შეხვედრა


იქნებ ეს ღამე არც კი იყოს რამის სადარი,
ჩვენი შეხვედრა სამყაროში, სანთლის ტოლია,
შორია გული, დაფლეთილი, დაუმარხავი
და ასე ახლო - სისხლისფერი მელანქოლია.

ჩვენ გავიარეთ ასი მთა და ასი უფსკრული
და მაინც ისევ გზები გვიდევს გადასავლელი,
მაგრამ ამჯერად ნისლისფერად გადასუდრული
და უკვალავი, უსახო და შეუსწავლელი.

შემდეგ კვლავ სიტყვა და ნუგეში მორთავს იალაღს,
გადამიარე გულზე, როგორც მიწას უვლიან,
მე დაგიამებ შენ საშინელ ტკივილს სრულიად
და სამუდამოდ მოგიშუშებ მტანჯველ იარას.

ძველი სამყარო, მიგდებული, მახედ იქცევა
და სასთუმალი, დათოვლილი, ნუგეშად ცანი,
ყველა სახება დავივიწყოთ, რომ ამ ცის ნამი
ლამაზ გზად გვედოს მარადიულ საუკუნეში.

იქნებ ეს ღამე არც კი იყოს რამის სადარი,
ჩვენი შეხვედრა ამ სოფელში, ტაძრის ტოლია,
ახლოა გული, ანთებული, როგორც ხანძარი
და ასე ძველი - სისხლისფერი მელანქოლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი