ჭაღარა თოჯინა


“ძველ სახლს ანგრევენ.
დაბზარული თოჯინა ტირის -
ამხელა სახლის ერთადერთი ჭირისუფალი”. . .
                                               ვახტანგ ჯავახაძე


ჩემთან ერთად გაჭაღარავდა ჩემი პირველი გერმანული ქერა თოჯინაც. . .
როგორც მახსოვს,  ოქროსფერ თმაში პირველი ვერცხლი მაშინ გაუკრთა,
როცა მისმა პლასტმასის გულმა პირველად იგრძნო,  
რომ დაშრა ჩვენი სიყვარული - 
ზუსტად ისე,  როგორც ცრემლები,  მაშინაც რომ არ დასცდენია, 
როცა მეზობლის პატარა გოგოს გულწრფელი თხოვნით 
მიწაში ჩავრგე მისი  ცივი,  თხელი სხეული. 
მაშინ ჯერ კიდევ გრძნობდა ციცქნა პალსტმასის  გულით, 
სიკვდილისთვის ვერასდროს რომ გავიმეტებდი - 
რამდენიმე დღე გაივლიდა, მომინდებოდა, 
ნაწილ-ნაწილ ამოვკრეფდი, 
მიწიან ფეხებს ყურადღებას  არ მივაქცევდი
და გულში მთელი ძალით ჩავიხუტებდი. . . 
ნანატრი წამის დადგომამდე კი  იწვა მისთვის გაჭრილ საფლავში 
და თოჯინისთვის ზედმეტად მშვიდად,  გმირულადაც  კი, 
ითმენდა მატლებისა და ჭიების ფუთფუთს სლიპინა კანზე. 
არ ეშინოდა - იცოდა, რომ ერთ გრამ ხორცსაც ვერ ააცლიდნენ. . . 
ახლა კი ჩემი ბავშვობის სახლის  ძირგამომპალ იატაკზე წევს  
და  იცის,  ვეღარასდროს რომ ვერ შევხვდებით. 
ლოდინის შხამით გადალესილ სახეზე წვრილ ნაოჭებს ისე ითვლის,
თითქოს, მისმა ბავშვურმა მზერამ 
ჩვენი უერთმანეთოდ გატარებული  წლები და დღეები გამოისხა; 
ამ ამბავში კი უცნაური, იცით, რა არის? 
მის ტანზე ამოლიანდაგებული  ყოველი ახალი ნაოჭის ხაზი 
ჩემს მომავალსაც ისევე სერავს,  როგორც მის წარსულს; 
აწმყოში კი უკვე ჩემი პლასტმასის გული გრძნობს, 
საბოლოოდ რომ დაშრა ჩვენი სიყვარული.
კიდევ კარგი, შვილების ყოლა მაინც მოვასწარით –  გოგოს და ბიჭის, 
ზუსტად ისე, როგორც ყველა ჩვენნაირს, ჩვენს მსგავს ჰყავს - 
ტრადიციულად,  სტანდარტულად,  სავალდებულოდ,  ბანალურად, 
პროზაულად,  არითმეტიკული სიზუსტით, 
გეომეტრიული თუ ფსიქოლოგიური  გათვლებითა და გამოთვლებით. . . 
ვგრძნობ, რომ დაშრა ჩვენი სიყვარული
და ვცდილობ,   მეორეჯერ იქ აღარ შევბრუნდე, საიდანაც  ძლივს  გამოვედი  –
 უკან - ბავშვობაში -  ფეხმოტეხილი სიყვარულის სათავეებთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი