ნათება
როდესაც ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და თამბაქოს ღერი ღერზე ვეწეოდი და კვამლი უვარსკვლავო ცაში ადიოდა და ბავშვები ეზოს სკვერში საქანელებზე ქანაობდნენ და განათება სათითაოდ ინთებოდა ნაცრისფერ კორპუსებში და მე ჩემს ოთახში შუქს არ ვანთებდი და მხოლოდ მისაღები ოთახის შუქი მათბობდა, სადაც ადრე მამა იჯდა სამსახურიდან მოსული და ჩაის მიირთმევდა და ფიქრობდა მომავალ რუტინულ დღეზე და ტანსაცმელივით კეცავდა ახალგაზრდულ სიყვარულს და ჩემი ძმა შეყვარებულისგან გულნატკენი, ლუდის ბოთლებს ახლად გაკეთბული ტყემლის ჩასასხმელ ბოთლებად აქცევდა და დედა ამ ყველაფერზე ნერვიულობდა, და ტყემალს ასხამდა, და ჩემი და თეონა მუცელზე ხელს ნაზად იდებდა, რადგან მასში ახალი სიცოცხლე ყალიბდებოდა და ბიძაჩემი როგორც არ აღიარებული როკსტარი ქალაქის სკვერში ესპანურ მუსიკას ტურისტებისთვის უკრავდა, რომლებიც ცენტებს და რუბლებს უყრიდნენ შლაპაში, მე ვიჯექი ჩემი ოთახის ფანრჯის რაფაზე და სიგარეტის კვამლს უვარსკვლავო ცისკენ ვუშვებდი, და ვხვდებოდი რომ რაც უფრო მეტ დარტყმას მივიღებდი, მით უფრო მშვენიერი იქნებოდა ეს ცხოვრება და რაც უფრო დავსევდიანდებოდი ღამით, მით უფრო მხიარული ვიქნებოდი დღისით, და რაც უფრო ბევრ უსამართლობაში მოვხვდებოდი, მით უფრო სამართლიანი ვიქნებოდი თავად. და რაც უფრო მაქცევდა ბედი ზურგს მით უფრო შევძლებდი თავად ვყოფილიყავი ჩემი ბედი. ეს მაშინ, როდესაც ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და თამბაქოს ღერი ღერზე ვეწეოდი, კვამლს კი უკვე იმ ცაში ვუშვებდი, რომელშიც ვარსკვლავები ნელ-ნელა იკვეთებოდნენ და ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იწყებდნენ ნათებას !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი