დალუქული საქაღალდე pt4


არქივში მისულ ელიანს შენობა უჩვეულოდ ცარიელი დახვდა.
დერეფანში მხოლოდ დამლაგებლის ნაბიჯები ისმოდა. ფანჯრებიდან შემოსული მკრთალი სინათლე იატაკზე გრძელ ჩრდილებს ტოვებდა.
ღამის სამი საათისა და ჩვიდმეტი წუთის შემდეგ აღარ დასძინებია.
ბლოკნოტი ჩანთაში ედო. რამდენჯერმე გაუჩნდა სურვილი, ამოეღო და კიდევ ერთხელ წაეკითხა უცნობი ჩანაწერი, მაგრამ თავი შეიკავა.
ადრიანის კაბინეტის კართან შეჩერდა.
გუშინდელი საუბარი გაახსენდა.
„ხვალ დილით მოდი.“
კარის ქვემოდან სინათლე გამოდიოდა.
ელიანმა ხელი ასწია დასაკაკუნებლად, მაგრამ სანამ თითები ხეს შეეხებოდა, ოთახიდან ხმა გაისმა:
— შემოდი, ელიან.
ხელი ჰაერში გაუშეშდა.
მას ჯერ არ დაეკაკუნებინა.
ადრიანი მაგიდასთან იჯდა. მის წინ ორი ჭიქა ჩაი და თხელი, ნაცრისფერი საქაღალდე იდო.
საქაღალდეს არც სახელწოდება ჰქონდა, არც თარიღი.
მხოლოდ შავი ბეჭედი:
XII.
— გუშინ მითხარით, რაღაც უნდა გაჩვენოთ.
— ვიცი. დაჯექი.
ელიანი არ დაჯდა.
— ლეა ვინ არის?
ადრიანმა საქაღალდეს ხელი დაადო.
— ჯერ ერთი რამ უნდა გავარკვიოთ. შენს ბავშვობის სახლს როგორ აღწერ?
— ორსართულიანი. პატარა ეზო. კიბე მეორე სართულზე. დედა სამზარეულოს ფანჯარასთან ყვავილებს ზრდიდა.
— და შენი ოთახი?
ელიანმა პასუხის გასაცემად პირი გააღო. მერე გაჩერდა.
სახლის ყოველი კუთხე ახსოვდა, მაგრამ საკუთარ ოთახს ვერ ხედავდა. მხოლოდ დერეფანს, ლეას კარს და კიბეს.
— ალბათ... მეორე სართულზე იყო.
— „ალბათ“ არ არის მოგონება, — თქვა ადრიანმა.
ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს ოდესღაც თვითონაც ეთქვათ მისთვის.
ადრიანმა საქაღალდე გახსნა. პირველ ფურცელზე ძველი შენობის შავ-თეთრი ფოტო იყო. მაღალი ფანჯრები, დახურული ეზო, კედელზე ნომერი — 12.
— ეს რა ადგილია?
— ყოფილი კვლევითი ცენტრი. დღეს შენობის ნაწილი ცარიელია.
— რატომ მაჩვენებთ?
— იმიტომ, რომ იქ შენი სახელი აღმოვაჩინე.
ადრიანმა მეორე ფურცელი გადმოატრიალა. სიის ნაწილი შავი მელნით იყო დაფარული. ერთ სტრიქონზე ეწერა: „ე. ვეინი — დაკვირვების ობიექტი“. ქვემოთ: „მეხსიერების შესაბამისობის შეფასება“.
ელიანმა ფურცელს თითი მიადო.
— რამდენი წლის ვიყავი?
— ამ ჩანაწერის მიხედვით, თექვსმეტის.
— არასოდეს ვყოფილვარ კვლევით ცენტრში.
— შეიძლება არ გახსოვდეს.
— თქვენ გახსოვთ?
ადრიანი ფანჯარასთან მივიდა.
— მე აქ საბუთებს ვიღებდი. მკვლევარი არ ვყოფილვარ. მხოლოდ იმას ვამოწმებდი, რა შემოდიოდა და რა გადიოდა. ერთ დღეს რამდენიმე საქაღალდე უკან დააბრუნეს და მითხრეს, რომ ისინი არასოდეს არსებობდა.
— და დაიჯერეთ?
— არა. მაგრამ ხელი მაინც მოვაწერე.
ოთახში საათმა დაიწკაპუნა.
ელიანმა ჩანთა გახსნა და ბლოკნოტი ამოიღო.
— ესეც ნახეთ.
ადრიანმა წაიკითხა: „შენ არ დაგვიწყებია. შენ თვითონ გადაწყვიტე, რომ არ გხსომებოდა.“
კაცს სახე გაუფითრდა, მაგრამ ფურცელს ხელი არ ახლო.
— ეს ვინ დაწერა?
— ჩემი ხელწერაა. არ მახსოვს, როგორ.
— სხვას უჩვენე?
— არა.
— მაშინ ჯერ ნურავის აჩვენებ.
— რატომ?
ადრიანმა პასუხის ნაცვლად საქაღალდიდან კიდევ ერთი ფურცელი ამოიღო. ზედ თორმეტი პატარა წრე იყო დახაზული. თითოეულს ზოდიაქოს ნიშანი ჰქონდა. მხოლოდ ტყუპების სიმბოლოს გვერდით ეწერა ხელით: „გადატანა / წყარო დაუდგენელია“.
— ასტროლოგია? — იკითხა ელიანმა.
— კოდები, — მიუგო ადრიანმა. — მკვლევრები მათ ნიშნებად იყენებდნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულს, ბოლომდე არც მე ვიცოდი.
— და ჩემთან რომელი იყო დაკავშირებული?
— ამას ვერ გეტყვი მხოლოდ ამ ფურცლის მიხედვით.
ელიანმა პირველად შეამჩნია, რომ ადრიანი პასუხებს საგულდაგულოდ არჩევდა. არ ატყუებდა; რაღაცას ტოვებდა უთქმელს.
— ლეას სახელი რატომ შეგაშინათ?
ადრიანი დიდხანს დუმდა.
— იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მოვისმინე ეს სახელი ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი ცხოვრების გახსენება აღარ შეეძლო.
— ვისგან?
— ახალგაზრდა კაცისგან. მისი სახელი ამ საქაღალდეში არ არის.
— ის ჩემი ნაცნობია?
— არ ვიცი, — თქვა ადრიანმა. — მაგრამ იმ დღეს, როდესაც ცენტრიდან წაიყვანეს, გამუდმებით იმეორებდა ერთ წინადადებას: „ვიღაც ჩემს ბავშვობას იხსენებს“.
ელიანმა მაგიდის კიდეს ხელი ჩასჭიდა.
— სად წაიყვანეს?
— სამედიცინო დაწესებულებაში. ზუსტი მისამართი ამ საბუთში არ წერია.
კაბინეტის კარს მიღმა ნაბიჯები გაისმა. ორივე გაჩუმდა. ვიღაცამ დერეფანი გაიარა და ხმა მიწყდა.
ადრიანმა საქაღალდე დახურა.
— დღეს მეტს ვერ გაჩვენებ. ჯერ უნდა გადავამოწმო, რა არის ნამდვილი და რა — მხოლოდ ძველი ჩანაწერის ინტერპრეტაცია.
— თქვენ მითხარით, რომ რაღაც იცით.
— ვიცი, რომ ორი ადამიანის ამბავი ერთმანეთში აირია. არ ვიცი, ვინ დაიწყო ეს და როგორ.
ელიანმა ბლოკნოტი ჩანთაში ჩადო.
— მე თვითონ გავარკვევ.
— ეს ყველაზე მეტად მაშინ მაშინებს, როცა შენ ამბობ, — ჩუმად თქვა ადრიანმა.
დერეფანში გამოსულმა ელიანმა შენიშნა, რომ ხელები უკანკალებდა. კიბესთან მარა შეხვდა.
— ასეთი ადრე? დღეს სამყაროს დასასრულს ელოდები?
— უბრალოდ საქმე მაქვს.
მარას მზერა მის ჩანთაზე შეჩერდა.
— ცუდად გამოიყურები.
— ვიცი.
პირველად არ უთქვამს, რომ კარგად იყო.
საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, ბლოკნოტი გადაშალა. უცნობი წინადადების ქვემოთ ცარიელი ადგილი დარჩენილიყო. კალამი აიღო და დაწერა: „ვისი მოგონებები მახსოვს?“
სიტყვები ფურცელზე გაშრა. არაფერი მომხდარა.
მხოლოდ მაშინ, როცა ბლოკნოტის დახურვა დააპირა, უკანა ყდაში ჩარჩენილი თხელი ქაღალდი შენიშნა. დარწმუნებული იყო, აქამდე არ ენახა.
მასზე ერთი წინადადება ეწერა, სხვა, გაცილებით წვრილი ხელწერით:
„თუ ისევ გეტყვიან, რომ მარტო იყავი, ჰკითხე, ვინ იყო მეორე.“
მოტივაციისთვის-დამიკომენტარეთ-რამდენად-დაგაინტერესათ

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი