გზები, სიტყვები
ელავდა წამი, რაღაც მითხარი, რეკავდა ზარი დაუვიწყარი.. და იყო ქარი, როგორც მიმოზა, ჩვენ გავიარეთ სანაპიროზე.. ბავშვები ქრიან, მზე ტანს იმოსავს, მიუყვებოდა გზას სირინოზი.. და ცას ელტოდა ზღვა უადგილოდ, ღრუბელი გაჩნდა, წყალი გაგრილდა. ქალებს მოჰქონდათ დაღლა სახლიდან.. გაუბედავი ბავშვი ახირდა. ჩამოიშორეს სითბო სახიდან, ასეთ ზაფხულში არაფრად ღირდა. შუადღის შემდეგ თვალებს ახელენ, შეითვისებენ ახალ სახელებს, ვიდრე გონებას მზე გაახელებს, რომ საბოლოოდ სულში ჩახედონ. შემდეგ კი რჩება ოცნება ლურჯი, დროს დაამუნჯებს, როგორც საუნჯე, სახლში წაიღეს ვნება და რუჯი, დუმს სანაპირო, ვით არტანუჯი.. და კვლავ აშლიან ფიქრებს ტალღები, იქნებ ახლები.. იქნებ ახლები.. ინთება ზეცა ბაირაღებით და ყველაფერი სულში დარჩება..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი