ქარავანი ქარში
საღამო შორია, როგორც მოგონება, ალბათ შეიცვლება ამინდი სრულიად, მივყვები ქარავანს შორეულ მხარეში და მხრებით გათელილ ნუგეშებს მივათრევ. ხვალ იქნებ ინათოს და დარჩეს სინათლედ, ღელავენ ფიქრები მდინარის ნაპირას, გარშემო ცეცხლია და გზა უნაპირო, გაისმის გოდება და ფუჭი სიმართლე. აღარ აქვს რაობა ელვარე ალებში წარსულში დარჩენილ დროსა და იმედებს, მტვერში და ქარებში ნუგეშად გაჩენილ ქარავანს მივყვები შორეულ მხარეში. თარეშით დაჰქრიან ველური ქარები, ასეთი ღამეა - უტყვი და თავნება… საყვირებს ჩაბერეს და მე მენანები - წინ მარტოობაა და დაგვიანება… ღელავენ დღეები, მთები და ტყეები, ძველი სიტყვები და მკვდარი სახეები, კვდებიან მზეები - სილამაზეები, ქრებიან წლები და საუკუნეები… ხვალ იქნებ ინათოს და დარჩეს ნათებად - ახლა ტირილია და თავის მართლება… ერთია იმედი და ერთი სიმართლე, რომელსაც შორეულ მხარეში მივათრევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი