რწმენა
რწმენა (ძმის ხსოვნას) კითხვა რომელიც წლებია თავში უტრიალებს და ხმამაღლა არ აჟღერებს, რატომ არ მიანიშნებს უფალი ადამიანებს სარწმუნოების არჩევაზე? რატომ უშვებს იმას რომ რწმენის გამო ძმა ძმას უპირისპირდება და შვილი მშობელს? - შენ გელაპარაკები შვილო! - აა, გისმენ დედა, ჩავფიქრდი. - რამ ჩაგაფიქრა? - რომ გითხრა არ გეწყინება? - არა, მითხარი. შეკითხვას დედის გრძელი დამოძღვრა მოჰყვა, რაც უკვე ზეპირად იცოდა. აბა რატომ დაუსვა კითხვა? იქნებ მართალია დედა და არ აქვს რწმენა იმდენად მყარი, რომ მსგავსი კითხვები უტრიალებს თავში? ცა ნაცრისფერმა ღრუბლებმა დაფარა, თითქოს მისი ხასიათი ამოიცნეს და გაიზიარეს წუხილი. ივნისის დღე იწურებოდა. სოფლის ტყე-ველის ღაჟღაჟა სიმწვანეში მზე თავის სხივებს ნაირფერად ალიცლიცებდა. მუქი ღრუბელი გადაეფარა და არ დააცადა მოჰფერებოდა დედაბუნებას. ცა მოიქუფრა , აქა-იქ დაიქუხა. სოფლის ცენტრში შეკრებილნი სახლისკენ მიიჩქაროდნენ წვიმის მოლოდინით. მხოლოდ ანდრო იჯდა ქანდაკებასავით, გაყინული მზერით, ფიქრებში ჩაძირულიყო. შემოსძახეს კიდეც, - მალე წვიმა იქნება და გაასწარიო. გაუაზრებლად დაუქნია თავი, თუმცა არ განძრეულა. მაინც რა არის რწმენა? ეკლესიაში სანთელის დანთება თუ მეჩეთში ლოცვების აღსრულება? რომელი გზაა უფალთან მისასვლელად უფრო მარტივი და მართალი? ორი წმინდა წიგნი სხვადასხვა მიმართულებით ქაჩავდა. ორივე რეალური და მართალი იყო მისთვის. მართმადიდებლობა, რომელიც ძირძველი სარწმუნოებაა მისი ქვეყნისთვის და ისლამი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან ესმის და მშობლებს ასე ღრმად სწამთ. რა არის რწმენა? დაუბრუნდე ძირძველს, თუ არ აწყენინო მშობლებს? განა რწმენაა მშობლების სევდიანი თვალები, ისლამზე უარის თქმით? რომელია სწორი გზა? წვიმამ აზრზე მოიყვანა. ზანტად წამოიზლაზნა, ერთ ხელში არყის ბოთლი ეჭირა, მეორეში ჭიქა. ჭიქა გაავსო, მშობლების ნაღდ სიყვარულს გაუმარჯოსო, წაიბუტბუტა და სულმოუთქმელად გამოცალა. ---------------- შვილო, მთელი ღამე აქ იყავი? ამდენი წვიმა გადაიარა შენს ტანზე? გინდა რამე დაგემართოს, ავად გახდე? რატომ მკლავ შვილო, რატომ? არც საკუთარი თავი გეცოდება და არც სხვა? - არაფერი მახსოვს. - გაიხადე სველი ტანსაცმელი, ანთება არ დაგემართოს. ანდრო მშვიდად იხდიდა სველ ტანსაცმელს და წუხანდელს იხსენებდა. დედის შეძახილმა გამოაფხიზლა, - ეს რაა შვილო? რატომ დამღუპე შვილო? დედის დაჟინებული მზერა გულ მკერდს უხრიტავდე. მკერდზე დაიხედა, ხის ჯვარი დაინახა. გონება გაუნათდა და ყველაფერი გაახსენდა: - მობრძანდი, შვილო ჩემო, დახმარება ხომ არ გჭირდება? - კითხვა მაქვს, მამაო. - ბრძანე, შვილო, გისმენ! - რომელია უფრო მართალი გზა, გზა რომელიც ეკლესიაში მოვყავარ და მშობლებს მაკარგვინებს, თუ მოხუცი მშობლები და ისლამი? - მშობლები შვილს არასდროს დაკარგავენ, შვილო ჩემო, მართალი გზა ქრისტეს მიერ განვლილი გზაა. რადგან მოხვედი, უფლის ნებითაა, უნდა მოინათლო და გახდე მართლმადიდებელი. - და ასე მარტივად შესაძლებელია? ისინი არ სჭირდება? რა ჰქვია იმას? - მე ვიქნები შენი ნათლია, შვილო ჩემო. ანდრო შეშინებული უყურებდა მშობლების გაყინულ სახეებს და ახლა, ამ წამს მზად იყო მიწა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა. არც აქ იყო შვება და არც იქ ყოფილა. და მაინც რა არის რწმენა? თუ შვებას არ მოუტანდა რა აზრი ჰქონდა ქრისტიანულად მოქცევას? ვერ ჰპოვა სიმშვიდე. დარდი უფრო მეტად დამძიმდა. მშობლების ნაწყენი, სევდიანი თვალები არ გამოსდიოდა მეხსიერებიდან. მოუმატა დალევას, მთვრალი უფრო ლაღად გრძნობდა თავს. მხოლოდ ის აწუხებდა ცოლ-შვილს არ მოსწონდათ მისი ლოთობა. არავის უფიქრია რატომ სვამდა ამდენს. იქნებ რა აწუხებდა, იქნებ რა დარდს იკლავდა. ---------------- - შენს თავს შეხედე, რას ჰგავხარ, უპრინციპო კაცი ხარ. გვარცხვენ ყველას! - მე, მე არავის ვარცხვენ. მე მინდა დალევა. რთულია ცხოვრებას ფხიზელმა უყურო. შენ სჯობს ის ისწავლო მამას როგორ ელაპარაკო! - შენნაირ მამას რა უნდა ველაპარაკო საერთოდ! - ხოო აბაა რაა, თურმე რთული ყოფილა. შენ ხელში ჩემთვის არაა რთული ცხოვრება? მე შტერმა ავდექი და შენ შეგწირე ჩემი ახალგაზრდობა და კარიერა. მხარი აუბა შვილს ცოლმა. - ვინ დაგაძალა? ერთხელ გითხარი ცოლად გამომყე მეთქი და გამისწარი. - ჰო, აბა რაა, ის დღე დაიქცა შენ რომ გამოგყე ცოლად. - განა რა მოგაკელი? საუკეთესო გაქვს ყველაფერი. სოფლის ქალები შემოგნატრიან. შენი ბედნიერებისთვის არაფერზე ვიხევ უკან, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ხარ ყოველთვის. ერთხელ ცხოვრებაში შეგიძლია უსიტყვოდ გამიგო, სიყვარულით შემომხედო როგორც ადრე? შვილები არ დაგეშო ჩემ წინააღმდეგ? იქნებ ჩემს სულშიც ჩაიხედო? სული დაეწვა, მკერდში ჩხვლეტა იგრძნო. როდის დადგა შემოდგომა ჩვენს ურთიერთობაში? როდის დასრულდა სიყვარული და პატივისცემა. სოფლის ულამაზესი ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. ოო, როგორი ამაყი იყო, როგორი ბედნიერი. სამუდამო უნდა ყოფილიყო სიყვარული და ბედნიერება. რაღაც აკლდა ურთიერთობაში, მხოლოდ ცოლ-ქმრობა არ აკმაყოფილებდა. მეგობარი სჭირდებოდა, მრჩეველი, მესაიდუმლე. ოო, როგორ უნდოდა ხანდახან ეტირა ცოლის კალთაში, მაგრამ ეშინოდა, ეშინოდა რომ ლაჩრად ჩათვლიდა და ამ შიშმა უფრო შეაშინა. დასალევში ჰპოვა სიმშვიდე, შედეგზე არც უფიქრია. --- - ანდრო, მეგობარო, მირჩიე რა ვუშველო ჩემს სიძეს? გალოთდა და გააწამა ჩემი შვილი. - ლოთობას ეშველება ჩემო გელა, მაგრამ მის სულს და გულს ვერ უმკურნალებ. - სული და გული რა შუაშია დალევას დაანებოს თავი ის მინდა. მითხარი შენ სად ჩაიტარე მკურნალობა? - სულში ჩახედეთ იმ შენს სიძეს, გელა, სულში ჩახედეთ, იქნებ ის უკეთესი მკურნალი აღმოჩნდეს. - რას ბოდიალობ, კაცო, მომეცი მისამართი. ---- - შვილო, დაისვენე, დღე და ღამე გარეთ ხარ გაცივდები, ავად გახდები, შვილები დაიყენე გვერდით და შეგიმსუბუქებენ საქმეს, ასე აღარ დაიძაბები. - ვერავის ვანდობ ჩემს საქმეებს, დედა, ჩემსავით ვერავინ გააკეთებს. - აბა მოიკალ თავი მაშინ. წელი ძალიან გტკივა, მიდი ექიმთან და მიხედე თავს. - ჰოო, მივალ. ---------- ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე. ლაბირინთში დადიოდა და გასასვლელს ვერ პოულობდა. პრობლემები თავზე საყრელად ჰქონდა. საკუთარი თავისთვის ვერ იცლიდა. თითქოს მაგნიტივით იზიდავდა პრობლემებს და გულს სტკენდა ახლობლებს. ძმას აწყენინა, ისე აწყენინა თვალს ვერ უსწორებს. საუბარი უნდა და მისვლას ვერ ბედავს. საქმე ისე გაუფუჭა სამსახურის შოვნის შანსი დააკარგვინა. ძმის საყვედურმა გული ატკინა, მიუხედავად იმისა სამართლიანი იყო საყვედური. საუბარი უნდა, ყვირილი, ხმამაღლა ყვირილი, რომ დაცალოს დარდი. მოისროლოს შორს. იქ სადაც ხმამაღლა ფიქრი შეეძლო, ერთადერთი და იყო. მასზე ასაკით ძალიან უმცროსი იყო და განებივრებული ბავშვივით იყო მასთან. თამამად და უკომპლექსოდ შეეძლო დაეტუქსა ძმა, თუ რამე არ მოეწონებოდა. ტუქსავდა კისერზე დადებული პასუხისმგებლობების გამო. ფინანსურადაც შველოდა ხანდახან. ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ მშველელად მოიაზრებდა ნაბოლარას. ასაკის მიუხედავად შეეძლო ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა დასთან. საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბრობდა და იცოდა, მიუხედავად იმისა არ მოსწონდა დას მაინც არ გალანძღავდა. სიყვარულით დატუქსავდა და ხმამაღლა გადაიკისკისებდა. როგორ მოსწონდა ეს კისკისი, ნაღდი, სიცოცხლით სავსე. თან, რომ დასცინოდა, თან რომ დატუქსვაც იგრძნობოდა. თითქოს ვერ ხვდებოდა, რომ ამ სიცილით სტიმულს აძლევდა ძმას საუბარი გაეგრძელებინა და გული მოეოხებინა. უგებდა, უსიტყვოდ უგებდა ნაბოლარა და. ყურადღებით უსმენდა, ხან ეთანხმებოდა, ხან ტუქსავდა, -არ არის კარგი ქცევაო. მოკლე და აზრიან რჩევას აძლევდა, ასე უკეთესი იქნებაო. თითქოს აღსარებას აბარებდა. გულზე დარდი ეშვებოდა. ბოლომდე ენდობოდა მას, იცოდა ნათქვამი აქვე დარჩებოდა. სჯეროდა. რუტინად იქცა ზაფხულის ცხელი, თეთრად გათენებული ღამეების შემდეგ დილის ექვს საათზე დაიკოს აივანზე დაელია ფინჯანი ყავა თანმხლები აღსარებით, სულს, რომ უმშვიდებდა, ამსუბუქებდა. აქედან სამუშაოზე მიდიოდა და თან მიჰქონდა სულის სიმსუბუქე და დის დამოძღვრა, მეორე დილამდე რომ ჰქონდა სულის საკვებად. ეშინოდა ეკითხა იმაზე რაც ძალიან აწუხებდა წლებია - და მაინც რა არის რწმენა? ეშინოდა მისთვის სასურველი პასუხი რომ არ გაეცა დას, სულიერად დაშორდებოდა, ვეღარ ირწმუნებდა მართალ ადამიანად, დაიჯერებდა, რომ ისიც ქალია, ერთი ჩვეულებრივი ქალი მოკლე აზროვნებით. ეს კი არ უნდოდა. სულ ახლახანს დაუახლოვდა მას, ახლა გაიცნო, ახლა იგრძნო მისი სულიერად ახლოს ყოფნა. სულში უძვრებოდა თითქოს, ერთი შემოხედვა და ვერ გამოაპარებდი ვერაფერს. არამქვეყნიურს ჰგავდა, თითქოს შენს აზრებს კითხულობდა. თავს კარგად გრძნობდა მასთან, ჩიტივით ლაღი იყო, თამამად და გულწრფელი საუბარი თავისით იმართებოდა. არ უნდოდა ეს სიახლოვე დაეკარგა. კითხვას, რომელიც წლებია ტვინს უჭამდა შეეძლო ეს სიმშვიდე დაერღვია. ------ ზაფხულის დილა თენდებოდა, გრილ ღამემაც ვერ შეძლო გაეგრილებინა ადუღებული ქალაქი. ცხელოდა, ოფლი წვეთებად ასხამდა სხეულზე და ღვარებად სდიოდა. სუნთქვა ჭირდა. ოო, რა კარგია ახლა სოფოსთან! ღია ტერასაზე საიდანაც ქალაქის ხედი ხელისგულივით გადაშლილა. ზღვიდან მობერილი გრილი ნიავი სასიამოვნოდ გელამუნება. მართლა გაბუტულები კი არ ვართ, დავურეკავ, მივალ მასთან, ყავას ერთად მივირთმევთ. სულ სხვა რამეზე ვისაუბრებთ, ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არც ვახსენებ. ჰმ, პოლიტიკური წამოწყება. თავი მწარედ გააქნია ანდრომ. დის სიტყვები გაახსენდა: - არ გინდა, ანდრო, გთხოვ, პოლიტიკა ძალიან ცუდია, არ გჭირდება შენ ეს, შენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, ვერც კი მოიცლი ხალხს გაესაუბრო, არ ღირს ამისთვის ხალხის მომდურება. - არავის მოვიმდურებ, დავინახავ ჩემს სახეს ხალხში, დავინახავ სამეგობრო, სანათესავო, სანაცნობო წრის რეალურ დამოკიდებულებებს ჩემ მიმართ. - და რომ არ მოგეწონოს შედეგი? მერე? მერე უნდა დაჯდე და ინერვიულო? - აარა, რატომ? რა მაქვს სანერვიულო? ყველას თავისი აზრი აქვს. არჩევანიც თვითონ უნდა გააკეთონ. - მაგრამ როცა გგონია მოსწონხარ, უყვარხარ, პატივს გცემენ და ბრმა საზოგადოება ამ ღირსებებს გაჰყიდის მატერიალურ კეთილდღეობაზე, ეს გატკენს გულს. ვიცი, არ აჩვენებ არავის წყენას, მაგრამ ხომ ვიცი გულის რომელიღაც კუნჭულში სევდა მაინც დაიდებს ბინას. გინდაა დაიმატო კიდევ ერთი? - ის მაინც მეცოდინება საზოგადოების რა ნაწილში, რა ადგილი მიკავია. იმას მაინც გავიგებ პატივისცემა ჩემ მიმართ მართლა ჩემი სიყვარულითაა თუ... - დღეს დასალევში ყველას ყველა უყვარს, ანდრო, მაგრამ თუ სხვა ცოტათი მეტს შესთავაზებს ხალხს, მაშინვე დაავიწყდება შენი. შეიძლება ტალახიც გესროლონ რატომ მეტი არ გაუკეთე. დაფიქრდი, გთხოვ, არ გინდა ეგ საქმე. როგორ არ დაუჯერა დას, როგორ არ მოუსმინა, როგორ არ გაიაზრა. თვითონაც ხომ იცოდა მართალი იყო სოფო. ხომ იცოდა ხალხი ბრბოა და თუ მოინდომა ლიდერი საითაც უნდა იქით წაიყვანს. არ დაუჯერა, თუმცა ისედაც იცოდა ეს ყველაფერი კარგად. ჩვეული სიჯიუტე გამოიჩინა და აჰა, შედეგიც. არა, არ დარდობს, ეს ხომ ისედაც იცოდა. ანდრო იმას დარდობს, მისმა საყვარელმა დამ, მისმა ნაბოლარამ სთხოვა, იქნებ გავიბუტოთ მანამდე სანამდე არ დაასრულებ პოლიტიკურ საქმიანობასო. მე ქალი ვარ და არ მინდა ბევრი ვიცოდეო. ოო, როგორი აზრიანია, წინდახედული, მაგრამ როგორ უნდა მასთან ლაპარაკი. დასთან საუბარი ასაზრდოებდა, კვებავდა. უჭირს, როგორ უჭირს, მაგრამ არც ის უნდა შეაწუხოს ნაბოლარა. არ უნდა უხერხულობა აგრძნობინოს ქმრის ოჯახთან. ღმერთო, რატომ? პრობლემები რატომ არასდროს სრულდება...? ------ - დამატებითი კვლევები გჭირდებაო, არ არის საკმარისი კომპიუტერული კვლევაო. მგონი რაღაც სერიოზული მჭირს და არ ან ვერ მეუბნებიან. სოფოს სული შეეკრა, ტუჩები აუცახცახდა. ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ეტირა. არ უნდოდა ანდრო მიმხვდარიყო, ის ხომ ისეთი ჭკვიანია, ვერაფერს დაუმალავ. - უფლება არ აქვთ დაგიმალონ, ანდრო, აუცილებლად გეტყოდნენ ყველაფერს, რადგან გითხრეს დამატებითი კვლევაო ალბათ ასეა საჭირო. - ჰოო, რავიცი. - იქნებ მოხვიდე ჩემთან, ვიმუსაიფოთ ყავის თანხლებით? - ძალიან მტკივა ფეხი, თუ შევძელი ძალიან მინდა, მომენატრა... ანდრო გაჩუმდა, ის ხომ არავის აჩვენებდა თავის ემოციებს. ------- იქნებ მამა გაბრიელის საფლავზე მივიდე და ვთხოვო გადარჩენა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ჯერ სიკვდილი ადრეა. მძიმეა დიაგნოზი, თუმცა არ სჯერა, მედიცინაც ხომ ცდება ხშირად? სასწაულებიც ხომ ხდება? მაგრამ სასწაულისთვის ხომ უნდა გწამდეს? რა არის რწმენა? აუცილებლად ეკლესიისკენ ან მეჩეთისკენ მიმავალი გზაა? რწმენა ხომ სიყვარულია, სიკეთის კეთებაა, მოყვასის დახმარებაა? მაშ რა აუცილებელია დღეში ხუთჯერ ლოცვა, ან სანთლის დანთება და ლოცვების ჩაკითხვა? ახლა ლოცვების სწავლით უნდა დავღალო გონება? უფალს ხომ ყველაფერი ესმის, გრძნობს? განა ვერ ხედავს არ ვარ ბოროტი? განა ვერ გრძნობს ჩემს გულში რა ხდება? იქნებ უპატიებელი ცოდვაც მაქვს? უპატიებელია მშობლების გამო რომ მოვინანიე ქრისტიანულად მონათვლა? უფალმა ხომ იცის მშობლების გულის ტკენა არ მინდოდა, მათი ნაღვლიანი მზერა გამყვებოდა სიცოცხლის ბოლომდე. განა რწმენა არ არის მშობლებზე ზრუნვა? რწმენა მხოლოდ სანთლის დანთება ხომ არ არის? უნდა მივიდე, ეს ბოლო შანსია ჩემი, იქნებ მამა გაბრიელმა მიშველოს, მშობლებს არ ეწყინებათ, ახლა ხომ ჩემი სიცოცხლისთვის ლოცულობს ყველა. არ მომწონს თვალს რომ მარიდებენ, არც ის მომწონს სიბრალულს რომ ვხედავ მათ თვალებში. მე სიკვდილის არ მეშინია, უფლის ნებაა ადამიანის მოსვლაც და წასვლაც, მაგრამ ჯერ არ არის სიკვდილის დრო არა, ღმერთო, ამდენ პრობლემას ოჯახს ვერ დავუტოვებ! იქნებ ერთი წელი მაინც დამიმატო? მოვასწრებ, ამ ერთ წელიწადში მოვასწრებ გამოვასწორო შეცდომები. ---- მოახდინა, სასწაული მოახდინა მამა გაბრიელმა, ინვალიდის ეტლით მივედი და ფეხზე დავდექი, ჩემი ფეხით მოვედი სახლში. აი, სასწაული. ახლა გავიგე რა არის რწმენა. რწმენაა რაღაცის იმდენად გჯერა, მასში ეჭვიც არ გეპარება ოდნავაც. რწმენაა როცა იცი უპირობოდ უყვარხარ მშობლებს. მაგრამ ეჭვმა გამკრა გულში, - რომ არ მიშველოს? ...და, ასეც მოხდა. ეჭვი უფრო გაღრმავდა. იქნებ დროებითია? განა მიშველის მამა გაბრიელი? - და... და მე მოვწყდი, მუხლები მომეკვეთა, ძალა გამომეცალა. ეს იყო საკმარისი სასოწარკვეთისა, უიმედობისა და ვგრძნობ როგორ დავცარიელდი, გავმსუბუქდი. აღარაფერი მადარდებს, რატომ? ჩემთვის სულ ერთია აქ ვიქნები თუ სხვაგან. მხოლოდ ერთი მინდა ჩემს სახლში მინდა, ქალაქი არ მინდა, აქ სუნთქვა მიჭირს. ვთხოვ, ვყვირი, წამიყვანონ სახლში, იქ სოფელში სადაც ყველაფერი უფალს მაახლოებს. ჩემი არ ესმით. ძალას ვიკრებ და უფრო ხმამაღლა ვყვირი, მაგრამ გაკვირვებული მიყურებენ და არაფერს აკეთებენ. განა არ შეიძლება თხოვნა შემისრულონ? რატომ არ ესმით ჩემი? განა ჩემი დარდი ყოველთვის ეს არ იყო? არასდროს არავის ესმოდა ჩემი. ვხედავ როგორ მოდიან ჩემთან, მელაპარაკებიან, იმედს მაძლევენ, მაგრამ მე, მე დავკარგე უფლის რწმენა, მე ეჭვი შემეპარა მასში. მე... მე, მზად ვარ უფალო! მახსოვს დედის დანახვაზე უკან გადავიგდე ჯვარი. რწმენა ხომ ნდობაა, მაშ რა აზრი აქვს საგნებს ჩვენს ყოფიერებაში? მაშ, რატომ გავუხეთქო ისედაც გულგახეთქილ დედას გული? რწმენა ბიბლია არ არის, რწმენა ყურანი არ არის, რწმენა გულშია და ის არ უნდა გაქრეს და დაიკარგოს. ან რწმენა ორივეა, ორივე გიყვარდეს, ორივე გწამდეს. განა რაში უშლის ხელს ერთინ მეორეს? განა ორივე უფლის სადიდებლად არ გაჩენილა? განა ეკლესიაშიც და მეჩეთშიც უფლისთვის არ ლოცულობენ? მაშ, რა გჭირთ, ადამიანებო, რატომ კამათობთ ამისთვის? რწმენა სწორი და მართალი გზით სიარულია. უფალთან მხოლოდ შენი ნაკეთები საქმით წარსდგები. გულით სადაც შენი ზრახვებია, ემოციებია, გულს და გონებას ატარებენ მხოლოდ ისე, როგორც რენტგენის აპარატში. ---- სასაცილოა, ზემოდან რა უცნაურია თქვენთან დედამიწაზე ყველაფერი. მე უკვე გავიხადე ჩემი სხეული როგორც ტანსაცმელი და თქვენ დაგიტოვეთ. გავემგზავრე უფლისკენ. თქვენ კი, თქვენ კი, ადამიანებო, რას უშვრებით ჩემს სხეულს? ის ხომ მიწაა, მტვერია, ნუ აყოვნებთ, დაუბრუნეთ ის თავის ადგილს, მიწად იქცეს. უფალი ამით ახალ ქმნილებას გამოძერწავს. დავტრიალებ თავზე ჩემს სხეულს და ვხედავ როგორ ტირის ყველა, მე ხომ უფალთან წავედი, განა არ უნდა გიხაროდეთ? დედა, არ უნდა იტირო, არა! არ ესმით ჩემი, ისევ არ ესმით. მინდა დაგამშვიდოთ, რომ მშვიდად წავიდე უფალთან. არ მიყვარს დარდიანი არც დედა, არც ცოლი და არც სხვა დანარჩენი. ამას რას ვხედავ, ეს რა კარგად მოუფიქრებით, მარჯვნივ ყურანი დევს, მარცხნივ ბიბლია. აქეთ მამაო ლოცულობს შვილებთან ერთად, მეორე მხარეს მოლლა მშობლებთან და ცოლთან ერთად. რა კარგი სანახავია. როგორი ლამაზია ეს ყველაფერი. სიცოცხლეში ვნატრობდი ამ წუთს და ახლა, როცა გარდავიცვალე მაშინ ვნახე . ვნახე შეთანხმება, რელიგიებსა და ადამიანებს შორის. ალბათ ჩემი გარდაცვალება აუცილებელი იყო ამისთვის?! ესეც პასუხი ჩემს კითხვაზე, რა არის რწმენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი