ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები


ღვარცოფად იქცა მღელვარება,  თან დუღს განცდები, 
ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში ერთად, 
კედლებს ღებავენ წარწერებით, იქნება ვცდები, 
ეს სიახლეა, არა ჯანყი − იცვლება მკვეთრად. 

ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ტაძრის კარები,
შვიმი უცვალეს სისწორეს და მახვილ კუთხეებს, 
ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები, 
სახლები დაწვეს, ტყე გაჩეხეს, მოკლეს ხეები. 

ვხედავ შორიდან რად იქცევა ძველი ველები, 
ვხედავ, მდინარემ შეიცვალა კალაპოტები, 
ვუცქერ მზის სხივებს, დაიკოჟრა ჩვენი ხელები, 
მხრებით ვატარეთ უგუნური წლების ზოდები.

ახალგაზრდებმა რომ დახოცეს მკვდარი მონები, 
დახოცეს ყველა: იყვნენ  ყმები თუ ბატონები,
ახალგაზრდებმა კვლავ აღმართეს მოსაგონრები, 
კვლავ აღმართეს ძეგლები და ლახეს გორები, 
მოკლეს უმსგავსო ხმაურობა, მოსპეს ჭორები.

შვიმი (სვან. შუიმ) − აქ. ფორმა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი