ხიდი
მე მინდა ვწერო იმიტომ რომ გამახსენდეს. შემდეგ კი ისევ დამავიწყდეს და სანამ ეს დავიწყება და გახსენება, სიბნელისა და სინათლის მსგავსად ერთმანეთს შეენაცვლება და დიდი დიღმის სიოსავით იქროლებს ჩემს თვალწინ, რომელიც კანს მოულოდნელად დამიხორკლავს, ისე როგორც ჩემ ძველ შეყვარებულს ეხორკლებოდა სიცივისა და სიყვარულისგან, და ისე როგორც ცას ეხორკლება ვარსკვლავები ჩემი ოცნებებისგან, რომელიც ჩემს ძველ შეყვარებულს უკავშირდება, და რომელიც შეყვარებული არც არასდროს ყოფილა, რადგან ჩემი სიყვარული იყო ისეთი, რომ არ სჭირდებოდა თანხმობა და არც უარყოფა, არამედ უბრალოდ უნდა ეარსება სანამ უხერხულობა იქამდე მიაღწევდა, რომ საკუთარი ჩრდილიც დამეკარგა, და სანამ მეც იქამდე მივაღწევდი რომ ლექსები მასზე აღარ დამეწერა. და სანამ ყველაფერი გახდებოდა უფრო მოსაწყენი, როგორც რომანტიკული ფილმების ყურება საღამოობით, როგორც უკვე ვიქცევი ხშირად, რადგან საღამოს ბევრი თავისუფალი დრო დამიგროვდა, რადგან უნივერსიტეტი დავასრულე და სწავლის ახალი საფეხურის გაგრძელება ვეღარ შევძელი, რადგან მენანება ფული არასამართლიანი ხალხისთვის, რომელებმაც ჩემი საკონკურსო ნახატი დაიწუნეს, რადგან მე მათ სისტემას არ ვაღიარებდი, რადგან შავ ვირთხებს არ სჭირდებათ თეთრი ვირთხა, და მეც მთხოვეს მათ ფერებში შევღებილიყავი, და ასე გავმხდარიყავი სისტემური, და ასე დამეწყო ცხოვრება, და რადგან მე უარი ვთქვი, რადგან თავადაც საკუთარი სისტემის მსხვერპლი ვიყავი, და თავად უნდა გამეყვანა გზა საკუთარი ოცნებებისგან რეალურ ქმედებამდე, და რადგან ეს ყველაფერი ბევრის აზრით სკეპტიკურ ელფერს სძენდა ჩემს არსებობას, მე მიწევდა ფიქრი ყოველდღე. რა მოვუხერხო ჩემს ნიჭს, რომელიც არც იმდენია რომ ბევრს ეყოს და არც იმდენი რომ საკუთარი თავი დააკმაყოფილოს. და მე ვფიქრობდი, ვჭამდი თუ ვჯვამდი. ვმგზავრობდი თუ ვანძრევდი, მე ვფიქრობდი ამაზე ყოველწამიერად და მივიღე არაერთი გადაწყვეტილება და მივიღე არაერთი შედეგიც და მივიღე საკუთარი თავიც, რომელსაც უფრო მოთუშული ხახვის სუნი უდიოდა, ვიდრე ცხოვრების. და მე გადავწყვიტე ყოველდღე ვწერო არა იმიტომ რომ რაღაც მაწუხებს არამედ იმიტომ რომ გამახსენდეს, შემდეგ კი ისევ დამავიწყეს და სანამ ეს დავიწყება და გახსენება ერთმანეთამდე მივლენ ახალი ლექსი დაიბადოს, რომელიც იქნება შედეგი იმის, რაც გავაკეთე და კონტური იმის რაც მელოდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი