მზის სხივად ქცეული გამარჯობა
რომი, იტალიის დედაქალაქი, ბევრი ქართველისთვის საოცნებო. ქალაქი, რომელიც უძველეს ისტორიას თავის ძარღვებში ატარებს. უმოწყალო 37 გრადუსიან სიცხეს ქვაფენილები გაეხურებინა და ჰაერში მტვრისა და უცხო სანელებლების სუნი ტრიალებდა. ხმაურიანი, გადატვირთული ქუჩები, სადაც ტურისტების ფუსფუსი არ წყდებოდა, თითქოს ერთ დიდ, ქაოტურ ორკესტრს ქმნიდა. მე და ჩემი ოჯახი, სიცხისგან შეწუხებული და მგზავრობისგან დაღლილი მარშრუტს ვსწავლობდით ქალაქის გასაცნობად. გვინდოდა, რესტორნების ფუფუნებისთვის თავი აგვერიდებინა და ადგილობრივ მარკეტში ისეთი პროდუქტები გვეყიდა, რაც ხუთი დღის განმავლობაში საკმარისი იქნებოდა. ქუჩაში, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმოდა, უეცრად ყურს რაღაც ძალიან ნაცნობი და ტკბილი მოხვდა. ქართული საუბარი. გული სიხარულისგან ამიჩქარდა. სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით საკუთარი ენის გაგონება ცისკარს ჰგავდა. არ დავაყოვნე, მივედი და მივესალმე. ხარაგაულელი ქალბატონი, ხუთი წელი რომში გატარებული ცხოვრებით, თავისი ოჯახის მონატრებით და ბათუმელი მე, უცნობი ქუჩის კუთხეში. ⁃ ,,გამარჯობა!“ შევძახე სიხარულით. ჩემი მისალმება თითქოს მზის ამოსვლა იყო. გაოცებული, მაგრამ თბილი თვალები შემომეგება. თითქოს წლების ნაცნობები ვყოფილიყავით. რამდენიმე წუთით დაგვაკავშირა ქართულმა სითბომ. დავშორდით, თუმცა რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მე და ჩემმა შვილმა ერთმანეთს გადავხედეთ. ეს ქალბატონები ხომ აუცილებლად იცნობდნენ აქაურ წესებს, იაფ მარკეტებს, ეკონომიურ გზებს. დავბრუნდით. ისევ იქ დაგვხვდნენ, სადაც ქოლგის ქვეშ გაშლილი მეორადი ტანსაცმლის დახლი დაედგათ, ტანსაცმელს არჩევდნენ. დახმარება ვთხოვე. ერთ-ერთმა თითქოს ჩემი გასაჭირი საკუთარზე მეტად დაიტვირთა. ჩემი თხოვნა ისე მიიღო, თითქოს საკუთარ შვილებს ეხმარებოდა. მან არა მარტო აგვიხსნა გზა, არამედ გადაწყვიტა, თან გამოგვყოლოდა. ⁃ ,,რომი მოგწონს?“ - მკითხა სიარულისას. ⁃ ,,მოგზაურისთვის მშვენიერია, მაგრამ ჩემს ქვეყანას, საქართველოს, არაფერი სჯობს მეთქი,“ - ვუპასუხე. ამ სიტყვებზე ისე ღრმად ამოიოხრა, თითქოს მთელი მისი ხუთწლიანი მონატრება ამ ერთ ამოსუნთქვაში ჩაეტია. თვალებში სევდა ჩაუდგა. მოკლედ მომიყვა თავის ცხოვრებაზე. 96 წლის ბებოზე, რომელსაც უვლის, როგორი საღი გონება აქვს ბებოს და საყვარელია. მომიყვა ყოველდღიურ რუტინაზე, რომელიც ქართული დიასახლისობის გაგრძელებაა უცხო მიწაზე. მიყვებოდა დეტალებს, რომლებიც ისეთი ჩვეულებრივი ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში მის დაკარგულ წლებს აღწერდა. მესმოდა მისი მონათხრობი და გული მეწვოდა. ის არ ყვებოდა, ის აღსარებას მაბარებდა. თითქოს ელოდებოდა კითხვას - ,,როგორ უძლებ ოჯახის გარეშე?“ მომიყვა მის შვილებზე, ქმარზე, ის ცოტა ხუთი დღე, რაც გასულ წელს შვილებთან ერთად გაატარა და არ იყო საკმარისი ხუთწლიანი მონატრების შემდეგ. რომ მომდევნო წელს ელოდებოდა შვილებს ისევ, რომ არ ანატრებდნენ თავს შვილები. რომ სახლში დაბრუნება უნდა, მონატრება კლავს და საკმარისია უკვე აქ ყოფნა. ის მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც ყიდულობდა, დასტური იყო ოჯახისთვის - ,,ნახეთ, არაფერს ვიკლებ, კარგად ვარო“…. ნაამბობმა გული მატკინა. ის არ იყო ჩვენნაირი ტურისტი, ის ჩემთვის იყო სიმტკიცის, თავგანწირვისა და უსაზღვრო მონატრების სიმბოლო. როცა მარკეტამდე მიგვაცილა, დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი. სად რა უნდა გვეყიდა, სად იყო ფასდაკლება, რომელი ბარათი გამოდგებოდა მგზავრობისთვის. გულწრფელი დახმარება გაგვიწია. სახელი ვერ ვკითხე, მეშინოდა, ეს შეკითხვა კიდევ უფრო მძიმე აღსარების მიზეზი არ გამხდარიყო. ან, იქნებ არ ენდომებოდა გაგვეგო მისი ვინაობა. როცა დავშორდით, უკანასკნელად გადავხედე. მიდიოდა და თითქოს სულსა და გულს მატანდა საქართველოში. ისევ ის მზე გვიყურებდა მაღლიდან და გვაცლიდა არაქათს. ისევ იმ ხმაურიანი რომის ქუჩებს მუვუყვებოდით თავდახრილი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. მზეს დაჰკარგვოდა ძალა და ფერი. ხალხმრავალი რომის ქუჩები თითქოს დაცლილიყო. ჩვენ სასტუმროში დავბრუნდით, მაგრამ ჩემი ფიქრები იმ ქალბატონთან დარჩა. საქართველოში ემიგრანტების ცხოვრება ხშირად სხვაგვარად ჩანს. შორიდან თითქოს მარტივად. სინამდვილეში კი, თითოეული მათგანი საკუთარ წლებს, ოცნებებსა და სითბოს უცხო ქალაქის მცხუნვარე მზის ქვეშ ტოვებს, რათა სხვებისთვის მომავალი აშენოს. დარდმა დამრია ხელი. იმ დღეს, მივხვდი, რომ ამ ქალაქის თითოეულ ქვაფენილს ემიგრანტის ცრემლის და ოფლის სუნი ასდის, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის. იმ საღამოს, როცა რომის ცა ფერადი გახდა, ჩვენი ფანჯრიდან ქალაქს გადავხედე და მივხვდი, რომ ამ ქალაქს ათასობით ქართული გული დაჰყურებს მონატრებით, რომელთა შესახებ ჩვენ, ტურისტებმა, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევითი შეხვედრისას გავიგოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი