სიბნელის აჩრდილები


როს მივცემოდი უბადრუკ ფიქრებს, აზრებს რომ მიკრთობს,
დავუმეგობრდი სიბნელის აჩრდილს, უცხო ხმა მიხმობს,
ბინდს ერკინება მკრთალი შუქი, ვცქერ, ჩემთვის ვფიქრობ:
„დავეხსნები კი მე ამ ბანდილებს?“ − ის ხმა ყურს მიტკბობს,
ღამის გუშაგიც ჩაესვენა, ალიონს ველი,
ვეპასუხები, სულს რაღად მიხშობ!

იმასთან მოაქვს ყორანს სიზმრები მრუმე, თან იხმობს,
თავის შიშებს კი შთააგონებს − უდრეკად ეტყვის:
„გემშვიდობები, სტიქსის შვილო, აზრებს დავინდობ,
სიბნელის აჩრდილს, მკვდართა მდინარეს მწუხრად რომ ერთვის“.
შემიმსუბუქდეს სიმძიმილის მტარვალი ხვედრი,
ვეპასუხები, შენ რაღას მერჩი!

მაცდურად მიმზერს, ოდის კარს მიმტვრევს, ცდუნების ვნება,
ვუფრთხი, თუმც ვეტრფი, შთაგონებისგან არ მაქვს სალბუნი,
ბინდში დავდივარ, ნისლი მეხვევა და მკოცნის, მრჩება
მის ნაფეხურთან ნამტვერალი ფრთხილი ჩურჩული,
ამ ძებნის აგურს ამოვჩიჩქნი მტარვალ სახებას,
ვუცქერ და ვიტყვი, არა აქვს წუნი!

და სილურჯეს, ეჰ, თავს ვეღარ ვაღწევ, ცივს და გამყინავს,
ლურჯი ფიქრები რძისფერ ნათებით ღამით გამყინავს,
ისევ ბინდია, ისევ მკრთალია შუქთა ხორუმი,
ბნელთა აჩრდილი ძვირფასი არის, ვით აბრეშუმი,
ის ხმა კვლავ გმინავს, თითქოს ჩუმი, უბნობს მაცდურად,
ვეპასუხები ამხანაგურად.

ვკითხულობ მას და ვგრძნობ ის ჩიტი თითქოს მოფრინდა,
თითქოს თან მოაქვს სტიქსის წყალი, ხურდებს რომ ითხოვს,
მისი სიშავით სიბნელის აჩრდილს ტოლს არ დაუდევს,
მისი ხაფი ხმით მაცდურ ვნებას გაჩვენებს წმინდად,
რაღას დამჩხავი, ვეტყვი წადი, თუმცა ხმას უწევს,
ვუცქერ ცრემლებით, ხელს ვიწვდენ ხიდად.

უბადრუკ გრძნობებს ხელს ჩავჭიდებ და უფსკრულს ჩამინთქავს,
ნისლად ქცეული მარადიული ოცნებით ვზმანებ,
ზოგჯერ მგონია ეს ფიქრები გრძნობებს ჩამიკლავს,
სიბნელის აჩრდილს თავს ვერ ვაღწევ, სიმღერით მხიბლავს,
განა არ მესმის? − ძვალთა გროვას ხელს დავაფარებ
ვიტყვი, სილურჯეს მე განვაქარვებ.

მერე უეცრად გამოჩნდება ზღვის წყნარი წყალი
და სილაჟვარდეს მივატოვებ უცნობ მხარეში;
შეწყდება წამი, წყდება ღელვა, წყდება თარეში,
აღარც ჩამესმის მომნუსხველად რომ მღერის ალი;
სიბნელის აჩრდილს ხრიალიც კი შეუწყვეტია,
და ძვალთა გროვას ისე დავცქერ, როგორც თივის ზვინს,
ძებნის აგურიც დაიფშვნება, ბერი ქადაგი
შეწყვეტს თხრობას და გაანელებს ვნების მაცდურ ჟინს,
ხმებიც შეწყდება, იფერფლება, რჩება ნაცარი,
მოკვდა სურვილიც, ჩაცხრა სურვილი ავი და შმაგი,
გაქრა ყორანიც და გაფრინდა, ღამეც მშვიდია,
ღამის გუშაგიც უდრტვინველი ცაზე ჰკიდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი