პოლის
რელსებზე შედგა შემოდგომა და ოქროს ფიანდაზად გაეფინა ფოთოლცვენა ქალაქის გულზე. რკინის რითმებში აზელილი, ტაოტსა და მტვერში ამოსვრილი, მფარველი ანგელოზების ხელში იღვიძებს, ყოველ დილით და ლოცულობს მათზე, ვინც დიდი ხანია დაავიწყდათ ძლიერებს ამაქვეყნისა. აქ ბაღლინჯოების, ვირთხებისა და რობოტების ხელშია ქალაქი. ამბრაზურებზე კი ზარბაზნების მაგიერ ქაღალდების გროვაა გადმოფენილი. ყველას სადღაც მიეჩქარება... სინათლის სიჩქარით გარბიან: ავტობუსებისკენ, მატარებლებისკენ, ტრამვაებისკენ, ბანკომატებისკენ. ნისლში და თამბაქოს კვამლში გახვეული, როგორც ერთი დიდი მარტოობა, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეძლევიან ყოველდღიურობას. შვებად მარტო ლოთობა, ბოზობა, კაიფი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგულებათ. ეს ყველაფერი კი ბანერებითა და ჭრელი ნეონებითაა შეფიფქული. ცრემლებსა და შიშზე აგებული კეთილდღეობა. წინ წყალი და უკან მეწყერი. ასე ვთქვათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი