სიზმარი
დედა, დამესიზმრე. ამჯერად ისეთი არ იყავი, როგორც მახსოვხარ. დასუსტებული იყავი, სიფერმკრთალე გეფარებოდა სახეზე, თვალები კი – ისევ შენი იყო... ისევ ისეთი მზერა გქონდა, თბილი, სიკეთით სავსე. სიზმარში შენთან ერთად მივდიოდი სადღაც სამუშაოდ და თითქოს ყოველდღიური, რთული სამუშაოც კი შენს გვერდით მსუბუქი იყო. შენ უკანა სავარძელზე ჩუმად ჩამოჯექი, სხვის ადგილას — თითქოს ბოდიშს იხდიდი, რომ ისევ ჩემთან გინდოდა ყოფნა. მითხარი: „სასამართლო აღარ არის, გადაიდო, მამაშენი ვეღარ წამიყვანს, თქვენთან ერთად წამოვალ და ჩუმად ვიჯდები.“ ამ სიტყვებში მთელი შენი გრძნობა იყო – დარდი, სინანული, ზრუნვა და, მაინც, სურვილი – ჩემ გვერდით დარჩენილიყავი. დედა, არ ვიცი, იმ სიტყვებში შენი სულის დუმილი მეტკინა თუ ჩემი უუნარობა, ვერ შეძლებული და გაკეთებული შვილის მოვალეობა. მაგრამ ერთი ვიცი – შენ ისევ ჩემთან ხარ. ვგრძნობ შენს თანადგომას. მარტო არ ვარ ცხოვრების რთულ გზაზე. მამხნევებ, მაფრთხილებ... მხოლოდ სიზმარში კი არა – ჩემს ფიქრებში, ჩემში, ჩემი მოქმედებების მიღმა. გუშინ ვნახე ქალი, რომელიც ძალიან გგავდა, ტყუპისცალივით... ისე გგავდა, სუნთქვა შემეკრა… მომინდა დამეძახა “დედა”, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. მინდოდა ჩავხუტებოდი და ვერ გავბედე... უბრალოდ მას ვაჩუქე მწვანე გულსაბნევი – შენი თვალების ფერი და ვუთხარი: „შენი თვალების ფერია.“ მაგრამ სინამდვილეში, შენ გელაპარაკებოდი. ამ სამყაროში რაღაცები ისე ვერ გავაკეთე როგორც ისურვებდი, ვიცი... მაგრამ შენ იმ ქვეყნად გაღიმებას, ჩემგან წამოსულ ერთ სიკეთეს, ლოცვას შეუძლია გზა გაგინათოს, გაგახაროს იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში. და მე იმედი მომეცეს რომ შენ კარგად ხარ და ჩემთან ხარ... მიყვარხარ. მენატრები. და ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებ — შენს სახელს ვუძღვნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი