პირველი მოთხრობა. "სულის უდაბნოში"
სულის უდაბნოში პირველი გაზაფხულის საამური ამინდი იყო, მზის სხივები ასაყვავებლად გამზადებულ ბავშვური სიყვარულით აღსავსე ხეებს უხილავად ესალმებოდნენ, სწორედ აქ იჯდა ბიჭი, ახალგაზრდა რომელიც ბუნების სიმშვენეს ისე აღიქვავდა როგორც არასდროს და ხვდებოდა რომ სახლში მეტამორფოზირებული დაბრუნდებოდა. რომ ერთ სურნელოვან ყვავილობის ამინდში ვიღაც სხვად იქცა, მაგრამ განა იყო ის სხვა ნამდვილი და მარადიული? წამი-წუთების ჰანგებად ქცეულ ამინდის ხმებით აღტაცებული ნელ-ნელა, ცივი სიოსგან მოტანილ დისკომფორტს თავს არიდებდა და ალაგ-ალაგ ამოტეხილ ქვაფენილებს შინისაკენ გაუყვა, ჩაფიქრებული და ვარდისფერ ნოტებზე მდუმარედ მომღერალი. - ნუთუ ის არის, ნუთუ მან შემახსენა თავი, და მაინც ვინ, ვინ არის ის? - მგრძნობ? - უხმო შეკითხვა დაუსვა ვიღაცამ გონებისა და სულის დარაზული კარის უკნიდან. - გგრძნობ, მაგრამ... - მაგრამ საკმარისად არა. - და მაინც ვინ ხარ? - შენ ეს იცი, შენ იცი ბიჭუნავ ვინ ვარ, მაგრამ მიმიღებ რომ? - სად ხარ რომ მიგიღო? - მე შენ გიპოვე, ახლა დროა რომ შენ მიპოვო... ამ უცნაური, სრულიად უცხო და აქამდის მოუსმენელი საუბრის შემდეგ უცნაური გრძნობა და ფიქრი დაჰყვებოდა ბიჭს და მათთან ერთად ფიქრად ქცეული შეკითხვა - ვინ არის ის? შეკითხვაზე პასუხი კი, მარტივი იყო მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ მხოლოდ თვალს დაენახა. განა თვალი საკმარისი არ არის დასანახად? - არა თვალი მხოლოდ ფიზიკურ სამყაროშია საკმარისი. უხილავის დანახვას, შეგრძნება, გააზრება და შემეცნება ესაჭიროება. სივრცის მიღმა არსებულ, ქვესკნელისებურ უკუნითი სიბნელის მსგავს ადგილას მყოფი ბიჭი, დაბადებული ადამიანად, გასასვლელს ეძებდა მაგრამ არიცოდა რომ სწორედ გასასვლელში იმყოფებოდა, იმ კართან რომლის მიღმაც რაღაც უცხო, მაგრამ იდუმალად სრულყოფილი და ჭეშმარიტი იმალებოდა. მაგრამ იპოვის რომ გასაღებს? სად უნდა იპოვოს თუ სივრცის მიღმა არსებული კარის გასაღები სჭირდება? - იმ სივრცეში რომელსაც სასრული არ აქვს,იქ სადაც ხილული არაფერია, მაგრამ ყველაფერი ნამდვილის ისევე როგორც არანამდვილის ადგილსამყოფელია, ეს თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა. საღამო ხანს გადასცდა, ყველაფერი რუტინულად იყო, ყველაფერი მანამ სანამ, განმარტოების ახლო - ახლოს მოძმედ დაყრდნობილი ოთხი კედლის მიღმა გაშიშვლებულმა, რაღაც არ იგრძნო. ეხ, და ბალიში... როგორ ელოდება ხოლმე წლები ამ ჟამს, ჟამს როდესაც დასაძინებლად გამზადებული ნივთის გარდა სხვა ფუნქციაც დაეკისრება. და აი ისიც, შორ ჰორიზონტებს ლანდად დაჰყვებოდა და ცხენზე ამხედრებული ანტაგონისტური იერით მოემართებოდა, უცხო, სრულიად უცხო რაღაც, რასაც ქაოსი ერქვა. - ღმერთო ჩემო, ვინ ხარ? ისევ ის აფიქრებდა, ისევ ის სიტყვები. - ახლა შენ უნდა მიპოვო. ღამეები ისე იცლებოდა, როგორც ზამთრის სუსხი, იმ გაზაფხულის მოსვლისას, რომელმაც თავად ღამეს კიდევ ერთი სული შთაბერა. ასეა იმ უსრულ სივრცეშიც მოქმედებს დრო, ძვირფასი დრო, რომელიც იმდენად ჩქარა გარბის, რამდენადაც სიმშვიდე შებინდებისას. ქაოსი ღმერთო, და ღამე, რა არ შეუძლია ღამეს, ღამე ქმნის შემოქმედს, რომელიც შემოქმედმა თავის მსგავსად შეჰქმნა. როგორი ირონიულია არა? ბალიშზე თავის დადებისთანავე, ბიჭი მიხვდა,რომ ეს წყლის ზედაპირს ჰგავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როდის ჩაიძირებოდა, ის ქაოსი კი ცხენზე რომ იყო ამხედრებული, ჰორიზონტს, თვალდახუჭული ქალის სულივით ჰფარავდა. სიტყვები აზრად იქცეოდა, აზრები ჯაჭვად და ძაფებივით იქსაქსებოდა. - ვინ ხარ, რა ხდება, რას მიკეთებ? - მიენდე. კიდევ ერთი სიტყვა, ერთი მაგრამ რაოდენ ღრმა. თითქოს სხვა არჩევანი ჰქონოდა, გარდა ქაოსის შესისხლხორცებისა. სიტყვები აზრად, აზრები კი მწყემსად, სტრიქონთა ფარის, ფანტელ ფანტელ დადებული თოვლივით, იმ ღამეს გაჩნდა ხელოვნება, კიდევ ერთი ბედუინი იმ უსრულ უდაბნოში, რომელსაც რა ჰქვია ჯერ თვითონაც არ იცოდა. - მე ყოველთვის აქ ვარ. - ისევ ის ხმა. - სად, სად ხარ, სად გეძიო? - სიტყვებში ბიჭუნავ, ღამეებში, და პირველ სხივებში. ვინ იცის რაოდენ ღრღნიდა ის სიტყვები, რომელიც გზას უკვალავდა, რომელთა არსიც არვინ იცოდა. სწორედ აქ, სწორედ იმ უკიდეგანო ტანჯვებში გამოჩნდა კიდევ ერთი, კიდევ ერთი სამარიტელი, რომელიც დაეხმარებოდა იმ პირველ სხივებამდე მიეღწია, რომელზეც ის ხმა ესაუბრებოდა. და მაინც ვინ არის ის სამარიტელი? ბიჭი გრძნობს, ის ხვდება, და ტანჯვისფერი კალმით წარმოშობს პოეტურ სიტყვას. ის შენამდე მანძილი ნოლი მეტრია, და უთვალავი ფიქრი გვაშორებს, ისევ დაგეძებ დაუღალავად და შენზე ვისმენ უამრავ ჭორებს. შენ ის ხარ,შენ იქ ხარ,და ახლა ვინ წერს ამ ლექსს ვინ იცის, უკიდეგანო ღამე იწყება და ახლა ყველა ნიღაბი იწვის. ოთხი კედელი მაგრამ უსაზღვრო, ყველაზე შორი და თანაც ახლო, ზღვარი ჩვენს შორის,ზღვარი იმ სახლის შენ სადაც უკვე წლებია სახლობ. მუდამ ჩემთან ხარ,შენშია შვება, მაგრამ შენს გზაზე მელანქოლია, მტრედი გაფრენილ მდინარის თავზე, ყველას ჰგონია თურმე თოლია. და მაინც ბოლოს მხვდება ვიღაცა, და მის გზაზე კი მრავალი ტყვია, და მე შევიცნობ მასვე სიღრმეში, და მაინც ვეტყვი სახელს რა ჰქვია. ... ელვასავით სჭრიდა ღამეს ყოველი სიტყვა, და გარიჟრაჟს იმ ჰორიზონტიდან ამოსვლას აჩქარებდა რომლისგანაც ქაოსის დამშეული ყორნები მოფრინავდნენ. - მიენდე - ისევ ნისლიან ზეცაში დაკარგული სიტყვები. - ვის? - ქაოსს. - ქაოსს თუ სიტყვებს. - ქაოსი სიტყვებს წარმოქმნის. - ნუ მეთამაშები. - სასაცილოა. შენ რომ იცოდე ვინ ვარ, ქაოსი კაენის სისხლით შეიღებებოდა. ასე გადიოდა დიალოგად ქცეულ მონოლგსა და მწარე ხელოვნების ძერწვაში ღამეები, იმის ძიებაში რაც მხოლოდ აბსტრაქტულად არსებობს. გაზაფხულს, შემოდგომა ანაცვლებდა, შემოდგომას კი გაზაფხული. ზამთარი და ზაფხული კი იმ ვარსკვლავებს ჰგავდნენ ღამეში ღრუბელს რომ ეფარებიან, დღისით კი მზის თვალთუსწორებელ სხივებს. ამას რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ... ისევ და ისევ მაგრამ... როდემდე, ნეტავ როდემდე გაგრძელდება. - გამეცი პასუხი! - ... - პასუხი გამეცი! - მე ის ჩრდილი ვარ, ხან წინ რომ მიგიძღვის, ხან უკან და ხანაც გვერდით. მე ის მანძილი ვარ, ფარდით დაფარული სრუტიდან რომ გაშორებთ შენ და იმ ედემს, სადაც კიდევ ერთი გველი უნდა გაჩნდეს. მაშ, ვფიქრობ დიდხანს, ძალიან დიდხანს. - კი მაგრამ, აქამდე სად იყავი? - იქ სადაც ახლა ვარ, ეს შენ არ მოსულხარ, ბიჭუნავ, შენ! ღამეები,ფიქრები და აზრები დღითიდღე ემსგავსებოდა იმ გაუვალ ტყეებს, რომელთა საწყისში დატყვევებული და შემაძრწუნებელი სიბნელე გეგებებოდა, სიღრმეში კი მძინარე ბუნების საუკუნო ჩურჩული გალობად ჩაგესმოდა. ავგაროზად ნაგები ზეცა კი, გველის ტყავს მოიბავდა და შავნაბადა ქალს ემსგავსებოდა, რომლის გულჩათხრობილი სურნელი დამზაფვრელ სიამოვნებას განიჭებდა. როგორ გკლავს,რაოდენ ნელა,მტანჯველად და სიამოვნებით. რამდენი კითხვა იბადება,რამდენი გრძნობა ერთიანდება და რამდენი საუკუნოდ გასაღებად გამზადებული ურდული გიხომბს მისკენ. მორიგი მარტოობის წარმავალი ჟამი, წარმავალი,თუმცა დროის მარყუჯისთვის გამზადებული, და ისევ ჩურჩული, სევდითა და ცრემლით მოჩუქურთმებული სარკმლიდან შებინდების ცქერისას. - ქვემოდან გიხმობს ხომ? - ვინ? - ის ვინც შენს კოლოპურტს გულმოდგინედ არჩევს. ის ვინც სამუდამოდ გამომკეტავს ამ კარის მიღმა და გასაღებს კოლოპურტში ჩამალავს, ვერვინ რომ შეძლოს ჩემი მზის სხივთან მიგებება. - შენ რა იცი? - დაფიქრდი, ტანჯვის შიშით ფიქრს ნუ გაურბიხარ. სისხლისფრად შეღებილ ეკლიანი მინდვრის ბოლოდან, უკან რომ მოიხედავ, მაშინ შეიგრძნობ აბიბინებულ მინდორზე თავისუფლების სიოს სამოსში განავარდებას. - შენ ჩემში ხარ, მაგრამ ჩემზე მეტი იცი. - იცი რა გაშორებს ქვემოთ მომლოდინე მეგზურს? - სულ რამდენიმე მეტრი და... - და მე, თქვენს შორის მე ვდაგავარ. და ის სასთუმალი, რომელიც შენსა და სამყაროს შორის ღამ-ღამობით იმ ძაფს აბამს, რომელიც გარინდებისას იმედის სახით გამოჩნდება ხოლმე და სიცოცხლის სურვილს გაძლევს, არა იმიტომ რომ სიკვდილი არ გინდა, არამედ იმიტომ რომ ის გწყურია, ის აკრძალული წყაროა, და მისი სიღრმიდან წყლის დალევამდე, ის გზა გაქვს გასავლელი რომელიც ტანჯვითა და სიხარულითაა სავსე, რომლის კიდეებშიც მარადიული საგანძურის პოვნა ძალგიძს, გზა რომელზეც მე შემხვხები და სწორედ იმ საგანძურის სახით შემორჩები სხეულის გარეშე, გარდამავალ ზეცასა და ბურუსით სავსე ტყეებს, მკვდარ სხივებსა და გარინდებისას გამთბარ მცენარეებს, რომელთა წინაშეც დროთა ქარიშხლები იდრეკენ მუხლს. - და ამ დროს შენ სად იქნები? - მე შენ ვიქნები. - ... - ... კუთხეში დადებული კელაპტრის დნობის ხმა ისმოდა ოთახში, სიჩუმე კედლებს ბზარის მოდებით ასკდებოდა, რაღაც სრულიად დაბინდული და ბურუსით მოცულით სავსე ხელოვნება კი, იმ კუთხის მიღმა იქმნებოდა, სადაც თაფლის ცრემლები კანდელს უმტკივნეულოდ ედებოდა. შეცისკრება წყლისფერ სხეულში დაგეძებ, მე ლექსის წერაც მიჭირს, დღეს შენ გეკუთვნის ყველა, მე რაც კი ენა მიჭრის. დაგეძებ გარეთ,დაგეძებ შიგნით, მთელ სამყაროში შენ გეძებ მხოლოდ, და როცა ვერ გტევს ეს დედამიწა, ვფიქრობ ჩემს თავში გპოვო. და როცა ვარხევ ზეცის ჭაღს წვიმით, როცა ინგრევა ტალღებში ტივი, როცა ასკდება კლდეები ქიმით, მე მაშინ ვტირი,მე მაშინ ვტირი. მე მიყვარს შენში სამყაროს არსი, მიყვარს ქაოსი და მღელვარება, მე შენში მიყვარს სიმკაცრე ფარსი, და გაშლილ თმების გაელვარება. მიყვარს სიმშვიდე შენში და ნაზი, სულის ქვითინი და მელანდება, რომ გადავკვეთეთ ჩვენ ყველა ხაზი და მოგვაშორეს მზერა ლანდებმა. იქ გავეშურეთ სადაც მთებია, იქ სადაც უცხოდ გვეტყვიან მზერას, და შენს შემყურე ძვირფასო ნატვრავ, გადავივიწყებ ყველა ბზარს, და ყველა წყენას. მე მივემხრობი უცხო სამყაროს, სადაც ზღვებია, სუფთა ტალღები, და მე შევიგრძნობ ბედნიერებას, ვერ შეივსება ეს ქაღალდები. ვერ დაიკნინებს ღამეებს ლექსი, ვერ დაამშვენებს ცრემლი განთიადს, ვერ წაუძღვება სტრიქონებს მწყემსი, და ვერ დავიწყებ ფიქრებში ღრიალს. ასე მოვკვდები სხეულში ნელა, ასე იხრჩობა სულში ბინდები, და ასე კვდება სიბნელე ყველა, და ვერ ვიცოცხლებ შემობინდებით. ვერ გადიქცევა სხეული ჩონჩხად, ვით მონადირე მოსულ ნადავლად, მე შევიქმნები და შევიცვლები, მე ისტორია შემხვდება გავლად. და ვერ იცოცხლებს პოეტი დიდი, და მე მოვკვდები თუ არ მინდები, მე ვერ შევხვდები საუკუნეებს, როცა მეტყვიან სალამს რინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი