შეგებება
შეიმოსება ეს ქარები მძიმე ტალღებით და მედარდება, ყველაფერი, უწინ ყოფილი. დგას ფანჯარასთან ღამის თაღი ბაირაღებით, მე კი გწერ ამას, სათანადოდ გამოწყობილი. ნიჭია თითქოს მიმართული ნაბიჯი მაღლა, მაგრამ ნიჭები ვერ მართავენ ვერავის ნებას, შენ მიუყვები ვიწროსა და ეკლიან აღმართს და ნათლად ხედავ ტკივილების დანიშნულებას. დიდი ხანია აღარ ვფიქრობ თუ რა იქნება, არამედ რამედ თუ ეღირება რაც უნდა იყოს, ეს სინამდვილე უსათუოდ გარდაიქმნება და მომაკვდავი ამქვეყნიურს არაფერს ითხოვს. საოცარია ყველაფერი თიხის კაცისთვის, ამაოების მეტასტაზებს გაექცე გინდა, რადგან იცი, რომ ეს ფაქიზი დრო არ დაგიცდის, უმისამართოდ აღმართული დგას პირამიდა. შეხამებაა საუკუნოდ გაუგებარი, აქ თაობები პაექრობენ უდაბნოს მზეში და ვიღაც კვდება დედამიწის მეორე მხარეს გადაკარგული და უცნობი სოფლის კუთხეში. ამას გწერ, რადგან ყველაფერი ერთია მუდამ და ნუ ეცდები, რომ აღიქვა მთელი არსებით, ეს დარბაზები დიდი ხნის წინ გაუფერულდა და სწორედ მაშინ დაგედევნა მეტასტაზები. წერილებს ვუცვლი მისამართებს და ნუ იდარდებ რა შემოხვდებათ დაღლილ მგზავრებს ცარიელ გზებზე, შენ მუდამ მზად ხარ სისხლის ფასად რომ განვითარდე და ვიცი ნახავ ვისაც ასე მხურვალედ ეძებ. შეიმოსება ლაჟვარდები ცისფერ თაღებით და გაფითრდება ყველაფერი უწინ ყოფილი, დგას ფანჯარასთან განთიადი ბაირაღებით და მეც მზადა ვარ სათანადოდ გამოწყობილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი