ზაფხული


მერე რა,
თუ ვერ მივხვდი?
ეგ არაფერი.
უბრალოდ ფერი
შეიცვალა გამთენიისას.

ხმაური შიგნით,
ხმაური გარეთ,
ორი სახელი
სხვადასხვა გვარით.

ქარი თბილისის
მხუთავ სიცხეში,
თითქოს და შვება,
მაგრამ მოყვება მტვერი.
მტვერს მოგონება,
ამბავი პროლოგითა
და ეპილოგით თბილი შხაპის ქვეშ.

გარეთ კი სუფევს ზაფხულის ღამე
და მყუდროება მარტოობაში.
მოგონებები ტრიალებს თავში
შენზე და ჩვენზე
და მთელს ქალაქზე ჩვენს გარშემო—
მარჯვნივ თუ მარცხნივ,
ზევით თუ ქვევით.
ვმოძრაობ წრეზე. შეუჩერებლად.

მერე დაივლის მთელს სხეულს ხისტად.
პაუზა ოთხი, და მერე სამი.
აღარ ჩერდება არც ერთი წამით,
მიდის თავისით გაუაზრებლად.
ტაქტიდან ტაქტში...
ტაქტიდან ტაქტში...
ტაქტიდან ტაქტში...

მერე Da Capo და ცდა თავიდან.

ისევ ზაფხული,
დილა და სიცხე, გარეთ ხმაური—
მანქანების და ელექტრონების
იგივე გვარით, დასახელებით.

ისევ ხელები,
შენი და ჩვენი...
როგორც წლების წინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი