ - შევიცხადე მე - პატარა გათხოვდა, დიდი შვილები ეყოლება. -კი - ჩაფიქრდა ბებია - ცოტა ხანი რომ მოეცადა, ვინმე უკეთესს იპოვიდა. გაეკიდა იმ უპატრონოს. ახლა იმასაც კაცი ქვია. სადღაც დააწყებინეს მუშაობა. კარგი მანქანა ყავს. კარგი ხელფასი აქვს. რათ გინდა, რაც აცვია, იმასაც ვერ იფერებს. საფრთხობელას რომ შანელს ჩააცმევ, აბა რა იქნება. -შენ რა იცი? -დასაფლავებაზე ვნახე - ჩემი მიუხვედრელობით გაბრაზებულმა ბებიამ წყრომით შემომხედა. -ისწავლის - ვცადე სიძის დაცვა. -კი სწავლობს რარაცებს. ამ ბოლოს ქალბატონ თეკლას აღარ მოწონს თურმე ქმარი. ერთი-ორჯერ ჩემოდანიც ჩაულაგებია და გარეთ გამოუბრძანებია. ჭკუა ეყო ვაჟბატონს. ყვავილები, შოკოლადები და ტკბილი ენა გამოუყენებია და შეძრომია ისევ. მაგრამ მასე ქალის შენარჩუნება რამდენ ხანს შეიძლება არ ვიცი. -დაშორდეს მერე, რას ეტენება - მომეშალა ნერვები კაცის უთავმოყვარეობაზე. ბებიას ჩაეღიმა. შოკოლადი დააგემოვნა. ტკბებოდა ჩემტან ჭორაობით. -რომ დაშორდეს ჩემო თამუნია, არც სახლი აქვს თავისი, არც კარი, არც მანქანაა მისი და არც სამსახური. მოუწევს ისევ სოფელში წასვლა და რვა ოყიანი თოხით მიწის ჩიჩქვნა. მაგას გადაჩვეულია და კაი ჭამა-სმისგან წამოზრდილი მუცელიც არ გაუშვებს აწი. ბებიას შეფასებაზე მეცინებოდა. სახლში დამჯდარი უწყინარი მოხუცის უკან, რამდენი ამბის მცოდნე ქალი იმალებოდა. -თეკლას რატომ აღარ უნდა ქმარი? გახსოვს რომ გაყვა, რა ამბავში იყო, მიყვარს და ვგიჟდებიო? - ვკითხე ბებიას, იმის მოლოდინით, რომ ზუსტად ეცოდინებოდა პასუხი. -მაგაზე მეც მიფიქრია თამუნია. თეკლა ლამაზი გოგო იყო. ქალაქში რომ ჩამოვიდა, მიიხედ-მოიხედა, კარგი ჩასაცმელი იყიდა, თმის დავარცხნა ისწავლა, თვალი გაახილა, გემოვნება დაეხვეწა და აღარ მოეწონა ჩანჩურა ქმარი. -სხვა ხომ არ მოეწონა? - ვკითხე ბებიას ის, რაზაეც მიმანიშნებდა და ხმამაღლა არ ამბობდა. -ფაქტი არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს - მხრებში გასწორდა და ჩაეღიმა - შენ რატომ დაინტერესდი ახლა თეკლას ამბებით? ამ შეკითხვას ველოდი. ბებია აუცილებლად მიხვდებოდა რაღაცას, ამიტომ დამალვას არც ვაპირებდი. -თეკლა იყო ჩემტან მოსული. ნოდარის სიკვდილის მიზეზები აინტერესებდა. რაღაცაში შეიტანა ეჭვი თუ ზედმეტად შეტკივა გული არ ვიცი. ვიფიქრე ნოდარის ნათესაურზე მეტი ხომ არ ქონდა რამე-თქო. ბებიას გულიანად გაეცინა. -ნოდარი გარყვნილი კაცი იყო. ამას არ ვუარყოფ, მაგრამ „მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო“, ნამდვილად იცოდა. თეკლას სილამაზეს თავისთვის ვერ გაიმეტებდა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი გეგმისთვის გამოიყენებდა. -ბე, შენ კიდევ რაღაც იცი და არ მეუბნები - თვალები მოვჭუტე და მის შუბლს მივაჩერდი. ბებიამ ხელი მოისვა, ხომ არ გამეხვრიტაო. -შენ რამის ხომ არ გეშინია? - იგივე მზერა დამიბრუნა მანაც. -არაააა, - თვალი ავარიდე ქალს - მაგრამ არ მომეწონა მისი ვიზიტი. -ახალგაზრდა რომ ვიყო, ადვილად გავიგებდი სად დადის ქალბატონი თეკლა და რატომ აღარ უნდა თავისი ქმარი. ინფორმაცია ძალაა- მითხრა ბებიამ. მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა. ამ თემაზე სიტყვა აღარ დაგვიძრავს. მალევე დავემშვიდობე და წამოვედი. -ჭკვიანი ბებია გყოლია - გამიკეთა კომენტარი ქეთი ექიმმა. იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ისე მისმენდა, თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი მოესმინოს. -რატომ უგებთ შენ და ბებია კარგად ერთმანეთს? ამაზე არ დავფიქრებულვარ. -ორივე ვფიქრობთ, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ვპასუხობ რაც პირველი მომდის თავში. -გაიგე რაც გაინტერესებდა თეკლაზე? - მკითხა ქეთი ექიმმა და ბიძგი მომცა ჩემი ისტორია გამეგრძელებინა. -ერთი კვირა ყოველ დილას ვაცილებდი თეკლას სახლიდან სამსახურამდე. საღამოს - სამსახურიდან კაფეში, სალონში, აუზზე, შვილის ცეკვის სტუდიაში და უამრავ სხვა ადგილზე. ორჯერ მარტო მივიდა ქალაქის ცენტრალური უბნის ძალიან ჩვეულებრივ სადარბაზოში. იქ ორ საათზე მეტხანს დარჩა და მარტო გამოვიდა. თვალებს აცეცებდა და მანქანაში დაჯდომას ჩქარობდა. საეჭვოდ მომეჩვენა. თვალთვალის მეორე კვირას გამიმართლა. ჩემთვის უკვე ნაცნობ სადარბაზოში შევიდა და მთელი ღამე არ გამოჩენილა. ვიჯექი მანქანაში უძილარი, თვალებდაწითლებული. ის იქ ერთობოდა, მე ქანცგაწყვეტილი ჯიუტად ველოდი. გამთენიას გამოვიდა. სახეზე მასაც უძილობა ეტყობოა. უკან მამაკაცი მოყვა. მანქანამდე მიაცილა, ვნებიანად ჩაკოცნა და გაუშვა. თვითონ ორიოდე წუთით შეყოვნდა. დავაკვირდი და სურათის გადაღებაც მოვასწარი. ჰოი საოცრებავ, ის ცნობილი პოლიტიკოსი იყო. საკმაო ძალაც გააჩნდა მთავრობაში და არც თუ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ხალხში. იმ ადგილს მაშინვე გავშორდი. ძაფის გორგალი ხელში მქონდა და ახლა არავის უნდა შევემჩნიე. მთელი დღე ინტერნეტში ვიქექებოდი თეკლას „სატრფო“ გიორგი გოგიძის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ულამააზესი და მასზე ბევრად ახალგაზრდა ცოლის და ორი პატარა შვილის სურათიც ვნახე. გაოცებისგან პირი დავაღე. ასეთი ქალი სახლში ყავდა და თეკლასთან რა ჯანდაბას აკეთებდა. ნაცნობებშიც ვახსენე მათი სახელი და... იმდენი ჭორ-მართალი გავიგე, ალბათ ამდენი ამბავი თვითონაც არ ექნებოდათ გაგონილი თავის თავზე. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გიორგის ცოლის მამა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა. მასვე დაუფინანსებია სიძის კამპანია და მის სამსახურებრივ წინსვლაზეც უზრუნია. ხოდა არამგონია, „გულში ჩაკრული“ სიძის თეკლასთან რომანი მოწონებოდა. ამ ამბის გახმაურებით გიორგი ბევრს კარგავდა, თეკლას „ალფონს“ ქმარს თუ გავითვალისწინებდი, შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო და დიდსულოვნად ეპატიებინა ცოლისთვის. შესაძლოა მათ მართლაც უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მე უფრო სხვა რამეს ვეჭვობდი, მათი რომანი ნოდარის ჩაფიქრებული ხომ არ იყო? მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, რატომ აგრძელებდნენ ურთიერთობას? ნუთუ შეუყვარდათ ერთმანეთი? მომავალი ერთი კვირა „კარავი“ „ბუდუარის“ სადარბაზოსთან გავსალე. იქ ვჭამდი, იქ ვსვამდი და ვცხოვრობდი. რამდენჯერმე შეხვდნენ შეყვარებულები ერთმანეთს, მაგრამ ცალ - ცალკე მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ლოდინი ყელში მქონდა ამოსული, რომ გამიმართლა. ისევ გამთენიას გამოვიდა წყვილი ბინიდან. ისევ მიაცილა გიორგიმ თეკლა მანქანამდე და ისევ ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა. ეს ყველაფერი კი ჩემმა ტელეფონმა დააფიქსირა. ახლა თეკლასთან ვიზიტი მქონდა გადასატანი და მორჩა, უალააა, ეს საქმეც მოგვარებული მექნებოდა. მეორე დღეს კარგად გამოვიძინე. სურათები რამდენიმე მეხსიერების ბარათზე გადავწერე და თეკლასთან სამსახურში წავედი. არ ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა და მერჩივნა ისეთ ადგილზე შევხვედროდი, სადაც თავს მაქსიმალურად შეიკავებდა. როგორც კი დაურეკეს და ჩემი სახელი უთხრეს, მაშნვე გამომიწერა საშვი. კაბინეტის კარები შევაღე და მისი გაბადრული სახე დავინახე. არ ვიცი რას ფიქრობდა, რომ ვეტყოდი. ალბათ ჩემიდან თავის მართლებას ან დახმარების თხოვნას ელოდა. ბედნიერი და ისევ ისეთი ამპარტავნული მზერა ქონდა, როგორც ბავშვობაში. უხმოდ ჩავეფალი მის წინ სავარძელში და მეხსიერების ბარათი გავუწოდე. გაკვირვებულმა შემომხედა და კომპიუტერს შეუერთა. სახე რამდენიმე წამში მოერღვა, ლოყები ჩაუცვივდა, თვალებში მზერა დაენისლა და შემომხედა. -ეს საიდან გაქვს? - მკითხა ჩამქრალი ხმით. ხელები გავსალე. რა უნდა მეპასუხა, როცა მიხვედრა ძნელი არ იყო. -არ მომეწონა შენი სტუმრობის მიზეზი. არ მინდა ეს საქმე ვინმემ გაქექოს. - პატარა შესვენება გავაკეთე, რომ საშუალება მიმეცა ჩემი ნათქვამი გაეაზრებინა. - არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ, არამედ იმიტომ ჩემში ეჭვი შეგეპარათ. მე ამ ფოტოების გავრცელება არ მინდა, მაგრამ თუ დამჭირდა... დიდი სკანდალი მოყვება. ბატონი გიორგი ჩაიძირება. სიმამრი არ აპატიებს ამ ამბავს, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ. არ მგონია გიორგის იმდენად უყვარდე, რომ შენს გამო ყველაფერი დაკარგოს. ის შენ მოგადგება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნოდარი მკვდარია, ეს არ უნდა გაწყობდეს. თეკლა მხოლოდ მისმენდა. -ახლა შენ გადაწყვიტე რას იზამ. ამ ბარათს სამახსოვროდ გიტოვებ, კარგი ფოტოებია... პასუხს არ დავლოდებივარ, მხრებში გაშლილი გამოვედი. ცოტა მეშინოდა, რომ ჩემი მცდელობა შედეგს არ გამოიღებდა. შევცდი. იმის შემდეგ არც თეკლა და არც ვინმე სხვა, ჩემთან არ გამოჩენილა. თხრობა დავასრულე. ქეთი ექიმი მზერას არ მაშორებდა. -ბედნიერი იყავი? - მკითხა დაბალი ხმით. -დიახ, - ვუპასუხე და ფეხზე ავდექი. -რატომ? - გამომაყოლა თვალი. -ბედნიერი ვიყავი მისი ამპარტავნობა რომ გავთელე. „კბილი კბილის წილ“. -არ გგონია ეს სისასტიკეა? გულში გადავიხარხარე. ექიმმა უფრო მეტი სისასტიკეების შესახებ არ იცოდა, მათთან შედარებით, ეს ბავშვური გართობა იყო. არა, არ ვფიქრობდი ეომ ეს სისასტიკე იყო. თეკლა დამემუქრა და მე თავი დავიცავი. ამას ქალბატონ ქეთევანს ვერ ვეტყოდი. -ხო შეიძლება ცუდად მოვიქეცი, მაგრამ თავი ხომ უნდა დამეცვა. აღარაფერი უთქვამს ჩემს ექიმს. წესით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ჩვენი საუბრით. მე რომ არ მდომოდა, ამას ვერ მოახერხებდა, მაგრამ იმდენად მომწონდა ჩემი ექიმი, მისთვის ამ ბედნიერების მინიჭება მსიამოვნებდა. ქეთი ექიმს სავარძელში ვტოვებ და ეზოში ჩავდივარ. დაღლილი ვარ და სიმშვიდე მინდა. ერთ კუთხეში სარეაბილიტაციო ცენტრის რამდენიმე მცხოვრები შეკრებილა და რაღაცას გაცხარებით განიხილავენ. მე ასეთ შეკრებებში არ ვმონაწილეობ. ნაპოლეონი თავისი განუყრელი ქუდით დგას მათ წინდა გაცხარებით ხსნის რაღაცას. ალბათ კუნძულ ელბადან მის დაბრუნებას და ას დღიან მმართველობას განიხილავს. რამდენიმე ბენეფიციარი გაშტერებული მზერით უყურებს, არ მგონია რამეს გებულობდნენ, მაგრამ მაინც დგანან და უსმენენ. გაცლას ვაპირებ, როცა თვალში შავი მაისური მხვდება და ვშეშდები. დაჩი ზის, საუბარში არ ერთვება, მხოლოდ უსმენს. გაკვირვებული ვარ. ის ძალიან განსხვავდება დანარჩენებისგან. არ მგონია რომ მას მკურნალობა ჭირდებოდეს, თუ ვცდები? ჩვენი პირველი შეხვედრისას არ შემიმჩნევია მისი სქელი მადის აღმძვრელი ტუჩები. იცინის და თეთრ კბილებს აჩენს. ნეტავ ეს ბიჭი ცხენის რძეზე ხომ არაა გაზრდილი. გამიგონია ბევრ კალციუმს შეიცავს და შუა აზიელებს იმიტომ აქვთ ასეთი კარგი კბილებიო. სკამზე ზის, მაგრამ მხარ-ბეჭით და გრძელი მკლავებით ყველასგან გამოირჩევა. თლილი თითები ერთმანეთში გადაუხლართავს და ზოგჯერ სახეზე კუნთები უთამაშებს. თითქმის ნულამდე დაყვანილ თმაზე ხელს ისვამს. ლადო გიგანის შემდეგ, პირველად ვგრძნობ კაცის მიმართ მიზიდულობას. თავს ვიქნევ და ფიქრებს ვფანტავ. მანამდე ვშორდები მათ, სანამ ვინმე შემამჩნევს. ჩემი ოთახისკენ მივდივარ, სიარულს ვანელებ და ეშმაკი მიჯდება სულში. დაჩის ოთახისკენ ვბრუნდები. დერეფანში არავინაა, ღმერთმა ნუ ქნას, თვითონ მომისწროს. მეშინია მისი... ცხოვრებაში პირველად მეშინია და რატომ არ ვიცი. ეს ბიჭი ძალიან არ ჯდება აქაურობაში, ისევე როგორც მე. დაჩის ოტახი სუფთაა. საწოლი, კომოდი, კარადა, განსაკუთრებული არაფერი. ამერიკული ფილმებისგან განსხვავებით, მე ვიცი, რომ კომოდში ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს ვნახავ. ამიტომ პირდაპირ კარადას ვაღებ. ერთნაირი შავი მაისურები, სპორტული ქურთუკები და შარვლები თანმიმდევრულად აწყვია. საცვლებში ვიქექები. ისე იდეალურადაა დალაგებული, ოდნავი ხელის შეხებაც შეეტყობა. ვცდილობ არაფერი ავურიო. მათ ქვეშ საბუთები დევს. ყოჩაღ ბატონო დაჩი, ტაშის დაკვრას იმსახურებ, კარგად შეგინახავს. -დაჩი წილოსანი - ვკითხულობ პასპორტში. სხვათაშორის ის სავსეა ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის შტამბებით. ბანკის ბარათები და მეტი არაფერი. მის პირად ნომერს ვიმახსოვრებ და გავდივარ. რამდენიმე ღამე გათიშულს მძინავს. წამლებს ვიღებ და იმიტომ. ქეთი ექიმთანაც დავდივარ ყოველ დღე, მაგრამ ახლა სიჩუმის რეჟიმში. მივდივარ, ვსხედვართ, ვდგები და მოვდივარ. დღეს კაბინეტის კარების გასაღები ავაცალე. იქვე იდო მაგიდაზე და თავი ვერ შევიკავე. კი შემეცოდა, ჩემი საყვარელი ექიმი, მაგრამ რომ აღარ დამჭირდება ეზოში დავაგდებ და ეძებონ მერე ვინ დაკარგა. ამ კაბინეტს ქეთის გარდა სხვებიც იყენებენ. შუაღამისას ვდგები. კაბინეტისკენ მივიპარები. ჩემს ფეხის ხმას იატაკზე დადებული ხალიჩა ფარავს. ქეთი ექიმის კაბინეტს ვაღებ და ვლოცულობ, კომპიუტერს დამცავი კოდი არ ედოს. მიმართლებს, მაგრამ გვიან ვხვდები რატომ. აქ საინტერესო არაფერი ინახება. არც პაციენტთა სამედიცინო ისტორიები, არც მკურნალობის მეთოდები ან რამე რაც ექიმს ჭირდება. კარგი იქნებოდა, დაჩის სამედიცინო ბარათი მენახა. არაუშავს, ინტერნეტი ჩართულია და მე სწორედ ის მჭირდება. სასწრაფოდ ელექტრონულ ფოსტას ვხსნი და ჩემს ყოფილ პაციენტს ვწერ. ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და არაერთხელ დამხმარებია უანგაროდ. მხოლოდ ის შეძლებს დაჩის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ელ.ფოსტიდან გამოვდივარ, ჩემსას ყველაფერს ვშლი და ჩუმად მივიპარები საძინებელში. მეორედაც მომიწევს ქეთი ექიმის კაბინეტში ღამეული სტუმრობა, მაგრამ მანამდე ცოტა დრო უნდა გავიდეს. მას შემდეგ რაც წამლებს ვსვამ, ძილის რეჟიმი გამომისწორდა. მხნედაც გამოვიყურები. სპორტ დარბაზში ყოველ დღე დავდივარ. მინდა დაჩიმ შემამჩნიოს, მაგრამ ამას ჩემს თავსაც არ ვუტყდები. დილიდან კარგ ხასიათზე ვარ. სავარჯიშოდ ჩავდივარ. დაჩი ისევ სარბენ ბილიკზე დგას, მიყურებს და მიღიმის. ნეტავ რით დავიმსახურე? მაინც მგონია რომ ამ ღიმილის უკან რაღაც იმალება. ის ისაა ექთანი წამლებს მაწვდის, რომ ოთახში ქეთი ექიმი შემოდის და ჩემკენ მოაბიჯებს. ისევ ჯინსი და ცისფერი მაისური აცვია მკლავებზე აკეცილი. ხვეული თმა უფრო ეხვევა სინესტის გამო. ხელში ფურცელი უჭირავს და მიღიმის. -ქალბატონო თამარ, - მომმართავს მე - თამუნა, ერთი წუთით თუ შეიძლება. მიკვირს, რადგან ჩვენი განსაზღვრული დროის გარდა, ის არასდროს მეკონტაქტება. ფეხს ვაჩქარებ და ჩვენს შორის მანძილს ორ ნაბიჯში ვფარავ. -შენთვის რაღაც მაქვს გადმოსაცემი - ქაღალდს მაწვდის. წერილია. დაბეჭდილი. ჯერ კიდევ თბილია. აპარატიდან ახლახანს ამოიღო. „ქალბატონო თამარ, რაღაცები გავარკვიე დაჩი წილოსანის შესახებ. ის სპეცდანაყოფში მუშაობდა. განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში. მის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. რამდენჯერმეა ნამყოფი ავღანეთში, ერაყში და შუა აზიაში. სულ ესაა. პატივისცემით.... P.S. თუ დაგჭირდეთ, მზად ვარ გემსახუროთ“ ვწითლდები. მრცხვენია, ვშეშდები და არ ვიცი რა ვთქვა. ქეთი ექიმმა გამომიჭირა. გაბრაზება არ ეტყობა, მაგრამ მას რას გაუგებ. ის ყოველთვის იღიმის. -კომპიუტერის ისტორიის გასუფთავება დაგავიწყდა. ველოდებოდი რომ ჩემი კაბინეტის მონახულება დაგაინტერესებდა. დღეს მოვიდა ეს წერილი და აღარ გაწვალე. მოგიტანე. ახლა თუ შეიძლება გასაღები დამიბრუნე. მრცხვენია. ხმას ვერ ვიღებ. ოთახისკენ მივიჩქარი. ის დგას და მელოდება. გასაღებს ვიღებ და მასთან მიმაქვს. -დღეს ბევრი სალაპარაკო გვექნება. მგონი „ლავსთორის“ სუნი მცემს. არ დავუშვებ, იმ ბიჭს რამე მოუვიდეს. - მეუბნება ექიმი და მიდის. „არ დავუშვებ იმ ბიჭს რამე მოუვიდეს“ - უროსავით მირტყამს ეს ფრაზა თავში. რა იგულისხმა? ნუთუ ლადოს შესახებ რამე იცის? წარმოუდგენელია. პოლიციამაც კი ვერ გამომიჭირა. ეჭვობს რამეს? შეიძლება, მაგრამ რას? თუ საფრთხე ვიგრძენი, მისი მანქანის გაფუჭება არ გამიჭირდება. გავისტუმრებ მარილზე, მაგრამ ძალიან მესიმპატიურება და არ მინდა. საცოდაობაა ასეთი ჭკვიანი ქალის ნაადრევი დაღუპვა. თავს ვიწესრიგებ და ექიმის კაბინეტში მივდივარ. ის ზის და წიგნს კითხულობს. თან კიდეებზე ფანქრით მინიშნებებს აკეთებს. თავს ვწევ. მიღიმის და მის წინ სავარძელზე მიმანიშნებს. ველოდები საუბარს როდის დაიწყებს. -შენი დუმილი ბოდიშად მივიღე - მეუბნება აუღელვებელი ხმით - თუ გინდა, რომ გაპატიო ჩემი კაბინეტის დალაშქვრა, გულახდილად ვისაუბროთ. თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. ეგონოს რომ თანახმა ვარ, მის გამოწვევას ვუპასუხო. რამდენად გულახდილი ვიქნები, ეს ჩემი საქმეა. -ლადო გიგანი - ამბობს და ჩუმდება. თავში ისევ ურო მირტყამს. -დიდი ხანი გიყვარდა სანამ შეგამჩნევდა? -მთელი ცხოვრება - ვპასუხობ და ღრმად ვსუნთქავ. ჰაერი არ მყოფნის. -იქნებ ეს აკვიატება იყო და არა სიყვარული? - ამოსუნთქვას არ მაცდის. -შეიძლება. იმდენად ბევრი ვიოცნებე მასზე, დამავიწყდა რისთვის მიყვარდა. -თვითონ უყვარდი? -ალბათ არა. ან მანამდე, სანამ ახალ, ჩემზე უკეთეს გოგოს იპოვნიდა. -რატომ გგონია რომ ის გოგო შენზე უკეთესია? -იმოტომ რომ მასთან წავიდა. -მე კი მგონია, რომ მას უბრალოდ თავში ტვინი არ აქვს. გაოცებული ვუყურებ. ჩემთან მოდის. მკლავში ხელს მკიდებს და ზურგს უკან უზარმაზარ სარკესთან მივყავარ. ჩვენი გამოსახულება გვერდიგვერდ ირეკლება. -შეხედე შენს თავს. შეიძლება კაწიას შენზე გრძელი ფეხები აქვს, მაგრამ ეს ნამდვილად არ აქვს უკეთესი - საფეთქელთან მიკაკუნებს თითს - ის შენი ლადო კი ფეხებს შორის ორგანოთი ფიქრობს. ჩემს თავს სარკეში ვათვალიერებ. ცოტა ჩაცვენილი ლოყები მაქვს. ტანსაცმელიც უდიერად მაცვია, მაგრამ ამას ეშველება. მართალია ქეთი ექიმი. კაწია ლამაზი იყო, მაგრამ არა ჭკვიანი. არც ერთგული. ლადო გიგანის კარიერასთან ერთად ისიც გაქრა. მას ვარსკვლავი ჭირდებოდა გვერდით და არა კულისებში მყოფი ჩოგბურთის მწვრთნელი. თუ იყო ჭკვიანი? ამაზე არ დავფიქრებულვარ... უკან ვბრუნდები და სავარძელში ვეფლობი. ყოჩაღ ქეთი ექიმო, ათიანში მოარტყი. -ფული გაქვს? - მეკითხება მოულოდნელად ექიმი. -კი. - ვპასუხობ დაბნეული - მაგრამ აქ რათ მინდა. თითქოს გონება მინათდება. იქნებ მას ჭირდება. -თქვენ გინდათ? ახლავე მოგცემთ - ვდგები ფეხზე და კარებისკენ მივიჩქარი. ძუნწი არასდროს ვყოფილვარ. -არა თამუნა. - მაჩერებს ექიმი - დღეს სადილის შემდეგ ჩემი მანქანით გავისეირნოთ და ახალი ტანსაცმელი ვიყიდოთ შენთვის. ასეთ ფორმაში არ მომწონხარ. სავარძელში ვბრუნდები და თვალს არ ვაშორებ. ჩემს უსიტყვო მზერაში მადლიერება ჩანს და ის ამას ხედავს. -ახლა მომიყევი, იმ ვებ-გვერდზე რატომ დაძრებოდი, რას ეძებდი? ვხვდები რაზეც მიმანიშნებს. -ქალი ვარ და კაცი მჭირდება... ხანდახან... -კარგი კაცებია? - მეკითხება ეშმაკურად. -გინდათ დაგარეგისტრიროთ? - ვპასუხობ მეც იმავე სახით. -ვიფიქრებ. მოყევი აბა, რას და როგორ აკეთებდი? -ვეცნობოდი სხვისი სახელით. ისე ვიღებავდი თმას და სახეს, რომ მეორე დღეს ვეღარ მიცნობდა, სადმე რომ შემხვედროდა. რომ მოვრჩებოდით, მოვდიოდი. -მხოლოდ ერთხელ ხვდებოდით? -დიახ. მხოლოდ ერთხელ. -რატომ? - ინტერესდება გულწრფელად. - არცერთი მოგწონდა? ერთ წუთიან სიჩუმეს მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვა არღვევს. მე რაც ვსუნთქავ. -ბევრჯერ მომწონებია, მაგრამ მეორეთ აღარ შევხვედრილვარ. -რატომ? -იმიტომ, რომ იმ ვებ-გვერდზე მხოლოდ ღამის პარტნიორის საძებნელად არის ყველა. -იქნებ მათ დღის პარტნიორიც უნდათ? არ გიფიქრია ამაზე? დრო ისე დაჩქარდა, ხალხი ვეღარ ასწრებს ცოცხალ ურთიერთობებს. ამიტომ ინტერნეტში ძებნა ნორმალური მგონია - ვარაუდს გამოთქვამს ის. -მართალია. - ვეთანხმები ნაწილობრივ. ჩვენი საუბარი ორი „დაქალის“ ჭორაობას ემსგავსება. - რამდენიმემ შემომთავაზა ხანგრძლივი შეხვედრები, მაგრამ მე უარი ვუთხარი. -მათ გიგანს ადარებდი? -დიახ. ისინი ლადო გიგანები არ იყვნენ. -საწოლში? - ძალიან პირადს ეხება ეხება ექიმი. -შეიძლება უკეთესებიც იყვნენ, მაგრამ ... -მაგრამ შეგეშინდა რეალურ ცხოვრებაში ისევე არ გაეცრუებინათ იმედები, როგორც გიგანს - აკეთებს დასკვნას ექიმი. ხმის ამოუღებლად ვეთანხმები. მან თქვა, ის რასაც მე ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვუტყდებოდი. -მესმის, რომ პირველი სიყვარულის დაკარგვა რთული გადასატანია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. 99% -ში ასე ხდება. ასაკის მატებასთან ერთად შეხედულებები, გემოვნება იცვლება. პირველი არ ნიშნავს ყოველთვის იდეალურს. შენ კი ის ჩათვალე შეუცვლელად. შეუცვლელი არავინაა. ისევ ჩუმად ვარ. -თაყვანისმცემლები ხომ გყავს? - მეკითხება ექიმი. -ახლა არამგონია - ვიღიმი და ხელებს ვშლი, რომ მივანიშნო სად ვარ. -აქამდე ხომ გყავდა? - აზუსტებს ის. -დიახ. -ბევრი? -არც ცოტა. -როგორ იქცეოდი მათთან? შანსი არცერთისთვის მიგიცია? -ვიშორებდი. -რატომ? - მეკითხება და პასუხი თვითონვე იცის, მე მელოდება როდის ვეტყვი. -იმიტომ, რომ ისინი გიგანები არ იყვნენ. - ხმამაღლა ნათქვამი ჩემივე სიტყვები ყურს მჭრის. -ჩემი აზრით, შენ იმდენად ხარ შეპყრობილი თუ შეშინებული იმ ჩოგბურთელით, ახლოს არავის მოუშვებ. დროა გადაშალო ის ფურცელი. შენ ჭკვიანი და ლამაზი ქალი ხარ. სხვებსაც მიეცი შანსი შენთან ურთიერთობით ბედნიერები იყვნენ. ხომ მიიღო საზღაური გიგანმა? დაასრულე ეს ისტორია. -საზღაური? - მინდა მითხრას, რას ფიქრობს. უკვე მეორედ მიმანიშნებს რაღაცას. -არ მჯერა, რომ პროფესიულ ზენიტში მყოფ საღ-სალამათ ჩოგბურთელს ჯანმრთელობამ უმტყუნა. მაინტერესებს კმაყოფილი ხარ იმით, რაც მოხდა? „კბილი კბილის წილ იყო“? ქეთი ექიმს ეჭვები აქვს. შეიძლება იცის კიდეც რაღაც, მაგრამ მტკიცებულება არ აქვს. მაშინ სხვანაირად მეტყოდა. -ასე უცებ და ასე ცუდად არ უნდა დაესრულებინა კარიერა. ამისთვის ზედმეტად კარგი ჩოგბურთელი იყო - დანანებით ვამბობ მე - მიტოვებული ქალის მდგომარეობიდან თუ ვიმსჯელებ, ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ გადარჩა. ქეთი ექიმი კმაყოფილია. მას პროფესიული ეთიკა საიდუმლოს გაუთქმელობას ავალდებულებს. ეს რომ არა, მაინც არ მგონია, პოლიციაში წამსვლელი იყოს. რომც წავიდეს, ვერაფერს დაამტკიცებს. ჩემი აზრი ვთქვი და თავისუფალი აზრის ქონის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. -და ბოლოს მეგობრული რჩევა, - მეუბნება ექიმი. - უბრალოდ იცხოვრე, არაა საჭირო ზედმეტი ძალისხმევა. ხშირად პრობლემები თავისით გვარდება და ცხოვრებაც ბუმერანგივით უბრუნებს დამნაშავეს საზღაურს. შენით ნუ დააჩქარებ. ვგრძნობ რომ ძალაგამოცლილი და დაღლილი ვარ. ამ საუბრის გაგრძელება აღარ მინდა. ექიმმაც მიმახვედრა, რომ დაასრულა. ბევრი საფიქრალი მომცა და დრო მჭირდება. ვდგები და დაუმშვიდობებლად მივდივარ. კარებთან ხმა მეწევა: -სადილის შემდგე, მანქანასთან გელოდები. იქნებ მძღოლობაც იკისრო. ვნახოთ... აღარ ვპასუხობ. დერეფანში გავდივარ და ჩემი ოთახისკენ მივრბივარ. სიმშვიდე მინდა. არ მეძინება. საწოლში ვტრიალობ. გარეთ თავსხმა წვიმაა. ჭექა-ქუხილის ხმას მთები ექოს აძლევს და გრიალი ისმის. ცა მიწად ჩამოდის. არ მეშინია. პირიქით. სიძლიერის შეგრძნებას მაძლევს. ასე მგონია, ახლა ქვეყანას გადავაბრუნებ. ვერაფერს ვიზამ ამ დასაკარგიდან, მაგრამ არც არაფერი მაქვს გადასაბრუნებელი. წარმოდგენა არ მაქვს, არ ხდება ამ მთებს იქით. შეიძლება სულაც დაიქცა ქვეყანა. „რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტავ, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს“ - მახსენდება და მეღიმება. სამსახური მენატრება, გარეთ მინდა. დედა მინდა... ვფიქრობ და გულში ტკივილს ვგრძნობ. რომელი დედა მინდა? რომელსაც უკვე ექვსი თვეა არ გავხსენებივარ? რომელსაც ჩემთვის არც მანამდე ეცალა და ახლა მითუმეტეს. მგზავრობა უჭირს, თუმცა რატომღაც ბარსელონაში, პარიზში, მილანში, ლონდონში, მიუნხენში და კიდევ უამრავ ადგილზე მოგზაურობისას შეწუხება არ დატყობია. არც მამა მსტუმრობს ხშირად. ექვსი თვის თავზე, დღეს იყო მოსული. ალბათ იმიტომაც ვერ ვიძნებ და სენტიმენტალურ ხასიათზე ვარ. რა უნდოდა? მოენატრა ერთადერთი შვილი და აინტერესებდა როგორ მიდის ჩემი მკურნალობის საქმე. ჩემი ექიმი არ უნახავს. აქ ჩამოსვლის გარეშეც ეკონტაქტება. ჩემს სანახავად მოვიდა და მე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თვალზე ცრემლი მომადგა და დიდხანს ვეხუტებოდი მამას. ჩემი დანისლული მზერიდან დავლანდე როგორ იდგა დაჩი შორიახლოს და მომეჩვენა, რომ მასაც ცრემლი უკიაფობდა. ან შეიძლება მომეჩვენა. კიდევ დიდხანს ვიდგომებოდით ასე, რომ არა სიცივე. ხელი ჩავკიდე და ჩემს ოთახში შევიყვანე. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მამამ პატარა საიდუმლო გამიმხილა. -თამარა, რასაც ახლა გეტყვი, არავინ უნდა გაიგოს, დედაშენმა პირველ რიგში - მითხრა და მცირე ხნიანი სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის. გულმა გამჭვალა და ტვინმა მომიჭირა. -ავად ხარ? - ვკითხე რაც პირველად თავში მომივიდა. გაეღიმა. -არა, თუ მაღალ წნევას არ ჩავთვლით და გულის პრანჭვა-გრეხვას, მაშინ კარგად ვარ. ამოვისუნთქე. -მისმინე, აქედან მალე გახვალ. ასე მითხრა ქეთი ექიმმა - სწორად გამოვიცანი, ის ჩემს ექიმს ეკონტაქტება. -დედაშენმა მითხრა, საზღვარგარეთ გავუშვათო. ეს იდეა მეც მქონდა, მაგრამ რადგან დედამ თქვა, ალბათ არ წავალ. -დედაშენმა ფული მოაგროვა და მალტაზე პატარა ბინა გიყიდა. ერთ საძინებლიანი. შენზე გააფორმა.- ჯიბიდან ფურცლები ამოიღო და მაჩვენა. გული შემიფრთხიალდა. მალტა, პატარა, საყვარელი ქვეყანა, მუდმივი მზით და ზღვით. ამას რა ჯობია. -დედამ თუ მიყიდა, საიდუმლო რაღაა? - ვერ მივხვდი მამამ ჩვენს საუბარას შესავალი რატომ გაუკეთა. -საიდუმლო ისაა, რომ მე ერთი ობიექტი გავყიდე და ნახევარი მილიონი დოლარი შენს ანგარიშზე ზის. ბევრი არაა, მაგრამ ცოტა ხანი გეყოფა. დედას არ უთხრა, მან არც იცის ის ობიექტი თუ მქონდა. მამას ჩავეხუტე. ხელი მომხვია და დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. პატარა ბავშვივით ვიჯექი მის მუხლებზე და მის სურნელს ვსუნთქავდი. -შენ მალე ყველაფერი კარგად გექნება. მალე წამოხვალ აქედან და ახალ ცხოვრებას დაიწყებ. შენი აქ ყოფნა არავინ იცის, საბუთებიც კი სხვა სახელზეა. თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე. -მე ყველაფერი გავითვალისწინე. შენ აქ არასდროს ყოფილხარ. თავი ისევ მის მკერდში ჩავრგე და ავადმყოფი გულის არითმიულ დარტყმებს მივუგდე ყური. -მე წავალ და შენს წასაყვანად ჩამოვალ. აბა შენ იცი, ისე მოიქეცი, რომ მალე მოვიდე. - წამოდგა, შუბლზე მაკოცა, ისე როგორც ბავშვობაში და დამტოვა. საწოლზე მივწექი. ცრემლებს წამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ვიწექი მოკუნტული და ვერც ვფიქრობდი. ძილბურანში ვიყავი. წამიერად ვიგრძენი, რომ ვიღაცის ძლიერი მკლავი მომეხვია და გულზე მიმიკრა. მეგონა მამა დაბრუნდა, მაგრამ მას სხვა სურნელი ქონდა. თავი ავწიე, სუფთად გაპარსული ნიკაპი, სქელი ტუჩები, დაძარღვულ-დაკუნთული სახე და მოკლედ შეჭრილი თმა მამასი არ იყო. შავი დიდი თვალები მიმზერდნენ და ეს თვალები დაჩი წილოსანს ეკუთვნოდა. რა უნდოდა მას ცემს ოთახში? ბენეფიციარებს ერთმანეთთან სტუმრობა აკრძალული გვქონდა. უნდა გამეპროტესტებინა, ავფართხალდი კიდეც, მაგრამ ძლიერი ხელები რკინის მარწუხებივით მიჭერდა და მაკავებდა. ჩამეძინა. ჭექა-ქუხილმა გამაღვიძა. საღამოვდებოდა. საწოლზე ვიწექი. არც დაჩი ჩანდა და არც მამა. მამა ნამდვილად იყო აქ, რადგან ჩემი ახალი სახლის საბუთები მაგიდაზე დევს. ტკბილეულობის გვერდით. ესე იგი ის ნამდვილად იყო ჩამოსული და არაფერი მსიზმრებია. არც მომჩვენებია. დაჩის აქ ყოფნაზე ვერაფერს ვიტყვი. ალბათ იმდენად მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, ქვეცნობიერად ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები მხრებზე. დღევანდელი დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, ამიტომაც ვარ ახლა ეიფორიაში და ვერაფრით ვიძინებ. ჩუმად, ფეხაკრებით ვიპარები გობელენის უკან და საიდუმლო კარისკენ მივდივარ. „დაფრანგული“ ქალბატონის კაბინეტში არაფერი შეცვლილა. კარს ვაღებ და დერეფანში გავდივარ. გეზი ბიბლიოთეკისკენ მაქვს. თუმცა ჩემს სმენას ისევ კლასიკური მუსიკა წვდება. ამჯერად მეღიმება და არ მეშინია. ვიცი დაჩი უკრავს. იქ ქვევით თეთრ როიალზე. კიბეებზე ფეხაკრებით ვეშვები და ნაწარმოების დასრულებას ველი. ტაშს გაბედულად ვუკრავ. ვიცი არ შეეშინდება. ბრუნდება და მიღიმის. მისი შავი თვალებიდან სითბო იღვრება. -მოგწონს? - მეკითხება ჩურჩულით. -შეგიძლია კიდევ დაუკრა? - კითხვას ვუბრუნებ და გვერდით ვუჯდები. რაღაც ძალიან სევდიან მელოდიას ასრულებს. ემოციები მკერდში გროვდება და ერთბაშად იფრქვევა. მგონია, რომ ოთახს ვანათებ. -სად ისწავლე სპეცრაზმელმა კაცმა ასეთი უნაკლო დაკვრა? არ ვაპირებ დავმალო, რომ მასზე რაღაცები ვიცი. -სპეცრაზმელებსაც გვაქვს სხვა ინტერესები. უნაკლოდ ნამდვილად არ ვუკრავ - რატომღაც არ უკვირს ჩემი ნათქვამი. -მამაშენი მომეწონა. ბედნიერი ჩანხარ მისი სტუმრობის შემდეგ - მეჩურჩულება, ისე რომ კლავიშებს თვალს არ აშორებს და თითებს არ აჩერებს. მუსიკა საუბრის ფონს გვიქმნის. -მეგონა აქამდეც იცნობდი... -არა. - მტკიცედ მპასუხობს ის - ჩემი სამსახური გაარკვიე და არ გაგიჭირდებოდა ჩვენი ნაცნობობის გარკვევა. დღეს შევხვდი და ცოტა ვისაუბრეთ. -აქ რატომ ხარ? - ვსვამ კითხვას, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს. -შენ როგორ გგონია? - კითხვითვე მპასუხობს ისიც. -თავიდან მეგონა, რომ ჩემს გასაკონტროლებლად გამოგგზავნა მამაჩემმა. ახლა აღარ ვიცი. ეცინება. მსგავსი სიცილი არავიზე მინახავს. ლადო გიგანსაც კი არ ქონდა ასეთი მიმზიდველი სახე, როგორც ახლა დაჩის. თავს ძლივს ვიკავებ. სქელ ტუჩებს ვუყურებ და ნერწყვს ვყლაპავ. -მამაშენი ასეთი ყოვლიდშემძლეა რომ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში კაცი იპოვნოს და საგიჟეთში მყოფ ქალიშვილს გაუგზავნოს? ემოქცია სახეზე მეყინება. ის მე გიჟად მთვლის. -შენ მე გიჟი გგონივარ? - ვეკითხები ჩამწყდარი ხმით. ცბება. -არა. გიჟი კი არა, იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე უნდა იყო. დიდი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით გამოვიცანი აქ რატომ ხარ? - მეკითხება და თვალებში მიყურებს. -პატარა პრობლემები მქონდა - მზერა მის ძლიერ ფეხებზე გადამაქვს. -პატარა პრობლემების გამო მოხვდი აქ? -ხო. ტვინში იმდენად არა, რამდენადაც ცხოვრებაში. ამიტომ დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით უნდა დამესვენა. -აქ? -დიახ აქ. -ანუ იმალები? - მეკითხება ინტერესით. -მთლად დამალვაც არ ქვია ამას. უბრალოდ ცოტა ხნით გავქრი თვალთახედვის არედან. -გასაგებია - მპასუხობს და ისევ დაკვრას აგრძელებს. რა თქმა უნდა, მას არ მოვუყვები, რის გამო გამომისტუმრეს აქ და რატომ დავთანხმდი მე ამაზე. ვეტ-კლინიკაში მამუკა ღლონტის სტუმრობის შემდეგ, ერთი კვირა არ იყო გასული, რომ ის ისევ მოვიდა. ვცადე დავმალვოდი, მაგრამ მე მიკითხა და ექთანი პირდაპირ ჩემ კაბინეტში შემოუძღვა, თავის უზარმაზარ მეგობართან ერთად. -გამარჯობა თამარ ექიმო - შემომანათა ცისფერი თავლები და დაჯდა. -გისმენთ ბატონო მამუკა. ტაისონს რამე დაემართა? - დავინტერესდი ჩემი ყოფილი პაციენტის ჯანმრთელობით. -შესამოწმებლად მოვედით. მინდა ნახოთ როგორ მიდის მისი გამოჯანმრთელების საქმე. ტაისონს მოვეფერე. მაგიდაზე ავიყვანე. ტკბილეული მივეცი და ყელის დათვალიერება დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო. -სიცხე ხომ არ ქონია? - ვკითხე და საბუთების შევსებას შევუდექი. -არააა - მოკლედ მიპასუხა. თვალებით მბურღავდა. -ყველაფერი კარგადაა, საშიში არაფერია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - მინდოდა მალე მომეშორებინა თავიდან. -მე თქვენ მახსოვხართ - მითხრა და ცისფერი თვალებით შუბლი გამიხვრიტა. - ? - ვცადე ძალიან გაოცებული სახე მქონოდა. -თქვენ ლადო გიგანის შეყვარებული იყავით. -ვიყავი, სამწუხაროდ - ვთქვი და ისევ საბუთებს მივუბრუნდი. -მისი საცოლის გამოჩენის მომენტამდე. - დააზუსტა მამაკაცმა. -დიახ, -დავუდასტურე მეც. ეს ადრეც მქონდა ნათქვამი, რადგან მან ჩვენი მიმოწერა ნახა და ის იმ დრომდე გრძელდებოდა, სანამ ლადო კაწიას გამოაჩენდა. -თქვენ მითხარით, რომ იცოდით კაწიას შესახებ და არ ეჭვიანობდით.... -დიახ... -კიდევ ერთხელ გადავხედე ამ საქმეს. თქვენი და გიგანის საუბრებში ერთხელაც არაა ნახსენები კაწია. ჩვენი დიალოგი უსიამოვნო მიმართულებას იღებდა. -რატომ უნდა მელაპარაკა იმ ქალზე, რომლის შეყვარებულსაც მალულად ვხვდებოდი? -საკვირველია და საინტერესო... -რატომ? -იმიტომ, რომ თქვენი საუბრები იმდენად პირადული და დეტალურია, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ გამხდარიყო საჭირო მისი ხსენება. -ბატონო მამუკა, აქ დაკითხვის ოთახი არაა, თუ რამე გაინტერესებთ, დამიბარეთ და თქვენს სამსახურში მოვალ ადვოკატთან ერთად. ახლა ჩემს კაბინეტში სულ სხვა რამისთვის ბრძანდებით. ტაისონი კარგადაა. შეგიძლიათ წაბრძანდეთ და მშვიდად იყოთ. მამუკა ადგა. კარებთან მივიდა. ამოვისუნთქე. მოულოდნელად შემობრუნდა. ძალიან ახლოს მოვიდა და თითქმის ჩურჩულით მითხრა: -ერთი რამ ძალიან მიკვირს. ლადო გიგანს ყოველ თვეში უმოწმებდნენ ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, მოულოდნელად ისე ცუდად გახდა, რომ კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ძალიან საინტერესოა, რა დაემართა. ამას აუცილებლად გავარკვევ. ისე გავიდა არ გავნძრეულვარ. ამას მოყვა მისი დაუგეგმავი სტუმრობა საავადმყოფოში, ჩემს მშობლებთან, ბებიასთანაც კი. წრეზე მივლიდა მაგრამ ვერაფერს პოულობდა, რომ ენახა რამე, აუცილებლად მომაკითხავდა ორდენით. ჩემი მშობლებისთვის ჩვენი რომანი მოულოდნელობა აღმოჩნდა. გამომძიებლის ჩვენს ირგვლივ ტრიალმა, დედაჩემის ნერვებიც კი გამოიყვანა წყობიდან. მამამ სასწრაფოდ გამასინჯა ფსიქიატრს, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და ამ დასაკარგავში მიკრა თავი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, იმიტომ რომ ვხვდებოდი, ეს ჩემი გადარჩენის შანსი იყო. დაჩი უკრავს, მე კი მის შესწავლას ვაგრძელებ. დროდადრო სახის ნაკვთები ეჭიმება. ტუჩები გაურბის. იცის რომ ვათვალიერებ. ამას არც ვმალავ და არც თვითონ მიშლის ხელს. გრძელი თითები რამდენიმე ოქტავას წვდება. მუხლები თითქმის კლავიშებამდე აღწევს. არასდროს მინახავს კაცზე ასეთი ასეთი სწორი ფეხები. მოულოდნელად კისერზე ხელს მხვევს და ჩემს ტუჩებს წვდება. სიამოვნებისგან მაჟრჟოლებს. მეც ვპასუხობ და წამიერად მის მუხლებზე ვჩნდები. პატარები არ ვართ, ვიცით რასაც ვაკეთებთ. ხალიჩას ჩვენი დაშვებისას პატარა მტვრის ნაწილაკები ასდის, მაგრამ ვის ადარდებს. ექვსი თვეა არავინ შემხებია და მე ის მინდა. დაჩი გულით მინდა და არა სხეულით. ეს რას უნდა ნიშნავდეს? თავს ვერ ვუტყდები, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა. ჩემს ტანსაცმელს ვკრეფ. ნახევარს ვიცვამ და მეორე ნაწილს გულზე ვიხუტებ. ოთახში უნდა წავიდე და დავფიქრდე. დაჩი მოწყვეტით მკოცნის. კიბეებზე დაუმშვიდობებლად ავრბივარ. -მე აქ დაგელოდები როცა გენდომება - მესმის მისი ხმა. ეს უკვე აღარ მომწონს. მე მასთან ასეთი შეხვედრები არ მეყოფა და ამას ვერ ვეტყვი. ამიტომ ჯობია ამ ერთით დავკმაყოფილდე, სანამ გული მეტკინება. ქეთი ექიმი მელოდება. დაღლილი სახე მაქვს. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. პატარა შეყვარებული გოგოსავით დაჩიზე ვფიქრობდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ ეს ფიქრები იმდენად მაბედნიერებდა, თავს ამის უფლება მივეცი. -თამარა რა ხდება? - მეკითხება ჩემი ლამაზი ექიმი. -რა ხდება? - ვპასუხობ კითხვითვე. -რაზე ფიქრობდი მთელი ღამე? -მამის ვიზიტზე - ვცრუობ ურცხვად. -არ მჯერა, მაგრამ რადგან შენ დაიწყე, ვილაპარაკოთ მასზე. რას გრძნობ მის მიმართ? -სიყვარულს - ვეუბნები გულწრფელად. -მომიყევი მამაზე რამე. ვფიქრდები. -ცოტა გულგრილი მამა იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დედა. ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ ცოტა შორიდან. -რას ნიშნავს შორიდან? -ხვდებოდა რა მინდოდა და მისრულებდა თითქმის ყველა სურვილს. მომიტანდა საოცნებო სათამაშოს და თვითონ არ მეთამაშებოდა. როცა მართვის მოწმობა ავიღე, მანქანა მიყიდა. თუმცა არასდროს მოუცია რჩევა ახალბედა მძღოლისთვის. ყოველთვის ბიჭი უნდოდა და ისე იქცეოდა, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე გოგოდ რომ დავიბადე. ერთხელ ჩვენს ავტო ფარეხში მანქანას არემონტებდა. ალბათ 4-5 წლის ვიქნებოდი. ხელოსანი ყავდა მოყვანილი ჩემ ტოლ შვილთან, ბიჭთან ერთად. ბიჭი ხან რას აიღებდა და ხან რას. თითქოს ეხმარებოდა და სინამდვილეში ხელს უშლიდა მათ. მამაჩემი ბედნიერი იყო იმ ბიჭის ყურებით და ეთამაშებოდა კიდეც. შორიდან ვუთვალთვალებდი. მინდოდა მათთან ყოფნა. ვეღარ მოვითმინე, გავიქეცი და მამას ჩავეხუტე. -აქ რას აკეთებ? მკითხა მკაცრი ხმით. -ვიქნები თქვენთან, დაგეხმარებით. - შევცინე მას. -აქ გოგოების ადგილი არ არის. ახლავე სახლში წადი - მიბრძანა და შებრუნდა. -მაგრამ ის ხომ აქ არის? - მივუთითე პატარა ბიჭზე. -ის ბიჭია. - მომიჭრა მოკლედ. ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. ძალიან მეტკინა გული, იმდენად, რომ ახლაც მახსოვს. -ისევ ნაწყენი ხარ ამ ამბის გამო? - დაინტერესდა ექიმი. -არა. აღარ. უბრალოდ მახსოვს. -შენ ამბობ, რომ ბიჭი უნდოდა და იმიტომ იქცეოდა ასე? არადა იქნებ ის უბრალოდ ასეთია და ბიჭსაც ასევე მოექცეოდა. - ცადა მამაჩემის დაცვა ქეთი ექიმმა. -არ მგონია - შევეკამათე. -შენს გამო ბევრი რამე გააკეთა. ისიც საკმარისია, აქ რომ გამოგიშვა და შენი პრობლემების წინ მარტო დარჩა. მე ჩამომიყვანა რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. შენი დიაგნოზი და სახელი და გვარიც კი ტყუილია, რომლითაც აქ ხარ. -მას ფული აქვს და რატომ არ გააკეთებდა? -რომ არ ღელავდეს, თავს არ შეიწუხებდა. მიგიშვებდა პრობლემები თავად მოგეგვარებინა. გავჩუმდი. მამაჩემის მიმართ უსამართლო ვიყავი. ბავშვობის სისუსტის გამო ვბრაზობდი, კარგს კი იშვიათად ვხედავდი. -რას ამბობდი მანქანის მართვაზე? - გაიხსენა ცოტა ხნის ნათქვამი ექიმმა. -სისულელეა - თავი გავიქნიე მე. -რადგან თქვი ვისაუბროთ - შემომთავაზა ქეთიმ. -მამა ყოველთვის ამბობდა, რომ მანქანა ქალის ტვინისთვის არაა და ჩვენ არასდროს უნდა ვმართოთ ის. ექიმს გაეცინა. -ეს ხომ სტერეოტიპია, რომელსაც წარმატებით ვამსხვრევთ. დღეს ქალი მძღოლები უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცები. -მაგრამ მან მე მართვა არ მასწავლა - ჩავიბურტყუნე გაბუტული ხმით. -მან მანქანა გიყიდა და მოგცა საშუალება დამოუკიდებელი ყოფილიყავი. თვალზე ცრემლი მომერია. ეს რამდენიმე დღე სენტიმენტალურ ხასიათზე ვარ. -დედა? - მკითხა ქალბატონმა ქეთიმ და ინტერესით მომაჩერდა. სახე შემეცვალა. ცრემლი მომშორდა და მზერა ცივი გამიხდა. -მისთვის მხოლოდ და ყოველთვის წარუმატებელი პროექტი ვიყავი, რომელსაც ვერაფრით მოიშორებდა. შემარცხვენელი, რომლის ნაკლი კარგად უნდა შეენიღბა. -რატომ ფიქრობ ასე? - ლაპარაკი გვიან დავიწყე. მანამდე სულ ცდილობდა დავემალე. ან თვითონ ეპასუხა ჩემს მაგივრად, რომ ჩემი ნაკლი არ გამოჩენილიყო. მოზარდობაში მსუქანი ბავშვი ვიყავი. სულ ექიმებთან დამატარებდა. დიეტას მაიძულებდა და ლამის შიმშილით ვკვდებოდი. მაგრამ არ მშველოდა, იმიტომ რომ ხშირად მაცივრის ცდუნებად ვერ ვუძლებდი. ის სავსე იყო ისეთი რამეებით, ბევრ ჩემ ტოლს დაგემოვნებულიც რომ არ ქონდა. არც სპორტში მქონდა წარმატება და არც ცეკვა-მუსიკის ნიჭით გამოვირჩეოდი. ლადო გიგანს არ ვგავდი. დედაჩემი ჩემით ვერ იტრაბახებდა. იმედებს ვუცრუებდი, მაგრამ ერთადერთი შვილი ვიყავი და ვერაფერს იზამდა. ქეთი ექიმი ყურადღებით მისმენს. მე კი წლების ნაგროვებ წყენას დაუფარავად ვყვები. ვწითლდები, ხელები მიოფლიანდება და არ ვჩუმდები. -ჩემი პროფესია ისე გადაწყვიტა, არც კი უკითხავს. ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მისთვის იმედები გამემართლებინა. წონაშიც დავიკელი და კარგი ექიმიც გავხდი. ამის შემდეგ ცოტა შეიცვალა. უკვე მასაც შეეძლო ნათესავ-მეგობრებში ჩემი სახელის ხსენება. როცა პატარა ჩავარდნა მქონდა კარიერაში, ისევ ძველი დედა დაბრუნდა. მის შემდეგ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აღარ გვქონიდა და არც ვაპირებ. ღრმად ვსუნთქავ და ვჩუმდები. -ნათესავებს არ ირჩევენ. განსაკუთრებით მშობლებს - მეუბნება ქეთი ექიმი ჩურჩულით. -ვიცი - ვპასუხობ მეც. -ის დედაა და უყვარხარ. ასე გამოხატავს. - ცდილობს დედაჩემის დაცვას. -ახლა არა გთხოვ ქეთი ექიმო. ბოდიში - ვეუბნები, ვდგები და მისი კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავდივარ. არაფერს მეუბნება. არ ინძრევა. ამ ქალის კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ არასდროს მაწუხებს. რამდენიმე დღე წამლებს ვსვამ და გათიშულს მძინავს. ქეთი ექიმთან არ მივდივარ და არც ის მაწუხებს. ან ლაბირინთში დავბორიალობ ან ოთახში ვარ და ვკითხულობ. დაჩისაც მხოლოდ შორიდან ვხედავ. მასთან საუბრის სურვილი არ მაქვს. ბევრი რამ მოხდა ბოლო დღეებში და უნდა ვიფიქრო. შუაღამეს ჩემი ოთახის კარი იღება და ვიღაცის ლანდი კრთება. მგონია სიზმარში ვარ, არ მეშინია. ჩემი აქ ცხოვრების მანძილზე, მყუდროება არავის დაურღვევია, ახლა რა უნდა მოხდეს. ვგრძნობ, როგორ იზნიქება საწოლი ჩემს გვერდით და ვიღაც თმაზე მეხება. დაჩის სუნს ათას სუნში გამოვარჩევ. -ახლა არ ვარ ხასიათზე - ვეუბნები ჩამწყდარი ხმით. მასთან კიდევ ერთ ვნებიან ღამეს გრძნობების გარეშე ვერ გადავიტან. -მე შენთან ძილიც მყოფნის, თუნდაც მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს - მეჩურჩულება და თავზე მკოცნის. ძილი მერევა იმიტომ, რომ ასე დაცულად არავისთან მიგრძვნია თავი, გიგანთანაც კი. -დღეს ჯგუფური სეანსი გვექნება - მეუბნება ქეთი ექიმი ოთახში შესვლისთანავე. კარებთან ვბრუნდები, უკან წამოსასვლელად. ეს ცემი საქმე არაა, არავისთან ვაპირებ ჩემს თავზე საუბარს. ქეთიც საკმარისია ამისთვის. -შენ მხოლოდ მოუსმენ - მეწევა მისი ხმა. ეს საინტერესოა. ნეტავ რა ჩაიფიქრა ჩემმა ჭკვიანმა ექიმმა. მის კაბინეტში ჯერ არავინაა. სავარძელში ვკალათდები და ველოდები. ორიოდ წუთში დამხმარე ექთანს ჩვენი დაწესებულების ერთ-ერთი პაციენტი შემოყავს. ეს გოგო ჩემზე ადრეა მოსული. არასდროს მინახავს ელაპარაკოს. მზის გამონათებისთანავე ეზოში ზის და სივრცეს გაყურებს. მისი ალისფერი თმა მზის სხივებზე ელავს. ძალიან ლამაზი სანახავია ამ დროს. თითქოს დრო ჩერდება მის ირგვლივ. -მოდი სანამტა - მიმართავს ქეთი ექიმი და ჩემს წინ სავარძელში სვამს. ხმას არ იღებს. მისი სახელი ქართულად არ ჟღერს და არც თვითონ გავს ქართველს. - ეს ჩემი კოლეგა და მეგობარია - აცნობს ჩემს თავს - მას ძალიან უნდა შენი ამბის მოსმენა. მოგვიყვები? ქეთი ექიმს გაოცებული ვუყურებ. ვინ უთხრა, რომ რამის მოსმენა მინდა, ჩემი გაჭირვებაც მეყოფა. -მე სამანტა ვარ - მეცნობა გოგონა და ხელს მართმევს. დაკვნეტილი ფრჩხილები აქვს. უმეტყველო თვალები. სუსტია მაგრამ მუცელი მოშვებული აქვს. ან შვილი ყავს გაჩენილი ან უცებ დაიკლო წონაში. მკლავების და ყელის კანს ვერ ვხედავ. ამიტომ ვერ ვხვდები რომელია. ალბათ ოციოდე წლის იქნება. -საიდან დავიწყო? - სვამს კითხვას. ქეთი ექიმი მხრებს იჩეჩს. საშუალებას აძლევს გოგონას თავისუფლად ისაუბროს. -დედა ბერძენი მყავს. მამა ქართველი - ამბობს და ორიოდე წამი ჩუმდება. ბოხი ხმა აქვს. მწეველის. მაგრამ როდის მოასწრო ამ ახალგაზრდა გოგომ ხმის ასეთ დღეში ჩაგდება? თუმცა მთავარი კითხვა სხვაა, რა უნდა აქ თითქმის ბავშვს? -დედაჩემს უკვე ორი შვილი ყავდა, მამას რომ გაყვა ცოლად. - იწყებს თხრობას. - შვილები პირველმა ქმარმა წაართვა. თვითონ ხან სად იხეტიალა და ხან სად. ერთ ქვეყანაში ბარმენად მუშაობდა, მეორეში მოცეკვავე იყო, მესამეში ქურდობდა, მეოთხეში ქუჩაში ეძინა და ასე სანამ მამას შეხვდებოდა. ის გერმანიაში მუშაობდა, თუ ამას მუშაობა ერქვა. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანელების ჯიბეებს ასუფთავებდა. დედას შეხვდა. ცოტა ხანს ერთად იცხოვრეს და მე დავიბადე. ორი წლის ვიქნებოდი, როცა პოლიციამ მამას ესროლა და დაინვალიდდა. ჩემმა მშობლებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. არ ვიცი როგორ მოახერხეს, მაგრამ მამას პენსია დაენიშნა. გერმანიაში ცხოვრებისთვის საშუალო შემოსავალი იყო, მაგრამ ლარებში საკმარისი იმისთვის, რომ თავისუფლად ეცხოვრათ. ამიტომ აქ დავბრუნდით. დედაჩემს ხეიბარი ქმარი არაფერში ჭირდებოდა, მაგრამ მისგან თუ წავიდოდა, პენსიიდან ერთ თეთრსაც ვერ მიიღებდა და ჩემი პატრონიც არ ეყოლებოდა. ეტლიანი მამა კი მშვენივრად ახერხებდა ჩემ მოვლას. მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ მიდიოდა გაპრანჭული დედაჩემი საღამოობით სახლიდან და შუა ღამისას მთვრალი მოდიოდა. ზოგჯერ სახლის კარებთან კოცნიდა სხვა კაცს. შემოდიოდა, გვერდს აუვლიდა მამას და საძინებელში შედიოდა. ეს წლები გრძელდებოდა. მამაჩემი ხან ჩხუბობდა, ხან ყუჩდებოდა. ამ დროს მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა სახლში. ერთ დილას ჩხუბის ხმამ გამაღვიძა. ეს ახალი არ იყო, არ გამკვირვებია. ჩვენს ორ ოთახიან ბინაში ჩურჩულიც კი ზარივით ისმოდა. მათ საძინებელთან ჩავჯექი და დაველოდე როდის მორჩებოდნენ ჩხუბს. -ფული მჭირდება და აბა რა ვქნა? - ყვიროდა დედა. - ახლა ძალიან ბევრი წავაგე, ძალიან ბევრი. როგორ გავისტუმრო ვალი? -გაფრთხილებდი რომ ასე იქნებოდა. თამაშით გამდიდრებული ჯერ არავინ მინახავს. ბოზობით აპირებ მაგ ვალის გადახდას? გავყიდოთ ბინა და მივცეთ ფული - სიმშვიდეს ინარჩუნებდა მამა. -მერე სად ვიცხოვროთ? ერთი კვირა არაფერია, წავყვები, მივცემ, გადავიხდი და მორჩა - ბარგს ალაგებდა დედა. -სამანტას რა ვუთხრა? - ხმა ჩაუწყდა მამას. -მისთვის რა მნიშვნელობა აქვს. ისედაც ზედმეტი ბარგია. ის რომ არ იყოს, უფრო კარგად ვიცხოვრებდი. -რას ამბობ, ის შენი შვილია - აყვირდა მამა. -მართლა? რა ში მჭირდება... ყურებში წუილის ხმამ გაიარა. თავი მეტკინა და რამდენიმე წუთი აღარაფერი გამიგონია. -ეგ ბოზობაა, ბოზობა - ხმაჩახლეჩილი, ტირილამდე იყო მისული მამა. -მართლა? მე კაცი მჭირდება იცი? შენ დიდი ხანია აღარაფრის თავი გაქვს. ის ლაწირაკი რომ არ იყოს მოსავლელი, არც არაფერში დამჭირდებოდი. დედამ ხელი ჩემოდანს დასტაცა. კარებში მჯდარს გადამაბიჯა და სახლიდან გავიდა. ავდექი, მამას მუხლებზე ავაცოცდი, ჩავეხუტე და ავტირდი. ისიც ტიროდა. ახალგაზრდა კაცისთვის რთული იყო რეალობისთვის თვალის გასწორება. მე ვიზრდებოდი. მამის მდგომარეობა რთულდებოდა. საწოლიდან ვეღარ დგებოდა და ეტლში ჩაჯდომაც აღარ შეეძლო. გაუსაძლისი ტკივილები ტანჯავდა. დედაჩემი ნარკოტიკს არ იშურებდა მისთვის. მამა ცოცხალი ჭირდებოდა, პენსია რომ მიეღო. მე ჩემ თავს ვუვლიდი. თორმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად მოსაწევი წავუღე კლიენტს. ჩვენს სახლთან უცხო მანქანა იდგა ორი დღე. დედამ - მითვალთვალებენო - პატარა პაკეტი ჯიბეში ჩამიდო და გვერდით ქუჩაზე მცხოვრებ ნარკომანთან გამგზავნა. მუხლების კანკალით გავუარე სახლის წინ მდგომ მანქანას. მეგონა, გადმოხტებოდნენ და ხელებს გადამიგრიხავდნენ. არაფერი მომხდარა. იმის შემდეგ, ხშირად ვზიდავდი ახლო-მახლო ქუჩებზე სხვადასხვა ტაბლეტებს თუ მოსაწევს. დედაჩემი საიდან იღებდა, წარმოდგენა არ მქონდა. ჩვენს სახლში ხან დიდი თავყრილობა იმართებოდა, ხანაც ერთი კაცი რჩებოდა, მაგრამ სასმელი და მოსაწევი ყოველთვის იყო. მე კი მამასთან ვიჯექი ოთახში უხმოდა და ფანჯარაში ვიყურებოდი. ის უკვე ვეღარ ლაპარაკობდა. ხანდახან თვალზე ცრემლს შევამჩნევდი ხოლმე. სახლში ხშირად საჭმელიც არ იყო. სამაგიეროდ მამაჩემისთვის დასალევი ნარკოტიკი ბლომად. ცოტა კიდევ რომ წამოვიზარდე, ახალი იდეა დამებადა და ის წარმატებით განვახორციელე. დედამ არასდროს იცოდა რამდენ წამალს სვამდა მამა. მოიტანდა და უჯრაში ჩაყრიდა. ძალიან ფრთხილად, ისე, რომ არავის შევემჩნიე, ჯერ ერთ ძველ ნარკომანთან მივედი და შევთავაზე მე მოგამარაგებ იაფად-თქო, მერე - მეორესთან. საბოლოოდ სულ ხუთი კაცო მყავდა. მეტს ვერ ვბედავდი. დედაჩემს რომ გაეგო, მომკლავდა. ცოტა ხანი ასე ვირჩენდით თავს მე და მამა. ჩასაცმელიც ვიყიდე და საჭმელიც. ნელ-ნელა ბარიგების სახელებიც გავიგე. ერთმა-ორმა სიცილით გამომაბრძანა კუდამოძუებული, „ღლაპებთან არ ვიჭერ საქმესო“. ერთმა კი ჭკუა იხმარა, მას სწორედ ჩემნაირი „ლაწირაკი“ ჭირდებოდა, ახალგაზრდებში ტაბლეტების გასასაღებლად. კლუბებში, ბარებში, პარკებში დავდიოდი და უამრავ ნარკოტიკს ვყიდდი. პოლიციის ცხვირწინ ვტრიალობდი, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ქონდათ, რა ხდებოდა. -დედა ვერ ხვდებოდა? - თხრობას აწყვეტინებს ქეთი ექიმი. -არ ვიცი. ის უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, არ მგონია დაინტერესებულიყო ჩემით. ან ლოთობდა, ან კაიფში იყო, ან ტოტალიზატორში და კაზინოში თამაშობდა. კაცებს იცვლიდა, ან წაგებულის გადასახდელად დარბოდა. მამა ისე ცუდად იყო, რამდენჯერმე იმ ქვეყნიდან მოაბრუნეს ექიმებმა. ცოცხალი გვამი იწვა და სიკვდილს ელოდებოდა. სამანტა ჩუმდება. ალბათ მამის ხსენება მოქმედებს მასზე. -რადგან ბერძნულად და ინგლისურად თავისუფლად ვლაპარაკობდი დედ-მამის წყალობით, ხშირად ორმაგ ფასად ვყიდდი წამალს. კლუბებში უსე გამისუფთავებია უცხოელების ჯიბეები, ვერც გაუგიათ. ძვირფასი საათები და სამაჯურები ჩემი სფერო იყო. ერთი-ორჯერ ბეჭედიც კი წავაძვრე ხელიდან. -ამდენი ფული სად მიგქონდა? - ვინტერესდები გულწრფელად. ეცინება, უფრო სწორად მწარედ ეღიმება. -ის მოგროვებული ფული აფინანსებს ჩემ აქ ყოფნას - მეუბნება ის. -აქ რატომ მოხვდი? -აქ მოსვლამდე ბევრი რამე მოხდა. ერთ დღესაც დედაჩემთან ვიღაც კაცი მოვიდა. დამიძახეს. გამიკვირდა. -სამანტა ამ კაცის დიდი ვალი მაქვს - მითხრა დედამ. -მე რა შუაში ვარ ? - ვკითხე გულწრფელად. -უნდა გაყვე. შენი თავი წავაგე. კარებისკენ გავიწიე. კაცმა დამიჭირა. ხელები გადამიგრიხა და წინ გამიგდო. დედაჩემი გულხელდაკრეფილი გვიყურებდა და ხმას არ იღებდა. კარგად არ მახსოვს, რა მოხდა იმ ღამეს. სისხლიანი მოვედი სახლში დილით. საათზე მეტხანს ვიდექი აბანოში და ტანს ვიხეხავდი. ვერაფრით ვიშორებდი იმ კაცის ხელების შეგრძნებას ჩემს ტანზე. ერთი თვე კოშმარები მტანჯავდა. ყოველ ღამე ვხედავდი, როგორ მივყავდი უცხო კაცს და როგორ მშვიდად უყურებდა ამას დედაჩემი. მეორე თვეში მამა მომემატა. უცნაური შეგრძნებები გამიჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დაუბადებელ შვილზე ზრუნვა დავიწყე. გაორმაგებით ვაკეთებდი ფულს და ვინახავდი შვილისთვის. სამანტას სახე უნათდება მის ხსენებაზე. -გოგო გამიჩნდა. მისი პატარა ვარდისფერი ხელების დანახვამ ყველაფერი დამავიწყა. ორი თვე უბედნიერესი დედა ვიყავი. ვზრდიდი მას და მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. აქაც დედაჩემმა დამღუპა. მორიგი ორგიის შემდეგ შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიციას გამოუძახეს. მათ კი სოციალური სამსახური დამაყენეს თავზე. სამანტას ცრემლი ერევა. ხელსახოცს ვაწვდი. -მერე რა მოხდა? - ვეღარ ვითმენ, ისე მაინტერესებს მისი ბოლომდე მოსმენა. -საუკეთესო ადვოკატი დავიქირავე. სასამართლომ მე ფსიქიატრიული მკურნალობა დამინიშნა. ბავშვი ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. აქედან გასვლის შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ უკან დამიბრუნებენ. -მერე რას აპირებ? - ეკითხება ქეთი ექიმი. -დედაჩემისგან ერთი კარგი რამე მერგო, საბერძნეთის მოქალაქეობა. ჩემს გოგონასთან ერთად წავალ და აქ აღარასდროს დავბრუნდები. ვიმუშავებ დღედაღამე და მივცემ ყველაფერს, რაც მე არასდროს მღირსებია. -მამა? - ვინტერესდები მისი ბედით. -მალე მოკვდება, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია. - მშვიდად მპასუხობს ის. -შენ ძლიერი ქალი ხარ სამანტა, ამიტომ ყველაფერს შეძლებ. მე კი დაგეხმარები - ეუბნება ქეთი ექიმი და ხელს მხრებზე მხვევს. -მადლობაა. ახლა წავალ. მადლობა რომ მომისმინეთ - დგება გოგონა და გადის. -მართლა შეძლებს შვილის დაბრუნებას? - ვეკითხები ექიმს შეწუხებული. -რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შვილი დედასთან უნდა იყოს. - მპასუხობს ის და სიგარეტს უკიდებს. -მე რატომ მომასმენინე ეს ყველაფერი? ჩემი გაჭირვებაც მეყოფა. - ვსაყვედურობ. -იმიტომ რომ მიმხვდარიყავი როგორია საშინელი დედა. ხმას ვერ ვიღებ. არ ვემშვიდობები ექიმს. ჩემს ოთახში გავრბივარ, რომ ვიტირო. სამანტას მოსმენის შემდეგ თვალზე რული არ მეკარება. მე ჩემი თავი მეგონა ცუდ დღეში, თურმე ეს რა მოსატანია მის ამბავთან. ვდგები და გობელენის უკან მივდივარ. შეიძლება დაჩი დამხვდეს, შეიძლება არა. ბიბლიოთეკა მჭირდება, რამეზე უნდა გადავიტანო ყურადღება. კარებში მივიპარები და კიბეების თავში გავდივარ. მთვარის შუქი ანათებს მცირე დარბაზს და თეთრ როიალს. დაჩი აქაა, მაგრამ არ უკრავს. ხალიჩაზე ფეხმორთხმით ზის და ფანჯრიდან გაყურებს სივრცეს. უხმოდ ვუჯდები გვერდით. ის არ ინძრევა. -ვერ იძინებ? - ვეკითხები ჩურჩულით. მხრებს იჩეჩს. „როგორც ხედავო“ - მეუბნება უსიტყვოდ. -შენ რაღატომ ? - ისევ ვეჩურჩულები. -ჩემი მოკლული ხალხი მელანდება - მეუბნება ისე, რომ ჩემკენ არ იხედება. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის და შესამჩნევად მაჟრჟოლებს. თითქოს ამას ელოდებოდაო, სიჩუმე დაჩის გულიანმა ხარხარმა გაარღვია. -დაიჯერე? თავი ჰოლივუდის ფილმში მგონია და იქ ხომ ასე ამბობენ ხოლმე. ისეთი სიცილი აქვს, შეუძლებელია არ გადმომედოს. ორივე ვხარხარობთ. ცარიელი დარბაზის კედლები ექოს გვაძლევს. -გეყოფა, ჩუმათ, ვიღაც გაიგონებს - მეუბნება მე, მაგრამ თვითონ აგრძელებს. ნელ-ნელა ვყუჩდებით. -შენ ყოველ ღამე აქ ხარ? - ვეკითხები და თვალს არ ვაშორებ. -არა. ზოგჯერ. აქ ძილის მეტს არაფერს ვაკეთებ და როცა შემიძლია მოვდივარ. -აქ რატომ ხარ? - ვსვამ მუდმივ პასუხისგაუცემელ შეკითხვას. -ზოგჯერ მეც მჭირდევა დასვენება და თვალთახედვის არედან გაქრობა - მეუბნება მშვიდად. -საიდუმლო საქმეები? - ვჩურჩულობ, თითქოს მეშინია არავინ გაიგოს. -შენ რომ ფიქრობ, არც ისე საიდუმლო - მხოლოდ პირს ამოძრავებს - დამსახურებულ პენსიაში გავედი. სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ. ეს სავალდებულოა. მე მქონდა იმის საშუალება, რომ ამ ნახევრად პანსიონატში წამოვსულიყავი. სადაც არც წამლებით მჭყეპავენ და მშვენივრადაც ვისვენებ. -მერე რას აპირებ? მხრებს იჩეჩს. -ვიზამ რაღაცას. შენ? -მეც ვიზამ რაღაცას. - ვპასუხობ მეც. -ნომერს მოგცემ, როცა მიხვდები, რომ ჩემი ნახვა გინდა, დარეკე. შენი მისამართი დაუტოვე და შენთან გავჩნდები. ხმას არ ვიღებ. სიჩუმე ისე მძიმეა, მხრებით ვგრძნობ. -რისთვის? გართობისთვის? ერთი ღამისთვის? - არ შემიძლია არ ვთქვა. - ასეთი გართობები უკვე გამოვიარე. აღარ მინდა. -მეც - მეუბნება რამდენიმე წამში. -რა შენც? - ვერ ვხვდები რას გულისხმობს. -მეც გამოვიარე გართობის დრო. დავბერდი უკვე და ახლა სტაბილურობა და სიმშვიდე მინდა. მეღიმება. -გავუგეთ ერთმანეთს - აკეთებს დასკვნას და მკოცნის - დამირეკავ? -აუცილებლად - ვპასუხობ მის ტუჩებთან ჩურჩულით. -როცა გინდა და სადაც უნდა ვიყოთ. ერთად ავაწყოთ ცალ - ცალკე შექმნილი არეულობა. კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ აღარ მესმის. მის ხელებს ვგრძნობ ტანზე და სიმშვიდე მეუფლება. დილიდან ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ვბრწყინავ და ზუსტად ვიცი, რომ ამის მიზეზი გუშინ დაჩისთან ჩემი საუბარია. ქეთი ექიმთან გაღიმებული შევდივარ. მიყურებს და ცალ წარბს ზევით წევს. აბა სხვა რა რეაქციას ველოდი ჩემი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე თავშეკავებული ექიმისგან? ის ისევ შარვალსა და პერანგშია გამოწყობილი და თითებს ათამაშებს. სავარძელში ვჯდები და ვუყურებ. -აბა, რას აპირებ აქედან რომ გახვალ? - არ ველოდი ამ კითხვას. -მიშვებთ? - ვიბნევი. -მალე - მპასუხობს ჩვეული სიმშვიდით. -რატომ? - მიკვირს. -არ გინდა? - ახლა ისაა გაოცებული. - დაჩიმ გითხრა არ წახვიდეო? - ჭინკები უხტის თვალებში. „მე და ქეთი კარგი დაქალები ვიქნებოდით“ - ვფიქრობ ჩემთვის. აქამდე ასე გულახდილად არავისთან მისაუბრია. სახეზე ვიწვი. -არა, დაჩიმ მითხრა, რომ გახვალ დამირეკე და შენთან გავჩნდებიო. - ვუმხელ საიდუმლოს და ვცქმუტავ. -კარგი არჩევანია ორივეს მხრიდან - მეუბნება ექიმი. -თქვენ საიდან გაიგეთ? -ამ დასაკარგავში თქვენზე დაკვირვების გარდა, მეტი გასართობი კი არაფერი მაქვს. კარგად კი მალავთ. ყოჩაღ!!! - მაქებს ექიმი. ორი წუთი მაცდის ფიქრს. თვითონ კი იღიმის. -დავუბრუნდეთ პირველ კითხვას. რას აპირებ აქედან გასვლის შემდეგ? - სერიოზულდება ის. -მალტაში სახლი მაჩუქა დედამ და იქ წავალ. შეიძლება სამუდამოდაც. -ფული? -ფული მაქვს, მამამ მომცა. ჩემიც მაქვს გადანახული. „გადანახულში“ რას ვგულისხმობ ქეთი ექიმს არ ვეუბნები. სულხან ნოზაძე იმ კაცის სახელია, ვინც ჩემი ბანკის ანგარიში ათი ათასი ევროთი შეავსო. ნოდარ მამასახლისმა ამ ქვეყანაზე ყოფნის ბოლო დღეს მისი სურათი მაჩვენა და მითხრა, რომ ის უნდა მომკვდარიყო. როცა ძია ნოდარის გულის ამუშავებას ცდილობდნენ, მისი ტელეფონი შეუმჩნევლად ჯიბეში ჩავიდე. კაბინეტამდე ხელს მაგრად ვუჭერდი, თითქოს ამოხტებოდა და პატრონთან წასვლას მოინდომებდა. მისი სურათი ჩემს ტელეფონში გადმოვიტანე და უკან დავაბრუნე. რისთვის მინდოდა? ფულისთვის? არა. მაშინ ამაზე არც მიფიქრია. უბრალოდ მომინდა ერთი კარგი საქმე გამეკეთებინა და კაცი, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია, გადამერჩინა. ნოდარის დასაფლავება ისეთი იყო, თითქოს გმირი დაცემულიყო ბრძოლოს ველზე. უამრავი გვირგვინით და ნიანგის ცრემლებით. მაშინ სულხან ნოზაძის არც სახელი ვიცოდი და არც ის, რას წარმოადგენდა. დაკრძალვის დღეს დავინახე და ვიცანი. სხვა შანსი შეიძლება არც მქონოდა. ამიტომ დრო ვიხელთე და მივუახლოვდი. წინ დაკუნთული მამაკაცი გადამიდგა. -მხოლოდ ერთი წუთით უნდა დაველაპარაკო - ვუთხარი მამაკაცს. მან უმეტყველო სახე გააქნია უარის ნიშნად. -მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ვუჩურჩულე. -ერთი წამით - მითხრა და უფროსისკენ მიბრუნდა. მერე მე მომიბრუნდა - მხოლოდ ერთი წუთი გაქვს. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. ბატონ სულხანს წინ ავესვეტე და სურათი ვაჩვენე. კაცმა გაოცებით შემომხედა. -აგიხსნით თუ გაქვთ ერთი წუთი - ვუთხარი ისე რომ არავის გაეგონა. მამაკაცმა თავით მანიშნა გავყოლოდი და მანქანისკენ გამიძღვა. -ცოტა გავშორდეთ აქაურობას და ვისაუბროთ - მითხრა და მანქანა დაიძრა. რამდენიმე წუთი ვიმგზავრეთ, მერე მძღოლი გადავიდა და მარტო დავრჩით. -გისმენ - შემომხედა ჩემს გვერდით მჯდომმა სულხანმა და მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ. -მე ექიმი ვარ - დავიწყე მშვიდად - ოპერაციის შემდეგ ნოდარმა მაჩვენა ეს სურათი და მითხრა, რომ მალე თქვენ ჩემთან მოხვდებოდით. -რატომ? - მკითხა კაცმა. მხრები ავიჩეჩე. -გასაგებია. მივხვდი - თქვა და სახის კუნთები დაეჭიმა - თქვენთან დაჭრილს მომიყვანდნენ. თავდასხმა მზადდებოდა ჩემზე. -მერე - მკითხა, თუმცა უკვე ხვდებოდა მოვლენები როგორ უნდა განვითარებულიყო. -ცოცხალი აღარ უნდა გამოსულიყავით საავადმყოფოდან. - ვთქვი და გავჩუმდი. -რით შეგიძლიათ დაამტკიცოთ? -არაფრით. ამ საუბრის დროს მხოლოდ მე და ის ვიყავით. თუ მის ტელეფონს ნახავთ, ეს სურათი იქ იქნება. იმედია - დავამატე ბოლოს. კაცმა თავი გააქნია. -იცი მე ვინ ვარ? -არაააა - ვუპასუხე ისე, რომ თვალი არ მომიშორებია. ერთი წამით ვიფიქრე, რომ მომკლას და აქვე სადღაც გზაზე დამაგდოს, არ გამიკვირდება-თქო. -რატომ მოხვედი ჩემთან? ფული გინდა? ცოტა დავიბენი. -არა. საფრთხე გემუქრებოდათ და ეს მე ვიცოდი. ვერ მოვითმინე, არ მეთქვა. - ვუთხარი გულწრფელად - თუმცა ცოტა ფული არ მაწყენდა. -მადლობა. დავბრუნდეთ უკან. - მითხრა კაცმა და სკამზე შესწორდა. არ ვიცი საიდან გაჩნდა წამებში მძღოლი. უსიტყვოდ გავიარეთ გზა სასაფლაომდე და ნოდარის უკან მიმავალ პროცესიას შევუერთდით. რამდენიმე დღეში ჩემს ანგარიშზე ათი ათასი ევრო გაჩნდა. სულხან მუმლაძის სახელი მაშინ გავიგე, როცა მდივანმა დამირეკა და გადაამოწმა, მოვიდა თუ არა ნამდვილად ფული ჩემამდე. თავი გავიქნიე, რომ მოგონებებიდან გამოვსულიყავი. -შენ კარგი ექიმი ხარ. არ მგონია უარი გითხრან საავადმყოფოში დაბრუნებაზე - მეუბნება ქეთი ექიმი. -მე კარგი ვეტერინარიც ვარ - ვუღიმი ექიმს - ძაღლებზე, კატებზე, ზაზუნებზე და კურდღლებზე შეყვარებული პატრონები ყოველთვის იქნებიან და მეც ყოველთვის საჭირო ვიქნები მათთვის. იქნებ მალტაზეც კი დაჭირდეთ ვეტერინარი. -წარმატებები - გულღიად მიღიმის ქეთი ექიმი და დგება. ეს ჩვენი საუბრის დასასრულს ნიშნავს. ორი დღე ქეთი ექიმი არ ჩანს. არც მისი მუსტანგი. ვერ ვხვდები სად წავიდა და რატომ. მესამე დღეს ეზოში მამაჩემის მანქანას ვხედავ. ის დინჯად გადმოდის მანქანიდან და ეზოს ათვალიერებს. რა თქმა უნდა მარტოა. ვეგებები. ერთი სული მაქვს როდის ვიგრძნობ მის სუნს. -თამარა - მკოცნის თავზე - ჩაალაგე ჩემოდანი. მივდივართ. ყელზე ვეხვევი. ჩემს ოთახში ავრბივარ და ჩემოდანში ვყრი ყველაფერს, რაც ხელში მხვდება. თვალი ფანჯრისკენ გამირბის. მამა დაჩის ესაუბრება. რა ვქნა, ვერ ვიჯერებ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. არაუშავს მათთვისაც მოვიცლი. მამა შენობაში შედის, იქიდან მაღალ მამაკაცთან ერთად გამოდის და ეზოში მელოდება. ჩემთან სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელი მოდის და ჩემს ნივთებს მიათრევს. მამასთან გავრბივარ. დაჩი მეწევა, მოწყვეტით მკოცნის და ხელში ქაღალდს მიკუჭავს. -დამირეკე. მე დაგელოდები - მეუბნება და მეხუტება. გაბრუებული ვჯდები მანქანაში. მამა საჭესთან თავსდება და ვიძვრებით. -აქ შენი ბილეთი და პასპორტია. ფრენა ზეგ გაქვს. მოასწრებ ყველაფერს? - მეკითხება და პატარა შეკვრას მაძლევს. -მოვასწრებ - ვპასუხობ და თავს საზურგეზე ვაყრდნობ. ასე მშვიდი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დაჩის მოცემულ ფურცელს გულის ჯიბეში ვიდებ და ვიძინებ. ყველაფერი წინ მაქვს... დასასრული 2.03.2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი