ერთი საფლავი ორისთვის
მიწის ბელტებით მოქსოვილი პლედი მომახურე - ლოლუებად ქცეულ ფერდებთან შემოკეცვა არ დაგავიწყდეს. ხომ გახსოვს, წყლად ქცევის რომ მეშინია? .. ხოდა, ვდნები - მალე საერთოდ აღარ ვიქნები. . . ყინული დუღს - შხეფებს ისვრის; გთხოვ, თვალები დახუჭე - ნასხლეტებმა გუგები არ გადაგიჭრას, ცივმა სიმყიფემ არ დაგაბრმავოს, სიცივის ნისლმა თვალი არ აგიხვიოს - მეშინია, რომ ვერ დამინახავ... თოვლისგან მოქსოვილი პლედი მომახურე, გადაჭირხლულ თავზე ჭაღარები გადამიგავე, არ მინდა, დავდნე - თუ დავდნები, ვეღარ მეყვარები. . . იქნებ, მიწისგან მოქსოვილი პლედი მოვიხუროთ - ორი არა გვაქვს? - ერთში გავეხვიოთ. საფლავი დიდი ხნის წინ გაგვითხარეს; არ მინდა, ძვლები შენამდე ვერ მწვდებოდეს, არ მინდა, ცალ-ცალკე ვკდებოდეთ. ჩვენ ხომ დიდი ხანია, რაც ყინულის კონტინენტებად ვიქეცით, დიდი ხანია, ლღვობა დავიწყეთ, დიდი ხანია, გრძნობები შემოგვადნა, ცერისტოლებიღა დავრჩით და ის, რაც დავრჩით, ანუ რაც გადავრჩით, ერთად უნდა გაქრეს - ნელა და თანდათან. ჩვენს საფლავს - ორი მკვდრისთვის განკუთვნილს - თავი უკვე დიდი ხნის წინ მოხადეს ჭურივით - პირდაფჩენილს ჩვენი ნარჩენები შია და სწყურია, ვაჭამოთ, დავალევინოთ... ცოდვაა - მაინც ჩვენია, ჩვენთვისაა; ორსულისთვის უარის თქმა არ შეიძლება, ორსულს ყველაფერი უნდა შეუსრულო - თუ მოუნდება, მდინარიდან თევზები ამოუკრიფო და საშვილოსნოში გადაუსხა, შოკოლადების მთა აღუმართო და პირში არ უთვალო, რამდენ ცალს შეჭამს, თონიდან ახალამოყრილი "დედას პურები" ცხვირწინ მარაოსავით გადაუშალო და ყურში უჩურჩულო: - ჭამე, არ გასუქდები! მარტო მუცელი გამოგებუშტება, მაგრამ არაუშავს - მსუქანიც მეყვარები; კატებსაც დაგიფრთხობ და ცუდ სიზმრებსაც ავუქშიებ, ზუსტად ისე ავაფრენ საწნახლიდან, კვერცხებზე შემჯდარ კრუხებს რომ ავაფრენდი ხოლმე ადრეულ ბავშვობაში, ყვავებსაც ხმას ჩავაწყვეტინებ, ტელეფონსაც სამუდამოდ დავადუმებ, სულაც სადმე გადავისვრი, ოღონდ შენ იყავი კარგად, ოღონდ თქვენ იყავით კარგად - შენ და ბავშვი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი