მეტროში


ცარიელი შემადგენლობა, აუტანელი ხმაური, მარტოობა.
შიში ამ სიცარიელისა და სურვილი,
რომ მალე დაინახო სინათლე გვირაბის ბოლოს.
მარტოობა, რომელიც ვერ ხვდები
საჩუქარია, თუ სასჯელი გაუცნობიერებელი,
ან ცნობიერი მკრეხელობისათვის.

ისევ შეთქმულება, გატაცება და ბრძოლა.
თითქოს დაიღალე, მაგრამ უკვე გვიანია მოსასვენებლად.

ამ გამკივან ორომტრიალში, ხმაურში, ჩოჩქოლში,
ხედავ უცნაურ კადრებს.
და მერეღა ხვდები, რომ რაღაც სასწაულმა ჩაგიარა გვერდში.

ალბათ ესაა, რაც გაგრძნობინებს ადამიანობას.
სულისკვეთება, რომელსაც შეხვდები,
ხილული თუ უხილავი ქურუმების
მორთულ მარმარილოს დიდ დარბაზებში.

დიდია კაცობრიობის გონი.
ნება, სურვილი და ოცნებები უკიდეგანო.
წყურვილი, წარმოსახვა დაუშრეტელი.
სიყვარული უკვდავგვყოფს.
დედამიწა ისეთი მაცდურია,
რომ სულ გვიბიძგებს, რომ აღვფრთოვანდეთ.

სასწაულია, დაინახო რაღაც უხილავი,
და რა დიდებული შეგრძნებაა,
ხანგრძლივი გვირაბის ბოლოს გაჩერებაზე ჩამოსვლა,
ცარიელი შემადგენლობის დატოვება.
არ აქვს მნიშვნელობა, ხაზი თუ შეგეშალა...
მთავარია, ამ გაურკვევლობას დააღწიე თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი