დედას
ადგილი, სადაც ყოველ ზაფხულს დედას ვსტუმრობდი, ზღაპრული სილამაზით არის ცნობილი. ცამდე აზიდული მთების მწვერვალები, ცისფერი წყაროები, ცას შეხებული კლდეები, რომლებიც მზის სხივებს შორის ჰარმონიულად თამაშობენ – ეს ყველაფერი შთაგონებითა და სიხარულით მავსებდა ყოველთვის. დედის სახლი ამ მთებს შორის, თითქოს ოქროს ძაფითაა ნაქსოვი, სადაც ყოველი ქვა და ბილიკი დედის მზრუნველობით არის გაჟღენთილი. აქ ყოფნა ჩემთვის სულის განახლების ტოლფასი იყო მუდამ. ახლა, როცა დავბრუნდი აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ეზოს ყვავილები, რომლებიც ოდესღაც დედის ხელით იყო ნაფერებ-ნასიყვარულები ახლა გლოვით მიმზერენ. მზე რომელიც ადრე ღრუბლების მიღმაც თბილი და კაშკაშა იყო, დღეს თითქოს ცრემლი ჩამოსდის. მთის ბილიკებს ოდესღაც მზით განათებულებს, ფერი გადასვლიათ, ნისლი გადაჰფარვიათ. ცივი სიო მკვეთრად მხვდება სახეზე. ფრთხილად გადავდგი ფეხი კიბეზე, რომელიც ათასჯერ მატარებდა დედის სახლისკენ. კარი ფრთხილად შევაღე. როგორ ველოდი ნაცნობ ხმას, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე ტკბილია. თითქოს ჩემს გონებაში კვლავ გაისმა დედის რბილი, თბილი ხმა: „ეკა, გაიღვიძე უკვე? მოდი, ისაუზმეო.“ მაგრამ ეს მხოლოდ მოგონება იყო, ჩრდილი რეალობის, რომელიც ახლა ისეთივე უსახური გახდა, როგორც გაცრეცილი სურათი. ეს არ იყო დედის ხმა – მხოლოდ მდუმარება და სიცარიელე. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ჩემს სახლში გამოვბრუნდი, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ, მაგრამ მათ ხმაურსა და სიცილშიც ვერ ვპოვე სიმშვიდე. ირგვლივ ყველა ცდილობა ჩემთვის კომფორტი შეექმნათ, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო იყო. ჩემთვის ყველაფერი გაუფერულდა, როგორც ფოთლები, რომლებიც შემოდგომის ბოლოს შრება და მსუბუქი ბუმბულივით ქარს მიჰყვება. კვლავ ვეძებ დედის სახეს. ფანჯრიდან ვუყურებ ეზოს, სადაც მუდამ ფუსფუსებდა. თვალწინ დამიდგა ყველა ის ბედნიერი დღე, როცა უჩუმრად თვალყურს ვადევნებდი, როცა შემნიშნავდა ჩემი ცისთვალა, სიყვარულით შემომხედავდა და მსაყვედურობდა, რატომ ვაგვიანებდი მასთან გადასვლას. ახლა კი, სევდიანი თვალებით ვუყურებ ეზოს... და მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ... "როგორ შეიძლება ისეთი სამყარო არსებობდეს, სადაც დედა აღარ არის?" სამყარო მაინც იგივედ რჩება – ცა ისევ მკაფიო ლურჯია, თეთრი ღრუბლები მშვიდად ცურავენ თავის სამფლობელოში, ჩიტები კვლავ რიხიანად მღერიან მხიარულ სიმღერას. ზღაპრული სილამაზე, ეს ჰარმონია, რომელსაც მუდამ სიხარულით ვხვდებოდი ახლა უხილავი ტვირთით დამიმძიმდა. თითქოს სამყარომ თავის უსასრულო სილამაზეში, ჩემი გული დაკარგა და ვეღარაფერს ვპოულობ, რაც ჩემს ტკივილს შეამსუბუქებს. ვდგავარ და ვუყურებ, როგორ ჩქეფს წყალი დედის ,,აბდესხანაზე" და სოფლის ნახირის ხმას როგორ ირეკლავს მსუბუქი ქარი. თუმცა ყველაფერში რაც მანამდე ჩემი ტკბილი გრძნობების საწყობი იყო, ახლა გაუფერულებული და დაცარიელებულია. თითქოს ყველაფერი რაც დედასთან იყო დაკავშირებული გაშრა და გაქრა. ცხოვრება ახლა უდაბნოს დაემსგავსა, სადაც სილამაზე კვლავ არსებობს, მაგრამ ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს. და ასეა ყოველდღე... კვლავ და კვლავ გამოვდივარ სახლიდან. აივნიდან ვიხედები, დედის ეზოს გავყურებ იმედით, რომ დედა ისევ გამოჩნდება. მაგრამ ყოველი იმედგაცრუება ახალ ტალღად მოდის და გული კვლავ ტკივილით მევსება. ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზად გამოიყურება სამყარო. დედა აღარ არის... Სამყარომ ყველა ფერი დაკარგა... ყველა ხმა ჩაცხრა... ყველა გრძნობა გაქრა... და ასე გაგრძელდება სანამ გულში სიცარიელე არ გადაივსება, ან სანამ არ ვისწავლი როგორ ვიცხოვრო ამ სიცარიელესთან ერთად, სადაც ბუნების სილამაზესაც კი აღარ შეუძლია ჩემი ტკივილი შეამსუბუქოს. თითოეული დღე, რომელსაც მთაში ვატარებ, ჩემსა და დედას შორის განუმეორებელ კავშირს მიმტკიცებს. მისი არსებობა ამ ადგილებში მკაფიოდ იგრძნობა. ვგრძნობ, რომ მისი სული კვლავ ამ მიწაზე, ამ კლდეებში, ამ ბილიკებში ცხოვრობს და ამაზე ფიქრი უცნაურ სიმშვიდეს მანიჭებს. დილაობით როცა გავდივარ ეზოში, მზეს ვეფიცხები და თვალებს ირგვლივ ვავლებ. ქარი წყაროსკენ მაბრუნებს და იქ სადაც წყლის მსუბუქი შხეფები მზის სხივებთან თამაშობენ, რაღაც უცნაური სითბო მეფერება. თითქოს დედის ხელი წამით მეხება, თითქოს მისი სუნთქვა ჩამესმის ყურში, თითქოს ჩუმად დგება ჩემ გვერდით... და, მე ვხვდები – დედა არსად წასულა. მისი სიყვარული და მზრუნველობა ამ მთებში დარჩა, წყაროებში და მზის სხივებში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი