შვილს
„მენატრება დედაჩემის პური“ მაჰმუდ დერვიში ჩემი ეზოს უნაყოფო ხეებმა - ცხოვრებაში ტანზე ფოთოლიც რომ არ გამოსვლიათ – პეპლები გამოისხეს; ჩემი ოთახის უსახურ ჭაღზე ჩამოკიდებული ფერადი ჟღარუნები თვალებს რიტმულად ახამხამებენ, ყველა მუქ კაბას ტანზე ჭრელმა ყვავილებმა გამოაყარა, ამომშრალი და ძირგათეთრებული აკვარიუმები ოქროს თევზებით გადაივსო; როცა გამხმარ ხესავით უშნოდ გაფშეკილ, სიცოცხლეგამოცლილ სხეულზე შენი პატარა ხელისგულები მეხება, მგონია, გამომშრალ ფიქრებში რძე მიდგება, მერე სათამაშო ჰარმონიკასავით ნელ-ნელა იშლება ჩემი სული და სანამ ისევ შეიკუმშება, ვცდილობ, რაც შეიძლება ღრმად შეგისუნთქო, როგორმე მომდევნო ჩასუნთქვამდე რომ გიმყოფინო. . . სადაც არ უნდა ვიყო, რომელი ქვეყნის ცაც არ უნდა მეხუროს თავზე რკინის ჩაფხუტივით და რომელი ქალაქიც არ უნდა მაშხეფებდეს ყურებში ხმაურს, შენი სურნელი ყველგან მესმის, შენს გულისცემას ყველგან ვაყურადებ, ყველგან ვდარაჯობ. . . შენს გაღიმებას ყველგან ვუღიმი... რაც შენ მყავხარ, მეჩვენება, რომ პატარა, უფანჯრო ოთახში რამდენიმე საათი ვიყავი ჩაკეტილი, მერე კი ვიღაც ძალიან ახლობელმა შემთხვევით მიპოვა და ჰაერზე გამომიყვანა... შენთან პირველი შეხვედრის წამიდან ისე ვანათებ, თითქოს, სისხლის, ძვლების, მარტოობის, მძიმე სამსახურის და წარსული ტკივილების ნაცვლად დინოფლაგელატებისგან შევდგები. ვერ ხვდები, ეს რას ნიშნავს, არა? როცა გაიზრდები, აუცილებლად აგიხსნი , შვილო! მანამდე კი: ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური, პური, რომელსაც არასდროს გავყოფთ შუაზე, იმიტომ, რომ ის მთლიანად შენი იქნება. მე? მე ძირს დაყრილი რამდენიმე ნამცეცითაც შევძლებ ჩემში შიმშილის გამოკვებას; იქნებ, პურზე კარაქი და ხიზილალა ვერასდროს გადაგისვა, მაგრამ სახლში ერთი ნაჭერი პური ყოველთვის გვექნება. ჩავიცვამ ჩემს ერთადერთ დაბებკილ კაბას, თავზე გვერდებშემორღვეულ თავშალს წავიკრავ და თავთუხის დასალეწად წავალ, ხორბლის დასაფქვავად წავალ, ცომის მოსაზელად წავალ, პურის გამოსაცხობად წავალ... გპირდები, ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური და შენ ვერასდროს იგრძნობ მასში ჩაღვრილი ჩემი სისხლის და ცრემლის გემოს, ჩემი ტკივილებისა და ტანჯვის გემოს, უბრალოდ გეგონება, რომ შენი დედიკოს გამომცხვარ პურს სულ სხვა გემო აქვს - სწორედ ამიტომ ამქვეყნად ყველაზე გემრიელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი