სირცხვილი


- ისევ დააგვიანე, ტრადიციად აქციე დაგვიანება!
- მაპატიეთ, მასწავლებელო!
- უკვე მერამდენედ? სათვალავი ამერია. იცოდე, ეს ბოლოჯერ!
- კარგი, მასწავლებელო.
...........
- ისევ ვაგვიანებ. მასწავლებელმა, - აღარ დააგვიანოო.
- იჩქარე, შვილო.
- კარგი, დედა.
..........
- ისევ დააგვიანე, მორჩა, მშობლის გარეშე აღარ დაგინახო სკოლაში!
- ...
- გესმის? არ დაგინახო მშობლის გარეშე! გადი კლასიდან!
თავი არ აუწევია. გაფითრებული, აკანკალებული გავიდა კარში. ფეხები უკან რჩებოდა.
დედა იდარდებს. - ფიქრობდა ბიჭი.
............
- რა სჭირს შენს მოსწავლეს, ნინო? მუდმივად აგვიანებს, სასწავლო ნივთებიც არა აქვს ხშირად.
- არ ვიცი, რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? იქნებ სახლში მივაკითხო და მშობელს იქ დაველაპარაკო? არც ის ვიცი სად ცხოვრობს, ბევრჯერ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი.
- ჰკითხე მოსწავლეს.
- არაფერს ამბობს, დუმს.
- მოიფიქრე რამე, ეს შენი პირდაპირი ვალია, დამრიგებელი შენ ხარ!
- კარგი, დირექტორო, გავარკვევ.
...............
​ნინოს მთელი ღამე არ უძინია. მოსწავლის ათრთოლებული სხეული, კლასში დარჩენილი გაყინული მზერა გონებიდან არ გამოსდიოდა. „არა, რაღაც პრობლემა აქვს, აშკარად აბულინგებს ვინმე, ალბათ უფროსკლასელი. უნდა გავარკვიო რა ხდება“.-ფიქრები არ ასვენებდა მას.
​დილა უხალისო იყო ნინოსთვის, თითქოს რაღაც ღრღნიდა შიგნიდან, რაღაც აწუხებდა, რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. უსაუზმოდ, აჩქარებული გავარდა სახლიდან.
კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. იგივე დრო, იგივე სიტუაცია. ოღონდ ბიჭი იყო სხვანაირი, თითქოს. თავდახრილი, ათრთოლებული, სიცივისგან ხელები და ცხვირი დასწითლებოდა. იდგა კარში და ელოდებოდა მასწავლებლის დატუქსვას.
- მობრძანდი, შვილო, გელოდებოდით.
ბიჭის გასაკვირად მშვიდი და თბილი იყო მასწავლებლის ხმა, არც დაცინვა იგრძნობოდა. ფეხი მორიდებით შეაბიჯა იმის შიშით, რომ მასწავლებელი უკან მიაბრუნებდა. არაფერი უთხრეს. კლასში ასეთი სიჩუმე არასდროს ყოფილა. მასწავლებელმა დაარღვია სიჩუმე. მშვიდი ხმით ხსნიდა ახალ გაკვეთილს. ბიჭი თამამად შევიდა კლასში და თავის მერხს მიუჯდა. ,,რა თბილი და კარგია მასწავლებლის ხმა, დედის ნანასავით.“ კლასში სითბო იყო. მასწავლებლის თბილი ხმა სასიამოვნოდ ჩაეღვარა გულში.
- აბა, მალხაზ, რა მოგვიმზადე დღეს?
- მასწავლებელო, საშინაო დავალება შევასრულე, მამა დაბრუნდა და რვეულები და წიგნები მიყიდა.
- ყოჩაღ! რა კარგად შეგისრულებია დავალება. გაკვეთილიც გისწავლია, ასე უკეთესი არაა?
- დიახ, მასწავლებელო, აწი სულ ვისწავლი და სულ შევასრულებ დავალებებს! კლასელები გაოცებული უყურებდნენ, ტაშს უკრავდნენ, აქეთ-იქიდან ისმოდა მათი შეძახილები,
- ყოჩაღ, მალხაზ!
- მალხაზ! მალხაზ! გაიღვიძე!...
ბიჭმა თვალები გაახილა, მასწავლებელი გაკვირვებული უყურებდა.
- ხომ კარგად ხარ?- ჰკითხა მასწავლებელმა.
ჩასძინებია. როგორ რცხვენია. ეს რა მოუვიდა. ნეტა რამდენი ხანი ეძინა? თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ხმის ამოღება არ უნდოდა. ლამაზ სიზმარზე ფიქრობდა, სინამდვილეს რომ ასე ჰგავდა. თავი მიაბრუნა, რომ ღაწვზე მოციმციმე ცრემლი არ შეემჩნიათ. ყელში ბურთი გაეჩხირა, თითქოს ახრჩობდა. საპირფარეშოში გავარდა და ხმამაღლა აქვითინდა. მიზეზი არ იცოდა რატომ ტიროდა...
.............
- დირექტორო, მე ადრე უნდა გავიდე, საქმე მაქვს.
ნინომ ნაბიჯს აუჩქარა. ბიჭი ქუჩას მიუყვებოდა. ქუჩის ბოლოს მარჯვნივ შეუხვია, პარალელურ ქუჩაზე გადავიდა და აჩქარებით ჩაირბინა ქუჩის ბოლომდე. თოვლიან ქუჩაზე მისი პატარა ფეხის ნაკვალევი რჩებოდა. მასწავლებელი უკან მიჰყვებოდა, ეშინოდა არ შეემჩნია ბიჭს. არც ის უნდოდა თვალთახედვიდან დაჰკარგვოდა.
უცებ შედგა. აქოშინებულს სუნთქვა შეეკრა. მზერა გაეყინა. ფეხებში სიცივე იგრძნო. თანდათან აზრი დაუბრუნდა. მიწა მოსინჯა ფეხქვეშ მყარი თუ იყო. ხელი აიქნია იმ იმედით, რომ რასაც ხედავდა არ იყო რეალური და მოიშორებდა. გუშინდელს მერე, რომ არ ასვენებდა იმ გრძნობამ მოიმატა გულში. ტკივილად გადაიქცა და ყელისკენ წამოვიდა. თავის შეკავება არც უცდია, თვალები ცრემლით აევსო და ბავშვივით აზლუქუნდა.
ბიჭი მალხაზი ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალბატონს ეხუტებოდა და ნება-ნება მიირთმევდა დედის მიწოდებულ თავწატეხილ ფუნთუშას.
- დედა, შენ ხომ ნამდვილად ჭამე და აღარ გინდა? ჰაა, დედა?
- კი, შვილო, შემოგევლოს დედა, მე აღარ მინდა.
- დღეს ბევრი იყო კეთილი ხალხი, დედა?
- სულ რამდენიმე, შვილო, სულ რამდენიმე. ყველას თავისი გასჭირვებია, დედი.
- დღეს სად დავიძინებთ, დე?
- ისევ იქ, შვილო, ორ სახლს შორის ნაკლები ქარი და სუსხია, დედა გენაცვალოს!
- ჩვენი, ნამდვილი სახლი როდის გვექნება, დედა?
- შენ, რომ კარგად ისწავლი, დედას სიხარულო, შენ, რომ ბეჯითი იქნები, ღმერთსაც გაუხარდება და ბევრ კეთილ ადამიანს გამოგვიგზავნის. ბევრ ფულს გვაჩუქებენ, შევაგროვებთ და ლამაზ სახლს ვიყიდით.
- იმ სახლს ჩემი ოთახი ხომ ექნება, დედა?
- ექნება, შვილო, ექნება.
- წიგნები და რვეულებიც ხომ იქნება იმ ოთახში, დედა?
- იქნება, შვილო, იქნება.
ნინო მასწავლებელი თავჩაღუნული, გაწბილებული უკან გამობრუნდა.
შერცხვა, რომ ყოველ დილით ცხელ ჩაის მიირთმევს ბუტერბროდთან ერთად.
შერცხვა, რომ ჭამის კარგი მადა აქვს და გემოვნებიანად მიირთმევს იმას რაც მოუნდება.
შერცხვა, რომ ძვირიანი ფეხსაცმელი აცვია, რომელიც ახლახან იყიდა, რადგან სხვა დანარჩენი პალტოს ფერს ვერ შეუხამა.
შერცხვა, რომ ძვირფასი ყელსაბამი უკეთია. ყელი დაეწვა და მიხვდა, რომ ეს მარგალიტის მძივი უწვავდა.
შერცხვა, რომ საკმაო თანხა გადაიხადა საათში, რომელიც ორი დღის წინ გამოიწერა ერთ-ერთი პოპულარული საიტიდან. მაჯა გაეყინა, ეს ალბათ საათმა გაუყინა. 
ახლა შეამჩნია, რომ ადამიანები ღიმილით კი არა, ნაწყენი სახით უყურებდნენ, თითქოს საყვედურობდნენ.  
შერცხვა ყოველი დღის, შერცხვა, რომ თავის მცირე ხელფასზე წუწუნებდა კოლეგებთან მუდმივად. შერცხვა, რომ კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობს. შერცხვა, რომ...
გარშემო თითქოს სამყარო აყვირდა - სირცხვილი... სირცხვილი... სირცხვილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი