ბედობა


-	მინდა სულ დამებედო!
-	სულ დაბედება როგორია?
-	სულ, სულ ერთად რომ ვიყოთ.
-	ჩვენ ხომ ერთად ვართ?
-	სულ ერთად...
-	რა გინდა რომ გავაკეთო? დავანებებ სამსახურს თავს და დავჯდები სახლში, ვინ იმუშავებს? ვინ მოიტანს სახლში ოჯახის სარჩენ ფულს?
-	...
-	კარგი, წავედი, ვმუშაობ!
-	იქნებ ხვალ დილით მაინც მოახერხო ადრე მოსვლა...
-	იცი, ვმუშაობ. ჩემი სამსახური ,,ნუცას სკოლა“ ნუ გგონია. საქმეებს როცა მოვრჩები მოვალ. ტელეფონზე არ დამირეკო.
-	კარგი...
როდის დადგა შემოდგომა, როდის აცივდა ჩვენში? როდის გაცივდა ასე გული? იქნებ მართლა ეჭვიანი ვარ და მესაკუთრე? იქნებ მართლა ზედმეტი მომდის?  იღლება სამსახურში, ღამეებს ათევს, მე კიდევ, მე კიდევ გული გავუწყალე ჩემი სიყვარულით... ჰმ, ჩემი სიყვარულით, განა შეიძლება სიყვარულით გული გაუწყალო ადამიანს? 
არაუშავს პირველად ხომ არა ვარ ბედობას მარტო? 
ამჯერად მოახერხებს და ერთად ვიქნებით, ამ ბედობას მაინც.


-	დილა მშვიდობისა!
-	რა გინდა? ხომ გითხარი არ დამირეკო მეთქი?
-	დაგაგვიანდა და მოგიკითხე.
-	საქმეზე ვარ.
-	ხომ მოახერხებ...
-	არ ვიცი, არ ვიცი, ვმუშაობ, კი არ ვთამაშობ ამ დედა ...
-	კარგი, მაპატიე...
კიდევ უნდოდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ტელეფონი გაითიშა. გული ისევ ეტკინა. ისევ ჩასწყდა რაღაც შიგნით, თან წაიღო ოცნება... - შენ რომ მოგწონს ის კერძები მოგიმზადე... სულ ტყუილად გავაწყვე მაგიდა. 
ანა უგუნებოდ ალაგებდა სიყვარულით გამზადებულ სუფრას და ეჭვი გულს უღრღნიდა, არ ასვენებდა. თითქოს ვიღაც ეჯდა თავში და დაჟინებით ეჩიჩინებოდა, - აღარ უყვარხარ, გაახილე თვალი, ვიღაც ჰყავს, როგორ ვერ ხვდები? - არა, არა, ანას გულის მოსანადირებლად რამდენი გააკეთა, რა უცნაურობები არ ჩაიდინა, სიყვარულს ეფიცებოდა თოვლში, ყინვაში მუხლებზე დავარდნილი, ,,- მოვკვდები უშენოდ, გადამარჩინე, ცოდვას ნუ დაიდებო.“ - ნუთუ შეუძლია სხვა შეიყვაროს, მას მერე რაც ერთად გამოვიარეთ? ნუთუ... 
-	ქალბატონო ანა!
-	გისმენთ ბატონო.
-	საავადმყოფოდან გირეკავთ.
-	რაო, საიდან?
-	შენი მეუღლე საავადმყოფოში მოიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა.
-	... 


-	სად არის ჩემი ქმარი, სად არის, მაჩვენეთ!
-	ახლავე, ქალბატონო, დამშვიდდით.
-	მასთან ერთად ქალბატონი იყო მანქანაში, იქნებ ამოიცნოთ.
-	ქალბატონი?
-	დიახ, ქალბატონი გარდაიცვალა. თქვენი მეუღლე რეანიმაციულ განყოფილებაშია. - ექიმი ცივი ხმით ეკითხებოდა, ანა მისი ტუჩების მოძრაობას აკვირდებოდა, ხმა ესმოდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, ვერ იაზრებდა რას ეკითხებოდნენ.
-	არ ვიცნობ, არ მინახავს. ამოილუღლუღა ანამ. თავბრუ დაეხვა და კედელთან ჩაიკეცა.


-	ანა, როგორ ხართ?
-	უი, ბატონო გრიშა, თქვენ ბრძანდებით? ახლა უკვე კარგად, არა მიშავს. 
-	ნიკა წუხელ დაეთხოვა სამსახურიდან, ორი დღის ნებართვა მთხოვა,  მეუღლესთან ერთად მინდა ბედობის გატარება, ბაკურიანში უნდა წავიყვანოო. ნასვამები ხომ არ იყავით, როგორ მოგივიდათ შემთხვევა?
-	მე, მე ...
-	კარგი, კარგი, ძვირფასო, დაისვენე, ნუ გაიხსენებ, დაივიწყე, ყველაფერი კარგად იქნება, მადლობა უფალს ცოცხლები ხართ, ისეა დამტვრეული მანქანა, სასწაულია თქვენი გადარჩენა.
ანას ბურთი გაეჩხირა ყელში, თითქოს ახრჩობდა, ცოტაც და გაიგუდებოდა. ცრემლებმა იმარჯვა და  დაიღვარა ფერმკრთალ ღაწვებზე. - ბაკურიანი, ბედობა, სამსახური, ოჯახის სარჩენი ფული, - თავში სიტყვები ბუზებივით ირეოდა. 
ძილი უნდოდა, გამოღვიძება ტკივილად ექცა. ძილი ერჩივნა ლამაზი სიზმრებით: 
თოვლზე სრიალებდნენ. ათოვდათ. ციოდა, მაგრამ არ აღელვებდათ, ერთმანეთის სიყვარული ათბობდათ. ერთად ყოფნა უხაროდათ...


-	უკვე ორი თვეა საავადმყოფოში ხარ, ძვირფასო, უნდა იკვებო კარგად, მალე უნდა დადგე ფეხზე. მშობლებს უჭირთ უშენოდ.
-	შენ, შენ, ანა? შენ არ გიჭირს უჩემობა? თუმცა სულ უჩემოდ არ იყავი? როგორ შეგიძლია მაპატიო, როგორ შეგიძლია დაივიწყო ყველაფერი... ნიკა ცრემლებს ჩუმად ყლაპავდა და ცოლს თვალებში ვერ უყურებდა. საკუთარ თავთან პირობას დებდა, რომ გააბედნიერებდა ცოლს, სიხარულით აავსებდა, ყველა დღეს დღესასწაულად აქცევდა.



-	ანა, მოემზადე, ჩაალაგე ჩემოდანი, ბედობა ერთად გავატაროთ, მალე მოვალ და სადაც მოისურვებ იქ წავიდეთ.  - ანას ტელეფონიდან ბედნიერი ქმრის ხმა ომახიანად ისმოდა. 
-	მე ვერ წამოვალ, საყვარელო, მე არ შემიძლია, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა, უნდა დავასრულო, ყველაფერი უნდა მოვასწრო.
-	წინ კიდევ 363 დღეა, ანა, მოასწრებ ამ წელში. მეგობრები მოდიან, მეუღლეები მოჰყავთ. მოემზადე!
ტირილი უნდოდა ანას, ხმამაღლა ტირილი, ტიროდა კიდეც, მაგრამ უხმოდ. ფურცელი და კალამი აიღო და წერას შეუდგა.


-	ანაა, მოვედი, აბა რა ქენი?
-	ანა წავიდა, შვილო!
-	სად წავიდა, დედა?
-	მეგობართან მივდივარო, ასე დამიბარა, ნიკა არ დამელოდოს წავიდესო. გვიანობამდე ვერ მოვალ, შეიძლება დავრჩეო.
სამაგიეროს მიხდი წინა წლისთვის, ანა? მეც არ მიკვირდა ასე როგორ შეძლო და მაპატია. აჰა, სამაგიეროც ასეთი უნდა, ბარაქალა, შენს ქალობას. ნიკა ბრაზისგან გაწითლდა. ტელეფონი აიღო და ანას ნომერი აკრიფა. ,,-აბონენტი მიუწვდომელია...!“  უკვე მერამდენედ ჩასძახა ოპერატორის ხმამ. - კარგი, ანა, ასე გინდა სამაგიერო? კარგი, როგორც შენ იტყვი. 
მეგობრებს დაურეკა მოვდივარო, პალტო მოიცვა და აჩქარებული გავარდა სახლიდან.


,,ნიკა
 -ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ოცნებავ და ბედნიერებავ, ახლა როცა ამ წერილს ვწერ, ცრემლები მომდის, ძალიან მიმძიმს გატკინო გული. უნდა წავიდე, სხვა გზა არა მაქვს. ვწუხვარ რომ  ბედობას უჩემოდ შეხვდები...
ვერ გთხოვ არ დამივიწყო მეთქი, ეს ხომ ეგოიზმია.
 ძალიან მინდა ბედნიერი იყო. 
ჩვენ ერთმანეთი ვერ დაგვებედა, თუმცა შენს სიყვარულს თან გავიყოლებ. შენ ვერ დამინახავ, მაგრამ სულ შენთან ვიქნები.
ალბათ გაბრაზდები, რატომ მიგატოვე, რატომ არ გითხარი, შეიძლება ისიც იფიქრო, სამაგიეროს მიხდისო. მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ, ვერ გავბედე მეთქვა... 
იცი,  ჩემს წილ ბედნიერებას შენ გიტოვებ. 
უნდა შეიყვარო ისევ. უნდა შეიგრძნო ისევ. უნდა იცინოდე ისევ. 
იცი,  სიცილი გიხდება. 
ბევრი შვილი უნდა გყავდეს... ვარდები მიყვარს ძალიან... იქნებ ხანდახან მომიტანო შვილებთან ერთად...
მე შენ ძალიან მიყვარხარ, უსასრულოდ...
ვალდებული ხარ ბედნიერი იყო, მე ხომ ჩემი წილი ბედნიერება შენ დაგიტოვე...
შენი ანა“
თოვლიან საფლავს ნაზად ასხდებოდნენ ფაფუკი ფიფქები, თითქოს ჩურჩულებდნენ, - ხომ არ გცივა? კიდევ ხომ არ გადაგაფაროთ ჩვენი საბანიო. საფლავის თავთან, სურათს მიჰკვროდა მამაკაცი, სევდიანი, უძინარი და ნამთვრალევი სახით. უკვე მერამდენე დღეა ჩვევად ექცა დილიდან აქ ჯდომა. ერთ ხელში არყის ბოთლი ეჭირა, მეორე ხელში თოვლის ფიფქებით და სევდით გაცრეცილი ფურცელი.  ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა წერილს, თითქოს იზეპირებსო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი