ჯერ არ ვიცნობდი
ერთი ჩვეულებრივი დღეა, თან გარეთ მზეა, ღრუბლებს კი ფანტავს მსუბუქი ქარი. ფოთოლცვენაა, ქუჩას მიჰყვება ყვითელი ქნარი, მასთან შეხვედრას ვერ მიანიშნებს ვერც ერთი ფერი. შევაღე კარი, ნაცნობი სახე არსად არის, გროტესკულია ყოველი წამი. ვიღაცას ვხედავ, იმ თვალებს — ცნობისმოყვარეს, ლამაზს, ბრწყინვალეს… რა დამავიწყებს — ზუსტად ისეთს, მთელი ღამე რომ არ გაძინებს. მასთან მივედი და ვცადე მეთქვა, მისი ღიმილი ბნელს ანათებდა. ცოტა ვიხუმრეთ, მან გამიღიმა, იდუმალება მოჩანდა მასში. მის ხვეულ თმაზე კულულების თვლაში გართულს, წასვლის დროაო-ღიმილით მითხრა. მეც გამოვფრინდი ფრთაშესხმული, დაბლა ფეხს არ ვდგამ, მივყვები ქუჩას და თან მიმაქვს ჩემი დარდები. ძალიან მალე ნატვრად მექცა მასთან შეხვედრა, თავს ვუმალავდი აღიარებას, რომ შემიყვარდა. ვერ მოვითმინე და განვუცხადე, რომ შემხვედროდა… ჰოდა, დამთანხმდა, მე კი შვებით ამოვისუნთქე. რომ ვიხსენებ, იმ ღამით სულ არ მძინებია, მხიარული ღამე იყო გრძელი წუთებით. ჯერ არ ვიცნობდი, მე კი უკვე მენატრებოდა — ვაი იმ თრობას, რა შეედრება, შეყვარებულის გულს რომ ეწვევა. ფანჯრიდან მოჩანს — მშვენიერი დილა გათენდა, ზანზალაკივით აწკრიალდა აქ ფოთოლთცვენა. გალაღებული, ხელში კალმით, ფურცლის შრიალით, ჩუმად ვწერ წერილს, გულიდან მოსულს, სიტყვებს — შორეულს, და ველოდები ქარის მოსვლას, შენთვის წერილის გადმოსაცემად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი