ერთი ამბავი ორნაირად


ჯერ ასე:

სარკის ხუფი ეხურა  ჭუჭყისფერი  წყლით მუცელგაბერილ ტბას. 
არასდროს მდგარხარ ერთი ხელის  გაწვდენაზე, 
მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ძალას, 
 ხელები შენამდე დამგრძელებოდა. . .
შენ არაფერში გჭირდებოდა ჩემი ხელები,  
მარტო საკუთარი კედლების ჩამოშლა გტკიოდა. 
გეშინოდა, სიკვდილს ნანგრევებში არ გამოემწყვიდიე. 
მე კი ისე მინდოდა გადარჩენა -  ჩემიც და შენიც. 
და გთხოვე: 
- ერთხელ მაინც დამიძახე,  მერე რა, რომ არ გჭირდები! 
არ დამიძახე. . .  
არ გინდოდა. . .  
ალბათ, ვერ შეძელი. . . 
ალბათ, მარტო იმაზე ფიქრობდი, 
ტბისთვის როგორღაც სარკის ხუფი მოგეხადა 
და  შენი ცხოვრებისთვის  მის ჭუჭყისფერ  წყლით გაბერილ მუცელში გადაგეძახა. 
არ ეხსნება-მეთქი, ამ ტბას ხუფი, 
დედამიწაზე არც ერთ ტბას არ ეხსნება,
სულ ტყულიად ცდილობ, 
უაზროდ ჩაძახებულ  ბგერებსაც უკან ამოგძახებს 
და  საკუთარ თავსაც უკანვე დაგიბრუნებს-მეთქი. . . 
ძნელია-მეთქი, მარტო საკუთარი თავი გეყოს და ისე გადარჩე. 
ვიცოდი, რომ მეც არ გეყოფოდი,  მაგრამ მაინც ასე გითხარი. . . 
მე მქონდა გადარჩენის შანსი - 
გადავრჩებოდი, ხელი ერთხელ მაინც რომ გამოგეწოდებინა. 
ახლა იზამ? -   უკვე გვიანია; 
რატომ დაიჯერე, რომ ტბებს ხუფები არ ეხდებათ...
ჩემმა ფრჩხილებმა იმაზე მეტი შეძლეს,  ვიდრე მეგონა . . . 
წყლად ვიქეცი. . . 
სიღრმეში არ ყოფილა ისეთი ბინძური, როგორიც ზედაპირზე ჩანდა. 
არ მეგონა, სიკვდილი ასეთი ღრმა თუ იქნებოდა.
გული დაგწყდა, რომ იქ აღარ დაგხვდი, სადაც სულ გელოდი?!
რატომ გეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა?!.
მე ხომ გითხარი,  დაეყრდენი-მეთქი ჩემს გაბზარულ ძვლებს, 
როგორც ყავარჯნებს,
დაეყრდენი-მეთქი თუკი ოდნავ მაინც გეიმედება,
დაეყრდენი-მეთქი, თუ გინდა, რომ გადავრჩე. 
რატომ დაგაგვიანდა ასე ძალიან. . .

მერე კი ასე: 

სიკვდილი იყო იმაზე თეთრი, ვიდრე მეგონა 
და არ  მომინდა გლუვ სითეთრეში ჩუმი სიკვდილი.
ყველაფერი  კი იმით დაიწყო, რომ გარეთ თოვდა,
ნაგვის მანქანა  ეზიდებოდა ყინულის გვამებს, 
ჩახერგილ  გზებზე და ყველა კართან თოვლი ეყარა, 
ჩემს ნაფეხურებს მკლავზე იხვევდა, გზებს შემშრალ წამებს 
კი დაუნობლად ხვეტავდა და  ცაში ისროდა. 
ქალაქი  ჰგავდა ცივ რძიან ყავას -  მწარეს, უგემურს. 
შიშველ კორპუსებს ალეწავდნენ ქარები სირცხვილს,
ვისაც ველოდი,  ყველამ ერთად დაიგვიანა  უცხო ქალაქში. . .  
დარაბებიდან  ვხედავდი  სიკვდილს.
სიკვდილი იყო იმაზე თეთრი, ვიდრე მეგონა.
არ გავყვებოდი, ასე რომ არ დაგეგვიანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი