სიყვარულის ნაყოფი
დღითიდღე ვამჩნევ ჩემი სხეულის ცვლილებას. მუცელი თანდათანობით მეზრდება. უკვე შესამჩნევია რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს დავატარებ სხეულით. იმ ტანისამოსებს ვეღარ ვირგებ ადრე რომ მოხდენით ვატარებდი. მკერდზე სტრიებიც გამიჩნდა. შუაღამით ხშირად მეღვიძება დაუოკებელი სურვილით, რომ სამზარეულოსკენ გავემართო და ჩემივე ძალებით ავიღო იქაურობა. გულისრევებიც ხშირად მაქვს. ხანდახან უმიზეზოდაც ვტირი ან ვიცინი. ახლა მუცელს ვეფერები და ვფიქრობ გოგოა თუ ბიჭი. ძალიან მინდა გოგო იყოს. მახსოვს თინეიჯერობის ასაკში ვოცნებობდი გოგო მყოლოდა, წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ვიღვიძებდით ერთად , როგორ ვვარცხნიდი თმებს, როგორ ვაცმევდი ლამაზ კაბებს და ფრჩხილებზე როგორ ვუსვამდი ლაქებს. მინდა, რომ შენს მსგავსად, მასაც ჰქონდეს პატარა ხალი ლოყაზე, ტუჩთან ახლოს. იცი?! სახელზეც ვიფიქრე... ალბათ სალომეას დავარქმევ თუ გოგო იქნება. 2 თვეა არ მინახიხარ. ბოლოს რომ გნახე 3 თვის ორსული ვიყავი. შენ ვერც კი შენიშნე რომ სამნი ვიყავით... მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ზუსტად ვიცოდი რომ ამ ბავშვის არსებობა შენში სიხარულს და სიყვარულს კიარა, სიძულვილს გამოიწვევდა... თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ საკუთარი პირმშოსთვის თავადვე გამომეტანა განაჩენი- "უმამოდ გაიზრდება". ახლა მინდა აქ იყო და შენს, ჯერ კიდევ არდაბადებულ , ბავშვს ესაუბრებოდე. უყვებოდე თუ სად წაიყვან ხოლმე, როგორ გაერთობით და ღამით ძილის წინ როგორ მოუყვები ზღაპრებს. წინასწარ შევეგუე უკვე იმ ფაქტს რომ მშობიარობისას ჩემს გვერდით არ იქნები, არ გამამხნევებ და არ მასწავლი თუ როგორ ვისუნთქო ტკივილის დროს ისე რომ შემიმსუბუქდეს... არ შემომყვები პალატაში და არ აიყვან შენს შვილს ხელში პირველი. არ იქნები იმ ბედნიერების მომსწრე რასაც მე იმ მომენტში განვიცდი. სამწუხაროა... ახლა იმაზეც ვფიქრობ, რომ წამოიზრდება სადმე, შემთხვევით, რომ შეხვდეთ ერთმანეთს. ალბათ ყურადღებას არც კი მიაქცევთ თქვენს აშკარა მსგავსებას რადგან არცერთს გეცოდინებათ ერთმანეთის არსებობის შესახებ. საბოლოოდ ამ ტრაგიკულ ისტორიაში ერთადერთი დამნაშავე მე ვიქნები. დედა რომელმაც მამას შვილის არსებობა დაუმალა, შვილს მამის ვინაობა. იმედს ვიტოვებ ამას ოდესმე ორივე მაპატიებთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი