ანგელოზი


თოვლიან ქუჩას შიშველი ფეხის ნაკვალევი აჩნდა. პატარა ფეხის პატარა ნაკვალევი. ანგელოზს ჩამოუვლია, გაიფიქრა მასწავლებელმა, აბა, ფეხშიშველ ბავშვს რომელი ჭკუათმყოფელი დედა გამოუშვებს ასეთ ამინდში?!
ნაკვალევს მიჰყვა და ფიქრებმა გაიტაცა: ნეტა ვისთან მიდის ანგელოზი? ვის დახმარებას ცდილობს? მისდაუნებურად ტელეფონს მოუჭირა გაყინული თითები. მოუნდა, ფოტო გადაეღო მიწაზე ჩამოსული ანგელოზისთვის.
ნაკვალევი, რომ ახალია, უკან დატოვებულ ნაფეხურებში ავსებული თოვლი მოწმობდა. 
ნაფეხურები შეწყდა. 
გამიფრინდა? სინანულით გაიქნია თავი მასწავლებელმა. ალბათ მიხვდა მას მივყვებოდი და გამიფრინდა. გამიფრინდა ისე, რომ ვერ დავინახე. ნაკვალევი ტროტუარიდან ქუჩაზე გადადიოდა და დიდ ნაგვის ურნასთან წყდებოდა. უკან მიიხედა , თოვლის ნამქერი პატარა ნაფეხურების გაქრობას ცდილობდა.
ტროტუარიდან ჩააბიჯა. დიდი ნაგვის ურნის უკან, ტროტუარის კიდემდე, თოვლიან ასფალტზე მიყუჟული, აკანკალებული, ფეხშიშველა, ჭუჭყიან და დაძონძილ ტანსაცმელში, ქერაკულულებიანი ანგელოზის ცისფერი, ცრემლიანი, მშიერი და სევდიანი თვალები შემოეფეთა...
22.10.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი