ბავშვობის აჩრდილი


"ზოგ რამეს უპატიებელ საქციელს ვეძახით 
                                           და ვამბობთ, ამას ჩვენს თავს არასდროს 
                                            ვაპატიებთო, მაგრამ ვპატიობთ  კი.
                                           რას იზამ, ეგრეა, ყოველ ჯერზე ხელახლა 
                                            ვპატიობთ".
                                                                                                                                           
                                                                                          ელის მანრო

ჭვარტლით და ფერფლით დაფიფქული თვალები გავახილე
და  ჩემს  ბავშვობაში  გადავიხედე:
ვნახე ქალაქი,  რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ესხა 
შიშველ ტანზე თოვლის ფიქრები;
როგორც კი სივრცის ზღურბლზე ფეხი გადავდგი,
მუხლებზე დაეცა ციგურებზე ამხედრებული 
ჩვენი სკოლის გრძელ და ვიწრო დერეფნიანი
და სქელზე სქელ კედლებიანი რუხი შენობა –
ჩვენი ბავშვობის ტკივილებს რომ იჭედებდა ყველა  კედელზე,
როგორც სამსჭვალებს;
წარსულთან ერთად გადმოიქცა ჩემი თმები -
წაბლისფერი ჩანჩქერის შფოთვა  -
და ჩემი თანატოლი პატარა გოგოც,
ბანალურზე ბანალური  სახელით - "ნინო",
გადაპარსული თავით -
სავსე მთვარეს, უფრო მეტად კი რძემდინარე ჭყინტ ყველს რომ ჰგავდა
და  კლასის  ყველა  თმახუჭუჭა  მაღალი ბიჭი,
მორიგეობით ქუდს რომ ხდიდნენ ხოტორა  გოგოს  
და  ერთმანეთს  ბურთივით   გადააწვდიდნენ,
მე  კი ასეთ დროს წაბლისფერი თმების ჩანჩქერს ხმაზე ვიხვევდი
ხმაურისა და  მძვინვარებისთვის თავი ძირშივე  რომ მომეხუფა 
და ხორხიდან ერთხელაც კი არ დაძრულიყო:
- გეყოფათ, კმარა!
მერე ნინო სადღაც გაქრა -
თავმორღვეული კონსერვის მსგავსად
სადღაც უფსკრულში გადაისროლა აზვავებული ფიქრების ხროვამ 
და მას მერე არც ერთხელ არ გამხსენებია,
რომ სადღაც იყო  -  კი წავიდა,  მაგრამ სადღაც მაინც  სუნთქავდა. . .
თუმცა, უკვალოდ არავინ  ქრება
და მანაც - მხოლოდ დროებით სადღაც სარდაფში გადახიზნულმა ისევ მიპოვა,
ხვიარასავით შემომეკრა დამსხვრეულ სულზე
და ზედაპირზე ამოყვინთა, როგორც ცხედარმა პატარა  ბავშვის -
აზვირთებული ტალღებიდან   გამორიყულმა...
და ფეისბუქმა ლათინური ასოებით ჩაწერილი
სახელისა და გვარის მიღმა ჩვილიანი გოგონას ფოტო ამომიგდო
და მე მომინდა,  წარსულის ლიცლიცსა და ციაგს მიღმა
მისი წაშლილი, მკრთალი სახე  ამომეშიფრა...
მაშინ შვილები ჯერ არ მყავდა და უკლებლივ ყველასი  მშურდა,
ვისაც მუცელში ბავშვის ჩატუმბვის, 
მერე კი უკან ამოქაჩვის ძალა შესწევდა,
ჩემი ბავშვობის ნინოს კი მაშინ ყოველგვარი შურის გარეშე
საკუთარ თავზე მეტად ვუსურვე იმ პატარა ბავშვის დედობა.
თითქოს, ამითი ჩემი ბავშვობის მომწამვლელი 
მდუმარების  გამოსყიდვა  გადავწყვიტე
და ჩემს  ფიქრებში პირველად ბავშვობის შემდეგ
ჭვარტლისა და მტვრის თოვლის ნაცვლად თოვლი გათოვდა. . .
ნამდვილი  თოვლი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი