კარზე კაკუნის ხმა გაისმა
კარზე კაკუნის ხმა გაისმა. აჩქარებული ნაბიჯებით მოსიარულე ნუცა ღოღობერიძე წუთიერად ოთახის ცენტრში გაშეშდა. მის სახეზე მღელვარება იკითხებოდა. თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევსო, მაგრამ კედელზე ჩამოკიდებული გუგულიანი საათის ხმაზე გამოფხიზლდა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარებს. ღრმად ჩაისუნთქა, სახიდან მღელვარება მოიშორა და ურდული ნელა გამოსწია. - ნუცა, როგორ ხარ? - მშვიდი ხმით ჰკითხა კარებში მდგომმა გერონტი ქიქოძემ. ნუცამ მძიმედ ამოისუნთქა. - მობრძანდი, კარგად ვარ. აქ რამ მოგიყვანა? - გაოცებული ხმით იკითხა ნუცამ. - გავიგე, დღეს შიძლება წაგიყვანონ. ამიტომ ვიფიქრე, მივაკითხავ და მოვინახულებ-თქო. რამეში ხომ არ გინდა ჩემი დახმარება? - დიდი მადლობა, რომ მობრძანდი. ნამდვილად არ გელოდი. იყოს, არ მჭირდება დახმარება. დაბრძანდი, - ნუცამ გერონტის საათის ქვეშ მდგარი სკამისკენ მიუთითა. გერონტი ჩამოჯდა. - უნდა დაგეჯერებინა ლევანისთვის და გეთქვა, რომ დაშორდით. ახლა ხომ ამ მდგომარეობაში არ იქნებოდი?! - ეგ როგორ მეკადრა?! - აენთო ბრაზმორეული ნუცა, - ეგ ხომ ღალატის ტოლფასია?! მე ჩემ ქმარს არასდროს ვუღალატებ! - კი ბატონო, მაგრამ შენს შვილზე ლანაზე უნდა გეფიქრა. ახლა იგი მარტო, მშობლების გარეშე გაიზრდება. მას ძალიან გაუჭირდება უდედმამოდ ყოფნა. ყვითელი ნათურა ბჟუტავდა. ნუცა გაუჩერებლად სცემდა ბოლთას და თან თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. - არ მეთანხმები? - განაგრძო გერონტიმ - არ გახსოვს როგორი რეაქცია ჰქონდა, მამამისის ამბავი რომ გაიგო? და ახლა შენც თუ წახვალ, წარმოგიდგენია, რა დაემართება. - ვიცი. - შეჩერდა ნუცა - მაგრამ ასე იყო საჭირო, როგორც ჩემთვის ისე ჩემი შვილის დასაცავად. და საერთოდ აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. - როგორ თუ არ გინდა? - ჰკითხა გაოგნებულმა გერონტიმ და ჩიბუხი გააბოლა. - შენ გადასახლება გერმანიაში მოგზაურობა ხომ არ გგონია? უცნობ ადგილას უცნობი დროით გადაგასახლებენ. ეს ციხეა, ციხე! - ვიცი და მე ეს გააზრებული მაქვს. სულ რომ დრო უკან დაბრუნდეს, არაფერს შევცვლიდი! - ქვასავით მყარად უპასუხა ნუცამ. მეტი რა ეღონა გერონტის აღარ იცოდა. ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ. საათი შეუწყვეტლად წიკწიკებდა, რაც უფრო მეტად ამძაფრებდა თითოეულ წუთს. გუგულის ხმამ დაარღვია სამარისებური სიჩუმე. ამ ხმაზე ნუცამ ჯერ საათს, შემდეგ კი კარებს გახედა. მიხვდა გერონტი, რომ რამე უნდა ეღონა სიტუაციის გასანეიტრალებლად, ამიტომ წარსულის გახსენება გადაწყვიტა. - ნუცა, გახსოვს ჩვენი შეხვედრის პირველი დღე? - მოგონილი, თუმცა ნაძალადევი მხიარულებით იკითხა მან. - არც ისე კარგად, - უპასუხა ნუცამ და სკამზე ჩამოჯდა. - აი, მე კი კარგად მახსოვს. მახსოვს შენი თვალები, მათში მღელვარება იკითხებოდა. დაბნეული, მაგრამ ამავდროულად თავშეკავებული იყავი. მახსოვს ის თვალები, რომლებსაც ყველანაირ იმედი გადაწურული ჰქონდა, მაგრამ მაინც სიმამაცით და იმედიანად იყურებოდა. მე დავინახე შენი სიმამაცე, ერთგულება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შენთვის სამსახურის შემოთავაზება. ვიცოდი, რომ შენი ნდობა შეიძლებოდა. ნუცას სახე ეცვალე, თითქოს ოდნავ დამშვიდდა, მღელვარება მოეშვა. - მახსოვს შენი პირველი თარგმნილი წიგნი. როგორი ბედნიერი შემოხვედი მაშინ ჩემს კაბინეტში, როგორი სათნო ღიმილი გქონდა, თვალები კი გიბრწყინავდა. მომაწოდე გვირილის გულივით ყვითელ კონვერტში ჩადებული შარლ პეროს ზღაპრების წიგნი. გამოგართვი და ფაქიზად გავხსენი, კონვერტი გვერდით გადავდე და კითხვას შევუდექი. შენ გულმოდგინებით მისმენდი და გაინტერესებდა რას გეტყოდი. ისხდნენ ასე ნახევრად ჩაბნელებულ, თუთუნის კვამლით გაჯერებულ ოთახში და ჰყვებოდნენ წარსულის ამბებს, სანამ გუგულმა ისევ არ დაარღვია მათი ხანმოკლე იდილია. დამშვიდებული ნუცა სკამიდან წამოხტა და კარებს გახედა. გერონტიც ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ნუცა ისევ ღელავდა. ფიქრობდა თავის შვილზე, ქმარზე და მშობლებზე. ნერვიულობდა, რომ მათ დიდი ხანი ვეღარ ნახავდა. გერონტი ჩუმად იჯდა ყვითელი ნათების ქვეშ და ჩიბუხს აბოლებდა. ნუცა ისევ წინ და უკან დადიოდა. ხანდახან გაჩერდებოდა, რაღაცაზე ჩაფიქრდებოდა, მაგრამ მერე ისევ გააგრძელებდა წრეზე სიარულს. - ჩამოჯექი, დაიღლები ამდენი სიარულით, - უიმედოდ სთხოვა გერონტიმ. ნუცა ჩამოჯდა. გარეთ ბნელოდა, ფოთლები შრიალებდა, ქარი ქროდა. ისხდნენ ნუცა და გერონტი 1937 წლის სუსხიან ღამით სიჩუმით გაჟღენთილ ოთახში. კარზე კაკუნის ხმა გაისმა... სანდრო ჭელიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი